№41 რა შეურაცხყოფა ვერ აიტანა გიგო გაბაშვილმა და რატომ ვერ იტანდა ის ფიროსმანს
მისი ნამუშევრების თემატიკა მრავალფეროვანია. მან შექმნა მთელი სერია ქართული კულტურის მოღვაწეთა პორტრეტებისა და არამხოლოდ მათი პორტრეტებისა. მისი ცნობილი „ბაზარი სამარყანდში,” შესრულებული 1894 წელს, 2006 წელს, ნიუ-იორკის კრისტის აუქციონზე მილიონ 136 ათას დოლარად გაიყიდა. მან შექმნა 2 000-ზე მეტი სურათი, რომელთა უმეტესი ნაწილი, მისი ანდერძის თანახმად, დაცულია საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში. ცალკეული სურათები ინახება რუსეთის, ევროპისა და ამერიკის მუზეუმებში, ხოლო ნაწილი – კერძო კოლექციებში. ამჯერად უდიდესი მხატვრის, გიგო გაბაშვილის შემოქმედებითი ცხოვრების ყველაზე საინტერესო ეპიზოდებს გაგაცნობთ.
არტურ ლაისტი იგონებს: „დიღომში ილია ჭავჭავაძესთან ერთად წავედი მისი საკუთარი ეტლით… სადილობისას გაბაშვილის გვერდით ვიჯექი. ზოგიერთი მისი სურათი ნანახი მქონდა. ვურჩიე, მხატვრობაში გასავარჯიშებლად მიუნხენში, პროფესორ ბრანდთან წასულიყო. ის პოლონელი ხალხის ცხოვრების ამსახველი სურათებით გახლდათ ცნობილი. გიგო გაბაშვილმა მითხრა, პეტერბურგის პროფესორებმაც იგივე მირჩიესო. პატრიარქალური ცხოვრების ამსახველი ჟანრი, ჩემი ღრმა რწმენით, ძლიერ შეეფერებოდა მხატვარ გიგო გაბაშვილის ნიჭს. მან თავის შემოქმედებაში, სამწუხაროდ, ეს მხარე ძალიან ნაკლებად განავითარა. ხელი უფრო სხვა თემებს მოჰკიდა. რა სიმაღლესაც მიაღწევდა ამ ჟანრში მისი ნიჭი, იმ ტილოდან ჩანს, რომელზეც სამი თბილისელი მოქალაქეა გამოსახული. ეს სურათი დავით სარაჯიშვილის სახლში ინახებოდა… მახსოვს, 1903 წელს დავით სარაჯიშვილთან სტუმრობისას, როგორი აღტაცებით უყურებდა ამ სურათს გერმანელი მეცნიერი და მწერალი გოტფრიდ მერცხბახერი…” (წყარო: axaliganatleba.ge) 1894 წელს, რუბოს რჩევით გიგო მიუნხენის სამხატვრო აკადემიის სტუდენტი ხდება, მაგრამ იმედი უცრუვდება: „თავს ვიკლავ მუშაობით და ეს პირდაპირ აისახება ჩემს ჯანმრთელობაზეც,” – წერდა ის 1895 წელს, დეკემბერში მხატვარ დავით გურამიშვილს. სხვა წერილებიდან ჩანს, რომ საერთოდ, მიუნხენის სამხატვრო აკადემიას არ შეეძლო რაიმე ახალი მიეცა ისეთი ოსტატისთვის, როგორიც გიგო გაბაშვილი იყო...
„საშინლად მკიცხავენ მხატვრები, აკადემიაში რომ ჩავაბარე, მათ შორის, აზენგუტიც. ბრაზობენ რუბოზეც, აკადემიაში ჩაბარება რომ მირჩია და თვით რუბომაც, როცა სახელოსნოში მეწვია, აღიარა, რომ არ ეგონა, მე ასე თუ ვმუშაობდი. ის გაოგნებული იყო ჩემი წარმატებებით”.
გაბაშვილი მუშაობდა ზეთის საღებავებით, აკვარელით, აქვს კალმით ნახატებიც.
