კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№41 რატომ აღარ გვეყოლება სპეციალისტები არც ერთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სფეროში და რატომ არ განიცდის ქართველი საკუთარ არაკომპეტენტურობას, როგორც პრობლემას

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

 უკვე შეუიარაღებელი თვალითაც ნათელია, რომ გარკვეულ სფეროებში სპეციალისტების დეფიციტი გვაქვს, ზოგი სპეციალობა უბრალოდ „დაგვიბერდა“, ზოგი კი გადაშენების გზაზეა. ამის პარალელურად, უფრო და უფრო ავტორიტეტული ხდება უცხოელი სპეციალისტების აზრი და მათი მონაწილეობა სხვადასხვა სახელმწიფო პროექტში (კერძო პროექტებს ვინღა ჩივის), მეტიც, არც თუ იშვიათად, შემფასებელი კომისიაც მხოლოდ უცხოელებითაა დაკომპლექტებული. შესაბამისად, ადრე თუ გვიან, არც ისაა გამორიცხული, მხოლოდ უცხოელი სპეციალისტების იმედად დავრჩეთ, თანაც –  ყველა სფეროში. რამაზ საყვარელიძესთან ერთად განვიხილავთ, ეს ტენდენცია მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგია, შემთხვევითობაა თუ უბრალოდ, საბაზრო ეკონომიკის პრინციპია, რომ, მაინცდამაინც, ბაზარმა უნდა გიკარნახოს, რომელი პროფესიის წარმომადგენელი გჭირდება.
რამაზ საყვარელიძე:
ჩვენ გენიალური ბედი გვაქვს, ძალიან კარგი პროცესები განვითარებულა საქარველოსთვის ისე, რომ ქართველებს ამისთვის თავი არც შეუწუხებიათ. 1918 წელს დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ და ვიცით, რომ მაშინდელი მთავრობის მეთაურიც კი ამ დამოუკიდებლობას კარგი თვალით არ უყურებდა. მიაჩნდა, რომ საქართველოს არ შეეძლო, ყოფილიყო დამოუკიდებელი, მაგრამ რუსეთი დაიშალა და სხვა გზა არ გვქონდა, მოვიპოვეთ. ესე იგი, იმ დამოუკიდებლობისთვის ჩვენ მზად არ ვიყავით. შესაბამისად, მზად არც შემდგომი დამოუკიდებლობისთვის ვყოფილვართ, 1990-იან წლებში მოპოვებულისთვის. თუ დავაკვირდებით ჩვენს ცხოვრებას, არაფრისთვის არ ვართ ხოლმე მზად. ეს მოუმზადებლობა არ არის შემთხვევითობა, არ არის დროის იმ მომენტის შედეგი, ჯერჯერობით ეს მოუმზადებლობა ჩვენი აზროვნებისა და ცხოვრების წესია. თქვენ ბრძანეთ, რომ პროფესიონალები დავკარგეთ და გამოთქვით ეჭვი, ხომ არ არის ეს საბაზრო პრინციპების გაზიარების ბრალი. მეორე მხრივ, თუ საბაზრო პრინციპებს ასე იზიარებ, ესეც აზროვნების სიზარმაცის ბრალია, თორემ საბაზრო პრინციპი არ გაიძულებს, შენს ქვეყანას არ მოუარო. შენს ქვეყანას თუ არ უვლი და ხარ დაუდევარი, ეს შენი აზროვნების წესია. შესაძლოა, მომაბეზრებელია ეს მაგალითი, მაგრამ, სანამ ამ მაგალითს არ გავიშინაგნებთ, პრობლემას ვერ გადავწყვეტთ: ვგულისხმობ იაპონიას. აგვისტოში იყო იაპონიაში ამერიკის მიერ ატომური ბომბების ჩამოყრის 72-ე წლისთავი. ყურადღებას ვამახვილებ მხოლოდ იმიტომ, რომ ამ, ფაქტობრივად, განადგურებულმა ერმა, რომელსაც ერთადერთ საყრდენად ისევ და ისე ამერიკა ჰყავდა, თავისი საბაზრო ეკონომიკით, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, იაპონური წარმოება, იაპონური ცხოვრების წესი და აზროვნება დაეყენებინა იმ დონეზე, რომ დღეს იაპონიას ჰქონდეს, იმავე ამერიკასთან კონკურენციის საშუალება. და ეს იაპონიამ მოახერხა. ესე იგი, საბაზრო ეკონომიკა არ ითხოვს შენგან საკუთარი ქვეყნის განადგურებას. თუ ანადგურებ, ეს უკვე შენი ძალისხმევაა და არა საბაზრო ეკონომიკის.
– წინა ხელისუფლების დროს იყო მოსაზრება, რომ ბაზარი გკარნახობს ყველაფერს, ამ მოსაზრების ავტორი კახა ბენდუქიძე იყო. მაგრამ, ბაზარს რომ დასჭირდება და სპეციალისტი აღარ იყოს?
