კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№41 ვინ შეუკვეთა სერიალი სახელწოდებით „ციანიდის საქმე“ და რა ანტიქართული გეგმის განხორციელებას უშლის ხელს საქართველოს ძლიერი მართლმადიდებელი ეკლესია

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

ეგრეთ წოდებული „ციანიდის საქმისადმი“ მედიის ინტერესი არ ნელდება და თუმცა სასამართლო პროცესი თითქოს დახურულია, ინფორმაცია მაინც გამოდის და უფრო გააფთრდა კიდეც დაპირისპირება საქართველოს ეკლესიისადმი, იმდენადაც კი, რომ ერთ-ერთი პარტია, თვით ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო კამპანიისასაც კი, მთავარ მიზნად ეკლესიის სახელმწიფოსგან ჩამოშორებას ასახელებს (რადგან, მათი მტკიცებით, თურმე, სწორედ ეს აფერხებს საქართველოს დემოკრატიულ წინსვლას). ამის პარალელურად, კვლავ აქტუალურია სასულიერო პირების დისკრედიტაცია და საპატრიარქოში არსებული სიტუაციის აპოკალიპტურ კონტექსტში წარმოჩენა. მამუკა გიორგაძესთან ერთად, შევეცდებით, იმის გარკვევას, თუ რატომ მოექცა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია როგორც შიდა, ისე გარე თვალის მახვილი მზერის ქვეშ და რა მიზანს შეიძლება, ემსახურებოდეს ქართული ეკლესიის დასუსტება და მისი მხარეებად დაშლის მცდელობა.
– რატომ ექცევა „ციანიდის საქმეს“ ასეთი დიდი ყურადღება და რატომ იქცა ის ეკლესიაზე პერმანენტული თავდასხმის მორიგ საბაბად?
– შეკითხვაში ჩამოყალიბებულია ის ძირითადი პარამეტრები, რაზეც მთელი საზოგადოება უნდა ფიქრობდეს და აანალიზებდეს. თუ მართებულად განვავითარებთ ლოგიკას, ბუნებრივად გამოჩნდება, თუ რატომ ხდება ყოველივე ეს. მოდი, ჯერ ფაქტებზე ვილაპარაკოთ: პირველი, საზოგადოების მაღალი ყურადღების ქვეშ მყოფი საქმე დაიხურა, მაშინ, როდესაც დაცვაც, პროკურატურაც და კონკრეტული პიროვნებები მაინც ავრცელებენ ინფორმაციას საქმის შესახებ. ისმის კითხვა: მაშ, ვისთვის დაიხურა სასამართლო პროცესი?! ცხადია, ჩვენთვის, საზოგადოებისთვის, რომ არ შეგვექმნას ჩვენი წარმოდგენა იქ მიმდინარე პროცესებზე და გემოვნების მიხედვით გადავნაწილდეთ: ან დამცველების, ან ბრალმდებლების, ან პოლიტიკური ჯგუფების ინტერესების მიხედვით. იმიტომ რომ, თითოეული მხარე ავრცელებს მხოლოდ იმ ინფორმაციას, რაც მათ სჭირდებათ. მეორე მომენტი: ხელისუფლებამ ხელოვნურად აწია ტემპერატურა, როდესაც განაცხადა, რომ კლავდნენ კათოლიკოს-პატრიარქს, რამაც დიდი ვნებათაღელვა და ინტერესი გამოიწვია საქმისადმი, მიუხედავად იმისა, რომ საქმე ოფიციალურად აღიძრა სხვა ადამიანის მკვლელობის ბრალდებით. რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია ნებისმიერი ადამიანის მკვლელობის მცდელობა, მაგრამ ხელისუფლებამ შეგნებულად აწია ტემპერატურა, რითაც, ერთი მხრივ, შოკში ჩააგდო  საზოგადოება, მეორე მხრივ, კი მოამზადა ნიადაგი იმისთვის, ყოველდღე სერიალივით გვეყურებინა ამ საქმისთვის.
– რა ხეირი ხელისუფლებას აქედან, რა მოტივით უნდა მოსდომებოდა ამის გაკეთება?
