№41 რისთვის უნდა იყოს ქრისტიანი ყოველდღე მზად და როგორ გაყოფს მეორედ მოსვლისას ქრისტე ოჯახის წევრებს ერთმანეთისგან
ადამიანთა დიდი ნაწილი დადის ეკლესიაში – ვლოცულობთ, თუმცა ხშირად არც კი ვიცით, ამას რატომ ვაკეთებთ: რა გვინდა ეკლესიაში? რისთვის ვლოცულობთ? ამ ყველაფრისადმი ჩვენი დამოკიდებულება ხშირად ზედაპირული და არასწორია. თუმცა, ამ საკითხის შესახებ უფრო დაწვრილებით გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):
– ერთ რაბინს ეკითხებიან: რას აკეთებ ლოცვის წინო. ვლოცულობ, რომ კარგად ვილოცოო. როცა მიდიხართ ეკლესიაში, ასე იფიქრეთ. დაფიქრდით იმაზე, რატომ მიდიხართ ეკლესიაში. ხშირად, როცა ადამიანი წირვა-ლოცვაზე უნდა მიდიოდეს, იმ დროს თვალებს იფშვნეტს, ნაბახუსევზე გამოდის. მას არც ღმერთი უნდა იმ დროს და არც არავინ. ერთმა მოძღვარმა თავის მრევლს ასე მიმართა: კვეთაზე აგზავნით მოსახსენებლებს, სადაც წერია: ჩემი ბიჭის იღბლისთვის, ჩემი ქალიშვილის იღბლისთვის. მე მევედრებით თქვენზე ვილოცო და თქვენ ეშმაკის სახელს ახსენებთო. ძველ აღთქმაში, იოანეს გამოცხადებაში ბევრჯერ შეგხვდებათ ასეთი კერპი და დემონი „მოლოქი“, რომელიც ლათინურად ნიშნავს მეფეს. „მოლოქი“, იგივე იღბალი იყო – სპილენძის ხელებგაშლილი კერპი, რომელსაც ქურუმები ისე ახურებდნენ, რომ თავიდან კვამლი ამოსიოდა. შემდეგ სოფელ-სოფელ დაატარებდნენ: ვის გინდათ იღბალიო. მხოლოდ ჩვილ ბავშვებს იწირავდა. როცა სოფელში ქურუმები შემოდიოდნენ, ქალები ერთმანეთს ეკითხებოდნენ: გინდათ იღბალი, ფორტუნა? კი? – მაშინ, შესწირეთ ბავშვები და ასე სწირავდნენ ჩვილებს, იმისთვის, რომ მათ ოჯახში წარმატება, იღბალი ყოფილიყო. ხშირად ეკლესიაში იმიტომ მოდის ადამიანი, ხვალ ქორწილი აქვს და უნდა, რომ ბედნიერი იყოს. ვერ იქნები ასე ბედნიერი, წარმატებული – ეკლესიაში იმიტომ მოდიხართ, რომ გარკვეული ხატის წინაშე სანთელი დაანთოთ, რომ იღბლიანი იყოთ. ეკლესიაში იმიტომ უნდა წახვიდეთ, რომ ღვთის წყალობა მოითხოვოთ.
– რატომ არის, რომ ხშირად ადამიანი დადის ეკლესიაში, ლოცულობს, ეზიარება, მაგრამ მისი ნაყოფი მაინც ცუდია?
