№40 როგორ ატერორებდა ცნობილი კრიმინალი „ჩუქჩა“ „ცეხავიკებს“
„ცეხავიკების“ რისხვა
1940 წელს დაბადებული რაჟდენ საკანდელიძე, კრიმინალურ სამყაროში „ჩუქჩას“ მეტსახელით იყო ცნობილი, თვალების ჭრილის გამო. რაჟდენს „ცეხავიკების“ რისხვას ეძახდნენ, რადგან ფულს სძალავდა იატაკქვეშა მილიონრებს და უარის თქმას ვერავინ უბედავდა. „ჩუქჩა“ სამჯერ იყო ნასამართლევი ქურდობისთვის, ძარცვა-ყაჩაღობისა და მკვლელობის მცდელობისთვის. პირველი ორი „სროკი“ რომ მოიხადა, რაჟდენმა „ცეხავიკებისგან“ ფულის გამოძალვას მიჰყო ხელი და ალბათ, აღარასოდეს მოხვდებოდა ციხეში, რომ არა ინციდენტი რესტორან „არაგვში“. 1974 წლის 18 აპრილს, „ჩუქჩა“ თავის საცოლესთან ერთად ვახშმობდა. მთვრალმა მილიციის მაიორმა რაჟდენის საცოლე საცეკვაოდ გაიწვია და მოხდა კონფლიქტი. საკანდელიძემ „ტეტეს“ სისტემის პისტოლეტით მილიციელი მძიმედ დაჭრა და საცოლის გამო გაქცევა არც უცდია. ის ადგილზევე დააკავეს, გაასამართლეს და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს მკვლელობის მცდელობისთვის. სასჯელს „ჩუქჩა“ ციმბირში იხდიდა. 1975 წლის 4 აპრილს კი, ის მკაცრი რეჟიმის კოლონიიდან გაიქცა. რაჟდენმა „დაკონსერვებული“ გვირაბით ისარგებლა, ზონა დატოვა და ჯერ კიდევ დათოვლილ ტაიგას შეაფარა თავი. მასზე საკავშირო ძებნა გამოცხადდა, მაგრამ მის კვალს ვერსად მიაგნეს. მილიცია ვარაუდობდა, რომ „ჩუქჩა“ ტაიგაში მგლებმა შეჭამეს.
„გამოატანე ათი ათასი...“
ხმები „ჩუქჩას“ ტაიგაში დაღუპვის შესახებ ელვისებურად გავრცელდა და საქართველოშიც ჩამოაღწია. „გაწეწილმა“ „ცეხავიკებმა“ შვებით ამოისუნთქეს, რადგან ისინი ზონაშიც ფულს უგზავნიდნენ რაჟდენ საკანდელიძეს. „ჩუქჩა“ მათ ბარათს სწერდა, მოკლე და კონკრეტული ტექსტით: „ამ წერილის მომტანს გამოატანე ათი ათასი მანეთი. „ჩუქჩა“. უარს ვერავინ ბედავდა და „ცეხავიკები“ კვლავ „იპარსებოდნენ“.
ქართველი „ცეხავიკების“ სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა. 1975 წლის 27 მაისს, საკონსერვო საამქროს მფლობელმა გივი არმაზიძემ „ჩუქჩასგან“ შაბლონური ბარათი მიიღო, რომელშიც საკანდელიძე ათი ათასს ითხოვდა. ბოლოში კი ეწერა: „არ გაბედო მილიციაში წასვლა და დაბეზღება, თორემ ოჯახს გაგიწყვეტ...“ ანალოგიური შინაარსის წერილები მიიღო თბილისში, ქუთაისში, გორსა და სოხუმში, კიდევ თერთმეტმა „ცეხავიკმა“ და ყველამ შეასრულა მოთხოვნა. ბარათები მათთან 36 წლის ბესიკ ვანიძეს მიჰქონდა და ფულსაც მას ატანდნენ. 1975 წლის 26 დეკემბერს ვანიძე ქუთაისელ „ცეხავიკს“, პლასტმასის საამქროს მფლობელს, ოთარ პალესტინიძეს მიადგა და „ჩუქჩას“ წერილი მიუტანა.
თავმობეზრებული „ცეხავიკი“
ოთარ პალესტინიძე იმ „ცეხავიკთაგანი“ გახლდათ, ვისაც „ჩუქჩა“ ყველაზე ხშირად აწუხებდა და საკანდელიძისთვის უკვე 60 ათასი მანეთი ჰქონდა გაგზავნილი. „ცეხავიკმა“ ბარათი წაიკითხა და ფერი ეცვალა. შემდეგ ჩაფიქრდა და ვანიძეს უთხრა:
– ფული ხვალ მექნება. ამაღამ კი ჩემთან წამობრძანდით და მოისვენეთ. კარგად გაქეიფებთ და რბილად დაგაძინებთო.
ბესიკ ვანიძე პალესტინიძეს სახლში იმ იმედით გაჰყვა, რომ მეორე დღეს ფულს მიიღებდა და თბილისში დაბრუნდებოდა. „ცეხავიკმა“ მას დიდებული სუფრა გაუშალა და კარგად აქეიფა. შემდეგ ცალკე ოთახში მოასვენა, თავად კი მილიციაში წავიდა და დააბეზღა.