– ამ კამპანიას ორი ძირითადი მიზანი აქვს: საქართველოს ეკლესია, როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუტი, ქართველი ერის სახელმწიფოებრივი ინტერესების გამომხატველი და დამცველი, როგორც ჩანს, ხელისუფლებას ხელს უშლის იმ საქმიანობაში, რასაც ის ახორციელებს.
– დავაკონკრეტოთ, კერძოდ, რის განხორციელებაში შეიძლება, უშლიდეს ხელს ხელისუფლებას ეკლესია?
– მაგალითად, როგორიცაა რეგიონალიზმის, მიწის მიყიდვა არა მარტო უცხოელებისთვის, არამედ ყველა საფინანსო ორგანიზაციისთვის და მრავალი სხვა საკითხის შემოპარების მცდელობა. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკლ პენსი, რომელიც არც პრეზიდენტს შეხვდა და არც პარლამენტის თავმჯდომარეს, მივიდა საპატრიარქოში მის უწმიდესობასთან. მისი უწმიდესობისა და ეკლესიის მაღალი რეიტინგი და სახელმწიფოებრივი პოზიცია, როგორც ჩანს, ხელისუფლებას ხელს უშლის. მეორე მხრივ, ეს იმდენად ფაქიზი და საზოგადოებისთვის საინტერესო საკითხებია, რომ ამ სერიალის გამოსვლით ისინი იფარება. მაშინ, როდესაც მთელი საზოგადოება იმაზე უნდა ფიქრობდეს, თუ რა მოხდა კუმურდოში, რა პასუხი უნდა გავცეთ და ერთიანი პოზიცია ჩამოვაყალიბოთ, კუმურდოს მოვლენები ტელევიზიებისთვის ერთი დღის 2-5-წუთიანი სიუჟეტების თემა იყო და კვლავ იმაზე ვლაპარაკობთ, თუ ვიღაცები როგორ ჰყიდიან რაღაც მასალებს, რომლებიც ჩაიწერა საპატრიარქოში.
– არადა ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალია კუმურდოს ამბავი არსებული გეოპოლიტიკური მოვლენების ფონზე. ამის უკან აშკარად იკითხება რუსეთის წაქეზება და, ფაქტია, რაღაცაზე მიგვანიშნა ჩვენ ოკუპანტმა თავისი სატელიტის, ანუ ჩვენი მეზობელი სომხეთის მეშვეობით.
– მიგვანიშნა, რომ, როცა დასჭირდება, მაშინ შეუძლია, ნებისმიერი საბაბის მოძებნა იმისთვის, რომ კიდევ უფრო დაძაბოს ვითარება. არადა, კუმურდოში რელიგიურ და ეთნიკურ ნიადაგზე მოხდა დაპირისპირება სახელმწიფო სტრუქტურების წინააღმდეგ. სახელმწიფო ინსტიტუტზე ხელის აღმართვა, რატომღაც, ჰგონიათ, თუ ვინმე შეეხება  შინაგან საქმეთა მინისტრს ან ნებისმიერ სხვა თანამდებობის პირს, მაშინ, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტზე ხელის აწევაა იქ მყოფი დაცვისა თუ პოლიციის თანამშრომლების ცემა და ჩვენ ვიხილეთ პოლიციის დალეწილი მანქანებიც. მაგრამ ამაზე მსჯელობის ნაცვლად, მეორე დღეს ვიგებთ, რომ საპატრიარქოში ჩანაწერები არსებობს, მაგრამ არავის აღელვებს, როგორ განხორციელდა ეს ჩანაწერები. მაინცდამაინც ვიღაცის პორნოჩანაწერები უნდა იყოს, რომ მოსმენების უკანონობაზე ვილაპარაკოთ?! ანუ ეკლესიაზე, პატრიარქზე, ეპისკოპოსებზე, სასულიერო პირებზე, რაც გინდა, თქვი?! ასეთი მიდგომა ამხელს ამ პროცესში ჩართულ ყველა პიროვნებას.
მეორე მხრივ, ძალიან უცნაურია თვითონ დეკანოზ მამალაძის დაცვის მხარის მოქმედებები: მათ, ფაქტობრივად, დაცვის გარეშე დატოვეს ბრალდებული და გადაერთვნენ გაურკვეველ პიარკამპანიაში, რაც აშკარად შეკვეთილს ჰგავს.
– მაგალითად?
