№40 რატომ სთხოვენ ნიუ-იორკის ქუჩებში ცისნამი საყვარლიშვილს ფოტოების გადაღებას და რატომ დაემუქრნენ მას ქართველები
ცისნამი საყვარლიშვილი წლებია, ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს. ის საკმაოდ აქტიურია და ახალ-ახალ გამოწვევებსაც არ ერიდება. ცოტა ხნის წინ ცისნამი სილამაზის კონკურსში „მის ტურიზმ ინტერნეიშენალში” საქართველოს სახელით ჩაერთო. მისმა კონკურსში მონაწილეობამ ბევრი დადებითად განაწყო, თუმცა ზოგიერთი ქართველი ემიგრანტის კრიტიკაც გამოიწვია.
ცისნამი საყვარლიშვილი: სრულიად შემთხვევით გავიცანი „მის ნიუ-იორკი“, რომელმაც მითხრა: არის ასეთი კონკურსი „მის ტურიზმ ინტერნეიშენელი“, რომელიც ყოველ წელს იმართება ნიუ-იორკში და ატარებს ორგანიზაცია: „მის ტურიზმ ამერიკა“. ჯერ ტარდება შიდა კონკურსები და სხვადასხვა შტატიდან მონაწილეობენ გოგონები და რადგან შენს ასაკზეა გათვლილი, იქნებ მიიღო მონაწილეობაო. კონკურსის მთავარი მიზანია: ქვეყნებს შორის დიალოგი, რომ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა უკეთ გაიცნონ ერთმანეთი. გააცნონ ერთმანეთს საკუთარი ქვეყნის ისტორია, ტრადიციები, ტურისტული ადგილები... ანუ, უფრო მეტად, ტურისტული დატვირთვა აქვს.
– ამ კუთხით გქონდა გარკვეული გამოცდილება?
– არა, არანაირი გამოცდილება არ მქონია. ოთხჯერ მივიღე ინდონეზიური დიზაინის ჩვენებაში მონაწილეობა: მაღალი და ცოტა სავსე გოგონები სჭირდებოდათ. სილამაზის კონკურსზე არასდროს გავსულვარ. ეს იყო ჩემთვის ახალი გამოწვევა. „მის ნიუ-იორკმა“ გამიწია რეკომენდაცია, შევავსე აპლიკაცია, რაშიც გადავიხადე თანხა. შემდეგ „მეილზე” მომწერეს: თქვენი მოთხოვნა დავაკმაყოფილეთ და გახდით კონკურსანტიო. შეიძლება, პროფესიონალი მოდელი არ ვარ, არ ვჯდები პარამეტრებში, პოდიუმზეც ისე კარგად ვერ დავდივარ, მაგრამ, როგორც ორგანიზატორები მეუბნებიან: მაქვს ისეთი შარმი, ისეთი მანერები, რომ შემიძლია, მოვხიბლო ჟიური. დიდი პატრიოტი ვარ და ჩემთვის მთავარია საქართველო წარდგენილიყო ამ კონკურსზე, რომ ქვეყნის სახელი – „ჯორჯია“ კიდევ ერთხელ გაჟღერებულიყო. ზოგი ამბობს, პიარის გამო აკეთებსო. არანაირად, რადგან ამერიკაში ქართველი ემიგრანტები ისედაც მიცნობენ, ისევე როგორც სხვა ქვეყანაში – იტალიაშიც ვცხოვრობდი. გადმომცეს ლენტი, რომელსაც აწერია „მის ტურიზმ ჯორჯია 2017“ და ასევე, გვირგვინი. რადგან საქართველოს მოქალაქე ვარ, ამიტომაც წარვადგენ საქართველოს. საქართველოში დავუკავშირდი რამდენიმე სააგენტოს და მათ მითხრეს, ჩვენ არ გვაქვს ამ კონკურსის ლიცენზია ნაყიდი და შეგიძლიათ, როგორც საქართველოს მოქალაქემ, მონაწილეობა მიიღოთ საქართველოს სახელითო. ასევე, დავუკავშირდი ტურიზმის ადმინისტრაციულ ცენტრს თბილისში და ყველაფერი ავუხსენი. მინდოდა, თავიდანვე ამეცილებინა ყველანაირი გაურკვევლობა და აგრესია. მათ მითხრეს, რომ შემეძლო, მონაწილეობა მიმეღო და გამომიგზავნეს ბანერები, ფლაერები, ვიდეოები საქართველოს შესახებ, რისთვისაც დიდი მადლობა მათ. პირველი დავალება იყო: რა არის შენი საყვარელი საქმიანობა და ასევე, რას შეცვლიდი შენი ქვეყნისთვისო. ბევრი რამ დავწერე და ყველაზე მთავარი იყოს ის, რომ ხალხს ვასწავლიდი სიყვარულს-მეთქი. ნელსონ მანდელას სიტყვები მოვიტანე: თუ კი ადამიანებმა სიძულვილი ისწავლეს, ადამიანის გულთან სიყვარული უფრო ახლოს არის და სიყვარულსაც ისწავლიანო. ცოტა იდეალისტური გამონათქვამი გამომივიდა, მაგრამ კვირის გამარჯვებული გავხდი. მნიშვნელოვანი საკითხები მქონდა ჩამოწერილი – ეკონომიკური, პოლიტიკური, დიპლომატიური. ძალიან მოეწონათ ჩემი იდეები და მითხრეს: მომავალი პოლიტიკოსი იქნები შენს ქვეყანაშიო.