– როგორ ზრუნავს ჩვენზე უფალი, მაგრამ რა ნაყოფი გამოვიღეთ ჩვენ? ძალიან ცუდი. ადამიანები გამოვიდნენ მრუშები, ნარკომანები, მემთვრალეები, მპარავები, მწვალებლები, სექტანტები. ბევრი ქართველი ბავშვობაში რომ მონათლეს, მამამ ნათლობის დიდი სუფრა რომ გადაიხადა, სად არის ახლა? ზოგი სექტაშია გაწევრიანებული, ზოგი, საერთოდ, ათეისტია. დღეს უმრავლესობა ყველაზე დიდ დროს სოციალურ ქსელში ატარებს. იმიტომ რომ, კაცობრიობა განიცდის მარტოობას, მოწყენილობას. მერე ერთმანეთს ულოცავენ სხვადასხვა დღესასწაულს, უამრავ ფოტოს იღებენ: ზევიდან, ქვევიდან. აქვეყნებენ, როგორ უყვარს თავის ქმარს; როგორ უყვარს თავისი ცოლი. ტყუილია ეს ყველაფერი – ამით ისინი სხვებს უმტკიცებენ რაღაცას. როცა რაიმე საგანძური გაგაჩნია, იმას შენთვის, ჩუმად ინახავ, რომ არავინ წაგართვას, იმდენად ძვირფასია ის შენთვის. დღეს ყველა მარტოა, მოწყენილია, იმიტომ რომ, მათთან არ არის უფალი. წყალობას არ ითხოვენ უფლისგან. ძალიან კარგი ქორწილიც რომ გადაიხადო – ბევრი სტუმარი გყავდეს, ბევრი საჩუქარი მიიღო, მაინც უბედური იქნები, რადგან არ გეცოდინება, რა არის უფლის სიყვარული. როგორც კი განიმოსები საქორწილო სამოსლისგან, მაშინვე მივხვდები, რომ ისევ ისეთი დარჩი, როგორიც მანამდე იყავი.
იყო დრო, როცა ზამთარი იდგა ჩვენს ეკლესიაში – კომუნისტების დროს. ერთი-ორი მღვდელი, პატრიარქი, მწუხარე მდგომარეობა გახლდათ ეკლესიაში. მაგრამ, როგორც კი ეროვნული მოძრაობა დაიწყო, ჩვენმა დედაეკლესიამ ნაყოფი გამოიღო. ახლაც, ვინც წასასვლელია, ის წავა. გგონიათ, ვინმეს დააბრკოლებს „ციანიდის საქმე“ ან რომელიმე მეუფის ბიზნესი, მღვდლების სისუსტეები, ვერცხლისმოყვარეობა? ჭეშმარიტი მორწმუნე, პირიქით, ამ დროს გაძლიერდება და გააძლიერებს ლოცვას. მეორედ მოსვლისას, ქრისტე რომ მოვა, მაშინ გამოჩნდება: ვინ არის ჭეშმარიტი მართლმადიდებელი, ვინ არის თავმდაბალი, მორწმუნე, ვინ შექმნა ოჯახი უფლისთვის. სახარებაში წერია: ორნი იქნებიან სარეცელზე, ერთი – მორწმუნე, მეორე – ურწმუნო, ერთს წაიყვანს უფალი, მეორეს დატოვებსო. ორნი იქნებიან წისქვილში – ვინც ფქვავდა უფლისთვის, მას წაიყვანს და ვინც – თავის კუჭისთვის ფქვავდა, იმას დატოვებსო. ორნი იქნებიან მინდორში – ვინც თესავდა უფლისთვის, იმას წაიყვანს უფალი და ვინც საკუთარი თავისთვის, იმას დატოვებსო. იცხოვრებ უფლისთვის, უფალი იქნება შენთან. გეყვარება უფალი ყველაზე მეტად, იქნები ბედნიერი. როგორც კი შენნაირ ეგოისტს შეიყვარებ უფალზე მეტად, შენც მიგატოვებს ღმერთი და შენს შეყვარებულსაც. თუ გინდათ, რომ მარტო არ იყოთ სოციალურ ქსელში ცხვირჩაყოფილები, უფალთან იყავით. ზოგი ელოდება დიდმარხვას, რომ ეკლესიაში მივიდეს, მაგრამ იცის, ბოროტმა, ეშმაკმა, სიკვდილმა როდის რომელი პერიოდია? ჩვენ ხომ ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ, რადგან არავინ იცის, როდის წაგვიყვანს ღმერთი ამქვეყნიდან.
– რა ნაყოფი უნდა გამოიღოს ქრისტიანის ცხოვრებამ?
