№41 სიცოცხლე ფსონად
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹40(875)
– ტექსტი არ მახსოვს. მთვრალი ვიყავი. მუქარით კი, ყველა იმუქრება, როცა ჩემს დღეში ვარდება, – გაეცინა ჩხეიძეს და დააყოლა, – რაო, მემუქრებოდაო, ალბერტამ და ამისთვის მიჩივის? არ გეწყინოთ. თქვენთან არანაირი პრეტენზია არ მაქვს, მაგრამ ჩემგან გადაეცით, რომ ფეხებსაც ვერ მომჭამს. თუ ჩემთან საქმე აქვს, პირადად მნახოს. ან, სულაც შავ სიაში ჩამწეროს და კაზინოში არ შემიშვას. მაგრამ, ის ამას არ იზამს. არ იზამს, იმიტომ რომ, დიდ ფულს ვაგებ „გრალბაში“ და ჯიბეს ვუსქელებ. ჩემგან ისიც გადაეცით, რომ ერთხელაც დიდ კუშს წამოვიღებ მისი მაუდიდან და ხელს დავუქნევ.
კაშია უხმოდ ისმენდა კოტე ჩხეიძის მონოლოგს და რომ დაასრულა, უთხრა:
– მე მას ვერაფერს გადავცემ.
– რატომ?
– იმიტომ, რომ კაზინო „გრალბას“ მეპატრონე ალბერტ ბაბაიშვილი ამ დილით მისსავე მანქანაში მოკლეს.
– მოკლეს? – გაიმეორა ჩხეიძემ.
– დიახ, – დაუდასტურა კაშიამ.
– ალბათ, ვიღაც ძალიან გაამწარა მაგ ნაბ... – ჩხეიძემ ხელი ჩაიქნია და დააყოლა, – მკვდრებზე ან კარგს ამბობენ, ან არაფერს.
მოკლულ ალბერტა ბაბაიშვილზე კოტიკო ჩხეიძეს ბევრი რამ ჰქონდა სათქმელი. ორივე ვორონცოველები იყვნენ, ერთ ქუჩაზე ცხოვრობდნენ. ერთ კლასში სწავლობდნენ და ბავშვობიდანვე ძმაკაცობდნენ. კოტიკო ჩხეიძე ინტელიგენტური ოჯახის შვილი იყო. მამა ექიმი ჰყავდა, დედა კი – ქართულის მასწავლებელი. ალბერტას მამა ტაქსისტი იყო, დედამისი კი დამლაგებლად მუშაობდა სასადილოში. კოტიკო ბავშვობიდანვე გამორჩეული, რომ იტყვიან – პიროვნება იყო. არაფრით გამორჩეული ალბერტა კი, ყოველთვის რაღაც „ხოდს“ ეძებდა მასზე მაღლა მდგომ ადამიანებთან დასაახლოებლად და ხშირად გამოსდიოდა კიდეც. არადა, უიშვიათესი გამონაკლისის გარდა, ვორონცოვსა და პლეხანოვზე მცხოვრებ ბავშვებში ყველაზე შეუმჩნეველი, მხოლოდ იმით გამოირჩეოდა, რომ უანგარო კეთილშობილისგან ძალიან შორს იდგა. ადრეული ასაკიდან სულ იმაზე ფიქრობდა, ვისგან რა „ვიგოდა“ ჰქონოდა და აქედან გამომდინარე, ამყარებდა ურთიერთობებს. ბიჭები ერთმანეთს შორიდან იცნობდნენ და იშვიათად თამაშობდნენ ერთად. მათი დაახლოება და დაძმაკაცება მეოთხე კლასში მოხდა. მაშინ კოტიკო და ალბერტა მართალია, ერთ სკოლაში, მაგრამ ერთმანეთის პარალელურ კლასებში სწავლობდნენ. ერთ დღეს, გაკვეთილების შემდეგ, სახლისკენ მიმავალმა კოტიკომ პატარა, მყუდრო სკვერში შეკრებილი ბავშვები დაინახა და მათთან მივიდა. ალბერტა, თანაკლასელებს წრეში ჩაეყენებინათ და „აკაჩავებდნენ“. როგორც გაირკვა, ბავშვებს წინა დღით ფული შეუგროვებიათ და კინოში წასულან. ალბერტას უთქვამს – ფული არ მაქვსო და თანაკლასელებს ისიც წაუყვანიათ. იქ მისთვის ხაჭაპური და ლიმონათიც უყიდიათ. ერთი სიტყვით, რომ იტყვიან, არაფერი დაუკლიათ მისთვის. ხოლო, უკან რომ ბრუნდებოდნენ, ბაბაიშვილს ჯიბიდან ხუთმანეთიანი გადმოვარდნია, დაუვლია ხელი და გაქცეულა.