– აპირებ პოლიტიკოსობას?
– არ ვიცი, ვნახოთ. მაგას დრო გვიჩვენებს, შეიძლება.
– ვის მიიჩნევ შენს კონკურენტად?
– ჩემს კონკურენტად მივიჩნევ „მის ტურიზმ რუსეთს“და „მის ტურიზმ ამერიკას.“ვნახოთ, რა იქნება, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორ წარდგები ჟიურის წინაშე, რა გეცმევა. ერთი ქართული, ტრადიციული კაბა შორენა ბარბაქაძემ შექმნა, ანსამბლ „ფესვების“ ხემძღვანელია. მეორე საღამოს კაბა შემიკერა ნატალია გაბეჩავამ და ჩემი სპოსნსორი ქალბატონი დიანა ბაგრატიონია, რომელიც ამერიკაში მოღვაწეობს და თავისი ფონდი აქვს.
– შენი ფეხების ფოტო დადე და დაწერე: ჩემი ფეხები ძალიან მოსწონთ, გადაცემა ამით დაიწყესო.
– ნიუ-იორკის ტელევიზიამ გააკეთა სიუჟეტი და ჩემი ფეხებით დაიწყო: ჯერ ჩემი ფეხები ჩანდა, შემდეგ ტანი. „ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე” გამოვედი, ეს გადაიღეს და პლუს, როგორც კონკურსანტთან, ინტერვიუ ჩაწერეს. გვირგვინდადგმულს რომ მხედავენ, მთელი ნიუ-იორკის მოდის, „სელებრითი“ ვგონივარ და მთხოვენ ფოტოების გადაღებას. მეც მეცინება და ვიღებ ფოტოებს, არადა, ჩვეულებრივი გვირგვინია თავისი ლენტით.
– ხომ არ გაგიჭირდა საცურაო კოსტიუმით პოზირება?
– არაფერი გამჭირვებია. მკითხეს: რას აკეთებ იმისთვის, რომ კარგად გამოიყურებოდეო. ცურვა მიყვარს ძალიან და ვიდეო გადამიღეს საცურაო კოსტიუმში. სცენაზეც მომიწევს საცურაო კოსტიუმით გამოსვლა. პრობლემა არ არის ჩემთვის, რადგან მადლობა ღმერთს, არ მაქვს ცელულიტები. ჯერ კიდევ ახალგაზრდულად გამოვიყურები. მე მომწონს ჩემი სხეული, ჩემი თავი და ეს არის ჩემთვის მთავარი. ერთადერთი, იმაზე დამწყდა გული, რომ ამერიკაში მცხოვრებმა ქართველებმა გამაკრიტიკეს.
– ზოგმა შენი წონა გააკრიტიკა, ზოგმა – გარეგნობა. იუნა შაფათავამაც გაგაკრიტიკა: საქართველოს სახელით ეს ვინ წარადგინეთო.
– რა კომენტარი გავაკეთო, მეც ადრე ცუდად მოვიხსენიე და ეტყობა, სამაგიერო გადამიხადა. ამ კონკურსში აქცენტი არ კეთდება სილამაზეზე, გარეგნობაზე, აქცენტი კეთდება ქვეყანაზე, მის ტურისტულ ადგილებზე. ქვეყანა უნდა გააცნო ხალხს. ორგანიზატორებს არ აქვთ პრობლემა არც ჩემს წონაზე და არც სხვა რამეზე და რაც მთავარია, მე ვგრძნობ თავს კარგად.
– რა გახდა შენი და იუნას დაპირისპირების მიზეზი?
