კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№40 ვინ დააკარგვინა ბაგრატ მეოთხეს შემოერთებული ტფილისი და სომეხთა დედაქალაქი ანისი

თათია ფარესაშვილი გია მამალაძე

მეთერთმეტე საუკუნეში ბიზანტიას დაგეგმილი ჰქონდა ამიერკავკასიის ქვეყნების პირდაპირ შეერთება.1030-იან წლებში, რეგიონში, ბიზანტიელთა ყველაზე დიდი მოწინააღმდეგე, საქართველოს სამეფო, ოკუპანტ ბიზანტიასთან ომების გამო დასუსტებული იყო, თან, ტახტზე მცირეწლოვანი მეფე იჯდა, ბაგრატ მეოთხე. მცირეწლოვანი მეფის დამხობაც სცადეს ბიზანტიელებმა და მისი მოგვარე, ნათესავი – დემეტრე კლარჯი, სუმბათის ძე გამოიყენეს ამ მიზნით. ბაგრატ მეფის სარდლებმა და ქართველმა ხალხმა გააფთრებული წინააღმდეგობა გაუწიეს მტრებს და გეგმა ჩაუვარდა ბიზანტიას. ბიზანტიელების წინააღმდეგ ბრძოლებში ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ ლიპარიტ ბაღუაში. ბერძნები იძულებული გახდნენ, უკან გაეწვიათ ჯარი. ბაგრატის მცირეწლოვანობისას ლიპარიტ ბაღუაში უზარმაზარი გავლენის მქონე პოლიტიკოსად იქცა ქვეყანაში.
მიუხედავად მცირეწლოვნობისა, როგორც ჩანს, ბაგრატი ცდილობდა, გარს შემოეკრიბა დიდებულები, რომლებსაც არ მოსწონდათ ლიპარიტის ძალაუფლების ასეთი ზრდა, ან ეს დიდებულები თავად ცდილობდნენ, მეფის მეშვეობით, ლიპარიტის გავლენა შეემცირებინათ. ამ ვითარებას შეეწირა ტფილისის შემოერთების პირველი ცდა. ქართველებმა ხანგრძლივი ალყის შემდეგ თითქმის აიღეს ტფილისი. ამირა ჯაფარი გაქცევას აპირებდა, მეფემ კი, ლიპარიტის უკითხავად, მოულოდნელად, ამირა შეიწყალა – ყმად ითაყვანა, ტფილისი ისევ დაუტოვა და კახეთ-ჰერეთზე გალაშქრება სცადა, სადაც მოკავშირეები ჰყავდა. ამბიციური ლიპარიტი ძალაუფლებას კარგავდა, გადაწყვიტა, მეფე შეეცვალა.
1041 წელს გარდაიცვალა ანისის სომეხთა სამეფოს მეფე, ოვანეს-სმბატი. ანისის სამეფო, გარდაცვლილი მეფის იძულებით დაწერილი ანდერძით, უნდა გადასცემოდა ბიზანტიას ანუ უნდა გაუქმებულიყო. მაგრამ, პატრიოტი სომეხი დიდებულები არ ურიგდებოდნენ ამ ამბავს და გამოსავალს ეძებდნენ. ქართველების გარდა, სხვა ვინ გაუწევდა მფარველობას სომხებს? მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ კვირიკიანებს „სომეხთა მეფედ“ მოჰქონდათ თავი და „სომხური სამეფოც“ ჰქონდათ, თუნდაც, ქვემო ქართლში. 1045 წელს ბიზანტიელი დამპყრობლების მიერ შეწუხებულმა სომეხთა თავკაცებმა ანისი საქართველოს მეფე ბაგრატ მეოთხეს გადმოსცეს. ბაგრატ მეფის დედა, დედოფალი მარიამი ვასპურაკანის სომეხთა მეფის, სენექერიმ არწრუნის ასული იყო და შეიძლება ითქვას, ამგვარად, მემკვიდრეობითაც ეკუთვნოდა ანისი.