– ჩემი არ იყო ეს ფული. დედაჩემმა წამლის საყიდლად გამომატანა, – ასე იმართლებდა თავს ალბერტა, მაგრამ თანაკლასელებს არ სჯეროდათ და მის ცემას აპირებდნენ.
სწორედ რომ, დროზე მიუსწრო კოტიკომ თანაქუჩელს. თავისი ავტორიტეტის წყალობით, მაგარი ცემა-ტყეპისგან იხსნა და წამოიყვანა.
– დედას გეფიცები, კოტიკო, მართლა წამლის ფული იყო და არ დამიჯერეს, – თავს იმართლებდა ტყუილით ალბერტა.
– მაინც არასწორად მოიქეცი. თავიდანვე უნდა გეთქვა და დაგიჯერებდნენ, – ღიმილით მხარზე ხელი დაჰკრა კოტიკომ.
სამი დღის შემდეგ, ალბერტ ბაბაიშვილი უკვე კოტიკოს კლასში სწავლობდა. მეტიც, მის გვერდით იჯდა. ალბერტამ ჯერ კიდევ მაშინ „მოტვინა“, რომ კოტიკო ჩხეიძისგან დიდი „ვიგოდა“ ექნებოდა. მშობლები „ააჩალიჩა“ და სასურველი შედეგიც მიიღო. შვიდი წელი ასე, გვერდიგვერდ გაატარეს და ამ ხნის განმავლობაში, კოტიკოს წყალობით ალბერტა ისე „გაიქაჩა“, ყველა „კაი ბიჭსა“ თუ სხვა საჭირო ადამიანს, არა მარტო კარგად იცნობდა, არამედ ძმაკაცობდა მათთან. ერთი სიტყვით, ბაბაიშვილს თითქმის ყველაფერი გამოსდიოდა, გარდა „სუსტ სქესთან“ ურთიერთობისა. გოგონები სათოფეზეც არ ეკარებოდნენ. ალბათ, იმიტომ რომ, ქალი უფრო მეტად მგრძნობიარეა და თითქმის უშეცდომოდ არჩევს კაცში კარგსა და ცუდს. ინტუიციით გრძნობს მის შინაგან ბუნებას. თანაც, ალბერტა არც გარეგნობითა და სწავლა-განათლებით გამოირჩეოდა და ვერც „ბიჭობას“ დაიკვეხნიდა. ყველა ხედავდა, რომ ბაბაიშვილი კოტიკოთი იყო... სამაგიეროდ, თავად კოტიკო დიდი პოპულარობით სარგებლობდა გოგონებში და თითქმის ყველა მასზე იყო შეყვარებული. კოტე ჩხეიძეს კი ნინო ვაჩნაძეზე ამოსდიოდა მზე და მთვარე. ნინო მისი თანაკლასელი იყო და ქალ-ვაჟს ბავშვობიდან უყვარდა ერთმანეთი. სკოლა რომ დაამთავრეს, ნინო მშობლებმა პოლონეთში გაგზავნეს სასწავლებლად. კოტიკო უნივერსიტეტში მოეწყო, ხოლო ალბერტამ საწყობში დაიწყო მუშაობა, მომმარაგებლად. კოტიკოს შეყვარებული ენატრებოდა და თავის გრძნობებს ხშირად უზიარებდა ალბერტას. ერთხელაც მათ პოლონეთში გამგზავრება გადაწყვიტეს და ფულს აგროვებდნენ. ალბერტა კარგად შოულობდა, მაგრამ დანაკლისი აღმოუჩინეს და გააგდეს. უფროსმა კი მხოლოდ იმიტომ არ დააჭერინა, რომ ძალიან ახალგაზრდა იყო და შეეცოდა.