– ის ძალიან ნიჭიერი კაცი იყო, მაგრამ არ ვიცი, რამდენად პატიოსანი, როდესაც თავის მოსაზრებებს გამოთქვამდა. ჩემთვის მისი გამონათქვამები აღიქმება იმის ევროპულ ტერმინებში ფორმებად, რაც რუსეთს აძლევდა ხელს. ანუ თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ძახილით მან რუსეთის კაპიტალს დაუმორჩილა ყველაფერი.
– მაგრამ მისეული მეთოდით წარიმართა პროცესი და ჩვენ აღარ გვყავს მთელი რიგი სპეციალისტები მთელი რიგ სფეროებში?
– როგორც ყველაფერში, ამ პროცესშიც დაუდევრობა გამოვიჩინეთ და არ დაგვიზუსტებია, რა პროცესი იყო. ფაქტია, დღემდე საორჭოფოა, რა მიზანს ისახავდა მაშინდელი ხელისუფლება. თანაც, არის ერთი მომენტი: საბაზრო ეკონომიკა ამერიკაში და საბაზრო ეკონომიკა მცირე ზომის ქვეყანაში შეიძლება, სხვადასხვა რამე იყოს. იმიტომ რომ, ბაზარია სხვადასხვა ზომის და ის, რასაც უძლებს ამერიკული დიდი ბაზარი, შეიძლება, დამღუპველი აღმოჩნდეს მცირე ქვეყნისთვის, თუკი არ დარეგულირდა ეროვნული ინტერესებით და ისევ იაპონიას გავიხსენებდი. ანუ იმას ვამბობ, რომ ქართულ სინამდვილეში, სამწუხაროდ, გამოვეკიდეთ ბევრ მითს, ბევრ თეორიას შემოწმების გარეშე და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ: რაც თქვენ ბრძანეთ, შეიძლება, სპეციალისტი არცერთ სფეროში აღარ გვყავდეს. თუ გახსოვთ, სააკაშვილის პერიოდში ასეთი ფრაზაც კი იყო, რად გვინდა პრფესიონალები. დაგვჭირდება ექიმი? წავალთ იქ, სადაც განვითარებულია მედიცინა და ასე შემდეგ. იმ პერიოდში დაიწყო დაუდევრობა პროფესიონალების მიმართ და ეს იყო პრინციპული დაუდევრობა. უნდა ჩავრეცხოთ პროფესიონალებიო და ჩარეცხეს კიდეც. თავს კი ასე იმართლებდნენ: სხვა ქვეყანაში ვიპოვით პროფესიონალებს თუ დაგვჭირდებაო. შესაბამისად, იმ კონცეფციით, რითაც მაშინ საქართველო ცხოვრობდა, ჩვენ პროფესიონალები კი არ გამოგვრჩა, არამედ პრინციპულად გავანადგურეთ, რადგან არც უნდა გვყოლდა, თუ დაგჭირდება, წახვალ და სხვა ქვეყანაში იპოვიო.
– ეს კონცეფცია სწორია? სხვა ქვეყნის პროფესიონალი ნებისმიერ სფეროში გამოგადგება? ცნობილია, რომ ფსიქოლოგიაში ნებისმიერ ტესტს სჭირდება აპრობაცია, იმიტომ რომ, ამერიკული ტესტი ქართველისთვის არ გამოდგება აპრობაციის გარეშე.
– ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ ამ კონცეფციით იცხოვროს ყველა ქვეყანამ და სხვათა შორის, ბევრი ცხოვრობს. მაგალითად, ინგლისში ინგლისელ ექიმს თითქმის ვეღარ ნახავ. ინდოელები არიან ყველგან.
– მიაქცევდით ყურადღებას ჩვენი მფრინავების ასაკს, რომლებიც აქრობდნენ ხანძარს?