მტკვარი
გოგი სარაჯიშვილი ერთ-ერთი იმ იშვიათ მკვლევართაგანია, რომელიც გიგო გაბაშვილის ცხოვრებას სწავლობს და ფიქრობს, რომ გიგოც სხვა, დიდ ადამიანთა მსგავსად, უცნაური იყო (მ. დამენია). „ბავშვობიდან თავისებური იყო. 1880 წელს, თვრამეტი წლისამ, თბილისის რეალური სასწავლებელი დაამთავრა, სადაც მხოლოდ ხატვას, ტანვარჯიშსა და გეოგრაფიას სწავლობდა. დანარჩენი საგნები, უბრალოდ, არ აინტერესებდა – ან ხატავდა, ან მთელ დროს ბანაობაში, თევზაობასა და თამაშში ატარებდა. მტკვარი ისე უყვარდა, ხშირად გაკვეთილებიდან იპარებოდა. ერთხელ ბანაობისას ტანსაცმელიც მოჰპარეს და სახლში ტიტველი მივიდა. ამის შესახებ მერე მთელი თბილისი ლაპარაკობდა. ამ გატაცებებმა კი, კინაღამ მისი შედევრების გარეშე დაგვტოვა, რადგანაც ერთხელაც, მტკვარში დახრჩობას ძლივს გადაურჩა. მამა ძალიან ადრე დაეღუპა და მხოლოდ დედის ამარა დარჩა. დედამ გიგო უცხოელის ოჯახს მიაბარა, სადაც სხვა ბავშვებთან ერთად ცხოვრობდა და გერმანულ, ფრანგულ ენებს სწავლობდა. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, მან თბილისის სასამართლო პალატის სამიჯნოში დაიწყო მუშაობა, შეკვეთებით მომუშავე მხაზველად. თუმცა, იმ დიდებამდე, რომელსაც საბოლოოდ მიაღწია, ჯერ კიდევ გრძელი გზა ჰქონდა გასავლელი.
დაუსრულებელი შედევრები და ქორწინება კარგ მეგობართან
მიუხედავად ცუდი პირობებისა, გიგოს ნიჭი მოსვენებას არ აძლევდა და საბოლოოდ, მაინც ამოხეთქა. სანამ პერსონალურ გამოფენას მოაწყობდა, ხუთ სხვადასხვა გამოფენაში მიიღო სხვებთან ერთად მონაწილეობა, ამ გამოფენების შემდეგ საშინელი რეცენზიები დაიწერა. რეცენზენტები წერდნენ, რომ მისი ნახატები დაუსრულებელი და არასრულყოფილია. გიგოს უახლოესი მეგობარი იყო ადამ ფორაქიშვილი, დავით სარაჯიშვილის ცოლისძმა, რომელიც იგონებდა, თუ როგორ დარდობდა გიგო და ამბობდა, ახლა ჩემს ნამუშევრებს შევკრებ და ბევრს გავანადგურებო. არადა, გიგომაც კარგად იცოდა, რომ მისი ნამუშევრები არ იყო დასრულებული, ამას კი ძალიან ბანალური მიზეზი ჰქონდა. არ ჰქონდა საკმარისი რაოდენობით საღებავები და ფუნჯები. თბილისში მაშინ არ არსებობდა მაღაზიები, სადაც ასეთი რამის ყიდვა შეეძლო. პეტერბურგიდან თუ ჩამოატანინებდა ვინმეს, ან ტრადიციული, მამა-პაპური წესით, თავად ამზადებდა საღებავებს. სხვა მის ადგილას, ასეთი რეცენზიების შემდეგ, ფარხმალს დაჰყრიდა. თუმცა, გიგო ასე არ მოქცეულა და მალე პერსონალური გამოფენაც მოაწყო. ამაში მას დავით სარაჯიშვილი დაეხმარა. სასახლის ქუჩაზე, დავით სარაჯიშვილის სახლში, სასტუმროც იყო, სამედიცინო დეპოც. აქ ცხოვრობდა აკაკი წერეთელი, როდესაც თბილისში ჩამოდიოდა. აქ ცხოვრობდა ბარონ დებაი, ფოტოგრაფი ალექსანდრე როინიშვილი. იქვე იყო გაზეთ „თემის” რედაქცია. მოკლედ, ამ შენობაში ცხოვრება დუღდა და დავითმა მას იქ სამი ოთახი დაუთმო გამოფენისთვის. მთავარმართებელ ბორიცინის ცოლმა გამოფენაზე მისი ნამუშვრები შეიძინა. ეს ამბავი პეტერბურგში გავრცელდა. მაშინ ასე ხომ არ იყო, როგორც დღეს, ყველა რომ ხატავს. როგორც