– ეს არის სამი ნაყოფი: რწმენა, სიყვარული, სუფთა სინდისი. თუ ჭეშმარიტი რწმენა არ აქვს, სიყვარული ვერ გახდება მთავარი. ჭეშმარიტი სიყვარულის შემდეგ, ადამიანს ჭეშმარიტი რწმენა აქვს და ჭეშმარიტი რწმენის შემდეგ, უკვე – სუფთა სინდისი. ყველა ეპისკოპოსს, დიდ მამას თავისი ჩამოყალიბებული მრწამსი ჰქონდა. ამ მრწამსიდან გამომდინარე, პირველ და მეორე მსოფლიო კრებებზე ჩამოყალიბდა წმიდა მამების მიერი სარწმუნოების სიმბოლო „მრწამსი“, რომელსაც ყველა ქრისტიანი უნდა ამბობდეს ყოველ დილით. ზეპირად უნდა იცოდეთ, რომ სხვა ქრისტე, სხვა ეკლესია არ არსებობს და რისი სწამს. რომ ამბობ კათოლიკური ეკლესია, ბაპტისტური ეკლესია – ეს უკვე მკრეხელობაა. უნდა თქვათ: მწვალებელთა საკრებულო. ახლა რომ იყო, ეგრეთ წოდებული, მსოფლიო კრება, იქ ბევრი მწვალებლობა გამოვლინდა. თითქოს მართლმადიდებლები აღიარებენ სხვა ეკლესიების არსებობას, ეს უკვე შენი სარწმუნოების სიმბოლოს დამახინჯებაა. შენ გიწერია: ერთი წმიდა კათოლიკე ანუ საყოველთაო მართლმადიდებლური ეკლესია. შენ კი აღიარებ, რომ თურმე კათოლიკურიც ყოფილა, პროტესტანტულიც – 3 000-ზე მეტია უკვე. სამწუხაროდ, შეიძლება, ასეც იყოს მალე ჩვენთან. ჭეშმარიტი მრწამსის შემდეგ, უნდა გქონდეთ ჭეშმარიტი სიყვარული. ქართველები ვამბობთ, ყველა და ყველაფერი გვიყვარსო. არ შეიძლება, ყველა და ყველაფერი გიყვარდეს. სულ რამდენიმე სიყვარულია გავრცელებული. პირველი ეს არის „ეროსი“, რომელიც არ არის ჭეშმარიტი სიყვარული. მეორე: „ლუდოსი“ ანუ პარტნიორული სიყვარული, როცა საქმეში ერთად ვართ, მაგრამ, როგორც კი რამე მოხდება, მაშინვე ერთმანეთს იარაღით დასდევენ და ეს სიყვარულიც ქრება. მესამე: „ტორჯი“, ანუ ცოლქმრული სიყვარული. დღეს იშვიათია, ცოლ-ქმარს ერთმანეთი უყვარდეს. მათ სიყვარული ცუდად დაიწყეს და ცუდად აგრძელებენ. რომც დაგანახვოს ქმარმა ან ცოლმა სიყვარული, მაინც ვერ დაინახავ, რადგან შენ არ გაგაჩნია ეს სიყვარული. ხშირად ცოლქმრული სიყვარული მოვალეობითი სიყვარულია. „პრაგმა“ – პრაქტიკული სიყვარული, როცა თავისი საქმე უყვარს. „მანია“ – რომელიც საქართველოში ძალიან არის გავრცელებული. „ნაციონალური მოძრაობის” მიმდევარი მანიაკია; „ოცნების” მიმდევარი მანიაკია; სასულიერო პირის მიმდევარი მანიაკია, ისევე, როგორც – ფეხბურთის, კალათბურთის. დამთავრდება ყველაფერი და რჩებიან მოწყენილები. „ფილოსი“ – ფილოსოფიის, სიბრძნის სიყვარული. ძალიან კარგია, მაგრამ მხოლოდ ფილოსოფიის სიყვარული არ არის კარგი. ბოლოს არის „აღაპე“, „აღაპოს“ – ღვთაებრივი სიყვარული. თუ ღვთაებრივი სიყვარული არ გაქვს, მაშინ არანაირი სიყვარული არ გექნება. ნეტარი ავგუსტინე ამბობს: თუ გიყვარს ღმერთი, ცუდს არ გააკეთებო. თუ გაქვს ჭეშმარიტი რწმენა, სიყვარული, ესე იგი, გაქვს სუფთა სინდისი: იცი, ვინ გწამს, რატომ გწამს, გაქვს სიყვარული და ბედნიერი ხარ.