№40 რის გამო აღარ სცალია შვილისთვის გიგა კუხიანიძეს და რატომ მიესაჯა მას „პატიმრობა“ „საბავშვო ევროვიზიის“ კონკურსის გამო
სულ მალე, ჩვენს ქვეყანაში პირველად, „საბავშვო ევროვიზიის“ კონკურსი გაიმართება. როგორც ამ კონკურსის ორგანიზატორი, გიგა კუხიანიძე ამბობს, მზადება აქტიურ ფაზაშია შესული და საქართველოში ჩამოსულ სტუმრებსა თუ კონკურსანტებს, დაუვიწყარი დღეები ელით. როგორც მისგან შევიტყვეთ, ჩვენს ქვეყანას წელს, უნიჭიერესი პატარა მომღერალი, გრიგოლ ყიფშიძე წარადგენს. ცნობისთვის, გიგა უკვე წლებია, „საბავშვო ევროვიზიისთვის“ კონკურსანტებს ამზადებს და ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, სამშობლოში პრიზის გარეშე დაბრუნებულიყო.
გიგა კუხიანიძე: მიმაჩნია, რომ ძალიან იღბლიანი ვარ და ცხოვრებაში გამიმართლა. პრონციპში, რაც მინდა, ყველაფერი მაქვს – კარიერაში წინსვლა, ოჯახი, ჯანმრთელობა... არაფერზე მაქვს საწუწუნო და ამისთვის, მადლობა ღმერთს.
– როცა, წლების წინ, ქუთაისიდან დედაქალაქში წამოხვედი საცხოვრებლად, იცოდი, რომ ასე გაგიმართლებდა – წარმატებული და ცნობადი ადამიანი გახდებოდი?
– არასდროს მქონია მოთხოვნილება, პოპულარული ვყოფილიყავი. უბრალოდ, მინდოდა, ჩემი საქმე მეკეთებინა, მემუშავა და მუსიკალურად განვვითარებულიყავი. სიმართლე გითხრათ, საერთოდ არ ვაპირებდი შოუ-ბიზნესში ჩართვას, შემთხვევით მოვხვდი. სულ სხვა სურვილი და ჩანაფიქრი მქონდა. თუმცა, უკვე რვა წელია, შოუ-ბიზნესში აღარ ვარ და ბავშვებთან ვმუშაობ – მშვიდად და წარმატებულად. ეს ის საქმეა, სადაც იღბალმაც გამიღიმა და ჩემს საყვარელ საქმესაც ვაკეთებ.
– გიგა, ჩემი აზრით, ერთადერთი პროდიუსერი ხარ, ვისი პროექტებიც, ყოველთვის წარმატებულია. ამ შემთხვევაში, „საბავშვო ევროვიზიას“ ვგულისხმობ, რომელიც საკმაოდ საპასუხისმგებლო კონკურსია. თუმცა, შენი შერჩეული კონკურსანტი თუ საბავშვო ჯგუფი, პრიზის გარეშე არასდროს დაბრუნებულან იქიდან.
– არ მიმაჩნია, რომ საქართველოში ერთადერთი წარმატებული პროდიუსერი ვარ. თუმცა, „საბავშვო ევროვიზიიდან“ რომ პრიზის გარეშე არ დავბრუნებულვართ, ამით ვამაყობ! „საბავშვო ევროვიზიისთვის“ მზადება ყველაზე საპასუხისმგებლო და იმავდროულად, „გემრიელად“ საკეთებელი საქმეა ჩემთვის, რაშიც, განსაკუთრებულად მიმართლებს. წელს მეთერთმეტე კონკურსზე გამოსვლა გვიწევს. მანამდე, სამი გრან-პრი გვაქვს ქართველებს აღებული, რაც ჯერჯერობით, ვერცერთი ქვეყნის წარმომადგენელმა ვერ შეძლო. მით უმეტეს, ერთი და იგივე კომპოზიტორმა (იცინის). ამიტომაა, ეს პროექტი ჩემთვის გამორჩეულად საამაყო. წელს, როგორც იქნა, პირველად ტარდება საქართველოში, „საბავშვო ევროვიზიის“ კონკურსი. ბევრი წელია, ეს უნდა ჩატარებულიყო. უკვე ორი თვეა, სტუდიაში ვარ გამოკეტილი და იქიდან ვერ გამოვდივარ. მიწევს მთლიანი შოუს მუსიკალური გაფორმება და ეს ყველა დეტალს ეხება – გახსნის მომენტიდან დახურვის წუთამდე. ყველაფერი ჩემზეა მონდობილი და ეს დიდი პატივი, უდიდესი შრომაა. ძალიან დიდ რამეს შევეჭიდე და იმედია, გამიმართლებს (იცინის).
– ესე იგი, ოთხთვიანი მუსიკალური პატიმრობა გაქვს მისჯილი...
