№40 სიცოცხლე ფსონად
– ზერო! – დაიძახა კრუპიემ. მწვანე მაუდიდან მთელი კუში მოხვეტა, თან გულში თქვა: „ესეც ას ოცი ათასი დოლარი და მილიონსაც გადააჭარბა. რა მაყუთს ქაჩავს „პიავკა” გოიმებისგან? გოიმი ბევრია და ბევრი ფული აქვთ. ამიტომ არც „პიავკას” ელევა ფული“.
ორმოცი წლის კრუპიეს პავლუშა ერქვა და ვაზისუბნელი რუსი იყო. ბავშვობაში ძველბიჭობდა და ცოტას მამაძაღლობდა კიდეც. მაგრამ, დროზე მოვიდა გონს. უფრო სწორად, ცოლმა მოიყვანა ჭკუაზე და ერთ დღეს, კატეგორიულად განუცხადა:
– იცოდე, ხელმრუდობას შეეშვი და ხეირიან საქმეს მოჰკიდე ხელი. რომ დაგიჭირონ, ციხეში არ მოგაკითხავ და ჩემს გზაზე წავალო...
ცუდი დრო იყო, ქაოტური და მხოლოდ სამთავრობო კლანები ცხოვრობდნენ კარგად. მთელი ქვეყანა ერთ დიდ ბაზრობად იყო ქცეული და ერთ დროს დამსახურებული ადამიანები ქუჩაში კალგოტკებს ყიდდნენ. არც მოსაპარი იყო მაინცდამაინც და რომ დაეჭირეთ, პოლიცია სულს ამოგხდიდა. აქა იქ, კანტიკუნტად, პატარ-პატარა საამქროები, მართალია, აამუშავეს, სადაც პატიოსანი შრომით ორ კაპიკს იშოვიდი, მაგრამ იქაც თავისიანები სჭირდებოდათ და პავლუშას არავინ მიასუნინებდა.
ლენკას კატეგორიული განცხადების შემდეგ, ცხრამეტი წლის პავლუშა ფეხით დაივლიდა თბილისის ქუჩებს სამუშაოს ძებნაში. რომ ვერაფერს იშოვიდა, ბოლოს ისევ ნაცად ხერხს მიმართავდა. ჯიბიდან ორფერა, სპორტულ საწვიმარს ამოიღებდა, კაპიუშონს თავზე წამოიხურებდა და ნადირობდა. ჯერ ადგილმდებარეობას შეარჩევდა და გაქცევის გეგმას ჩამოაყალიბებდა. შემდეგ გამვლელ-გამომვლელებს შეათვალიერებდა. ბოლოს კი კუდზე დააჯდებოდა მსხვერპლს. ავაზასავით მიეპარებოდა. ჩანთას ან საფულეს გამოსტაცებდა და მერე ანტილოპასავით გარბოდა. უსაფრთხო ადგილს რომ მიაღწევდა, ჯერ საწვიმარს იხდიდა და ჯიბეში მალავდა, შემდეგ „ნაჩალიჩარს” ამოწმებდა. ფულსა და ძვირფას ნივთებს ჯინსის საიდუმლო ჯიბეში იდებდა. ჩანთას ან საფულეს კი – აგდებდა. ბოლოს ბეისბოლკას მოირგებდა. ჯინსის ქურთუკის საყელოს წამოიწევდა და „გაატასავებდა”... სახლში ხორაგითა და საჩუქრებით ბრუნდებოდა და ლენკას ატყუებდა – ტოტალიზატორში ან კაზინოში მოვიგეო...
ორი თვე ასე ირბინა პავლუშამ და ერთხელაც არ „დამწვარა“. გაუტკბა და სარფიანი შემოსავლის მიუხედავად, უკვე დიდ საქმესა და მსხვილ კუშზე ფიქრობდა, რომ ლენკამ უფრო კატეგორიულად განუცხადა:
– გონს მოეგე, პავლუშა. მესამედ უკვე აღარ გეტყვი და თუ ასე გააგრძელე, სახლში აღარ დაგხვდები.
– რას გულისხმობ, ლენკა? – აფერისტულად იკითხა პავლუშამ, გულში კი გაიფიქრა: „არ სჯერა, რომ ფულს ვიგებ. ან, რას შემომიჩნდა? მთავარია, რომ საწყალს არ ვართმევ და არ ვიწვები. ფული შემომაქვს. ოჯახს ვარჩენ და მეტი რა უნდა?!“
– რას ვგულისხმობ და იმას, რომ ხელმრუდობას არ ეშვები, – მიუგო ცოლმა და თვალი თვალში გაუყარა.
