კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№40 რა შემთხვევაში იჩენს თავს ნამზეურის შემდეგ ჩირქოვანი გამონაყარი და როგორ უნდა შეინარჩუნოთ რუჯი

თათია ფარესაშვილი ეთო ხურციძე

ზაფხული მიიწურა. ბევრმა მოასწრო ზღვაზე დასვენება და გარუჯვა, ყველა ცდილობს, რაც შეიძლება სწრაფად და მარტივად მიიღოს რუჯი. თუმცა,  რა პრობლემები მოჰყვება არასწორ  გარუჯვას, ამაზე ნაკლებად ფიქრობენ. ერთია შოკოლადისფერი ნამზეურის მიღება და მეორე მისი შენარჩუნება. მზეზე გარუჯვაზე მეტად, ფერის ხანგრძლივად შენარჩუნებაა რთული. რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ ნამზეური დიდხანს გაგყვეთ და იმავდროულად, ლაქებისგანაც დაიცვათ კანი, ამ თემაზე ექიმი-კოსმეტოლოგი მაია ჩუთლაშვილი გვესაუბრება.
 – როგორ უნდა მოვუაროთ გარუჯულ კანს და რა საფრთხის წინაშე შეიძლება, აღმოვჩნდეთ რუჯის გადასვლის შემდეგ?
– კანს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება, როგორც გარუჯვამდე და ასევე გარუჯვის პროცესში. ნამზეურევ სხეულზე აუცილებლად უნდა წაისვათ დამცავი და დამატენიანებელი კრემები.  ეს კანს დაიცავს გამოშრობისა და ნაოჭებისგან. ზოგადად, რუჯის მიღების შემდეგ, კოსმეტოლოგთან ვიზიტი რეკომენდებულია, თუმცა სახლის პირობებშიც შესაძლებელია თავის მოვლა დამატენიანებლებით. გახსოვდეთ, არავითარ შემთხვევაში არ დატოვოთ სახის კანი უყურადღებოდ, რადგან მზის სხივები, უპირველეს ყოვლისა, სახის კანისთვისაა დიდი სტრესი და დაბერების პირველი ნიშნების მაუწყებელიც. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ დამატენიანებელი კრემები არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეიცავდეს რძეს, ლიმონს, გვირილას და კიტრს. ეს კომპონეტები ხელს უწყობს კანის გათეთრებას. ნამზეურის გადასვლის შემდეგ, ხშირად კანზე თეთრი ლაქები აღინიშნება. ეს არის სოკოვანი ინფექცია, რომელიც კანის რქოვანა შრეს აზიანებს. დაზიანებულ ადგილზე კი კანი ფერს იცვლის და ეს ცვლილება თავადაც შეგიძლიათ შეამჩნიოთ. თუ მიდრეკილება გაქვთ პიგმენტური ლაქებისკენ, უნდა გამოიყენოთ დამცავი კრემები. ულტრაიისფერი სხივები ყავისფერი და მოყვითალო ფერის ლაქების გაჩენას უწყობს ხელს. არ გირჩევთ, რუჯის მიღებამდე და მას შემდეგ, კოსმეტოლოგიური პროცედურების ჩატარებას, კერძოდ, სახის გაწმენდას, პილინგებს. ნამზეურის გადასვლის შემდეგ, ასევე ხშირია ჩირქოვანი გამონაყარიც. ამ შემთხვევაში კანი დაზიანებულია.
– როგორც აღნიშნეთ, რუჯის შემდეგ ხშირად ჩნდება ლაქები. შესაძლებელია, თუ არა მათი მოცილება სახლის პირობებში?
– ზოგადად, ლაქები რომ თავიდან აიცილოთ, მზისგან დამცავი მაღალპროცენტიანი კრემი უნდა გამოიყენოთ. თუმცა, სამწუხაროდ, რუჯის მიღებისას მასზე ნაკლებად ფიქრობენ. ყველა ცდილობს, რაც შეძლება, სწრაფად გაირუჯოს, რაც ბევრი დაავადების მაპროვოცირებელია. არასწორი რუჯი ყველაზე ცუდია როგორც ჯანმრთელობისთვის, ასევე მოსავლელად. ჩრდილში მიღებული რუჯი უფრო ხარისხიანია. მზის არაპირდაპირი სხივები კანს არც აზიანებს და არც წვავს. სახლის პირობებში შეგიძლიათ, მოამზადოთ ლიმონის წვენისა და კვერცხის ცილის ნაზავი, ასევე, კარგია ოხრახუშის ნახარშის წვენიც. გაითვალისწინეთ, რომ ეს პროცედურები რუჯის გადასვლის შემდეგ ტარდება.