– კოტიკ, ძმაო, რა მიყვეს ამ ბოზებმა, – ამბობდა ბაბაიშვილი, – ორი იაშჩიკი „კოკა-კოლასთვის“ გამომაგდეს და მთელი მაყუთი მიმატანინეს, რომ სროკზე არ წავსულიყავი. არადა, ეს ფული შენთვის მქონდა მოტეხილი, რომ ნინიკოსთან გამეშვი.
ალბერტა ტყუილს ამბობდა. მისთვის კაპიკიც კი არავის გამოურთმევია და მხოლოდ გამოაგდეს.
კოტემ ფული მაინც იშოვა და ალბერტასთან ერთად, პოლონეთში უნდა გამგზავრებულიყო, როცა საქართველოში ომი დაიწყო. გულანთებული ბიჭები სოხუმში მიდიოდნენ საომრად. მათ არც ძმაკაცები გამოკლებიან და კოტიკო და ალბერტა ვორონცოველებთან ერთად, ერთ-ერთ შეიარაღებულ ფორმირებაში ჩაეწერნენ. აფხაზეთში თვითმფრინავით უნდა გამგზავრებულიყვნენ. ყველანი აეროპორტში იყვნენ შეკრებილები და ალბერტას ელოდნენ. ბაბაიშვილი კი არ გამოცხადდა და ბიჭები მის გარეშე გაფრინდნენ.
აფხაზეთში კოტიკომ თავიდან ბოლომდე ისე იომა, ერთხელ არ წამოსულა იქიდან. ომი რომ დასრულდა და მრავალჭირგამოვლილი, ოცდაორი წლის კოტიკო დედაქალაქში დაბრუნდა, სწორედ მაშინ დაიწყო მისთვის კოშმარი.
მეორე ძლიერი დარტყმა (პირველი ალბერტას დეზერტირობა იყო) კოტემ მაშინ მიიღო, როცა ნინოს გათხოვების ამბავი შეიტყო. მესამე და ყველაზე ძლიერი კი მაშინ, როცა გაიგო, რომ ნინო ვაჩნაძე ალბერტ ბაბაიშვილს გაჰყვა ცოლად. ეს ამბავი მთელმა თბილისმა იცოდა, მაგრამ კოტიკოს უმალავდნენ. თუმცა, მაინც გამჟღავნდა. ამის შემდეგ კოტიკო სულით დაეცა და ოცდასამი წლის ბიჭი ისე გალოთდა, ბომჟს დაემსგავსა. ასე გაიარა ერთმა წელიწადმა...
ერთ დღეს, როცა ნაპახმელიევმა კოტე ჩხეიძემ იაფფასიანი არაყი გახსნა, რომ ჩაეცალა და კვლავ თავდავიწყების ბურუსში ჩაძირულიყო, სარკეში საკუთარ თავს მოჰკრა თვალი და ვერ იცნო. იმ მომენტში კოტიკოში მისმა კეთილშობილურმა გენმა იმძლავრა და არყიანი ბოთლი ტუალეტში ჩაღვარა. შემდეგ წვერი გაიპარსა და იბანავა. ტანსაცმელი გამოიცვალა და ძველიერდაბრუნებული, მაისის მზით განათებულ თბილისის ქუჩებში გავიდა.