გითხარით, გიგო გაბაშვილს რეალური სასწავლებელი ჰქონდა დამთავრებული. ეს სასწავლებელი კი სიმწიფის ატესტატს არ იძლეოდა. ამიტომაც, მას წესით, უმაღლესში სწავლის გაგრძელება არ შეეძლო. თუმცა, ამ შემთხვევამ განაპირობა, რომ მეფისნაცვალმა მიხეილ ნიკოლოზის ძემ, რეკომენდაცია გაუწია და პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში მიიღეს. იქ მას ყველანაირი პირობები შეუქმნეს. თუმცა, გიგო უცნაურად მოიქცა, მეფისნაცვალს შემდეგი წერილი მისწერა: თბილისში ჩამოვალ, სიმწიფის ატესტატს ავიღებ და იქნებ გზის ფული გამომიგზავნოთო. თუმცა, ჩამოვიდა და რატომღაც, პეტერბურგში აღარ დაბრუნებულა. შემდეგში უკვე ის დავით სარაჯიშვილმა გააგზავნა სასწავლებლად
მიუნხენის სამხატვრო სკოლაში, რომელიც დღემდე არსებობს. თან, რამდენიმე ნახატი წაიღო. ნახატები მოიწონეს, თუმცა გამოცდა მაინც მოუწყვეს და იმ გამოცდაზე შესრულებულ ნახატში ოქროს დიდი მედალი აიღო. 1903 წელს გერმანიაში გამოფენა იყო და სწორედ იქ გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე, ავსტრიელი ქალბატონი. თუმცა, თავიდან მასზე დაქორწინება აზრადაც არ მოსვლია. უბრალოდ, ერთად თავს კარგად გრძნობდნენ. ეს იყო და ეს. მაშინ ერთმანეთს მალევე დასცილდნენ, თუმცა, რაღაც პერიოდის მერე, კვლავ შეხვდნენ და მალევე დაქორწინდნენ. ამ ქალს დიდი დამსახურება მიუძღვის ქმრის წინაშე. საოცრად ზრუნავდნენ ერთმანეთზე. მან დაწერა წიგნი – „ცხოვრება, მოღვაწეობა, გიგო გაბაშვილისა” და ეს წიგნი დღემდე არავის გამოუცია. ცუდი მხოლოდ ის იყო, რომ შვილი არ შეეძინათ. სახლი, რომელშიც გიგო გაბაშვილი მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა, დღევანდელი სამხატვრო აკადემიის მარცხენა ფლიგელია.
შუშის ნეგატივები
გაბაშვილი რეალისტი იყო, მას სხვანაირად, საკუთარი ფანტაზიით ხატვა არ შეეძლო და ვერც წარმოედგინა. გაბაშვილთან ძალიან აქტუალურია აღმოსავლეთის თემატიკა. აღმოსავლეთში მოგზაურობის საშუალება კი, მას სწორედ საკუთარი ნიჭიერების წყალობით მიეცა. 1914 წელს, ზამთარში, თბილისში ნიკოლოზ მეორე უნდა ჩამოსულიყო და მის დასახვედრად მზადება დაიწყო. რუსთაველზე რომ სამხატვრო გალერეა გვაქვს, იქ მაშინ, სამხედრო დიდების მუზეუმი იყო. იქ მუშაობდა მხატვარი რუფო, რომელმაც მთელი ბატალური სცენები მოხატა. გიგო გაბაშვილიც შემთხვევით იქ მივიდა და რუფომ ასისტენტად აიყვანა. რუფოსთან ერთად გიგომაც შეასრულა კედლის მხატვრობა და ისე დამეგობრდნენ, რომ მეტი არ შეიძლებოდა. აღმოსავლეთშიც რუფომ წაიყვანა თან, მანამდე კი გიგომ ფოტოაპარატი იყიდა და თავის შედევრებს, ჩანახატებთან ერთად, სურათების მიხედვითაც ქმნიდა. მე ნანახი მაქვს შუშები, რომელზეც ეს კადრებია აღბეჭდილი. დავთვალე, ზუსტად 387 ცალია. სინათლეზე რომ გახედავ, თითქოს სურათი გიჭირავს ხელში. ამ ნეგატივებიდან 87 ხევსურეთის თემაზეა. ხევსურული ცეკვები, ხევსურული მხედრული, ხევსურული ხედები – შემდეგ ამის მიხედვით ხატავდა. თორემ ისე, რომელი ხევსური დაუჯდებოდა კვირაობით, რომ ნატურიდან გადაეხატა.
