№40 როგორ სთავაზობენ გია სურამელაშვილს გულსა და საწოლს ცნობილი ადამიანები და რას ითმენს მისი შეყვარებული, გიას დაკარგვის შიშით
გია სურამელაშვილი ყოველთვის მოთხოვნადი მომღერალია. მთელი ზაფხული უცხოეთში გასტროლებზე გაატარა და ახალ წლამდე სულ დანიშნული აქვს კონცერტები. ამასობაში, გია შეყვარებულსაც შეურიგდა, რომელსაც დიდი ბრძოლა დასჭირდა გიას დასაბრუნებლად. როგორ გაატარა გიამ ზაფხული და როგორ შეურიგდა შეყვარებულს, ინტერვიუდან შეიტყობთ.
გია სურამელაშვილი: დიდებული გასტროლები გვქონდა – გერმანია, იტალია, ისრაელი... ახალი ჩამოსული ვარ და უკვე მეწყება დიდი ტურნე. დღეს მივფრინავ სტამბულში. რომ ჩამოვედი, აქაც გასტროლები მქონდა. ძალიან მიყვარს ბათუმის ანდამატი, სულ იქ ვისვენებ. თან, მქონდა კონცერტები ბათუმში, ყვარელში. ახლა მივფრინავ იტალიაში, ისრაელში, ბელგიაში. ბელგიიდან რომ ჩამოვალ, იმედია, ერთი თვე მაინც ვიქნები თქვენი, თუ არადა, ნახვამდის! გერმანიაში სასწაული დაგვემართა, მოვყევით საცობში და ჩემი თვალით დავინახე, როგორ აფრინდა თვითმფრინავი. მეორე დღეს „ქუჩის ბიჭებს” ჰქონდათ კონცერტი ბათუმში. მე დილით რომ უნდა ჩამოვფრენილიყავი, საღამოს მივფრინავდი ისრაელში. აღმოვჩნდი მოსკოვში ექვსი საათი. ბიჭებიც რომელიღაც ქვეყანაში გადაფრინდნენ. მე რაღაც აბები მივიღე და ვიყავი დადებილებული. მაგრამ, რუსები უფრო დადებილებულები მიყურებდნენ აეროპორტში, ეს ლამაზი და დაზმანული ბიჭი რომ ვიჯექი. ბევრიც მცნობდა.
– ყველაზე მეტად რომელ ქვეყანაში გიყვარს ვიზიტი?
– ყველაზე მეტად – ისრაელში. ასე მგონია, რომ უკვე იქ ვცხოვრობ, რაღაც სხვა სიყვარულია. წანწალი და ტანტალი არ მიყვარს, მაგრამ მაგარი მანქანა რომ მოგაკითხავს, მაგარ ადგილებში რომ წაგიყვანენ... ყველგან სასწაულად მხვდებიან. ღამე უყვარს ყველას ცხოვრება. ღამით მეპატიჟებოდნენ, მაგრამ მე ღამე გასვლის ნერვები არ მაქვს. თუ მივდიოდი, ძალიან მიყვარს ზღვის პროდუქტები და ყველგან ამას ვითხოვდი. მე ხომ ფასებში საერთოდ ვერ ვერკვევი, რადგან არასდროს ვიხდი. ყოველთვის სხვები იხდიან და თურმე, ეს ერთი პორცია ღირს ორასი დოლარი. ზალიკო ბერგერმა იცის, ორასდოლარიან შამპანურებს ვსვამთო, მართლა ასეა. ოთხმოცდოლარიან ნაყინს გაჭმევენ, ძალიან „შიკარნი“ ნომერში ვცხოვრობ ხოლმე.
– როგორც ვარსკვლავებს სჩვევიათ, განსაკუთრებული მოთხოვნილებები თუ გაქვს?