სულ რაღაც ერთ თვეში, ძველი ავტორიტეტისა და ნაცნობობის წყალობით, ოცდაოთხი წლის ბიჭმა სარფიანი ბიზნესი დაიწყო და დიდ წარმატებასაც მიაღწია. ფული იშოვა. ბევრი ხალხი დაასაქმა და ძველ სახელზე მეტი ავტორიტეტი მოიპოვა. პრესტიჟულ ადგილზე კოხტა, ორსართულიანი სახლი აიშენა და ბათუმში აგარაკი იყიდა. საყოველთაო პატივისცემა და სიყვარული დაიმსახურა და სრული ბედნიერებისთვის მხოლოდ ცოლ-შვილი აკლდა. თუმცა, მოღალატე ნინიკოს სიყვარული იმდენად ღრმად ჰქონდა გულში, რომ ვერ ივიწყებდა და სხვისკენ გული არ მიუწევდა. თავისი ქონებისა და კავშირების წყალობით, კოტიკოს ადვილად შეეძლო, ალბერტასა და ნინოს მოძებნა და მოღალატეებისთვის სერიოზული პასუხის მოთხოვნა, მაგრამ კოტიკოს სიყვარული ამუხრუჭებდა.
გადიოდა წლები. კოტე ჩხეიძის ბიზნესი ყვაოდა და ვითარდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ, როგორც ადრე, კოტიკოს ბუზებივით ეხვეოდნენ ლამაზი ქალები (მათ შორის, ღირსეულნიც), ის მაინც არ აპირებდა ოჯახის შექმნას, ბერბიჭად რჩებოდა. ასე შეუსრულდა ორმოცი წელი და სწორედ მაშინ გამოჩნდა მის ცხოვრებაში ნონა ხარძია.
ოცდახუთი წლის ნონა ლამაზი, ტანწერწეტა გოგო იყო. კოტემ ის ერთ-ერთ ბომონდურ შეკრებაზე გაიცნო ფეშენ-კლუბში. გოგონა პიარმენეჯერად მუშაობდა და კოტე ჩხეიძეს საქმიანი კუთხით „დაეპათხოდა“. სინამდვილეში კი ნონა ტიპური „მონადირე“ გახლდათ. მდიდარ, გავლენიან ქმარს ეძებდა და „ათიანშიც გაარტყა“. გულუბრყვილო, კეთილშობილი და უანგარო იმიჯის მიღმა იმალებოდა ხარბი, გულბოროტი და ყველანაირ სისაძაგლეზე წამსვლელი ქალი, რომელმაც კოტეს გული თვალთმაქცობით მოინადირა და მისი ცოლი გახდა. ნონა ისე იყო გამოწრთობილი ნაძირლობაში, რომ კოტე ვერაფერს ხვდებოდა და ცოლს დიდ პატივს სცემდა. უყვარდა კიდეც, თუმცა ნინო ვაჩნაძეზე მეტად – არა... კოტეს ძალიან უნდოდა შვილი, მაგრამ ნონა ბერწი აღმოჩნდა და მიუხედავად მკურნალობისა, ქალი მაინც არ ორსულდებოდა. ასე გაიარა ორმა წელიწადმა. კოტე წარმატებულ ცხოვრებას აგრძელებდა, მაგრამ ერთ დღეს შეიტყო, რომ თბილისში ალბერტა და ნინო დაბრუნდნენ.
– კაზინო „გრალბას“ მეპატრონეა, – უყვებოდა კოტეს ერთ-ერთი ინფორმატორი, – ძალიან დიდი ფული იშოვა რუსეთში და „პიავკას“ ეძახიან. დიდი ბიზნესები აქვს. თითქმის ყველა ძველი მეწილე საიქიოში გაისტუმრა. ისეთი ხარბი და დაუნდობელია, ფულის გულისთვის ჩვილსაც კი გამოსჭრის ყელს. დიდი დაცვით დადის. ალბათ, ეშინია, რადგან ბევრი მტერი ჰყავსო.