– როგორ შევინარჩუნოთ რუჯი?
–  ეს არის საკითხი, რომელიც აინტერესებს ყველა მანდილოსანს და არა მარტო მათ. პირველი, რაც უნდა გაითვალისწინოთ ის არის, რომ არ მიიღოთ  ცხელი აბაზანა. ცხელი წყალი არღვევს კანის დამცავ შრეს, რამაც შესაძლოა, აქერცლა და გაღიზიანება გამოიწვიოს. ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილებაა, 5-10-წუთიანი თბილი ან გრილი შხაპი. კარგი იქნება, თუ შხაპის მიღებას ჩაის ნაყენით ან ყავის ნახარშით (ოღონდ ნალექის გარეშე)  დაასრულებთ. სკრაბის ნაცვლად, შეგიძლიათ, ყავის ნალექი გამოიყენოთ. ტანი დაიბანეთ მხოლოდ რბილი ღრუბლით. რუჯის მიღების შემდეგ, განსაკუთრებით უნდა ერიდოთ კანის გამოშრობას. ამიტომ, გამოიყენეთ ზეთოვან საფუძველზე დამზადებული საშხაპე გელი. კანის მოვლის მომდევნო ეტაპია კვება და დატენიანება. ამისთვის შესანიშნავია საბავშვო ზეთი ან გარუჯვის შემდეგ წასასმელი სპეციალური კრემ-ბალზამი. ის ამშვიდებს კანს, თავიდან აგაცილებს აქერცვლას და დიდხანს შეინარჩუნებთ რუჯს. დილა-საღამოს წაისვით დამატენიანებელი კრემი.  უმჯობესია, ისეთი, რომელიც შეიცავს E ვიტამინს, ჰიალურონის მჟავასა და თერმულ წყალს.  გარუჯული კანისთვის ძალიან სასარგებლოა ავოკადოს ზეთი და გლიცერინი. შესანიშნავია დამატენიანებელი კოსმეტიკური საშუალება შარდოვანას საფუძველზე. შარდოვანა ახანგრძლივებს რუჯს და არბილებს კანს. განსაკუთრებით უნდა იზრუნოთ სახისა და დეკოლტეს ზონაზე.  ამ ადგილებში კანი ყველაზე სათუთია. სხეულის ეს უბნები მზის ზემოქმედებას მთელი წლის განმავლობაში განიცდის. ამ შემთხვევაში, დამატენიანებელი საცხი არ არის საკმარისი; აუცილებელია სპეციალური მარეგენერირებელი კრემი UV-ფილტრით, რომელიც კანს მავნე ულტრაიისფერი სხივებისგან იცავს. ასეთი კრემის შემადგენლობაში უნდა შედიოდეს ვიტამინები და მკვებავი ნივთიერებები, პეპტიდები. პეპტიდები ხელს უწყობს კანის უჯრედების განახლებას.  მარეგენერირებელი კრემები აჯანსაღებს სახისა და დეკოლტეს ზონის კანს, უბრუნებს მას ელასტიკურობასა და სიმკვრივეს. ასეთი კრემი საღამოობით უნდა წაისვათ. ნიღბები გარუჯვის შემდეგ კანის მოვლის განუყოფელი ნაწილია. ნიღაბი უნდა გაიკეთოთ კვირაში 2-3-ჯერ. სპეციალური მარეგენერირებელი ნიღბები E ვიტამინით ხელს უშლის ნაოჭების წარმოქმნას. ნიღაბი უნდა წაისვათ 10-15 წუთით (გაშრობამდე) და ჩამოიბანოთ ნელთბილი წყლით. გარუჯვიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, გამოიყენეთ ბალზამი, ავტორუჯის მსუბუქი ეფექტით. ის თანაბარ ფერს მისცემს რუჯს და თავიდან აგაცილებთ ღია ფერის ლაქებს, რომელიც რუჯის გადასვლისას ჩნდება. ტანისა და სახისთვის ერთნაირი ავტორუჯი გამოიყენეთ, რომ კანის ფერი თანაბარი იყოს. მზეზე გარუჯვის შემდეგ, ნუ მიმართავთ სოლარიუმს – ეს უფრო მეტად გამოაშრობს კანს; ნურც მზის აბაზანებს - მუქი რუჯი აბერებს ქალს.