– სასტუმროში კომფორტი აუცილებლად უნდა იყოს. მიყვარს, ყვავილები რომ მხვდება ნომერში, საუკეთესო მანქანა... სამასდოლარიან სასტუმროში ყველაფერი საუკეთესო მხვდება... საუკეთესო ყავა, ტკბილეულობა... არ მიყვარს, დილით რომ მსახური შემოდის და დასუფთავებას იწყებს. მე რომ წავალ, მერე დაასუფთაოს. ყველანაირი კომფორტი მაქვს, ხასიათის კაცი ვარ. ისრაელში სასტუმროს წინ მქონდა ზღვა და არ ჩავსულვარ. ჩამოვედი თბილისში, მომინდა ზღვა და წავედი ბათუმში. მქონდეს შამპანური, ზღვა, აუზი. აუზზე რომ გავალ და გიჟდებიან ჩემზე – ეს რა სხეულიაო. ისრაელში ძალიან ბევრი საჩუქარი მივიღე.
– საკონცერტო ტანსაცმელსაც ხასიათის მიხედვით არჩევ?
– მყავს დიზაინერი – ნანა სტეფილაინი, რომელიც ყველა კონცერტისთვის ახალ კოსტიუმს მიკერავს. კარგად შეისწავლა ჩემი შინაგანი სამყარო და აქედან გამომდინარე, შეიმუშავა ჩემი სტილი. ყველა ქვეყანაში, სადაც კი ჩავდივარ, ჩემგან იღებენ სტილს, ყველას მოსწონს. ხალხს აინტერესებს: აბა, ახლა რა აცვიაო – მთელი კონცერტის განმავლობაში პირველი ორი სიმღერა სულ მათვალიერებენ და მერე იწყებენ ცეკვას. მე საერთოდ უკარება ვარ, მაგრამ ახლა, ბოლო პერიოდი, ახლოს მოვუშვი მსმენელი და მაყურებელი. ეს კი უკვე სხვანაირად დააფასეს. ასე გავხდი ისრაელის სახალხო არტისტი. ნაჭრებიც კი უჩუქებიათ, თეთრეული, ძვირფასი ბიჟუტერია. სუნამოები. არის მომენტი, რომ ფულს არ გაკადრებენ. არ მიყვარს შოპინგი უცხოეთში. მიუნჰენში დრო გვქონდა და ჩემმა მეგობრებმა გაგვასეირნეს. ნევროზი კი მქონდა, მაგრამ კარგად ვიხალისე. იქაც მიცნეს, ეს „გაპატიე“ არ არისო? კარგი რაღაცები ვიყიდე, მიუხედავად იმისა, არაფერს ვყიდულობ. რომ შევდივარ, ქართველები მეკითხებიან, რა გიყიდოთ, რით გცეთ პატივიო. ავდექი და მარინას ვუთხარი, ეს შარვალი მიყიდოს-მეთქი და მარინამაც უთხრა: ქალბატონო, არ უნდა ტკბილეული, არ ჭამს და ეს შარვალი უყიდეო.
– პირად ცხოვრებაში რა ხდება, შეყვარებულს ხომ არ შერიგებიხარ?
– შეყვარებული ვიყავი. ახლა აღარ ვარ. ეიფორია თავიდან ხდება. ურთიერთობა რომ დაღვინდება, მერე აღარაა საინტერესო. მთავარია, არ გაცივდეს. თუ
გაცივდა, ეს სხვაა – არ გაციებულა, დროებითი განშორება გვქონდა. ახლა ისევ ერთად ვართ. გაბუტული არ ვიყავი. თუ გავებუტე, იქ ყველაფერი დამთავრდება. მაგრამ, ისეთი დატვირთული ვარ, პირადს უპირატესობას არ ვანიჭებ. მე იმდენ სიყვარულს ვიღებ ადამიანებისგან, გეფიცები, ნამდვილად მეორეხარისხოვნად გადავიტანე პირადი ცხოვრება. უბრალოდ, მიხვდა, რომ ბევრს დაკარგავს და ეს არ უღირს. მე კიდევ მივხვდი, რომ არავინ არ არის ჩემი ღირსი იმ დონეზე, რომ ვიღაცაზე ნერვიულობით ჩემი გასტროლები და საქმეები გავაფუჭო.
– ბევრი იბრძოლა შენს დასაბრუნებლად?