– ამიხსნას ვინმემ, რატომ აღიარებინეს დეკანოზ მამალაძეს იარაღის ქონა, მაშინ, როდესაც იმ იარაღზე მისი თითის ანაბეჭდები არ იყო და არანაირი ნივთმტკიცება არ არსებობს, რომ იარაღი მას ეკუთვნოდა. მას თავისუფლად შეეძლო, ეთქვა, რომ იარაღი  მას არ ეკუთვნოდა და არ იცოდა, საიდან გაჩნდა. ვფიქრობ, იარაღი სარეზერვო ვარიანტი იყო. არანაკლებ საინტერესოა, რატომ არ გაასაჩივრა დეკანოზ მამალაძის დაცვამ დაკავების ფაქტი სტრასბურგის სასამართლოში. გასაგებია, რომ გაასაჩივრებენ, როდესაც პროცესი დასრულდება, მაგრამ დაკავების ფაქტის გაპროტესტება ახლაც შეიძლებოდა. ძალიან არადამაჯერებელია, რომ დაცვის მხარემ არ მოითხოვა ჩუბინიძის დაკითხვა, რომელმაც, თურმე, ჩხრეკის ჩატარებამდე იცოდა, რომ დეკანოზ მამალაძეს ციანიდი ჰქონდა.
– თქვენ რა ეჭვი გაქვთ, რატომ იქცევა დეკანოზის დაცვა ამგვარად?
– ბრალდებას და დაცვას სულ არ აინტერესებს ბრალდებული მამალაძე, უბრალოდ, ბრალდებული მამალაძის ქმედების ფონზე ორივე მხარე ურტყამს ეკლესიას. საზოგადოებრივ მხარდაჭერას კი უზრუნველყოფს მეუფე პეტრე, რომელიც გამოდის მედიით და ამყარებს პროკურატურის ბრალდებას იმ განცხადებით, რომ თითქოს საპატრიარქოში ყველაფერს წყვეტს შორენა. ახლა განვიხილოთ, თუ  როგორ აფასებს ჩვეულებრივი ადამიანი ასეთ ფრაზებს? თუ შორენა წყვეტს ყველაფერს, აბა, მე რატომ მიყვარს პატრიარქი?! აბა, მე რატომ უნდა ვცე პატივი დედაეკლესიას?! რატომ უნდა გავეცნო ინტერესით ეპისტოლეებს, თუ მათ სხვა ადამიანები წერენ?! დეკანოზ მამალაძის დაცვის მხარე, ფაქტობრივად, ორიენტირებულია სკანდალებზე და არა –  საქმეზე. კიდევ ერთი საკითხი: რატომ დაწერეს გაუთქმელობის ხელწერილი, თუ ყველაფერს იტყოდნენ, რაც სასამართლო პროცესზე ხდება?! სასამართლო სხდომა არის დახურული და რადგან არაერთხელ ვყოფილვარ პატიმრობაში და ვიცი, რას ნიშნავს დახურული პროცესის დროს ბრალდებულისა თუ ეჭვმიტანილის გამოსვლა მედიის წინაშე. სხდომა დახურულია, მაგრამ ბოლო სხდომა ხომ იყო ღია?! რატომ არ გამოვიდა დეკანოზი მამალაძე და არ თქვა თავისი სათქმელი საჯაროდ?! ვისაც ამის გამოცდილება არ აქვს, ის შეიძლება, ვერ მიხვდეს, თუ რა შესაძლებლობაა, თუნდაც, ხუთი წუთით სასამართლო დარბაზში გამოსვლა, სადაც იმყოფება მედია, მაგრამ რატომ არ უთხრა მას ეს დაცვამ?! ამდენად, მექმნება შთაბეჭდილება, რომ სულ არ აინტერესებს დაცვას მამალაძის ბედი. ის ორიენტირებულია სკანდალზე. დეკანოზ მამალაძის მიმართ თითოეულს შეიძლება, გვქონდეს ჩვენი დამოკიდებულება, თუმცა ეს არის იმის საფუძველი, რომ ის მკვლელობაში იყოს ბრალდებული?! ჩვენ ვერც სასამართლოს მხრიდან მოვისმინეთ დამაჯერებელი არგუმენტები. სამაგიეროდ, მიმდინარეობს სინოდის, საპატრიარქოს ერთიანი ინსტიტუტის, გეგმაზომიერი