– არსებობს თუ არა საკვები, რომელიც რუჯის მიღებაში ეხმარება ადამიანს?
– ოქროსფერი რუჯის მისაღებად, სულაც არაა აუცილებელი მზის სხივების ბოროტად გამოყენება.  არსებობს ისეთი საკვები პროდუქტები, რომლებიც ორგანიზმის მიერ საკუთარი, მზისგან დამცავი ფაქტორის გამომუშავებას ასტიმულირებს და ამასთან, ლამაზი რუჯის მიღებაში გეხმარებათ. ასეთებია წითელი და ნარინჯისფერი ხილი და ბოსტნეული, მაგალითად, სტაფილო, პომიდორი, გოგრა, მანგო, ლიმონი და ასე შემდეგ.  ჯანსაღ და იდეალურ რუჯს  განაპირობებს  სწორი კვება. სწორად შერჩეულ საკვებსა თუ ხილის ნატურალურ წვენებში (გარგარი, ატამი, გოგრა, ნესვი, ქოქოსი) შედის ნივთიერებები, რაც დაგეხმარებათ ფერის შენარჩუნებაში. ამ მხრივ საინტერესოა სტაფილო, რომელიც ლამაზი რუჯის მიღებაშიც შეგიწყობთ ხელს და დიდი ხნის განმავლობაშიც შეგინარჩუნებთ შოკოლადისფერ სხეულს. რუჯის შენარჩუნება კი დამოკიდებულია კანის ინდივიდუალობაზეც.
– როგორ დავამზადოთ სახლის პირობებში სტაფილოსა და სხვა პროდუქტებისგან რუჯის შესანარჩუნებელი ნიღაბი?
– სახლის პირობებშიც შესაძლებელია ნიღბების დამზადება. მაგალითად:  სტაფილოს წვენი, კვერცხის გული და ზეითუნის ზეთი (ყველა თანაბარი რაოდენობით) აურიეთ ერთმანეთში. წაისვით, როგორც სახეზე, ასევე ტანზეც და 20 წუთის შემდეგ, თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ეს პროცედურა კვირაში 2-ჯერ შეგიძლიათ, ჩაიტაროთ. ძალიან კარგია ყავის ნალექითა და ცოტა ზეითუნის ზეთის ნარევით სახის გაწმენდა მსუბუქი მასაჟით. ეს პროცედურა არა მარტო გაწმენდს თქვენს ეპიდერმისს ჭუჭყისგან, არამედ შესანიშნავად შეუნარჩუნებს მას ოქროსფერ შეფერილობას.
– ზოგადად, არის თუ არა გარუჯვა საშიში და რომელი დაავადებების დროს არ შეიძლება, ნამზეურის მიღება?
– საშიშია არასწორად გარუჯვა. ულტრაიისფერი გამოსხივება მკვეთრად ზრდის კანის ავთვისებიანი სიმსივნეების რისკს. ბოლო პერიოდში ყველაზე ხშირად მესმის მელანომის დიაგნოზი, რაც კანის სიმსივნესთან ასოცირდება. დადგენილია, რომ არასწორი გარუჯვა იწვევს დაბერებას, ლაქების გაჩენასა და სხვადასხვა ხარისხის დამწვრობას. გარუჯვა არ შეიძლება ორსულებისთვის, 2 წლამდე ბავშვებისთვის, ხანში შესული ადამიანებისთვის, ტუბერკულოზით დაავადებულთათვის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს; აკრძალულია კოსმეტიკური პროცედურების ჩატარებისთანავე მზეზე მიფიცხება, რადგან, პილინგების, ელექტრო და ბიოეპილაციის შემდეგ, დიდი ალბათობაა, გაგიჩნდეთ პიგმენტური ლაქები ან მიიღოთ კანის დამწვრობა. ბევრმა არ იცის, მაგრამ, რუჯი ასევე, არ შეიძლება მათთვის, ვისაც აქვს ტატუ ან პერმანენტული მაკიაჟი. საღებავები, რითაც კეთდება ტატუ, დასხივებისას შედის რეაქციაში და, შესაძლებელია, მოხდეს კანის დამწვრობა.
скачать dle 11.3