პროფესიული რესურსი სრულიად შეგნებულად გავანადგურეთ და თქვენ სვამთ კითხვას, არის თუ არა ეს სწორი. დავუშვათ, მაგ გზას გავყევით ჩვენც და ყველა სხვა ქვეყანა. ხომ აღმოჩნდება, რომ ერთ მშვენიერ დღეს არავის ეყოლება პროფესიონალი არცერთ სფეროში?! ახლახან მოიტანეთ მფრიანვების მაგალითი და არის მოვლენები, როდესაც სხვა ქვეყნისთვის მიმართვის დრო და საშუალება არ გაქვს. ანუ არის სფეროები, რომლებშიც შენი რესურსი უნდა გქონდეს. ის სფეროები, რომლებითაც ქვეყანა ცხოვრობს: მასწავლებლები, პოლიციელები, სამხედროები, ექიმები… აქ შენი საკუთარი რესურსი უნდა გქონდეს. შემდეგ მოდის: მშენებლები, ინჟინრები, მეგზევეები და სხვა. ის პროფესიები, რომლებიც გჭირდება განვითარებისთვის, მით უმეტეს, თუ ხარ სატრანზიტო ქვეყანა, აქაც შენი რესურსი უნდა გქონდეს. საქართველოში ცხოვრობთ და ბუნებრივი მოვლენაა, თუ ფქვილი შემოგელია, მეზობელს მიუკაკუნო, ხომ არ გაქვს ორი მუჭაო. მაგრამ, თუ არასდროს გექნა საკუთარი რესურსი, ერთ დღესაც უარს გეტყვის მეზობელი. რაღაც ანალოგიურს მოიტანს ეს მდგომარეობაც. ჩვენ შეიძლება, ჩვენი რესურსი არ გვქონდეს იმ სფეროებში, რაც ათასში ერთხელ თუ დაგვჭირდება, მაგრამ ისეთ რამეში, რაც შეიძლება, დაგჭირდეს ლამის ყოველდღიურად, შენი რესურსი უნდა გაგაჩნდეს აუცილებლად.
– უპირველესად, სახელმწიფოსთვისაა, აუცილებელი ადამიანური რესურსი, განსაკუთრებით, ტექნოლოგიების ეპოქაში, როდესაც ფული იქმნება და იშოვება ვირტუალურად. თუ ადამიანური რესურსი არ იქნა, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მართვის პრობლემა შეგვექმნება. ანუ მმართველობითი რგოლის მოყვანა დაგვჭირდება.
– ასეთებიც მომხდარა. მაგალითად, რუსებმა ხომ მოუხმეს რიურიკებს?! ჩვენც რაღაც ანალოგიურს გავაკეთებთ.
– რიურიკები შემდეგ გარუსდნენ, მონარქიას თავისებურება ახასიათებს. მონარქი იმ ეროვნების ხდება, რა ეროვნების ხალხსაც მართავს.
– ჯერ ერთი, რუსეთში უცხოელები დიდი სიამოვნებით მიდიოდნენ, იმიტომ რომ, დიდი ქვეყანაა; მეორეც, ფეოდალიზმს აზროვნების სხვა წესები ახასიათებდა. ჩვენ მოგვივა ის, რომ ჩვენს მიწებს სხვები დაეპატრონებიან. და ამას არ ვამბობ მხოლოდ მიწის გაგებით. ჩვენს სახელმწიფოს დაეპატრონებიან სხვები, იმიტომ რომ, თუკი სახელმწიფოს ვერ უვლის ერი, ის ერი ვერ შეძლებს ამ სახელმწიფოს შენაჩრუნებას. შემოვლენ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, რომლებსაც თავიანთ სახელმწიფოებში უჭირთ საკუთარი ადგილის პოვნა და ნელ-ნელა დაიწყებენ შენი ტერიტორიის ათვისებას. ეს დიდი ტრაგედია არ არის, ბევრგან მომხდარა, მაგრამ ჩვენ ეს ნამდვილად გვემუქრება, თუ არ ვმობილიზდით იმაზე, რომ ქვეყანა უნდა იმართებოდეს საქართველოს მოქალაქეების მიერ. ანუ ქვეყნის მართვისთვის საქართველოს მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ სათანადო კომპეტენცია. და კომტენციაში არ ვგულისხმობ მხოლოდ მინისტრების მომზადებას. ქვეყნის მართვაა ხიდის აგებაც; ქვეყნის მართვაა გზების დაგეგმვა ისე, რომ საცობები არ იყოს. ქვეყნის მართვაა საავადმყოფოს მოწყობა; ქვეყნის მართვაა უმაღლესი სასწავლებლის მოწყობა. ამას ყველაფერს სჭირდება კომპეტენცია. დღეს საქართველოს პრობლემა არაკომპეტენტურობა კი არ არის, თუმცა არაკომპეტენტურები ვართ უმეტესწილად, არამედ ის, რომ არ განვიცდით საკუთარ არაკომპეტენტურობას, როგორც პრობლემას, თორემ არაკომპეტენტურობის ამოქაჩვა უმოკლეს დროშია შესაძლებელი. პრობლემა ისაა, რომ საკუთარი თავით კმაყოფილები ვართ და ეს ყოველთვის ასე იყო. ილიამ ჯერ „ბედნიერი ერი“ დაგვიწერა, შემდეგ –  „კაცია –  ადამიანი?!“, მაგრამ ვინმემ გაიშინაგნა?! ჩვენ ხომ ილია მხოლოდ სადღეგრძელოსთვის გვინდა?! თორემ მისი ხომ არცერთი პრინციპის გამტარებლები არ ვართ?! ილია წერდა, აღარ არის ხმლის ქნევის დროს, ახლა სწავლისა და ოფლის ღვრის დროაო, და, სამწუხაროდ, იგივე პრობლემა გვიდგას დღესაც.

скачать dle 11.3