ხმები „ჩუქჩას“ ტაიგაში დაღუპვის შესახებ, ქუთაისელმა მილიციელებმა იცოდნენ და პალესტინიძეს მონაყოლი საეჭვოდ მოეჩვენათ. თანაც, არცერთ სხვა „ცეხავიკს“ მილიციისთვის არ მიუმართავს და საკანდელიძის გადარჩენის ამბავი „გაბაზრებული“ არ იყო. მილიციამაც იმიტომ არაფერი იცოდა. მაშინ „ცეხავიკმა“ მათ „ჩუქჩას“ ხელით დაწერილი ბარათი უჩვენა. მხოლოდ ამის მერე წაყვნენ მილიციელები თავმობეზრებულ „ცეხავიკს“ და მისი სტუმარი დააკავეს.
მარტოხელა ფარმაცევტი
ბესიკ ვანიძე ქუთაისის მილიციის სამმართველოში წაიყვანეს და „მილიციურად დაამუშავეს“, ანუ სცემეს და სთხოვდნენ „ჩუქჩას“ ადგილსამყოფლის გათქმას. ვანიძემ მათ უთხრა: „ჩუქჩა“ ტაიგაში დაიღუპა გაქცევისას. მე მისი ბავშვობის მეგობარი ვარ, თანაკლასელი. ეს ბარათები ჩემი დაწერილია და ფულს მისი სახელით, ვძალავდი „ცეხავიკებსო“. ვანიძის ცემა-ტყეპა შეწყვიტეს, გამოძალული ფული კი გამოართვეს (130 ათასი). ფული თბილისში, ზემო ვერაზე, საკუთარ სახლში ჰქონდა შენახული ვანიძეს. ამის შემდეგ ის გაუშვეს, რომ საქმე არ აღძრულიყო. ვანიძე მარტოხელა ფარმაცევტი გახლდათ და ზემელზე, ცნობილ აფთიაქში მუშაობდა.
მოულოდნელი ეპილოგი
ქუთაისელი მილიციელები რომ ვანიძის სახლიდან წავიდნენ, მასპინძელი დაფაცურდა. მან საკუჭნაოდან ალესილი პაპისეული ხმალი გამოიღო და ერთი საათი მოიცადა. რომ დაბნელდა, უზარმაზარი კომოდი გადასწია, სარდაფში ჩასასვლელს თავი ახსნა და კიბეებზე დაეშვა. სინათლე აანთო და რკინის ძელზე პირში ჩვარჩატენილ „ჩუქჩას“ უთხრა:
– რას იზამ, ბავშვობის მეგობარო, ასეთი ყოფილა შენი ბედი. უნდა მოგკლა და დაგანაწევრო. შემდეგ კი შენს ნაკუწებს ვერის სასაფლაოზე დავმარხავ, რომ სიმართლე არ გაირკვეს. ყველას ტაიგაში დაღუპული ჰგონიხარ და არავინ დაგიწყებს ძებნას. კარგი საქმე მქონდა გაჩითული, მაგრამ იმ ნაბოზარმა პალესტინიძემ ჩამიშვა და კიდევ კარგი, მილიციელები ღორები არიან. ჭამეს და ფული წაიღეს, მე კი მშრალად გამოვძვერი.
ჩვარჩატენილმა „ჩუქჩამ“ ყმუილის მაგვარი ხმები გამოსცა და თვალებით ევედრებოდა ბავშვობის მეგობარს, არ მომკლაო. ვანიძემ ველურივით გაიცინა და ალესილი ხმალი ყელზე მიადო საკანდელიძეს, რომ თავი მოეკვეთა.
– ეგ, არ ქნა, ვანიძე, თორემ დაგხვრეტენ! – მოესმა ვანიძეს ხმა ზურგიდან. შეტრიალდა და პისტოლეტმომარჯვებული კაპიტანი კაპიტონ ბუაძე დაინახა.
მარტოხელა ფარმაცევტს ხმალი ხელიდან გაუვარდა და შიშისგან გულწასული მიწაზე დაეცა.
კაპიტონ ბუაძე ის იშვიათი პატიოსანი და ჭკვიანი მილიციელი აღმოჩნდა, ვინც ფულს არ დახარბდა და ვანიძისგან ამოღებული ბარათი ექსპერტიზაზე გაგზავნა. ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ბარათი „ჩუქჩას“ დაწერილი იყო. ჭკვიანი კაპიტანი მიხვდა, თუ რაში იყო საქმე და თავისი მექრთამე კოლეგებისგან დამოუკიდებლად, ფარულად ჩამოვიდა თბილისში. როცა მისი კოლეგები წავიდნენ, ვანიძის კერძო სახლში შეაღწია...
კაპიტანმა ბუაძემ ძებნილი „ჩუქჩა“ და ბესიკ ვანიძე ერთად დააპატიმრა და თბილისის მილიციის სამმართველოში მიიყვანა. „ჩუქჩას“ შიშისგან თმა ჰქონდა გათეთრებული და ისე ჩაეხუტა თავის გადამრჩენელ ქუთაისელ კაპიტანს, რომ ძლივს მოაცილეს.
თავის ჩვენებაში „ჩუქჩა“ წერდა: „გაქცევის შემდეგ ბესოსთან მივედი და ვთხოვე, დავემალე. მან კი ღვინოში დასაძინებელი ჩამიყარა და სარდაფში დამაბა. თან, წერილებს მაწერინებდა და ფულს სძალავდა „ცეხავიკებს“.
„ჩუქჩა“ ციხეში დააბრუნეს და 1985 წელს გაათავისუფლეს. ვანიძეს კი, 8 წელი მიუსაჯეს. თუმცა, პატიმრებმა ის რუსეთში ეტაპირებისას მატარებელში მოკლეს.