კოტე რომ ამ ინფორმაციას აანალიზებდა, თავისთვის ფიქრობდა: „ალბერტა კარგად მიცნობს და იცის, რისი გამკეთებელიც ვარ. ისიც კარგად უწყის, თუ რა პოდლობები აქვს ჩადენილი და რატომ დაბრუნდა თბილისში, თვალებში რატომ მეჩხირება, ნუთუ არ ეშინია?“ ბევრი ფიქრის შემდეგ კოტე ჩხეიძე მიხვდა, რომ ალბერტა სწორედ მის გამო, მის გასაღიზიანებლად დაბრუნდა თბილისში. მის საქციელს სხვა ახსნა არ ჰქონდა. „მიწვევს? – ფიქრობდა კოტე, – უნდა ბოლომდე დამასხას თავს ლაფი? კარგი, ვიღებ გამოწვევას და ვნახოთ, ვინ – ვის...“
„პიავკა“ რომ თბილისში დაბრუნდა, კოტე ჩხეიძე ორმოცდაორი წლის იყო და მისი ცხოვრება კიდევ ერთხელ შეიცვალა. თავდაპირველად, კოტიკო ალბერტასთან პირისპირ შეხვედრასა და ლაპარაკს ცდილობდა. მან არაერთხელ შეუთვალა ბაბაიშვილს – შევხვდეთო, მაგრამ ალბერტა არ პასუხობდა. ორჯერ კაზინოშიც კი დაადგა, მაგრამ დაცვამ არ მიუშვა. „კარგი. ვნახოთ, ვინ – ვის“, – იმეორებდა გულში კოტე ჩხეიძე. ერთ დღეს კოტიკომ შეიტყო, რომ „პიავკა“ ორიოდე დღით თბილისიდან გაემგზავრა. ამიტომ დატრიალდა. ერთგული ხალხის მეშვეობით შეიტყო, რომ ნინო ვაჩნაძე თბილისის ყველაზე პრესტიჟულ სტილისტთან უნდა მისულიყო თმის დასავარცხნად და ინკოგნიტოდ, პირდაპირ იქ დაადგა ქალს. ყველაფერი საგანგებოდ, წინასწარ იყო ორგანიზებული. სტილისტს კლიენტი ჰყავდა. ამიტომ, ნინო ცალკე ოთახში შეიპატიჟა. ნახევარი საათით მოცდა სთხოვა. მოუბოდიშა და გავიდა. კოტიკო რომ ოთახში შევიდა, ნინო მოდების ჟურნალს ათვალიერებდა. კოტე რომ დაინახა, ჟურნალი ხელიდან გაუვარდა.
– არ მელოდი, ნინიკო? – რაც შეეძლო, მეტი ირონია ჩააქსოვა ამ ფრაზაში კოტემ, მაგრამ „ნინიკო“ ისევ ძველებური სიყვარულით ჟღერდა და ქალს არ გასჭირვებია ამის მიხვედრა.
ნინო ვაჩნაძეს თვალებზე ცრემლი მოადგა და ძველებურად, სევდიანად გაიღიმა. შემდეგ სავარძლიდან წამოდგა და კოტეს მიუახლოვდა. ერთხანს უყურა, შემდეგ სიყვარულით ჩამოუსვა ხელები სახეზე. კვლავ სევდიანად გაიღიმა. ბოლოს ჩაეხუტა. ლოყაზე აკოცა და თქვა:
– კოტიკო, ძვირფასო, რამდენი წელი გავიდა...
– რაც არ მინახავხარ, ოცდაორი. ისე კი – ოცი, – მიუგო კოტიკომ. თავი გაითავისუფლა და დააყოლა, – შენთან სალაპარაკო მაქვს, თუ, რა თქმა უნდა, თანახმა ხარ.
