№40 ძნელია, იყო... კაცი
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹38-39(874)
***
ორმოცდახუთი წლის, ჯერ კიდევ ახალგაზრდული იერის მქონე, სპორტული აღნაგობის ქალმა, ელეგანტური გარეგნობითა და სახის ნაკვთებით, მანქანის გასაღები შემოსასვლელში, კომოდზე მდგარ ლარნაკში ჩააგდო და ნავაჭრით სავსე ჩანთები ოთახში შეიტანა. დივანზე წამოწოლილმა გოგომ, ყურსასმენებით ყურებში, ვერც კარის ხმა გაიგონა და ისე იყო გართული რაღაცის მოსმენით, ქალის შესვლაც არ შეუნიშნავს.
– მარინკა! – დაუძახა ქალმა, – მარინკა! – აუწია ხმას.
გოგონას არ შეუხედავს, რიტმს აყოლილი თავს აქნევდა და იღიმებოდა. ქალი მიუახლოვდა და ყურსასმენები ყურიდან გამოაცალა.
– დედა?! უკვე მოხვედი? არც გამიგია, როგორ შემოხვედი.
– კარიც ღია დაგიტოვებია. რამდენჯერ გაგაფრთხილე.
– კარგია, რომ მოხვედი, მომშივდა.
– მარიკუნა, კარტოფილი მაინც შეგეწვა. მეც მშია და დაღლილი ვარ.
– დე, ნუ წუწუნებ, – გოგომ ყურსასმენების ისევ ყურში ჩატენა დააპირა, რომ რაღაც გაახსენდა, – იცი, რომ ის კახპა ვნახე?
– ასე ნუ მოიხსენიებ, ხომ გთხოვე.
– რატომ? – წარბები გაოცებით ასწია გოგომ, – არ იმსახურებს?
– ერთია, რას იმსახურებს, მეორე – რის უფლებას ვაძლევთ საკუთარ თავს ჩვენ. მოგწონს თუ არ მოგწონს, ის მამაშენის ცოლია.
– ჰმ, ცოლი... მამაჩემი სულელია. მაგრამ, შენ რატომ მიეცი უფლება, ბოლომდე მოექცია კლანჭებში. საერთოდ არ გიბრძოლია.
ქალმა სევდიანად გაუღიმა.
– მარიკუნა, პატარა ხარ ჯერ ისევ. რისთვის უნდა მებრძოლა ან ვისთან, წარმოგიდგენია მაინც?
– მამაჩემი თუ გიყვარდა, უნდა გებრძოლა. ახლა რომ იმ კახპასთან ცხოვრობს, შენი ბრალიც არის.
– წავალ, ჩანთებს ამოვალაგებ და კარტოფილს შევწვავ, – წამოდგა ქალი.
– არ გაინტერესებს, სად ვნახე?
– არა.
– დე, მე ხომ ვიცი, რომ სულ მამაზე ფიქრობ, დარდობ და ნერვიულობ.
– პირიქით, ვცდილობ, მამაშენი დავივიწყო, მომეცი ამის საშუალება.
– რაღაც არ გეტყობა. თუ მამაჩემის დავიწყება გინდა, ვიღაცას უნდა შეხვდე, სხვა კაცს. შენ კი რას აკეთებ? თავს საერთოდ არ უვლი.
– მარიკუნა, რა დაგემართა დღეს? რატომ გადამეკიდე?
– იმიტომ რომ, გაცოფებული ვარ. რატომ უნდა იყოს ის ძუკნა ბედნიერი, შენ კი... შენ, შენ... – ენა დაება გოგოს, – ახალი მანქანა უყიდა. ისეთ სამკაულებს ჩუქნის, შენთვის არასდროს რომ არ უყიდია.
– საყვარელო, მე არ მაღელვებს ეგ ამბავი, – ქალი შვილს მოეხვია, ჩაიხუტა და უცებ, მარკეტში დღევანდელი შეხვედრა გაახსენდა. ვიღაცის დაჟინებული მზერა იგრძნო და შემობრუნდა. მაშინვე იცნო და გულში უსიამოვნოდ გაკენწლა. თავს ვეღარ დაიძვრენდა, ქალი პირდაპირ სახეში მისჩერებოდა. შეძლო და ნაძალადევად გაუღიმა. თითქოს ამას ელოდა, კოკას დედა მისკენ გაქანდა და მოეხვია.