ილია და ილიას ზანგი
გაბაშვილს ილიაც ჰყავს დახატული, თუმცა მისი ხატვა რომ დაიწყო, ილია პეტერბურგში წავიდა და შეთანხმდნენ, რომ ჩამოსვლის შემდეგ განაგრძობდნენ. ვეღარ მოასწრეს, ილია მოკლეს, ნახატი კი დაუმთავრებელი რჩებოდა. ილიას და დავით სარაჯიშვილს ერთნაირი სერთუკები ჰქონდათ. მხატვარი დავით სარაჯიშვილთან მივიდა და ის სერთუკი ითხოვა. შემდეგ ქალაქში იარა და ასირიელი პოლკოვნიკი აღმოაჩინა, რომელიც ილიას ძალიან ჰგავდა. ნატურად დასვა და ისე დაასრულა ილიას პორტრეტი. ალბათ, ძალიან ცოტასთვისაა ცნობილი, რომ მისი ზანგის პორტრეტის პროტოტიპი, ილიას მსახური გახლდათ, რომელიც მასთან ბათუმიდან მოხვდა. ილიას ეს ზანგი ძალიან ჰყვარებია, ძალიან კარგი ადამიანი ყოფილა. ეს ნახატი დიდხანს, ვინმე შიუკაშვილის ოჯახში ეკიდა. თუმცა, დღეს სად არის მისი ორიგინალი, ძნელი სათქმელია. საერთოდ, გიგო ძალიან ნანობდა, რომ თავის ნახატებს ყიდიდა და მათ ერთჭერქვეშ შეკრებას ვეღარ ახერხებდა. მის ნახატებზე იმხელა მოთხოვნა იყო, რომ მთავრობამ მისი უცხოეთში გატანა აკრძალა.
მძიმე რეალობა
„ფიროსმანაშვილი არის დიდი უსწავლელი. მისი სურათები არავითარ ღირებულებას არ წარმოადგენს და ასეთი ყურადღების გამოჩენა მის მიმართ, დიდი შეცდომაა. რას ვიზამთ, იმ დროში უსწავლელთა რიცხვი, გაცილებით სჭარბობდა ნასწავლთა რიცხვს,” – ეს სიტყვები სწორედ გიგო გაბაშვილს ეკუთვნის. მას მხატვრობაში ვერცერთი სხვა მიმართულება ვერ წარმოედგინა და რექტორობისას, არც სხვებს აძლევდა გასაქანს. ამიტომაც იყო, რომ აუმხედრდნენ და იძულებული გახადეს, რექტორის თანამდებობა დაეტოვებინა, რამაც მასზე ძალიან ცუდად იმოქმედა. ამას დაერთო ისიც, რომ კომუნისტებმა 1936 წელს, აჭარის ციტრუსის პლანტაციების დიდი პანოს შესრულება დაავალეს. მხატვარი ციხისძირში ჩავიდა, უცებ გული გაუსკდა და გარდაიცვალა. ისე რომ, მხოლოდ ცალი ჩუსტი ჩაიცვა და ხალათის მარცხენა მკლავში მოასწრო ხელის გაყრა. არადა, არც სვამდა და არც ეწეოდა. როგორც ჩანს, შეურაცხყოფამ მოუღო ბოლო”.