– შენს თავს ვფიცავ, ლენკა, თუ მე რამე მომეპაროს მას მერე, რაც შენ მითხარი, აღარ იქურდოო.
– რა მნიშვნელობა აქვს, რას აკეთებ? მთავარია, რომ დანაშაულს სჩადიხარ და ამაში მე ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული.
– ცდები, ლენკა.
– ვცდები?
– კი. ნამდვილად! – მტკიცედ თქვა პავლუშამ.
ლენკამ კომოდის უჯრიდან გამონასკვული თავსაფარი ამოიღო. გახსნა და მაგიდაზე დადო, თან დააყოლა:
– აი, თუ ვცდები. რა არის ეს?
გახსნილი თავსაფრიდან პავლუშას „ნაჩალიჩარი“ ოქროს ნივთები ბრჭყვიალებდა, რომლებსაც ის ცალკე ინახავდა და მათ ოქროს ზოდად გადადნობას აპირებდა.
– ჰო... – მხოლოდ ამის თქმა მოახერხა სუნთქვაშეკრულმა პავლუშამ.
– მოკლედ, ასე, ჩემო მორბენალო, არავითარი ჰო... გიმეორებ, მესამედ აღარ გეტყვი. შენგან სამუდამოდ წავალ, თუკი გონს არ მოეგები და სამართებლის პირზე სიარულს თავს არ დაანებებ. ეს განძი შემთხვევით აღმოვაჩინე აბაზანის საჰაეროში ამ დილით. ვიფიქრე, გავაანალიზე და მივხვდი, რომ მორბენალი ხარ. ანუ, ქუჩაში ადამიანებს ჩანთებსა და საფულეებს სტაცებ და გარბიხარ. ამასვე ამტკიცებს შენი ეკიპირება – ორფერა, კაპიუშონიანი საწვიმარი, ბეისბოლკა და, საერთოდ... – ლენკამ პაუზა გააკეთა. პავლუშას ძუ მგელის თვალები მიანათა და დააყოლა, – ან ამ წუთიდანვე შეეშვები ამ საქმეს ან მე დამემშვიდობები. ამოირჩიე!
– შენ გირჩევ. შევეშვები! – მტკიცედ მიუგო პავლუშამ ცოლს და ჩაეხუტა...
ლენკას მრისხანების მიუხედავად, ოქროს ნივთები არც გადაუყრია და არც მათი კანონიერი მფლობელებისთვის დაუბრუნებია ცოლ-ქმარს. საკმაოდ სარფიანად, პატარ-პატარა ნატეხებად გაყიდეს. ამასობაში, პავლუშამ კაზინოში დაიწყო მუშაობა მიმტანად. სამი თვის შემდეგ კი – კრუპიეების კურსები გაიარა და ისე დახელოვნდა ამ საქმეში, რომ არა მარტო კაზინო „გრალბას“, არამედ საქართველოს საუკეთესო კრუპიე გახდა. უკვე ოც წელზე მეტ ხანს მუშაობდა ამ თანამდებობაზე. ლენკამ კი იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა. პროკურატურაში მუშაობდა. საუკეთესო გამომძიებელი იყო და სულაც არ ეთაკილებოდა, რომ მეუღლე კრუპიე ჰყავდა. ცოლ-ქმარს ტყუპი გოგონები შეეძინათ. მათ ნატა და სვეტა დაარქვეს. 19-19 წლისანი იყვნენ და პრესტიჟულ ბიზნესკოლეჯს ამთავრებდნენ. შემდეგ კი პავლუშა და ლენკა მათ ამერიკაში გაშვებას აპირებდნენ სასწავლებლად პრესტიჟულ უნივერსიტეტში. იქ კი ფული იყო საჭირო. ფული მათ ოჯახს არ აკლდა. ლენკას სოლიდური ხელფასი და პრემიები ჰქონდა. პავლუშა კი იმდენს შოულობდა კაზინოში, რომ იოლად შეეძლო თავისი ტყუპების სწავლის ფულის გადახდა. ეს არც იყო გასაკვირი. „გრალბა“ საქართველოში ყველაზე შემოსავლიანი კაზინო გახლდათ. იქ მხოლოდ ვიპ-პერსონები და მაყუთიანი გოიმები დადიოდნენ, როგორც მოიხსენიებდა ხოლმე აზარტულ მოთამაშეებს პავლუშა და ყველაზე შემოუსავლიანი ის დღე იყო, როცა რულეტკიდან შემოსული თანხა ნახევარ მილიონ დოლარს არ აჭარბებდა.