– თინა დეიდა, როგორ გამიხარდა თქვენი ნახვა, – კარგად გამოიყურებით, სულ არ შეცვლილხართ, – ამ სიტყვებში სიმართლის მარცვალი იყო, მაგრამ სიხარული – ნაკლებად.
– ჩემო გოგო, თვალებს არ ვუჯერებ. როგორ მინდოდა, მენახე. რაც შენი და ვახოს ამბავი გავიგე... ნაძირალა, საყვარელი როგორ გაიჩინა, შენ როგორ გიღალატა?
უმწეოდ მიმოიხედა გარშემო. ხსნა არსაიდან ჩანდა.
– რა დროს ეგ ამბებია, თინა დეიდა. მე აღარც კი მახსოვს, – გაუკვირდა, რომ გაღიმება შეძლო.
ქალმა მკლავზე მოჰკიდა ხელი, ტუჩები ყურთან ახლოს მიუტანა და საიდუმლოდ ჩაულაპარაკა.
– თავი არ უნდა მოიტყუო. არ იმსახურებ ამას. ხალხი ლაპარაკობს, რომ შენს ქმარს იმ ქალმა თავგზა აურია.
– თინა დეიდა, ის ქალი უკვე ჩემი ყოფილი ქმრის ცოლია. სხვისი პირადი ცხოვრება კი ჩემი საქმე არ არის.
ქალმა სინანულით გადააქნია თავი.
– ცდილობ, შენი ტკივილი სხვას არ დაანახვო და გმირულად უძლებ, მაგრამ მე ხომ ვიცი, შენს გულში რა ხდება. ეჰ, კოკას როგორ უყვარდი...
„კოკას როგორ უყვარდი, კოკას როგორ უყვარდი...“ ზარივით დარეკა ამ სიტყვებმა და ღრმად ჩარჩა მეხსიერებაში. კარტოფილს რომ თლიდა, უნებლიეთ კოკაზე ფიქრი აეკვიატა. იცოდა, პირველივე დღიდან ხვდებოდა, რომ ბიჭს უყვარდა. ეს სამნი სულ ერთად იყვნენ იმ დღიდან, რაც დედებმა სკოლაში მოიყვანეს. პატარა, წაბლისფერთმიანი გოგონა ბიჭებს შუაში ჩაუდგა, ორივეს მაგრად ჩასჭიდა ხელი აქეთ-იქიდან და მას მერე აღარ გაუშვია. როდის გახდა ერთი უფრო ძვირფასი მეორეზე, ამის დაკონკრეტება გაუჭირდებოდა. უბრალოდ, ვახოს დანახვაზე გული უჩქარდებოდა და ფერს კარგავდა. გაურბოდა ბიჭთან შეხვედრას. ზუსტად ისე, როგორც კოკა გაურბოდა მასთან შეხვედრას. თვალს არიდებდნენ – ის ვახოს, ვახო – კოკას, კოკა – მას. იყო კი ეს სიყვარული გრძნობა, რომელმაც ოცი წლისას საქორწინო კაბა ჩააცვა და ერთგულების ფიცი დაადებინა? ხედავდა, როგორი გაფითრებული იდგა კოკა ვახოს გვერდით. შუბლზე სიმწრის ოფლი ასხამდა. ბედნიერი იყო და სხვის უბედურებას დიდად არ შეუწუხებია. იქნებ, უბედურადაც არ მიიჩნია. კოკა... იცოდა, ვახო ცოლს რომ ღალატობდა? შეიძლება, იცოდა და უხაროდა, – ქალი, რომელმაც მისი სიყვარული უარყო, ახლა სამაგიერო ტკივილს, იმედგაცრუებასა და შეურაცხყოფას მიიღებდა. მარინკა მართალი იყო, როცა ამბობდა, ქმრისთვის არ გიბრძოლიაო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვახოს წასვლამ არ დაანგრია. გაუშვა სკანდალის გარეშე. გაუშვა იმიტომ, რომ მიხვდა, გაცილებით დიდი უბედურება იქნებოდა, კისერზე ჩამოჰკიდებოდა და ისტერიკაში ჩავარდნილს ცრემლების ფრქვევით ეთხოვა, დარჩიო. ვინ იცის, იქნებ ვახო დარჩენილიყო კიდეც, კარი რომ გაოცებულმა გაიხურა – გაოცებულმა ცოლის მშვიდი გამომეტყველებით. ხელიც არ აჰკანკალებია, ტანსაცმელს რომ ულაგებდა. ვახომ ჰკითხა კიდეც, ხომ კარგად ხარო. მხოლოდ თავად იცოდა, რად უღირდა სიმშვიდის შენარჩუნება და მოჩვენებითი გულგრილობა. ხმამაღლა ამას არ იტყოდა. ღირსების განცდა ამ ყველაფერზე მაღლა იდგა. იმდენად მაღლა, რომ ჩუმად ტანჯვა ამჯობინა. ჰო, სიამაყემ სძლია. საკუთარ თავზე მეტად არ უყვარდა ქმარი – ამას მიხვდა. მაგრამ, იმაზე მაინც დარდობდა, რომ ოჯახი დაენგრა. ენატრებოდა ვახო, რომელიც ჯერ ისევ ერთადერთ მამაკაცად რჩებოდა ქალის ცხოვრებაში. „კოკას როგორ უყვარდი...“ – ტკივილმა გამოაფხიზლა. დანა იატაკზე მოისროლა, გასისხლიანებული თითი პირისკენ გააქანა და ხმამაღლა ატირდა.
