№40 მშობლები განათხოვარი გოგოს ცოლად მოყვანას მიშლიან
ინტიმური საუბრები
ცხოვრება რომ ბრძოლაა ეს ვიცოდი, მაგრამ საკუთარი ბედნიერებისთვის თუ ამხელა ძალისხმევა და ბრძოლა დამჭირდებოდა, მით უმეტეს, საკუთარ მშობლებთან, ამას ვერასდროს წარმოვიდგენდი. როცა ნინი გავიცანი, თავიდანვე მივხვდი, ეს გოგო ჩემთვის იყო დაბადებული. სადა, ბუნებრივი, ცქრიალა და უშუალო ბუნებით მომხიბლა. ზუსტად ისეთი იყო, როგორი გოგოც მინდოდა, გვერდით მყოლოდა. დაახლოებით, ექვსი თვე ვხვდებოდით ერთმანეთს. არაფერი დაუმალავს. მითხრა, რომ გათხოვილი იყო, ქმარი სასტიკად ექცეოდა. გაშორდა და ნანობდა იმ წლებს, რაც მის გვერდით გაატარა. ამის გამო არ დამიწუნია. პირიქით, უფრო დავაფასე, რომ ეს ყველაფერი მანამდე მითხრა, სანამ ჩვენს შორის სერიოზული გრძნობა ჩამოყალიბდებოდა. მოკლედ, გადავწყვიტე, მასთან ერთად ოჯახის შექმნა და ეს ამბავი მშობლებსაც გავუმხილე. გამომკითხეს, როგორი გოგოა, რა აქვს დამთავრებული, სად მუშაობსო... ფოტოებიც ვანახე და მოეწონათ. კარგი გოგოა, დასაწუნი არაფერი აქვსო. მაგრამ, როგორც კი შევაპარე, განათხოვარია-მეთქი. სკანდალი მოაწყვეს. არ დავინახოთ ჩვენს სახლში ფეხი შემოადგას, განათხოვარი რძალი ერთიც გვეყოფა, ახლა მეორეო... დაილია ამ ქვეყანაზე გასათხოვარი და პატიოსანი გოგოებიო. ვეკამათე, ვუხსენი, მაგრამ ვერაფერი შევაგნებინე. ჩემმა ძმამაც განათხოვარი გოგო მოიყვანა ცოლად, თანაც შვილიანი. მაგრამ მაშინ დიდად არ გაჯიუტებულან და არც წინააღმდეგობა გაუწევიათ, მხოლოდ, იმის გამო, რომ ის მდიდარი ოჯახის შვილია, საკუთარი ბინა და მანქანა ჰყავს და შემოსავლიანი სამსახური. იმის გამო, რომ ნინი მილიონერი არ არის და სამსახურშიც მიზერულ ანაზღაურებას იღებს, ნამდვილად არ ვიტყვი მის ცოლობაზე უარს. მისი განათხოვრობა კი მე არ მაინტერესებს. რაც ვიცნობ, ვაკვირდები და ამ ადამიანში ვერაფერი დავინახე, რაც გამაღიზიანებდა, მეწყინებოდა და დამაფიქრებდა. მეც ვმუშაობ, ისიც და ერთად ყველაფერს შევძლებთ. მაგრამ, ჩემი მშობლები კატეგორიული წინააღმდეგი არიან. არ შევეკითხები, მოვკიდებ ხელს და მოვიყვან ცოლად, მაგრამ სად ვიცხოვროთ? ჩემი მშობლები სახლში არ გვიშვებენ, ბინის ქირაობის თავი არ გვაქვს და ნინის ოჯახიც საკმაოდ პატარა ბინაში ცხოვრობს. თან, სიმართლე რომ ვთქვა, მათთან ვერ ვიცხოვრებ. მისი დედ-მამა, ძმა და რძალი სულ ახლახან გავიცანი. მათაც იგივე კითხვა დამისვეს: იციან შენმა მშობლებმა, რომ ნინი განათხოვარიაო. მერე არ იყოს პრეტენზია, თორემ ამას ნამდვილად ვეღარ გადაიტანს. პირველი სტრესი, გაშორების შემდეგ, ჯერაც ვერ მოუნელებიაო. ვხვდები, განათხოვრობის გამო, ძალიან დათრგუნულია ნინი. რცხვენია და საზოგადოებაში ამ ფაქტს მალავს. ჩემმა მშობლებმა რომ სულ ეს ეძახონ, ალბათ, ჩემზეც უარს იტყვის და საბოლოოდ, დაენგრევა ცხოვრება. მე ამას ვერ გადავიტან. გამოუვალ სიტუაციაში ვარ, ვეღარ ვხვდები, რა გავაკეთო. არც ნინის დაკარგვა მინდა და მასთან ცხოვრებასაც ვერ ვახერხებ. ეს კი, ჩემი მშობლების ბრალია, რომლებიც ელემენტარულს ვერ მიგებენ. ვერ ხვდებიან, რომ ცხოვრებას მინგრევენ და ჩემს გრძნობას პატივს არ სცემენ.
ნიკუშა, 27 წლის.