– ბევრი მეხვეწა. რაღაცის გამო მოხდა ეს გაუგებრობა და მიხვდა, რომ სამუდამოდ დამკარგავდა, თუ იმ რაღაცას არ გამოასწორებდა. გამოასწორა, ჩემზე ეჭვიანობს, ამდენ ხალხს რომ ვუყვარვარ. მაგრამ, იმ დონეზე ეშინია ჩემი დაკარგვის, რომ ყლაპავს. ცოტა მოჭკვიანდა, ზოგი ჭირი მარგებელიაო. მე ისევ ისეთი მძიმე დავრჩი და ახლა მიკვირს, რომ მიტანს, მაგრამ მიტანს, იცი, როგორ? საღი გონებით და ყურით უყურებს ამ ყველაფერს. იცის, რომ ჩემთან არაფერი გამოუვა და ამბობს, რადგან მიღირს, ესე იგი, ასეა საჭიროო. უზომოდ ვუყვარვარ, მაგრამ მე იმდენ ყურადღებას ვეღარ ვუთმობ ამ ყველაფერს, გადართული ვარ ჩემს საქმიანობაზე. ჯერ ერთი, მე თუ შეცდომა დავუშვი, ყოველთვის ვაღიარებ. ეს ადამიანურია – უნდა თქვა, თუ გიღირს და ამას მეორე დღესვე ვგრძნობ. თუ ვიცი, რომ დამნაშავე ვარ, ბოდიშს მოგიხდი კი არა, ყველაფერს გავაკეთებ.
– ვინმეს რჩევებს თუ ითვალისწინებ, როცა საქმე პირად ცხოვრებას ეხება?
– ამ საკითხში ხშირად ვითვალისწინებ მარინას, ჩემი მენეჯერის რჩევებს. სულ ვეწინააღმდეგები, მაგრამ ვითვალისწინებ. მარინა ხშირად მასწავლის მიტევებას და საღი თვალით აფასებს სიტუაციას. მე მარტო ისტერიკა და წივილ-კივილი ვიცი. ასე, არ შეიძლება, მარინა მაბალანსებს. თუ „მოვტვინე“, რომ ეს ბალანსი ღირს, რატომაც არა. ისე იტვირთავს თავს, ჩემს ამბავში ჩარევა – მტერს. გია ვარ და ძალიან ბევრი ადამიანი მეპოტინება. ეს უფრო მეტი ტვინის არევაა და ბევრ რამეში მიშლის ხელს. მარინამ მირჩია, რომ თუ შესაძლებელი იქნებოდა, ეს ადამიანი ისევ დამეშვა ცხოვრებაში. სცადე, ცოდოა, ამ დონეზე უყვარხარო და გავითვალისწინე.
– ალბათ, შენი გულის მოგებას ბევრი ცდილობს. ხშირად ყოფილხარ შეყვარებული?
– შეყვარებული ბევრჯერ არ ვყოფილვარ, ეიფორიაში კი ხშირად. თვითონ სიტუაცია გიბნევს თავს. ეს თავისდაუნებურად ხდება. კლუბებში ხშირად არ დავდივარ, არ მიყვარს ღამის ცხოვრება. მაგრამ, ნასვამი შევივლი ხოლმე და იგლიჯავენ ყველაფერს ჩემ გამო. ვუყურებ, რომ ძალიან მაგარი ადიამიანია, მაგრამ არანაირიად, შინაგანად არ ვუშვებ ახლოს. ყველაფერს ცდილობს, რომ ჩემი ყურადღება მიიპყროს, უნაკლოა, იმდენად მაგარია, მაგრამ მე რეაქცია არ მაქვს... მე შინაგანად ყოველთვის ძალიან ეჭვიანი ვარ. სულ მეშინია, მე რომ ძალიან პოპულარული ვარ, მე რომ გია ვარ, ამის გამო ხომ არ ხდება ასე – ეს არის პირველი, რასაც ვფიქრობ. მიუხედავად იმისა, ყველა აღიარებს, რომ მე ვარ ულამაზესი, სიმპათიური, ეფექტური და არ მაქვს უკან დასახევი გზა, იმიტომ რომ, ნებისმიერი შემიძლია, მოვხიბლო. ასაკს არ აქვს მნიშვნელობა, ყველა მიჩოქებს. საჩუქრებს მიკეთებენ, იმიტომ რომ, მათთან დავწვე, მაგრამ შემიძლია, საჩუქარი ავიღო, ისე რომ, არ დავუწვე. ძალიან ცნობილი ადამიანები მთავაზობენ გულს და საწოლს ჩუმად. როგორც მათ არ აწყობთ ამ ურთიერთობის გახმაურება, ისე მე არ მაწყობს. როდესაც არ მინდა, სხვანაირად გადამაქვს, ისე ვპასუხობ, რომ არც მწვადი დავწვა და არც შამფური.