– ასე გამოდის. მომესაჯა 4-თვიანი პატიმრობა – აგვისტოდან ნოემბრის ჩათვლით, სადაც სასიამოვნოდ ვიღლები (იცინის). შვილისთვის, სანდროსთვის, დრო აღარ მრჩება და ამაზე ძალიან ვნერვიულობ. ვმეგობრობთ, სულ ერთად ვიყავით და ამ პროექტმა ერთმანეთს დაგვაშორა მამა-შვილი. 26 ნოემბერს, ახალ სპორტის სასახლეშია დაგეგმილი კონკურსი და ამის მერე, იმედია, შვილს დავუბრუნდები (იცინის). საქართველოს წარადგენს საუკეთესო ბავშვი, გრიგოლ ყიფშიძე. იმედები, რასაკვირველია, უნდა დავამყაროთ, რადგან ფანტასტიკური მომღერალია. მისი ეფექტური გამოსვლის შემდეგ, დიდი შანსია, გრან-პრი, ისევ საქართველოში დარჩეს. კონკურსი გამოცხადებულია, რამდენიმე კომპოზიტორი წერს სიმღერას და მათ შორის, შეირჩევა საუკეთესო, რომელსაც გრიგოლი შეასრულებს კონკურსზე.
– მახსოვს, თქვეს, რომ ერთ-ერთი „საბავშვო ევროვიზია“ ჩააწყვე, საკმაოდ დიდი თანხა გადაიხადე და ქართველ კონკურსანტს გაამარჯვებინე. უფრო სწორად, ეს გამარჯვება, ნახევარი მილიონი დაგიჯდა. ამაზე რაც მეტყვი?
– ეს ჭორი მეც გავიგე და ბევრი ვიცინე. ნეტავ, ნახევარი მილიონი მქონოდა ჩასაწყობად და ზემოდან რამდენი დაემატებოდა ამის გარდა, კაცმა არ იცის (იცინის). „საბავშვო ევროვიზია“ არის პროექტი, რომელსაც ვერავინ, ვერასდროს ჩააწყობს. თან, ჩასაწყობიც არაფერია. გამარჯვებულები ვართ. მარტო ეს ჭორი კი არა, კიდევ გავიგე, რომ გამარჯვების მერე, ბათუმში, თბილისში, ქუთაისში სახლები მაჩუქეს... დამიჯერეთ, ჩემთვის მთავარი პრიზი ის სიხარულია, რასაც ეს კონკურსი მანიჭებს.
– ესე იგი, მილიონერი ვერ გახდი?
– მილიონერი ვერასდროს გავხდები, სანამ საქართველოში ვცხოვრობ. ეს გამორიცხულია (იცინის).
– ამბობ, სანამ საქართველოში ვცხოვრობ, ვერ გავხდები მილიონერიო. არადა, გავიგე, უცხოეთის არაერთი ქვეყნიდან გქონდა შეთავაზება, სადაც აწყობილ კარიერას გპირდებოდნენ. ამაზე რატომ თქვი უარი?
– დიახ, ძალიან ბევრი შემოთავაზება მაქვს უცხოეთის ბევრი ქვეყნიდან – იტალიიდან, ბელგიიდან, ისრაელიდან, უკრაინიდან, მალტიდან... მპირდებიან, ჩემი სახელობის აწყობილ სტუდიას, სადაც „ევროვიზიისთვის“ მოვამზადებ ბავშვებს... მპირდებიან ყველანაირ პირობას, რომ უზრუნველი მომავალი მქონდეს. საკმაოდ დიდ თანხებზეა საუბარი, მაგრამ მილიონის გამო, იქ ვერ გადავცხოვრდები. არ მშია, არ მწყურია, არც მცივა და არც მცხელა – კონდიციონერი მაქვს (იცინის). ასე რომ, არსად მეჩქარება. მირჩევნია, ჩემს სამეგობროში, მშობლებთან, საყვარელ ადამიანებთან ერთად ვიყო, ვიდრე ფულის გამო, გადავიკარგო. რასაკვირველია, მილიონები კარგია, არავის გვაწყენს, მაგრამ ჯერჯერობით, ამის ამბიცია არ მაქვს.
– ესე იგი, აწყობილ ცხოვრებაზე უარს ამბობ?
– მე აქაც აწყობილი მაქვს ცხოვრება! მაქვს სამსახური, სახლ-კარი, საყვარელი ადამიანები გვერდით მყავს... მართლია, წლებია ბანკში კრედიტებს ვიხდი, მაგრამ მე ჩემს სახლსა და ქვეყანაში ვარ და ეს მირჩევნია. დამცინიან მეგობრები, რა ძალიან პატრიოტი ხარ, წადი და შეირგე, რასაც გთავაზობენო. მე რომც მოვინდომო უცხოეთში წასვლა, ჩემი ცოლი, ნინო, არ წამომწყვება. ორივეს საერთო აზრი გვაქვს. თუ უმუშევარი დავრჩი, მერე დავფიქრდები წასვლაზე. ფული რომ მქონდეს, საცხოვრებლად არა, მაგრამ სამოგზაუროდ, სულ ვივლი, უცხოეთში. ახალი ენერგიით დავიმუხტები და სამშობლოში ჩამოსული, ჩემს საქმეს მოვახმარ ამ ენერგიას. აი, ერთი რამ კი, წინასწარ დაგეგმილი მაქვს და თქვენ გაგიმხელთ პირველად – წელს, „საბავშვო ევროვიზიას“ რომ ჩავატარებ საქართველოში, მოვკიდებ ჩემს ცოლს ხელს და წავალ სადმე, თბილ ქვეყანაში დასასვენებლად.