კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№40 მორბენალი ალიბი

თათია ფარესაშვილი ნინო წულუკიძე

ჟორჟ სიმენონი


გვამი მალევე იპოვეს ბულონის ტყეში, ფიჭვების ხეივანში, სადაც ყოველთვის ხალხმრავლობააა. თუმცა, გვან ღამით არავის დაუნახავს, ვინ მოკლა საკმაოდ პოპულარული ექიმი ერნსტ ბორმსი. ერთადერთი ტყვია პირდაპირ გულში ჰქონდა მოხვედრილი და მიწაზე პირქვე ეგდო. ძარცვა მაშინვე გამოირიცხა. მოკლულს თან ჰქონდა საკმაოდ ძვირფასი საათი, ასევე საფულე და მოოქრული პორტსიგარი ინიციალებით. ქალების ნებიერს, ექიმ ერნსტს არც ცოლი ჰყავდა და არც მტრები. ვალებიც არასდროს ჰქონია. ექსპერტიზამ დაათვალიერა და დაასკვნა, რომ მკვლელობა მცირეკალიბრიანი პისტოლეტით მოხდა. ასეთ იარაღს ძირითადად ქალები ირჩევენ, ხოლმე, მაგრამ დაზუსტებით არაფრის თქმა არ შეიძლებოდა.
– იქნებ მისი რომელიმე საყვარლის გამწარებულმა ქმარმა მოკლა? – ვარაუდი გამოთქვა კომისარი მეგრეს ერთ-ერთმა თანაშემწემ.
– კარგი ვერსიაა, მაგრამ როგორ უნდა გავიგოთ, რომელმა? – მხრები აიჩეჩა მეგრემ, – მე სხვა დავალებას მოგცემთ, სულ ხუთი ადამიანია შემჩნეული ამ მიდამოებში დროის იმ მონაკვეთში, როცა მკვლელობა მოხდა. სამის ვინაობა ცნობილია და ალიბიც აქვთ. აი, ორზე კი თვალთვალის დაწესება მოგვიწევს. უნდა გავიყოთ და ერთმანეთს შევენაცვლოთ. არცერთი წუთი არ შეიძლება, რომელიმეს დატოვება. სამხილები არ არის. სავარაუდო მკვლელი უნდა დავღალოთ, რომ შეცდომა დაუშვას და გამოვიჭიროთ.
ხუთსაათიანი თვალთვალის შემდეგ გამოიკვეთა, რომ უჩვეულოდ იქცეოდა მამაკაცი, რომელზეც მეთვალყურეობა პირადად მეგრემ იკისრა. პირველივე შეხედვით მიხვდებოდი, რომ უცხოელი იყო. საკმაოდ სიმპათიურადაც გამოიყურებოდა. ტანზე კარგად მორგებული პალტო ეცვა. წვერი ოდნავ ჰქონდა ამოსული, მაგრამ მოვლილი კაცის შთაბეჭდილებას ტოვებდა.
– უცხოელია, მაგრამ პარიზი აშკარად კარგად იცის, – უთხრა მეგრემ ჟანვიეს, თავის თანაშემწეს, – უკვე ნახევარი დღეა, დავდევთ და ისე მოძრაობს, სულ ხალხმრავალ ქუჩებს ირჩევს. ცდილობს, თვალთახედვიდან დაგვეკარგოს.
– იმის თქმა გინდათ, რომ შეგვამჩნია?
– რა თქმა უნდა. იცის, რომ კვალში ვუდგავართ.
– ანუ, ექიმი მან მოკლა?
კომისარმა უკმაყოფილო მზერით „დააჯილდოვა“ მიუხვედრელი თანაშემწე.
– მაშინ, რატომ გარბის და სახლში არ მიდის? იქნებ გგონია, ასეთი პალტოს პატრონი კიბის ქვეშ იცხოვრებს. აშკარად რაღაც აქვს დაშავებული. მკვლელია თუ არა, ამას ასე მალე ვერ გეტყვი. სამხილები არ არსებობს. იქამდე უნდა ვდიოთ, სანამ თავად არ მოგვცემს რაიმე ხელჩასაჭიდს. ამას ასე ადვილად არ გააკეთებს, – ამოიოხრა მეგრემ.