– გია, პოპულარობა არასდროს აგვარდნია თავში?
– არასდროს ამვარდნია თავში. მე ისეთ ხალხთან მომიწია პატარა ასაკში ურთიერთობა, და ისინი იყვნენ: მედიკო დუღაშვილი, ნუნუ გაბუნია, ეთერ კაკულია... მათგან მხოლოდ კარგს თუ ისწავლიდი. მერე მაღიარა რუსეთმა. ვერ გეტყვი, რომ ია-ვარდით წავიდა ჩემი ცხოვრების გზა, იყო რთული მომენტებიც. ჯერ კიდევ გათვითცნობიერებული არ გაქვს, რომ შენ ვარსკვლავი ხარ. დავიძინე და გავიღვიძე, როგორც ვარსკვლავმა. ეს მითხრა მზია კვირიკაშვილმა. გლდანში ვცხოვრობდი მშობლებთან ერთად. არანაირი მანქანები არ მემსახურებოდა, სამი-ოთხი კორპუსის იქეთ ცხოვრობდა მზია კვირიკაშვილი. ჩამოვიდოდა ჩემს კორპუსთან და იქვე, აჩერებდა ტაქსის. მერე მე ჩავდიოდი. მე რომ დავდგე და ტაქსის ხელი გავუქნიო, ეს არასდროს ხდება. მზიამ მითხრა პირველად: გია, იცი, შენ რომ ვარსკვლავი ხარო. მერე მომენტალურად გიჩნდება მტერიც, მიუხედავად იმისა, რომ არანაირი ცუდი ფაქტი არ მომხდარა არასდროს. ძალიან ვუყვარდი ჯაბა იოსელიანს, მისი ფავორიტი ვიყავი, მის სულს ვენაცვალე, თუნდაც ზვიად გამსახურდიას, არავინ შემხებია ზედმეტად. პირიქით, ერთი მომღერალი ვიყავი, რომელიც დავდიოდი კონცერტებით და ვაკეთებდი ფულს. ტორტები, ვაზები, რა არ ამოჰქონდათ სცენაზე. მე არ მივარდებოდა თავში, მიხაროდა ეს ყველაფერი. მე რომ მაღაზიაში შევდიოდი, იქიდან გამოჰყავდათ ხალხი. ათი კაცი მყავდა დაცვა, ორი მანქანა დამყვებოდა. მაშინ ამდენი ოქრო არ მეკეთა, მაგრამ იმ პერიოდში ვიყავი სერიოზული პოლიტიკოსის ტოლფასი – თუ იყო პრეზიდენტი, მეორე იყო გია. ხალხი ან მიტინგზე იყო, ან ფილარმონიაში – ჩემს კონცერტზე. თბილისში ზეიმი ხდებოდა, ბაზარში ყვავილები არ იყო. თბილისი ცხოვრობდა ერთი კონცერტით, რომელიც ტარდებოდა თვეში რვაჯერ. კონცერტი გრძელდებოდა ორი-სამი საათი. ვიმეორებდი, აბა, რა მექნა?! ეს არის ბედისგან დაბერტყვა. ბედისწერის მჯერა. იმის მჯერა, რომ უფალს ძალიან ვუყვარვარ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი განსაცდელი მქონდა. ყველაზე დიდი დარტყმა დედის სიკვდილი იყო. დაინგრა ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი. თუ ვიმღერებდი ოდესმე, მაგას წარმოვიდგენდი? მჯერა, რომ მას ეს ყველაფერი უხარია. მიუხედავად იმისა, რომ საფლავზე არ დავდივარ. ადრე უფრო ხშირად დავდიოდი, ძალიან ცუდად ვხდები. არა მარტო დედის გამო, საერთოდ არ მიყვარს მსგავს ადგილებში სიარული. ვცდილობ, პანაშვიდებსა და გასვენებებში არ წავიდე. თან, რამდენჯერაც მივსულვარ, ყველა მე მიყურებს და მკვდარი ავიწყდებათ.