ერთმანეთის პირისპირ, სავარძლებში მოთავსდნენ და ნინომ კოტეს უთხრა:
– ვიცი, რაც უნდა მითხრა.
– რა? – ჩაეცინა კოტეს.
– ის, რომ მოღალატე ვარ.
– შენ ასე არ ფიქრობ?
– ალბათ, ვარ. მაგრამ მეც უნდა გამიგო. თუმცა, ეს ჩემს დანაშაულს არ ამსუბუქებს.
– რას გულისხმობ?
ნინომ გააბოლა და კოტეს უთხრა:
– რატომ გიღალატე და გავყევი ალბერტას ცოლად, ამის თქმა გინდა, ხომ?
– რატომ გაჰყევი?
– იმიტომ, რომ აფხაზეთის ომში დაღუპული მეგონე. ჩემი მშობლების სულს გეფიცები, არ გატყუებ. თუმცა, მას მაინც არ უნდა გავყოლოდი. ესაა, ჩემი მთავარი და ერთადერთი დანაშაული.
– შენმა ქმარმა გაუწყა ჩემი დაღუპვის ამბავი?
– მაშინ ქმარი არ იყო.
– მან გითხრა?
– არა. პირადად მას არ უთქვამს, მაგრამ მისი მოწყობილი იყო ეს სიცრუე. ამას გვიან მივხვდი. თვითონ პირიქით, სულ გაქებდა და მეუბნებოდა, შენთან პოლონეთში ვაპირებდით ჩამოსვლას, მაგრამ აფხაზეთის ომში წავედითო.
– წავედითო? – გაიმეორა კოტემ.
– ჰო, ვიცი, ვიცი, რომ მატყუებდა. ისიც გვიან შევიტყვე, რომ დეზერტირი ყოფილა და გამოპარულა. მაშინ კი ეს არ ვიცოდი. სულიერად სპეტაკი მეგონა, კეთილშობილი მახინჯი. იმასაც გვიან მივხვდი, რომ მახინჯი მხოლოდ გარეგნულად არ ყოფილა.
– სპეტაკი როგორ გეგონა, როცა ძმაკაცის საცოლეს ცოლობა სთხოვა?
– მომატყუა და მე სულელმაც, დავიჯერე.
– რა მოგატყუა?
– მოკლედ, ისე მოხდა, რომ როცა შენი დაღუპვის ამბავი მითხრეს, ერთად ვიყავით.
– რას ჰქვია, ერთად იყავით.
– ამ ნაძირალამ ვარშავაში ჩამომაკითხა. ამას ისევ მოგვიანებით მივხვდი. მითხრა, ომში კანტუზია მივიღე და რეაბილიტაციას გავდივარო. მოკლედ, ქუჩაში მივდიოდით და კაფეში დავსხედით. ალბერტამ ჯიბიდან ოქროს ძეწკვი და ზედ ჩამოკიდებული გული ამოიღო, რომელსაც აწერია: „ნინიკო“. მომცა და მითხრა, – ეს კოტიკომ გააკეთებინა შენთვის, მერე ფული დაგვჭირდა და გავყიდეთ. მე უკან დავიბრუნე, რადგან შენია და აი, გქონდეს სახსოვრად მისგანო. მაშინ ამ სიტყვების აზრს ვერ მივხვდი და გვიან მოვტვინე, რომ იმ ნაძირალას, უბრალოდ, წამოცდა. ხომ იცოდა, რასაც გეგმავდა, ანუ შენი დაღუპვის ამბავი უნდა შემეტყო და წამოსცდა. აი, ეს შენი საჩუქარი, – ნინომ კისერზე ჩამოკიდებული გული დაანახვა კოტეს და დაამატა, – ოცი წელია, არ მომიხსნია.
გაგრძელება შემდეგ ნომერში