დისკრედიტაცია. მეუფეთა დისკრედიტაციის მცდელობებია და ეს წარმოჩინდება, როგორც „ბრძოლა პატრიარქის ტახტისთვის“. როდესაც ამ სახელწოდებითა და ქვეტექსტით განიხილავენ ეპისკოპოსების ქმედებას, მათ იციან, რომ ეს ავტომატურად იწვევს საზოგადოების თვალში მეუფეების ავტორიტეტის დაცემას. მით უმეტეს, როდესაც ეპისკოპოსებს შორის არის უთანხმოება და რომ არ იყოს, ეს იქნებოდა გასაკვირი. რა თქმა უნდა, პრობლემები არის ეკლესიაში და რომ არ იყოს, ეს უფრო გამიკვირდებოდა, მაგრამ იქ ამ კონტექსტით არ არის დაპირისპირება. ჯერ ერთი, პატრიარქი ფორმაშია და თითეულმა მეუფემ იცის, რა მძიმე ტვირთია პატრიარქობა. თუმცა უნდათ, დაგვაჯერონ, რომ ეკლესიაშიც ვიღაცებს უნდათ თანამდებობები, ისევე, როგორც საერო ცხოვრებაში. ჩვენც ვცოდავთ და მათ შორის, სასულიერო პირებიც, მაგრამ იქ ისე მარტივად არ დგას საკითხი, როგორც საერო ცხოვრებაში, როდესაც ყველას მინისტრობა და დეპუტატობა უნდა. აი, ამის გადატანა უნდათ ეკლესიაზე, რადგან იციან, რომ ეპისკოპოსების ბრძოლა პატრიარქობისთვის ეკლესიის პირდაპირი დისკრედიტაციაა და კიდევ ერთი: ისე გამოჰყავთ, თითქოს „ოცნებისა“ და „ნაციონალების“ ხალხი ებრძვის ერთმანეთს, რაც, ასევე, სპექტაკლია. ერთი სიტყვით, ეს არის ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ორგანიზებული გამოსვლა, რაც, საბოლოოდ, ქვეყანას მოუტანს ძალიან ცუდ შედეგს.
– მე უაპელაციოდ მჯერა რუსთაველის, „რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქნების“, მაგრამ განვიხილოთ თეორიულად, ვთქვათ, დასუსტდა და განხეთქილება მოხდა ქართულ ეკლესიაში. რა შედეგი მოჰყვება ამას? ჩვენ ვხედავთ, რომ დაშლილია ბერძნული ეკლესია, პრობლემებია უკრაინულ ეკლესიაში, რუსეთის ეკლესია საერთოდ განსხვავებული ფენომენია…
– დიახ, ჩვენ ვხედავთ, რა პროცესებია მართლმადიდებლურ სივრცეში: ასევე, მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნეს ეკლესიას სერბეთშიც; რუსეთის ეკლესია, ფაქტობრივად, სახელმწიფო ინსტიტუტია. საქართველოში კი სწორედ საქართველოს ეკლესიის ავტორიტეტი და გავლენა უშლის ხელს ანტიქართული გეგმის განხორციელებას. და თუ აქ მოხდება ის, რის იმედიც მათ აქვთ, პრობლემები შეექმნება ან გაიხლიჩება ქართული ეკლესია, ეს ნიშნავს, რომ ქართველები დავკარგავთ ერთობის მთავარ წერტილს. ჩვენ უკვე აღარ გვექნება ერთიანი სიწმიდე, რომელიც მოგვცემს საშუალებას, ერთმანეთს რაღაც ტერიტორიაზე მაინც თავჩაქინდრულებმა შევხედოთ. ასეთი ადგილი ჯერ კიდევ არის ეკლესია. ასეთი ინსტიტუტი საქართველოში იყო ოჯახი. მტერიც რომ შეგხვედროდა იქ, ხმას არ ამოიღებდი. ასევე, ქუჩაში, თუ გოგონა ან ქალბატონი გახლდა, ხმას არ ამოიღებდი. დღეს მხოლოდ ეკლესიაღა დარჩა ისეთ ადგილად, სადაც ჩვენ დიალოგისა და