– 8 აგვისტოს ამერიკაში „გაეროს” წინ ქართველმა ემიგრანტებმა გავაკეთეთ აქცია და ამაზე გაგვაკრიტიკა. ორგანიზატორობა დაგვიწუნა. მე მაშინ ძალიან მწარე და არასწორი პასუხი გავეცი. პირადი შეურაცხყოფაც იყო და არ იყო ლამაზი არც კომენტარი გამოვიდა ნაკლები, რაზეც ბოდიშიც მოვუხადე. გამგები გაიგებდა. ეტყობა, ვერ გაიგო, „დასქრინული” აქვს და ცხოვრებაში თუ რამეს მივაღწევ, ყოველთვის ამომიყრის მაგ „სქრინებს”.
– ახლაც გააკრიტიკა შენი კონკურსში მონაწილეობა. ამაზე რას იტყვი?
– იუნა არ არის ჩემთვის ისეთი მნიშვნელოვანი პიროვნება, რომ მან გამაკრიტიკოს და მე პასუხი გავცე. მისი მოსაწონი ნამდვილად არ უნდა იყო. იუნა ვერავიზე იტყვის: უი, ეს რატომ არის ასეთიო. შეიძლება, საქართველოში ცნობილი „სელებრითია“, მაგრამ რით არის ცნობილი, რა გააკეთა, რომ „სელებრითია“.
– ამჟამად ამერიკაში რას საქმიანობ?
– ერთი წელია, ვცდილობდი, ამერიკაში კარგი სამსახური მეშოვნა. ერთი წელი ვიწვალე და ბოლოს ვიპოვე ძალიან კარგი საერთაშორისო კომპანია, რომელიც ტურიზმის სფეროში საქმიანობს. მუშაობს ძალიან მდიდარ ხალხზე, რომლებსაც ამერიკიდან ევროპაში უნდათ დასვენება, ან პირიქით. მოკლედ, ოცნება ავიხდინე და ძალიან კარგ სამსახურში ვმუშაობ. რაც მთავარია, საუკეთესო უფროსი მყავს. მითხრა, რომ საბუთებთან დაკავშირებით გვერდში დამიდგება.
– ვიცი, რომ შვილი გყავს, რომელიც დიდი ხანია, არ გინახავს.
– ირაკლი შიოლაშვილი, რომელიც საქართველოში ცხოვრობს და დიდი ხანია, არ მინახავს. მოვიკითხავ სიყვარულით. ეს ჩემთვის ძალიან რთული მომენტია, მაგრამ ყველაფერს, რასაც ვაკეთებ, მას ვუძღვნი. ირაკლი ზაზა ფაჩულიას აკადემიაში კალათბურთს თამაშობს და როდესაც ზაზა პრეზიდენტს შეხვდა, ჩემი შვილიც ჰყავდა წაყვანალი. უთხრა: შენს დედიკოს ვიცნობ და კარგი დედიკო გყავსო. დაბადების დღის მისალოცი ვიდეოც ჩაუწერა ზაზამ და გავუგზავნე.
– რა ხდება შენს პირადში?
– 4 წლის განმავლობაში სულ მარტო ვიყავი. კი მქონდა პაემნები ვიღაცებთან, მაგრამ არ ამართლებდა. ახლა უკვე რამდენჯერმე შევხვდი ერთსა და იმავე პიროვნებას და ეს კარგის მომასწავლებელია. შაბათ-კვირას სულ ერთად ვატარებთ. სოფელში აქვს სახლი: მე მიყვარს აუზი, კარგი ცხოვრება და ძალიან კარგად ვატარებთ დროს. გაცნობის პროცესში ვართ და მთავარია, ერთმანეთი ძალიან მოგვწონს. ჩემი კონკურსში მონაწილეობაც ძალიან მოსწონს, მგულშემატკივრობს. თავის „ფეისბუქ-გვერდზე“ ჩემს ფოტოებსც აქვეყნებს: „მის ტურიზმ ჯორჯიასთან“ ერთად ვარო. მე არ ვიმატებ, რადგან მეშინია, ქართველებმა რამე არ მისწერონ. ჩემი სამსახურის მისამართსაც არ ვწერ. იტალიურ ტელევიზიაში რომ ვმუშაობდი, ჩემს უფროსს ვიღაც 24 საათის განმავლობაში ურეკავდა: ამას საბუთები არ აქვს და რატომ ამუშავებო. ადრე ქართველები დამემუქრნენ: საქმეს გაგიფუჭებთო და ამიტომ ვერიდები ყველაფერს.