***
რატომ უნდა გაუჩნდეს სურვილი კაცს, უღალატოს ქალს, რომელიც უყვარს, თანაც, უყვარს ისე, რომ მზად არის მის დასასაკუთრებლად მთელ ქვეყნიერებას აუმხედრდეს... რა თავხედი ვინმეაო – პირველი ეს გაიფიქრა ვახომ თათია რომ დაინახა. თუმცა, მისი დანარჩენი ღირსებებიც არ დარჩენია შეუნიშნავი. ზუსტად იმ მომენტში ვახოსთვის რომ ვინმეს ეთქვა, ამ ლამის შვილის ტოლა გოგოსთან რომანს გააბამ, ოჯახს დაანგრევ და ცოლად შეირთავო, გაიცინებდა. ამ სისულელის მთქმელს კი ეტყოდა, როგორ ირეოდა თამუნაზე, როგორ მიაჩნდა თავის კეთილ თილისმად და უზარმაზარი, დადებითი ენერგიის წყაროდ. თუ რამეს მიაღწია ცხოვრებაში, დიდწილად ცოლის ხელშეწყობითა და დამსახურებით. ამას იქამდე ყვებოდა სიამაყით, ვიდრე თათიას დაგებულ ბადეში ბოლომდე არ გაიხლართა.
თვალები რომ გაახილა, თათია მის გვერდით აღარ იწვა. ტუმბოდან სათვალე აიღო, გაიკეთა და ცოლს ხმამაღლა გასძახა:
– საყვარელო!.. საყვარელო!..
არავინ უპასუხა, მაგრამ სააბაზანოს მჭიდროდ მიხურულ კარს მიღმა წყლის ჩხრიალი გაიგონა, რასაც დაკეტილი ონკანის ხმაურიც მოჰყვა. მალე ღუნღულა, ძვირფას ხალათში გახვეული თათია გამოჩნდა. თმაზეც პირსახოცი ჰქონდა შემოხვეული. საწოლის კიდეზე ჩამოჯდა და გაუღიმა.
– დღეს რა გეგმები გაქვს? – ჰკითხა და ხალათზე ქამარი შეიკრა.
– რამდენიმე საქმიანი შეხვედრა მაქვს. მერე კოკა უნდა ვნახო. არ დაურეკავს. შენთანაც არ მოსულა?
თათიამ თავი გააქნია და მხრები აიჩეჩა.
– რატომ უნდა მოსულიყო?
– აეროპორტში რომ მაცილებდა, დავუბარე, თუ ფული დაგჭირდება, თათიას მიაკითხე-მეთქი. ხომ იცი მისი ფინანსური მდგომარეობა. დედამისი კი მუშაობს, მაგრამ მისი აღებული კაპიკები რაში უნდა ეყოთ? რატომ არ დაგირეკა?
– თათიამ წარბი ასწია.
– ვერ ვხვდები, ამ ყველაფერს რატომ მიყვები?
ვახომ ცოლს საყვედურნარევი მზერა მიაპყრო.
– ვიცი, რომ კოკა გულზე არ გეხატება, მაგრამ ის ჩემი მეგობარია, დიდი ხნის მეგობარი. ხელს ვერ ვკრავ.