შეკრების შესაძლებლობა გვაქვს. აი, ეს მოიშლება. მეორე მხრივ, საკამათო გახდება თვით ქართველი ერის ერთ-ერთი უმთავრესი ფუნდამენტი, მისი ისეთი იდენტობის საფუძველი, როგორიცაა ჩვენი კულტურული სივრცე, რადგან ერთიანი კულტურული სივრცის შექმნაში სწორედ ეკლესიამ შეიტანა უდიდესი წვლილი. მე არ ვლაპარაკობ რელიგიურ ღირებულებებზე, სუფთა კულტურულ ღირებულებათა სისტემა დადგება ეჭვქვეშ. აი, ამ ფონზე უნდა შევაფასოთ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის ნაბიჯი –  მისი ვიზიტი არ იყო მხოლოდ და მხოლოდ პატივისცემის გამოხატულება საქართველოს მრავალათასწლოვანი ისტორიისა და ეკლესიისადმი. ეს იყო აშკარა მინიშნება და მხარდაჭერა იმ იდეისა, რომ ჩვენ ევროპული ცივილიზაციის გზაზე გაგვიყვანა საქართველოს ეკლესიამ; რომ იმ ღირებულებების დამკვიდრება, რასაც ჩვენ დღეს დასავლურ ღირებულებებს ვუწოდებთ, სწორედ საქართველოს ეკლესიის დამსახურებაა. სწორედ აქ ხდება დაპირისპირება და, როცა ამ საქმეში ფსევდოლიბერალური ჯგუფები ებრძვიან ეკლესიას, აშკარად იკვეთება, რომ ისინი ჩვეულებრივი აგენტურაა. ქართველი ერის მართებულ განვითარებას უშლიან ხელს და ცდილობენ, დარტყმის ქვეშ მოაყოლონ ის ინსტიტუტი, რომელსაც 15 საუკუნეა, ევროპული ღირებულებებისკენ მიჰყავს ერი. სწორედ ეკლესიის დამსახურებაა, რომ ჩვენ წავედით დასავლური მიმართულებით. წმიდა ქეთევანის წმიდა ნაწილები ჩამოაბრძანეს ტერიტორიებოკუპირებულ ქვეყანაში და თითქოს არაფერი. არადა ასეთ მძიმე ფონზე სწორედ ქეთევან დედოფლის სახე გვაძლევს იმედს და გვიდასტურებს, როგორ შეუძლია ერთ ადამიანს, იმპერიას უკან დაახევინოს.
– უარესი, ამ ძვლებს რას დაათრევენ აღმა-დაღმაო. არადა, ამას ამბობენ იგივე ადამიანები, რომლებიც აპროტესტებდნენ, მუსლიმანურ სასწავლებელზე ღორის თავის მიჭედებას. აქვე ვიტყვი, რომ ეს არც მე მომეწონა.
– ნებისმიერ შემთხვევაში, ის, ვინც თავის თავს პროდასავლურს უწოდებს და ამ დროს სხვის სიწმიდეს მოიხსენიებს „ძვლად“, არის ჩვეულებრივი აგენტურა, რომელიც თავს აფარებს პროდასავლურ ღირებულებებს. თორემ როგორ შეიძლება, თავისი თავის პატივისმცემელმა ადამიანმა, სხვის სიწმიდეს შეურაცხყოფა მიაყენოს?! მეუბნები, გეის უხეშად არ მიმართოო და ჩემ სიწმიდეს რატომ ეხები მაშინ?! სამწუხაროდ, ქართველი საზოგადოება ქცევას კი არ აქცევს ყურადღებას, არამედ ლაპარაკს და თუ ხშირად ლაპარაკობ, ამით აზომბირებ საზოგადოებას. დღეს საქართველოს ეკლესიაა ის ინსტიტუტი, რომელიც დგას სახელმწიფო ინტერესების სადარაჯოზე. როგორც ჩანს, გარკვეულ ჯგუფებს აქვთ სურვილი, გადადგან ნაბიჯები საქართველოს წინააღმდეგ და წინასწარ იცილებენ ეკლესიას, რომ მან საქართველოს წინააღმდეგ ქმედებაში ხელი არ შეუშალოს საქართველოს მტრებს.

скачать dle 11.3