კაზინოს სახელწოდება, „გრალბა“, აბრევიატურა გახლდათ. ის ასე იშიფრებოდა – გრაფი ალბერტ ბაბაიშვილი. ორმოცდაოთხი წლის ალბერტ ბაბაიშვილი „გრალბას“ ერთადერთი მეპატრონე იყო, მაგრამ საქმიან და შავ-ბნელ წრეებში მას „პიავკას“, ანუ წურბელას ეძახდნენ.
ალბერტ ბაბაიშვილი, სავარაუდოდ, ბაბაევი, ბაბაიანი ან კიდევ მსგავსი ფუძის მქონე გვარი, გაურკვეველი ეროვნების (თუმცა თავს ქართველად ასაღებდა), საეჭვო, შავ-ბნელი წარსულის, ცოლიანი კაცი გახლდათ. ვორონცოვზე გაზრდილი. ერთ მშვენიერ დღეს, როცა დაცემული აფხაზეთიდან ათეულათასობით ადამიანი ჭუბერის გზას დაადგა, მან ფეხი დაჰკრა და თბილისიდან გაუჩინარდა. მაშინ ის ოცდაორი წლის იყო. უკან კი მხოლოდ ოცი წლის შემდეგ დაბრუნდა და მაშინღა გაცხადდა, რომ „გრალბას“ მეპატრონე იყო. მასზე ხალხში არაჯანსაღი ხმები დადიოდა და მავანნი საშინელ ისტორიებს ყვებოდნენ – თუ როგორ გადაიქცა ერთი ვორონცოველი, არაფრით გამორჩეული ალბერტ ბაბაიშვილი, მრისხანე „პიავკად“. წურბელად, რომელიც ფულს ზღვის ფსკერიდანაც ამოწოვდა. ფულისთვის არავის დაინდობდა და მხოლოდ ფული იყო მისი ერთადერთი ღმერთი – მას მთელი არსით ეთაყვანებოდა... „ალ-ბა-ს“ „გრა“, ანუ – გრაფი, ალბერტმა სოლიდურობისთვის დაურთო წინ და როგორც ყველა გააზნაურებულ მდაბიოს სჩვევია, დიდად ამაყობდა ამ თავისი ცრუ ტიტულით.
„გრაფობის“ მიუხედავად, მდაბიო ალბერტში მაინც მისი ნამდვილი გენი მძლავრობდა და ჭამის დროს, ლაკის ძვირფას ფეხსაცმელებს გაიძრობდა, რომ სუფრა არ დაესვარა. ფეხებს მაგიდაზე შემოაწყობდა, რბილ სავარძელში გადაწყვებოდა, ქონიან კერძს თეფშით ბარძაყებში ჩაიდგამდა. უდანაჩანგლოდ ჩაავლებდა ხელს. ჭამდა, თან ტელევიზორს უყურებდა და თავის მსახურებს ან პირად მცველებს, განკარგულებებს აძლევდა...
სწორედ ასეთ ყოფაში იყო „პიავკა” – თავის კაბინეტში, მაგიდაზე ფეხებშემოწყობილი ტორტის უზარმაზარ ნაჭერს ნთქავდა და თან, „რულეტკის” თავზე დაკიდებულ კამერაში იყურებოდა. სწორედ ამ დროს პავლუშამ ასოცდაათდოლარიანი ზერო გამოაცხადა და ფიშკები მწვანე მაუდიდან მოხვეტა.
– ჩამოდით ფსონებს! – თქვა პავლუშამ შაბლონური ფრაზა და მოთამაშეებს მზერა მოავლო, რომლებიც მაგიდიდან წამოდგნენ და წაგებულებისთვის ჩვეული სიდიადით, რაც ფულიან, აზარტულ ვიპ-გოიმებს სჩვევიათ, გასასვლელისკენ გაემართნენ.
მართალია, კაზინოში დროის შეგრძნება არ არსებობს და არც საათია იქ, რომ შეხედო, თუმცა აზარტულ მოთამაშეს ასეთი რამ არ სჭირდება. ისედაც ნათელი იყო, რომ თენდებოდა და კაზინო ნელ-ნელა იცლებოდა ხალხისგან.
პავლუშამ თვალი გააყოლა „რულეტკის” გოიმებს. შემდეგ მაგიდასთან დარჩენილ მამაკაცს მიუბრუნდა, რომელიც უკვე ვისკის მეექვსე ჭიქას ცლიდა და უთხრა:
– ფსონს გააკეთებთ?