მამაკაცი კი საკმაოდ ჭკვიანურად იქცეოდა. გამჭოლი მზერა ჰქონდა და რამდენჯერმე მეგრეს ისე შეხედა, კომისარი მიხვდა, ვერაფერს გამოაპარებდა. მაგრამ, სხვა ტაქტიკა არ ჰქონდა. დღის ბოლომდე უცნობმა ისაუზმა ნენ ჟონის ბარში. ბევრი არ დაუხარჯავს. ორი ცალი მოხარშული კვერცხი მიირთვა და ყავა დალია. მეგრემ მოახერხა, ცალი თვალით ჩაეხედა მის საფულეში და დაინახა, რომ ას ორმოცდაათ ფრანკამდე იყო. არც ისე ბევრი, ანუ თუ საიდანმე „შევსებას“ არ მიიღებდა, ან  სახლში არ მივიდოდა, დიდხანს ვერ გაქაჩავდა და ქუჩაში მოუწევდა ღამის გათენება. არც კომისარი იყო უკეთეს დღეში. საღამოს არაქათგამოცლილმა ძლივს მიათრია ფეხები პატარა სასტუმრომდე, სადაც ეჭვმიტანილი შევიდა. აქ ნომერი 30 ფრანკი ღირდა, მაგრამ მეგრემ ამჯობინა, კიბეზე გაეტარებინა ღამე. ასე უფრო საიმედო იყო. კონიაკს წრუპავდა და ფხიზლად იყო. მაგრამ, მამაკაცი ოთახში რომ შევიდა და კარი მოხურა, დილამდე გარეთ არ გამოსულა. კომისარი მხოლოდ ერთხელ ჩავიდა ადმინისტრატორთან, რომ სტუმრის მიერ შევსებული ანკეტა ენახა და განყოფილებაში დარეკა. ანაბეჭდებით უცხოელების კარტოთეკაში უცნობის იდენტიფიკაცია რომ მოეხდინათ და მაშინვე უკან დაბრუნდა.
დილით სასტუმროს კაფეში ისაუზმეს. მდუმარედ შესცქეროდნენ ერთმანეთს. მამაკაცმა ვისკი დალია. მეგრემ გუნებაში კმაყოფილებით ჩაიღიმა და გაიფიქრა: „მიდი, ხარჯე ფული. მით უკეთესი. ვნახოთ, რას იზამ, ჯიბეში ერთი ფარნკიც რომ არ დაგრჩება“. ამ დილით უცნობი უკვე აღარ ჰგავდა რესპექტაბელურ მოქალაქეს. მართალია, ჯერ არც მაწანწალას იერი ჰქონდა, მაგრამ მის გამოხედვაში იყო რაღაც ისეთი, მახეში გამომწყვდეულ ცხოველს, რომ აქვს ხოლმე.
მეგრემ ცხელი ყავა დალია და ისევ ფეხდაფეხ გაჰყვა უცნობს. მის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ ხუთი საათისთვის დააწიეს. მისი ინტუიცია გამართლდა – როგორც ივარაუდა, მამაკაცი პოლონელი იყო. ლიუკი კომისარს ბულვარ დე იტალენზე მდებარე პატარა ყავახანაში შეხვდა. უცნობი იქ ყავის დასალევად შევიდა და მეგრეც შეჰყვა.
– შეფ, გავარკვიეთ. კონსიერჟმაც იცნო. სტეფან სტრევეცკია. არქიტექტორი. ოცდათოთხმეტი წლის, პარიზში ოთხი წლის წინ ჩამოვიდა. იშვიათი სილამაზის ცოლი ჰყავს – სერბი დორიანა. პასის ქუჩაზე ქირაობენ საკმაოდ კომფორტულ ბინას.
– მდა, მგონი, ვერსია მაქვს, მაგრამ სამხილები? დევნა უნდა გავაგრძელო.