– არავინ გეუბნება, ხელი ჰკარიო, გყავდეს. შენი ნებაა, მაგრამ ჩემიც ხომ უნდა გაიგო? – მარტო ის მესმის „ჩემი მეგობარი“, „ჩემი შვილი“, „ჩემი ყოფილი ცოლი“... დავიღალე. მე სად ვარ? საინტერესოა, რომელ საფეხურზე? შენი ცხოვრების რომელი რგოლი ვარ?
– თათია, არ ვიმსახურებ შენგან ასეთ საყვედურებს. ბოლოს და ბოლოს...
– ჩუმად. არ მითხრა, შენი გულისთვის ოჯახი მივატოვეო, თორემ აღარ გაპატიებ. ძალიან, ძალიან გავბრაზდები. ისე გამოდის, რომ მაყვედრი. შეურაცხყოფილი ვარ.
– აბა, რას ამბობ, საყვარელო. რას გაყვედრი, მაგრამ ვალდებულებები მაქვს, რასაც უბრალოდ, ვერ ვუღალატებ.
– მე კი მიღალატებ, ხო? – წამოხტა ქალი. ხალათის კალთა გადაეწია და შიშველი მკერდი თითქმის მთლიანად გამოუჩნდა, – ჯანდაბა, რატომ მანერვიულებ?
ვახომ თვალი ვერ მოსწყვიტა. ცოლისკენ ორივე ხელი გაიწოდა და სთხოვა:
– მოდი აქ... მოდი ჩემთან...
– არა. არ მცალია. მალე მასაჟისტი მოვა, პროცედურას ვერ გავაცდენ. ქვემოთ უნდა ჩავიდე.
– ვეცდები, სადილამდე მოვრჩე საქმეებს და სადმე წავიდეთ. რესტორანი შენ შეარჩიე.
– თათიამ ტუჩები აიბზუა.
– ამით გინდა, ჩემი გული მოიგო? იაფფასიანი სადილით?
ვახომ ამოიოხრა.
– მითხარი, რა გინდა, ოღონდ ასეთი სახე ნუ გაქვს. არ შემიძლია, გიყურო ცუდ გუნებაზე მყოფს.
– ერთი კვირა იყავი წასული. ჩამოხვედი და მაინც იმაზე მელაპარაკები, რომ ვიღაც-ვიღაცების წინაშე ვალდებულებები გაქვს.
– ორი-სამი საათით გავალ, თათი, მხოლოდ ორი-სამი საათით. შენ მასაჟს სანამ მორჩები და მერე მოემზადები, დავბრუნდები.
– მერე რას გავაკეთებთ?
– რაც გინდა, – მხრები აიჩეჩა ვახომ, – შენ მიბრძანე, მე შევასრულებ.
– სულერთია, რას მოგთხოვ? – თვალები მოწკურა თათიამ.
– სულერთია. პირობას გაძლევ, წარბსაც კი არ შევიხრი.
– კარგი, მოვიფიქრებ რამეს... – მრავალმნიშვნელოვნად ჩაილაპარაკა თათიამ და ქმარს მაცდურად გუღიმა, – ორი-სამი საათი ითხოვე – არ დაგავიწყდეს!
ვახომ ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა ცოლს და მობილურს დასწვდა.
***
კაცებს ყველაფერზე საკუთარი შეხედულება აქვთ. შეიძლება, კამათს თავი აარიდონ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გეთანხმებიან. დუმილი კიდევ უფრო საშიშია. შემთხვევით არ აფრთხობს ქალს კაცის გარინდული მზერა. მაშინვე ეჭვის ჭია იღვიძებს და ბუნებრივად ჩნდება შეკითხვა – ვისზე ფიქრობს ახლა? სხვა ქალზე ხომ არა?! ეჭვის ჭია კი ისეთი საზიზღარია, თუკი ერთხელ გაიღვიძა, მერე ვეღარაფრით მიაძინებ. აღარ გაჩერდება და მორჩა – სისულელეს სისულელეზე გაგაკეთებინებს, საღ აზრს ჩაგიხშობს და ემოციებს აყოლილს ბურთივით გათამაშებს. ჭკვიანებმა იციან, რატომ არ უნდა გამოაფხიზლონ ეჭვის ჭიაყელა. მაგრამ, არის შემთხვევები და ჩვენი ცხოვრება ასეთი შემთხვევებით სავსეა, როცა ჭკუას ემოცია სჯაბნის.
