№40 რაზე დახუჭა თვალი ნიშნობის დღეს ლოლიტა ცინცაძის საქმრომ და რისთვის დასჭირდა ლოლიტას დიდი ძალისხმევა მის დასათანხმებლად
ჩვენს მკითხველს ალბათ კარგად ახსოვს კონკურსის, „შენ შეგიძლია ცეკვა“, ერთ-ერთი ნიჭიერი და ლამაზი მონაწილე, ლოლიტა ცინცაძე. ლოლიტას შეყვარებულმა სწორედ სცენაზე, კონკურსის მიმდინარეობისას სთხოვა ხელი და მისგან თანხმობაც მიიღო. ცოტა ხნის წინ ლოლიტა და ერეკლე მაჭავარიანი დაიწინდნენ და გაზაფხულზე უკვე ჯვრისწერასა და ქორწილის გადახდას გეგმავენ.
ლოლიტა ცინცაძე: მას შემდეგ, რაც ერეკლემ სახალხოდ მთხოვა ხელი, ჩვენი ურთიერთობა, რა თქმა უნდა, გაგრძელდა. თუმცა, საერთოდ არ ვგეგმავდი გათხოვებას და არ მეგონა, თუ ასე დაჩქარდებოდა
მოვლენები. ერეკლეს უნდოდა, ქორწილიც წელს გადაგვეხადა, შემოდგომაზე, მაგრამ სულ რაღაც 2 თვის წინ, გადავწყვიტეთ, ქორწილი გადაგვედო და 21 სექტემბერს გვქონოდა ტრადიციული ნიშნობა.
– რატომ გადადეთ ქორწილი?
– ჩემი მიზეზით გადაიდო ქორწილი: სწავლის დამთავრება მინდა და უკეთ უნდა მოვმზადებულიყავი. მას შემდეგ, რაც ნიშნობის თარიღი დავნიშნეთ, დამეწყო სრული ქაოსი. სულ ახალ-ახალი იდეები მიჩნდებოდა, რომ ყველაფერი ლამაზი და საინტერესო გამოსულიყო. ერეკლეც, რა თქმა უნდა, მეხმარებოდა. განსაკუთრებით ბევრს ვფიქრობდი ჩემს ჩაცმულობაზე, ინტერიერის გაფორმებაზე. თავიდანვე ვიცოდი, რომ ამ ყველაფრის განმასხვავებელი დეტალები უნდა ყოფილიყო ოქროსფერში, რადგან ჩვენმა ზღაპრულმა ურთიერთობამ
სერიოზული სახე მიიღო „შენ შეგიძლია ცეკვის“ ერთ-ერთ პირდაპირ ეთერში, როცა ერეკლემ ხელი მთხოვა. მე მაშინ ქალღმერთის ფორმა მეცვა და მთლიანად ოქროსფრით ვიყავი მოსილი. ამიტომაც დავუკავშირე ეს ფერი ჩემს ცხოვრებაში ორ ძალიან მნიშვნელოვან მოვლენას. ქალღმერთის შტრიხები შევიტანე ჩემს ჩაცმულობასა და რესტორნის გაფორმებაში. თეთრი და ოქროსფერი დომინირებდა დარბაზში. კაბაზე ძალიან ბევრს, მთელი ღამე ვფიქრობდი და ბოლოს ჩემი დიზაინით შევქმენი, რომელსაც ჰქონდა შეღებილი, კაშკაშკა ოქოსფერი ბუმბულები და ასევე, ოქროსფერი ფრთები.
– როგორ დაითანხმე ერეკლე ქორწილის გადადებაზე?
– ერეკლეს არ უნდოდა ქორწილის გადადება და ძალიან დიდი ძალისხმევა დამჭირდა, რომ გადაეფიქრებინა. ამ თემაზე იმდენს ვნერვიულობდი, რომ ბოლოს მითხრა: შენს ამდენ ნერვიულობად არ მიღირს, რომ ახლა გადავდგათ ეს ნაბიჯიო. დამეთანხმა, რომ ქორწილი გაზაფხულზე გვქონდეს. ერეკლეს ფოტოების გადაღებაც არ უყვარს, მაგრამ, რადგან ეს დღე ასეთ ოფიციალურობას მოითხოვდა, ამაზეც თვალი დახუჭა და რაც მე მიყვარს და მაბედნიერებს, ყოველთვის ყველაფერს აკეთებს. ამიტომ, წამოვიდა და მთელი დღე ჩემთან ერთად იყო გადაღებაზე.
– გამორჩეული და გრანდიოზული ნიშნობა გქონდათ.
– ძალიან მინდოდა, გრანდიოზული და დასამახსოვრებელი გამოსულიყო, რაშიც დიდი წვლილი
მიუძღვის ჩემს ოჯახს. მათ ჩემი ყველა ოცნება აასრულეს. ორი დღე ვიღებდით ფოტოებს. პირველ დღეს გავედით ბათუმის ულამაზეს ადგილებში და იქ გადავიღეთ ფოტოები. რაც შეეხება რესტორანს, მინდოდა, ისეთი ადგილი ამერჩია, საიდანაც მთელი
ბათუმი ხელისგულზე გამოჩნდებოდა. მართლაც ასე იყო. 21 სექტემბერი ღვთისმშობლობაა და სწორედ ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში, სასულიერო პირმა მოგვცა ლოცვა-კურთხევა, გავცვალეთ ბეჭდები, ანუ ჩავატარეთ დაწინდვის ცერემონიალი.
– ნიშნობის შემდეგ ერეკლე თბილისში დაბრუნდა?
– კი, თბილისში დაბრუნდა, რადგან იქ მუშაობს. რა თქმა უნდა, ეს ძალიან რთულია და ჩვენი ერთად ყოფნა დიდი ხანი არ გრძელდება: მე ბათუმში ვარ, ერეკლე – თბილისში. ხშირად ჩავდივართ ერთმანეთთან, მაგრამ მაინც რთულია. უკეთესია, ყოველდღიურად ვახერხებდეთ ერთად ყოფნას. რომ მიდის, პირველ დღეებში, ძალიან მიჭირს, მაგრამ გულს ვიმშვიდებ, რომ მალე ჩამოვა.
– სიურპრიზიც ხომ არ მოგიწყო?
– ნიშნობაზე მისმა ოჯახის წევრებმა ვარდების ულამაზესი თაიგული მაჩუქეს. როგორც აღმოჩნდა, შიგნით ელაგა ძალიან ბევრი ოქროს სამკაული და ასე გადმომცეს.