№41 რძალმა ძმას და მშობლებს ჩემი თავი შეაძულა, საყვარელი ადამიანი კი – დამიფრთხო
ინტიმური საუბრები
ყოველთვის ვამბობდი, ისე არასდროს მოვიქცევი, როგორც ჩემი ყოფილი მული მექცეოდა და ჩემი ძმის ცოლი, დასავით მეყვარება-მეთქი. ორი წლის წინ გავშორდი ქმარს და საკმაოდ დიდი სტრესი მივიღე. ერთი წლის წინ კი, როცა ნინი შემოვიდა რძლად ჩვენს ოჯახში, უბედნიერესი ვიყავი. ჩემი ტკივილი დამავიწყდა და იმაზე გადავერთე, მისთვის როგორ მესიამოვნებინა. რა გამეკეთებინდა, რომ ახალ ოჯახში შემოსულს თავი თავისუფლად და ბედნიერად ეგრძნო. მართლა დასავით მივიღე, მაგრამ სანაცვლოდ, მისგან მხოლოდ შურსა და ბოღმას ვგრძნობ. ერთი წელია, ჩვენს ოჯახში შემოვიდა და თავდაყირა დააყენა ყველაფერი. ან როგორ მოახერხა ამდენი 24 წლის გოგომ, არც კი ვიცი. მოკლედ, ქმარს რომ გავშორდი, ჩემს ცხოვრებაში ცოლიანი მამაკაცი გამოჩნდა. ვიფიქრე, მისგან შვილს გავაჩენ და გავზრდი-მეთქი. გათხოვებას, აღარ ვფიქრობ და ეს მკაცრად მაქვს გადაწყვეტილი. ეს ამბავი, მიამიტურად ჩემს რძალს მოვუყევი და ვთხოვე, არავის არაფერი უთხრა-მეთქი. ენაზე არ დაამაგრდა და ჯერ ჩემს ძმას ჩააწვეთა, შენი და ცოლიან კაცთან დადისო და მერე ჩემი მშობლები გადარია. რასაკვირველია, ამას დიდი ამბები მოჰყვა. რომელ მშობელსა და ძმას ესიამოვნება ასეთი საქციელი? მაგრამ, მეც ჩემი ცხოვრება მაქვს. მინდა, დედა გავხდე და ამაში დასაძრახისს ვერაფერს ვხედავ. სხვას ხომ არ ვუნგრევ ოჯახს? სხვას არც ქმარს ვართმევ და არც შვილებს ვუკარგავ მამას? ამ ამბის დამალვას, არც ვაპირებდი, უბრალოდ, მინდოდა, რაღაც პერიოდის მერე, როცა ორსულად დავრჩებოდი, დელიკატურად შემეპარებინა ოჯახის წევრებისთვის. ჩემმა რძალმა კი, ისეთები ილაპარაკა, ისე დაქოქა და აამხედრა ჩემები ჩემს წინააღმდეგ, აღარაფრის გაგონება არ უნდათ. ისე დაიძაბა სიტუაცია, ჩავალაგე ჩანთა და დეიდაჩემთან გადავედი ცოტა ხნით საცხოვრებლად. იმედია, დრო რომ გავა, დაწყნარდებიან და ისევ მივალ ჩემს სახლში, სადაც ნინის უფრო მეტი სიტყვა ეთქმის და უფრო უჯერებენ, ვიდრე მე. ეს ამბავი, იმ ადამიანმაც გაიგო, ვისგანაც შვილის გაჩენას ვაპირებდი, დაფრთხა და გადაირია. შეეშინდა, არ მინდა სკანდალები, ხომ იცი, ცოლ-შვილი მყავს და შენები არ მიუცვივდნენ, ამბები არ ატეხონო. მისაყვედურა, რამ გათქმევინა შენი რძლისთვის ჩვენი ურთიერთობის შესახებ, ვერ დააჭირე ენას კბილიო. რა ვიცი, მიამიტურად მომივიდა. ვიფიქრე, ესეც გოგოა და გამიგებს-მეთქი. ფაქტია, მან ჩემი ამბავი თავის სასიკეთოდ გამოიყენა და დაპარპაშებს ახლა ჩემს სახლში დედოფალივით. სამწუხაროდ, ადამიანების გამოცნობა ვერ ვისწავლე, ყველა ჩემნაირი მგონია. რაც მე სადაქალოს და სანათესაოს საიდუმლოებები ვიცი, პირი რომ მოვაღო, არც კი ვიცი, რა მოხდება. ამის წარმოდგენაც არ მინდა. სხვებს, ყოველთვის გვერდში ვუდგავარ – საიდუმლოს ვუნახავ, როგორც შემიძლია, ვეხმარები და მე, ყოველთვის გარიყული ვრჩები. ამიტომ, თურმე ენას კბილი უნდა დააჭირო და ფაქტის წინაშე რომ დააყენებ, მერე ვეღარაფერს იტყვიან. სამწუხაროდ, ჩემს შემთხვევაში, სულ ასე ხდება – ჩემი ბამბა ყოველთვის ხმამაღლა ჩხრიალებს... სხვისგან, ნამდვილად, არ მეწყინებოდა, მაგრამ რძლისგან მეწყინა, მეტკინა და არასდროს მომიბრუნდება მასზე გული. ახალგაზრდა გოგო როგორ უნდა იყო ასეთი ბოროტი და ენაჭარტალა, რომ სხვის ცხოვრებაში ჩაერიო და ოჯახი გადაჰკიდო.