თამუნას ყოველთვის მიაჩნდა, რომ მისი და ვახოს ურთიერთობა სიყვარულის გარდა, ნდობაზეც იყო დამყარებული. ამიტომაც არ იქექებოდა მის მობილურში, პირად ნივთებში. არ უსვამდა ზედმეტ შეკითხვებს და არ აშინებდა მისი დუმილი თუ ჩაფიქრებული გამოხედვა. უბრალოდ, ბედნიერი იყო. აი, ასე მარტივად. მაგრამ, ვინ მოასვენა? „კეთილისმსურველებს“ რა გამოლევს. ჰოდა, თამუნასაც მოუტანეს ამბავი, რომ ქმარი ღალატობდა. არ დაიჯერა, გაიცინა, „გაატარა“, მაგრამ ეჭვის ჭიამ გაიღვიძა. ჯერ „ულვაშები“ ააცმაცუნა, მერე თავი წამოჰყო და ქალი აიძულა, ჩუმ-ჩუმად გადაემოწმებინა ქმრის ერთგულება. არაფერი. მობილურში საქმიანი ზარები და მესიჯები, მზრუნველი გამოხედვა, საჩუქრები, ყურადღება და სითბო... მაგრამ ეჭვის ჭია არ გაჩერდა, არ მოისვენა. ქალიც არ მოასვენა. უფრო ყურადღებიანი და ფრთხილი გახდა. ვინც ეძებს, ის პოულობს კიდეცო. ან, შეიძლება, სიყვარულის სითამამემაც ითამაშა გადამწყვეტი როლი. გოგო ავტოსადგომზე დახვდა. დამცინავად ახედ-დახედა, მერე მზერა მანქანაზე გადაიტანა. ჩემი უკეთესიაო, – წაილაპარაკა ტუჩაბზუებით და თმა ამაყად შეისწორა. გაოგნებულმა თამარმა დააპირა ეკითხა, შენ ვინ ბრძანდებიო, მაგრამ გოგომ დაასწრო:
– შენს ქმარს რომ აღარ უყვარხარ, ვერ ხვდები? ჭკვიანი ქალიაო, მითხრეს შენზე და აბა, სად ჩანს შენი ჭკუა. როგორ აგრძელებ იმ კაცთან ცხოვრებას, რომელსაც არ უნდიხარ, თვალი გასაქცევად უჭირავს და მხოლოდ სიბრალულის გრძნობა აკავებს.
ქალს თითქოს ურო ჩაარტყეს თავში. წონასწორობადაკარგულმა ძლივს მოახერხა ბალანსის აღდგენა, „ჭკვიანი ქალი“ სალანძღავი სიტყვებივით ჟღერდა ამ გოგოს პირიდან. ერთბაშად ყველაფერმა აზრი დაკარგა. მოეჩვენა, რომ შინაგანად ელოდა იმას, რაც მოხდა. თითქოს მზადაც იყო. შებრუნდა და უკანვე ავიდა სახლში. ოფისში აღარ წასულა. საქმე ჰქონდა, მნიშვნელოვანი საქმე, გადაუდებელი და საშური. მშვიდად აღებდა კარადებს. კომოდის უჯრებს. ერთმანეთის მიყოლებით იღებდა პერანგებს, პულოვერებს, წინდებს, პიჯაკებს... დაიღალა. საწოლის კიდეზე ჩამოჯდა და მიმოიხედა. უყვარდა ეს ოთახი, რომელმაც ნელ-ნელა შეიძინა სიმყუდროვე... საწოლი, ფარდები, იატაკზე დაგებული ხალიჩა – ყველაფერი ერთად შეარჩიეს. როგორ უხაროდათ მაშინ... გული შეეკუმშა და ეტკინა. არა, სისუსტე ახლა არაფერში გამოადგებოდა. ბოლომდე უნდა მიეყვანა ის, რაც დაიწყო. უფრო სწორად, დააწყებინეს.
– დედა, რას აკეთებ? – ჯერ კართან მდგარი შვილის გაფართოებული თვალები დაინახა, მერე მარინკას ხმაც გაიგონა.
– მამაშენს საყვარელი ჰყავს, – უთხრა ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე. მოკლედ, მაგრამ ისეთი ტონით, რომ თვითონვე შეაჟრჟოლა.
– მერე?
გაგრძელება შემდეგ ნომერში