მამაკაცს სახე წამოეჭარხლა. ჩასისხლიანებული, ვისკისა და ხანგრძლივი თამაშისგან დაწვრილებული თვალები ერთბაშად გაუფართოვდა. ვისკის ჭიქა დაკიდებულ კამერას სთხლიშა. შემდეგ კამერას მიაჩერდა და აღრიალდა:
– ალბერტ! შე ნაბოზარო! ხომ ვიცი, რომ ახლა მიყურებ და ჩემზე კაიფობ! შე აფერისტო, დედააფეთქებულო! განგებ დასვი ზერო, ხომ, რომ ბოლო ფული წამეგო? მოგკლავ! დაგბრიდავ! ბოზიშვილი ვიყო, თუ ჩემი სიტყვა არ შევასრულო. ჩამოეთრიე და დამენახვე, შე ღორის ნაშობო! შენი დედაც, შე ნაბიჭვარო!
პავლუშასთვის კაზინოში სკანდალი ახალი ხილი არ იყო და ამ ოცი წლის განმავლობაში არაერთ აურზაურს შესწრებია, თანაც ინსტრუქციაც კარგად იცოდა. ინსტრუქცია კი ასეთი იყო: „ვიპ-კლიენტი (ანუ, გაცოფებული ფულწაგებული გოიმი) ყოველთვის მართალია და არაფერი უთხრათ, არ შეეპასუხოთ, მას დაცვა მიხედავს კორექტულად“. ამიტომ პავლუშა მაგიდას დინჯად მოსცილდა და თვალი გააყოლა ოთხ, ფრაკიან ამბალს, რომლებმაც გაცოფებული, ძლიერ ნასვამი ფულწაგებული გოიმი აბსოლუტურად კორექტულად გაიყვანეს კაზინოდან. მეტიც, მას ტაქსიც დაუქირავეს, ფულიც გადაუხადეს და სახლში ძვირფასი სიგარაც კი გაატანეს გულის გადასაყოლებლად...
სანამ კაზინოს დაცვა გაცოფებულ გოიმს სახლში დიდი პატივით ისტუმრებდა, ძვირფას სამოსში გამოწყობილი, მაგიდაზე ფეხებშემოწყობილი და ტორტის კრემით სახემოთხვრილი „პიავკა“ ისტერიკულად ხარხარებდა. თან, იმეორებდა: „კოტიკ! შე ფარჩაკო! შე კვერცხო! ისევ გაგედო ბაირამ-დუდუკში?! ჯერ სად ხარ, კაზინოს წინ სანაგვეში რომ დაიწყებ ქექვას, მაშინაც არ შემეცოდები. მე გრაფი „პიავკა” ვარ!“
***
კოტე ჩხეიძე ბრახუნმა გამოაღვიძა. ადგა. მიაყურადა და დარწმუნდა, რომ მისი სახლის კარზე აბრახუნებდნენ. ფანჯარასთან მივიდა. გაიხედა და ირგვლივ შეკრებილ საპატრულო ეკიპაჟებს მოჰკრა თვალი, რომლებიც მის სახლთან ფუტკრებივით ზუზუნებდნენ. მასპინძელმა კარი გააღო და ზღურბლზე მდგომი ფორმიანი ოფიცრები დაინახა. მათ შორის, სამოქალაქო სამოსში გამოწყობილი ორი მამაკაციც იმყოფებოდა. ერთ-ერთმა ჩხეიძეს ჰკითხა:
– კონსტანტინე ჩხეიძე თქვენ ბრძანდებით?
– დიახ. რაშია საქმე? – კითხვა შეაგება მასპინძელმა სამოქალაქოფორმიანს, თან „ნაბეღლავის“ ბოთლი მოიყუდა. ბოლომდე ჩაცალა და თავისთვის თქვა, – თავი მისკდება პახმელიისგან. საშინელებაა ეს ვისკი. ვსიო, აღარ დავლევ.
– თუ შეიძლება, შემოვალთ და ყველაფერს აგიხსნით, – თქვა სამოქალაქოსამოსიანმა.
მასპინძელი გვერდზე გაიწია. დაუპატიჟებელი სტუმრები ხელით შეიპატიჟა უზარმაზარ სახლში და თქვა:
– მობრძანდით.
ხუთიოდე ფორმიანი პატრული და ორი სამოქალაქოსამოსიანი ახალგაზრდა მამაკაცი ფეშენებელურ ოთახში შევიდნენ და პროფესიული თვალმახვილობით შეათველიერეს იქაურობა. მასპინძლის მიპატიჟების მიუხედავად, პატრულები ფეხზე დარჩნენ. სამოქალაქოსამოსიანები და კოტე ჩხეიძე კი მდიდრულ, ტყავგადაკრულ, იტალიურ სავარძლებში მოკალათდნენ. მასპინძელმა მათ უთხრა:
– გისმენთ, ბატონებო. რისთვის გარჯილხართ, რა მოხდა?