დედა-დედოფალმა მარიამმა და მეფე ბაგრატმა ანისი აბუსერ აბუსერიძეს ჩააბარეს. მალე ჩვენი ჭაბუკი მეფე მიადგა აფხაზეთში ციხე-ქალაქ ანაკოფიას და ალყა შემოარტყა. როცა ანაკოფიაში გამაგრებულ ბიზანტიელთა გარნიზონს უტევდნენ ქართველნი, ჩვენს ხელმწიფესთან მოვიდნენ ტფილელი ბერები, ქალაქის უხუცესები. ამირა ჯაფარი მოკვდა, სასწრაფოდ წამოდი და ქალაქი ჩაიბარეო. სწრაფი მარშით თბილისისკენ დაიძრა მეფე. დიდი სიხარულით მიეგებნენ ტფილისელები მეფე ბაგრატს. ასე დაიბრუნა რამდენიმე საუკუნის მერე დედაქალაქი ქართველთა მეფემ. ტფილისში კახთა მეფე ეახლა ბაგრატ მეოთხეს და მის ყმად გამოაცხადა თავი. ფაქტობრივად, გაერთიანდა ქვეყნის დიდი ნაწილი. იყო დიდი სიხარული და მშვიდობა... მაგრამ, ბიზანტიასა და მოღალატეების წრეებში იგეგმებოდა საქართველოს წინააღმდეგ ახალი, მოულოდნელი შეთქმულება.
როგორც ვთქვით, ლიპარიტ ბაღუაში მეფის ქვეგამხედვარად ქცეულიყო, რადგან დაკარგა გავლენა ახალგაზრდა მეფეზე და თავის ჭკუაზე ვერ ატარებდა.  ბიზანტიელებთან შეკრული ლიპარიტი მიადგა ანისს. დედოფლის მიერ ანისის სამართავად და დასაცავად დატოვებული აბუსერ არტანუჯელი, ივანე ერისთავი, ივანე დადიანი და ბეჭისციხის პატრონი გუარამ გოდერძის ძე მოტყუებით გამოიყვანა ქალაქიდან, ვითომ რაღაც საქმეზე იყო და შეიპყრო.
ეს რომ მეფე ბაგრატმა გაიგო, მიატოვა ტფილისი და ჯავახეთს გაემგზავრა, რადგან მიხვდა, ლიპარიტი ბიზანტიელებთან ერთად ომს იწყებდა.
მაწყვერელმა ეპისკოპოსმა, ბაგრატის ფინანსური დახმარებით, შეკრიბა მესხთა რაზმები ხელმწიფის დასახმარებლად. მეფე იდგა ღრტილას, ჯავახეთში. ლიპარიტმა მოიმხრო კახელები და ფოკას მიადგა. გაექცა მაწყვერელი მეფეს და შეეკრა ლიპარიტს. რომ შეიტყო ბაგრატმა, მიუხედავად სასტიკი ზამთრისა, გადაიარა შავშეთი და ჩავიდა ქართლში.
ამასობაში ბიზანტიიდან ლიპარიტთან ჩამოვიდა ბაგრატ მეფის ნახევარძმა, უფლისწული დემეტრე. ლიპარიტს მოუვიდა ბერძენთა ჯარიც დასახმარებლად და ჩამოუტანეს იმპერატორის გამოგზავნილი ფინანსური დახმარებაც, საქართველოში მეფის შესაცვლელად. ბიზანტია ცდილობდა, ლიპარიტის მეშვეობით, გაერთიანებისა და გაძლიერების გზაზე დამდგარი საქართველოს მეფე – ბაგრატი გადაეყენებინა და თავისი კანდიდატი, მათზე დამოკიდებული დემეტრე აეყვანათ ტახტზე, რაც საბოლოოდ, ქვეყანას ისევ დაშლიდა და დაასუსტებდა.
გათვლა ვერაგული იყო. ზოგი დიდებული მართლაც გადავიდა დემეტრეს მხარეს, ზოგმა ერთგულება შეინარჩუნა მირონცხებული მეფისა. ამ დროს ბაგრატთან მძევლად იყო ლიპარიტის ძე, ივანე. ლიპარიტმა გამოითხოვა მეფისგან თავისი ვაჟი, სამაგიეროდ, გაათავისუფლა აბუსერი.
ლიპარიტის მხარეს იყვნენ, როგორც ვთქვით კახელები და ქვემო ქართლში არსებული სამეფოს სომეხი მეფე. მეფე ბაგრატს დაქირავებული ჰყოლია 3 000 ვარანგი (ვიკინგი, ნორმანი). ჩვენი ისტორიის ეს ეპიზოდი საკმაოდ საინტერესოა და ამ ვარანგებზე სხვა დროს ვისაუბროთ. სასირეთის ჭალაში გაიმართა ბრძოლა. უდისციპლინო ვიკინგების გამო მეფე დამარცხდა.