მეორე საღამოს ეჭვმიტანილი უკვე ხიდების ქვეშ ეძებდა ღამის გასათევს, სადაც კარგი ადგილები უკვე დაკავებული აღმოჩნდა. საკმაოდ ყინავდა და  აშკარად, სასტუმროს ფული აღარ ჰქონდა. უკვე ქუჩაში ჭამდა სოსისებს და მოთუშულ ხახვს. პალტო ისე ჩამოეკიდა მხრებზე, როგორც საფრთხობელას ხალათი. წვერგაუპარსავი, მშიერი და ავი გამოხედვით, უკვე მკვლელს ჰგავდა, მაგრამ ეს სამხილი არ იყო. მეგერც არ გამოიყურებოდა უკეთ, მაგრამ არც დანებებას აპირებდა და არც პოსტის სხვისთვის გადაბარებას. უნდა გაეძლო, ხვდებოდა, რომ „ბასტიონი მალე დაეცემოდა“. სტეფანმა ღამე ვაგზალზე გაატარა. მეგრეს თბილი პალტო მოუტანეს სახლიდან თანაშემწეებმა და ცოლის უკმაყოფილებაც გადასცეს. კომისარი თავის ინტუიციასა და გამოცდილებას ენდობოდა. ის, რომ სტეფან სტრევეცკი მკვლელი იყო, მასში ეჭვს აღარ იწვევდა. მხოლოდ იმან გააკვირვა, რომ უკანასკნელი ფრანკებით მან დილის გაზეთი შეიძინა. მეგრემაც მოუთმენლად გადაშალა დილის ქრონიკა და პირველივე გვერდზე წაიკითხა: საიდუმლოებით მოცული გაუჩინარება! ოთხი დღის წინ ახალგაზრდა წყვილი გაუჩინარდა. მათმა დიასახლისმა, პასის ქუჩაზე მდებარე კერძო სახლებიდან, პოლიციას წუხელ აცნობა, რომ სამი დღეა, არ უნახავს ახალგაზრდა ქალბატონი დორიანა სტრევეცკი.  არსად ჩანს მისი ქმარი სტეფანი.
როგორც კი ეს სტრიქონები ჩაიკითხა, მისკენ მომავალი სტეფანი დაინახა
– ვიცი, მე დამდევთ.. ახლა შეგიძლიათ, დამაკავოთ. იმ ნაძირლის მკვლელობას ვაღიარებ.
მეგრემ ყურადღებით შეხედა მამაკაცს.
– მაგრამ ის თქვენ არ მოგიკლავთ, ხომ მართალია? თქვენმა ცოლმა მოკლა.
სტეფანს დაღლილი მზერა ჰქონდა.
– მომისმინეთ, ახლა ამას რა მნიშვნელობა აქვს. თქვენთვის მთავარია, მკვლელობის საქმე გაიხსნას და დამნაშავე დააკავოთ. ტყუილად ხომ არ დამდევდით ოთხი დღე. რადგან ის სამშვიდობოსაა, არაფერს ვნანობ.
– საკუთარ ცოლს გულისხმობთ? დორიანაზე ეჭვის ასაცილებლად მოგვაწყობინეთ ეს დევნა. ის მისი საყვარელი იყო.
– დიახ და საშინლად მოექცა. მე იმედი მქონდა, რომ ამის მერე მაინც დამიბრუნდებოდა, მაგრამ დორიანამ არ აპატია შეურაცხყოფა. ვერ დავუშვებდი, რომ ჩემი სიფრიფანა ყვავილი ციხეში მოხვედრილიყო, თანაც იმ ნაძირლის გამო,  რომელიც სიკვდილს იმსახურებდა.
მეგრემ ამოიოხრა. გაიფიქრა, რომ ზოგჯერ სიყვარული ძალიან დიდ მსხვერპლს ითხოვდა ჩვეულებრივი მოკვდავებისგან. როგორ უნდა დაეკავებინა ადამიანი, რომელსაც არ©ავინ მოუკლავს. ნამდვილი მკვლელი კი, უკვე ალბათ, ძალიან შორს იყო საფრანგეთიდან.  მან სტეფანს შეხედა. ის იღიმებოდა.
скачать dle 11.3