– მე შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის მაიორი, პეტრე კაშია ვარ, – წარმოუდგა მასპინძელს პირველი სამოქალაქოფორმიანი მამაკაცი. მერე მეორისკენ გაიშვირა ხელი და დააყოლა, – ეს კი ჩემი კოლეგა, კაპიტანი ვასილ გოცირიძეა.
– გისმენთ, ბატონო ოფიცრებო. ბრძანეთ, რაშია საქმე? რისთვის გარჯილხართ ამდენი ხალხი. ეტყობა, რაღაც სერიოზული მოხდა.
– რამდენიმე კითხვა უნდა დაგისვათ, ბატონო კონსტანტინე. სად ბრძანდებოდით წუხელ, უფრო სწორად, ამ დილით, ექვსსა და შვიდ საათს შორის? – ჰკითხა კაშიამ მასპინძელს.
– აქ, სახლში, თანაც მაგრად მეძინა და თქვენ რომ არ გაგეღვიძებინეთ, ალბათ, შუაღამემდე ვიძინებდი, – მიუგო მასპინძელმა.
– დარწმუნებული ხართ ამაში?
– მილიონი პროცენტით, – მხრები აიჩეჩა ჩხეიძემ.
– შეუძლია ვინმეს, თქვენი სიტყვები დაადასტუროს?
– სამწუხაროდ, არა. ჩემი მეუღლე, ნონა ამჟამად ბათუმში ისვენებს, ზღვაზე. ჩვენ აქ მარტო ვცხოვრობთ და დამხმარე, ასე ვთქვათ, მოსამსახურეც კი არ გვყავს. ასე რომ, სიტყვაზე უნდა მენდოთ.
– რომელ საათზე დაიძინეთ?
– დაახლოებით დილის ექვსის ნახევარზე. მაშინვე, როცა კაზინოდან დავბრუნდი სახლში.
– რომელი კაზინოდან?
– კაზინო „გრალბადან“.
– კაზინო „გრალბაში“ რამდენ ხანს იყავით?
მასპინძელი შეიშმუშნა. კეფა მოიფხანა და თქვა:
– თითქმის მთელი სუტკა.
– როგორ, როგორ? – ვერ მიხვდა კაშია.
– თითქმის მთელი დღე-ღამე, – თქვა ჩხეიძემ, – ცოტა არ იყოს, აზარტული ვარ და „რულეტკაზე” თამაში მიყვარს. როცა ნონა არაა სახლში, თითქმის მთელ დროს კაზინოში ვატარებ.
– იგებთ თუ აგებთ? – ღიმილით, „ჯიგრულად” ჰკითხა კაშიამ.
– ამ ბოლო დროს ცუდ პალასაზე ვზივარ. აი, მაგალითად, წუხელ, ოცი ათასი დოლარი დავტოვე მაუდზე.
– გასაგებია, – თქვა კაშიამ. შემდეგ თავის კოლეგას გახედა, რომელიც უხმოდ იჯდა. ბოლოს კი ჩხეიძეს მიუბრუნდა:
– ბატონო კონსტანტინე, ოცი ათასი დოლარის წაგება იოლი არაა და ალბათ, ცოტა გაბრაზდით კიდეც ამის გამო.
– მოგება და წაგება ძმები არიან. ხან ისეა, ხან ასე. წაგება ვის უხარია, – მხრები აიჩეჩა მასპინძელმა.
– სიბრაზეს როგორ გამოხატავთ ხოლმე? – იკითხა კაშიამ, რომელსაც გულში უხაროდა, რომ მთავარ სათქმელამდე ოსტატურად მივიდა.
მასპინძელმა გაოცებით შეხედა მაიორს. შემდეგ კოპები შეიკრა და უთხრა:
– მოიცა, მოიცა, მაიორო. მგონი, რაღაცას ვხვდები. კაზინოში პატარა ხიპიში ავტეხე, ვისკიანი ჭიქაც კი მოვარტყი კამერას და ამის გამო ხომ არ მიჩივლა „პიავკამ?”
– „პიავკაში” ვის გულისხმობთ? – დაზუსტება სცადა კაშიამ.
– ალბერტა ბაბაიშვილს, – ზიზღით თქვა ჩხეიძემ, – მაგან შეგაწუხათ ამდენი ხალხი?
კაშიამ კითხვას არ უპასუხა და მასპინძელს ჰკითხა:
– ბატონო კონსტანტინე, შეგიძლიათ, გაიხსენოთ?
გაგრძელება შემდეგ ნომერში