მაგრამ, ამასობაში მოულოდნელად გარდაიცვალა დემეტრე უფლისწული და ვითარება ლიპარიტის ბანაკში შეიცვალა. დამარცხებული მეფე ბაგრატი შიშობდა, ქვეყანა არ დაშლილიყო და სთხოვა ლიპარიტს შეხვედრა. მეფე მცირერიცხოვანი ამალით მივიდა ხოვლეში. ალბათ, ბევრი რამის დათმობას აპირებდა ბაგრატ მეოთხე ლიპარიტ მეოთხისთვის. რომ გაიგო ლიპარიტმა მეფის მისვლა, არ შეხვდა და წავიდა. ძალიან განაწყენებული იყო ქვეყნის ყველაზე გავლენიანი დიდებული. მეფეც აფხაზეთში გადავიდა.
რამდენიმე ხანში, კალმახის ერისთავმა სულამ, არტანუჯის ერისთავმა გრიგოლმა, სხვა მესხ აზნაურებთან ერთად, შეკრიბეს ლაშქარი და უხმეს მეფე ბაგრატს. ბაგრატი გაემართა ჯარით, გადაიარა რკინის ჯვარი და შეიკრიბნენ არყის ციხესთან. ლიპარიტმა შეიტყო ეს, მოიხმო კახელები, სომხები და ბერძნები, რომლებიც ბიზანტიელებს მისთვის დაეტოვებინათ ბაგრატის  წინააღმდეგ საომრად. ლიპარიტმა დაამარცხა მეფე, მისი მომხრე დიდებულებიც და გააქცია ბაგრატი. სულა შეიპყრეს, აწამეს, ძელზე გასვეს და მოითხოვდნენ გადაეცა ლიპარიტისთვის კალმახის ციხე, მაგრამ ვერ დაიყოლიეს. იქვე შეიპყრეს გრიგოლ აბუსერისძეც, სიკვდილით დაემუქრნენ და მოსთხოვეს არტანუჯი. მისცა გრიგოლმა არტანუჯი. ზემო ქართლში ძალიან გაიმაგრა პოზიციები ლიპარიტ ერისთავმა, მეფეზე ძლიერ პოლიტიკოსად იქცა ქვეყანაში. ბიზანტიისგან უკვე მიღებული ჰქონდა მაგისტრის წოდება. ბაგრატიონების გვარის ავტორიტეტისადმი მორიდება რომ არ ჰქონოდა, იქნებ მეფობაზეც გამოეცხადებინა პრეტენზია.
დიდი დარტყმა მიიღო ქართულმა სახელმწიფოებრიობამ, რადგან ამ ამბებს მოჰყვა ტფილისის დაკარგვა და ასევე, ანისის ჩამოშორება საქართველოსგან. ანისის დაკარგვით, ანისის სამეფოს სომხური საომარი რესურსიც მოაკლდა საქართველოს, ტერიტორიაზე აღარაფერს ვამბობთ. კახეთ-ჰერეთიც, ფაქტობრივად, გავიდა ბაგრატის ვასალობიდან. ქვემო ქართლის „სომეხთა სამეფოს“ მეფეც კმაყოფილი იყო. ძირძველ ქართულ ტერიტორიებზე მისი ბატონობაც განმტკიცდა.
ბიზანტიელების თხოვნით, დვინში გაემგზავრა ლიპარიტი და უსარდლა ბიზანტიის ჯარს დვინელის წინააღმდეგ. ერთი წლის შემდეგ ბასიანს თურქები მოადგნენ. ბიზანტიელები მოემზადნენ თერქებთან საომრად. მიიწვიეს ლიპარიტიც თავისი ჯარით. ბრძოლაში თოღრულ ბეგის არმიამ გაიმარჯვა და ლიპარიტი ტყვედ ჩაბარდა თურქ-სელჩუკებს.
შეშინდნენ ლიპარიტის ვაჟები, ივანე და ნიანია და თავის გადარჩენის მიზნით, დიდებულებთან ერთად, მეფეს მორჩილება გამოუცხადეს. მემატიანე წერს „გამოიყვანეს მეფე მეფედო“, ანუ ძალაუფლება თითქმის აღარ ჰქონდა ბაგრატს და დაუბრუნეს. ისარგებლა მეფემ და შეიპყრო ლიპარიტის ვაჟები. აიღო უფლისციხე და გამოუშვა ივანე.
მაგრამ, ლიპარიტის გამოხსნას ცდილობდა ბიზანტიის იმპერატორი.
скачать dle 11.3