№40 რა მიზნით შექმნა მძლავრი სადაზვერვო ქსელი და მეხუთე კოლონა ბერიამ თურქეთში
ბერიას, ამ „რკინის კომისრის“ განადგურება ყველაზე მეტად თურქებს გაუხარდათ და ამას თავისი მიზეზები ჰქონდა. ისტორიკოს-მკვლევარი მაქსიმ ზავიალოვი წერს: „როგორც ნიკიტა ხრუშჩოვი წერს თავის მემუარებში, ლავრენტი ბერია ყოველმხრივ აქეზებდა სტალინს, რომ მას თურქეთისთვის დაერტყა და ის ქართული მიწები დაებრუნებინა უკან, რაც თურქეთს ჰქონდა წაღებული. ხრუშჩოვი, ეს გამყიდველი და ნაძირალა ადამიანი (თუ რას ვგულისხმობ, შემდგომში გაიგებთ), პრინციპში, სიმართლეს წერს და ესაა იმ იშვიათი სიმართლეთაგანი, რაც „ნიკიტა სულელს“ უთქვამს სტალინსა და ბერიაზე.
ლავრენტი ბერია, როგორც ქართველთა უმრავლესობა, ძალიან განიცდიდა ძირძველი ქართული ტერიტორიების დაკარგვას და ყოველმხრივ ცდილობდა ტაო-კლარჯეთის დაბრუნებას. სტალინის ნომერი პირველი ამოცანა იყო სრუტეების საკითხი და რომ იტყვიან, ბოსფორის სრუტისკენ „იწევდა“. ბერიას კი ამისთვის ტაო-კლარჯეთის საკითხის მიბმა უნდოდა და სტალინს ამიტომ მოუწოდებდა თურქეთზე ზეწოლის გაძლიერებაზე. შეიძლება ითქვას, რომ თვითნებურად, ბერიამ თურქეთის საწინააღმდეგო, ფარული სადაზვერვო საქმიანობა ფართოდ გააჩაღა და იქ მოკლე დროში კარგად ორგანიზებული სადაზვერვო-დივერსიული ქსელი ჩამოაყალიბა. ეს იყო სამუშაოს პირველი ეტაპი. შემდგომი ეტაპი კი მძლავრი მეხუთე კოლონის შექმნა გახლდათ, რომელიც პირველივე მოწოდების შემდეგ, დიდი ძალებით გამოვიდოდა ქვეყნის შიგნით და საბჭოთა აგრესიის მომზადებასა და ოკუპაციას შეუწყობდა ხელს. ბერიამ, ამ ყველაფერს დიდი წარმატებით გაართვა თავი და თურქეთში შესაჭრელ ოპერაციაზეც დაითანხმა სტალინი, რომელიც 1953 წლის შემოდგომაზე უნდა განხორციელებულიყო. სტალინის გარდაცვალების შემდეგ, ბერიას ხელ-ფეხი გაეხსნა და ქართული მიწების დაბრუნება მხოლოდ და მხოლოდ დროის საკითხი იყო. პოლიტბიუროში ბერიას სრული მხარდაჭერა ჰქონდა და ლავრენტი პავლოვიჩმა უკვე წინასწარ გაამზადა დაბრუნებული ქართული მიწების სწრაფი განვითარების გეგმა. თუმცა, მისმა მოულოდნელმა ლიკვიდაციამ ეს გეგმა გააუქმა. მეტიც, უშუალოდ ხრუშჩოვის დავალებით, იმდროინდელმა საბჭოთა დაზვერვის მეთაურებმა თურქებს მთელი სადაზვერვო ქსელი „ჩააბარეს“ და თურქები მათ სასტიკად გაუსწორდნენ. დაიშალა მეხუთე კოლონაც, რომლებიც უმოწყალოდ ამოწყვიტეს და ქართულ მიწებზე კონტროლი გაასმაგდა. აი, ამას ვგულისხმობდი, როცა ხრუშჩოვს მოღალატე ნაძირალა ვუწოდე. ხრუშჩოვის ეს კრეტინიზმი, ისევე, როგორც სხვა მძიმე დანაშაული, უმძიმესი შედეგებით დასრულდა და სწორედ ამიტომ მოაშთეს „ნიკიტა სულელი“ მისივე კოლეგებმა.
გენერალი პავლე სუდოპლატოვი წერდა: „ბერიას მიერ თურქეთში ჩამოყალიბებული სადაზვერვო ქსელი ერთ-ერთი საუკეთესო იყო ჩვენს უცხოურ რეზიდენტურებში და დიდი სარგებლობაც მოჰქონდა. ხრუშჩოვმა კი ის „ჩაუშვა“ და თავისიანები სასიკვდილოდ გაიმეტა. ეს მიმართულება კი მოაშიშვლა. უკვე მოგვიანებით შევიტყვე, თუ რა სისასტიკით უსწორდებოდნენ თურქები ჩვენს მზვერავებსა და მათ მიერ გადმობირებულ აგენტ-მებრძოლებს. იქ, პრაქტიკულად, არავინ გადარჩა ცოცხალი და ეს მხოლოდ და მხოლოდ ხრუშჩოვის კისერზეა...“
ბერიას სრულიად სამართლიანად უწოდებდნენ „დაზვერვის გენიას“ და მის მიერ შექმნილი ქსელები დღესაც ფუნქციონირებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და უკვე რუსეთის უშიშროებას ემსახურება. ცნობილი საბჭოთა მზვერავი, „კაგებეს“ გენერალ-მაიორი ივან ივანეს ძე აღაიანცი იხსენებდა: „ბერია, გენიალური მზვერავი და დიდი ორგანიზატორი იყო. მე მრავალი წელი ირანში ვიმუშავე საბჭოთა დაზვერვის რეზიდენტად და ყველა დიდ ოპერაციას, პირადად ბერიასთან ვათანხმებდი. მისი რჩევები და ანალიზი ყოველთვის უზუსტესი იყო და რომ იტყვიან, ათიანში არტყამდა და არ აცილებდა მიზანს. ოპერაცია „გრძელი ნახტომი“, რომელმაც დიდ სამეულზე (სტალინი, ჩერჩილი, რუზველტი) თავდასხმა გაანეიტრალა, 1943 წელს თეირანში, ბერიას მიერ სანიმუშოდ დაგეგმილი აქცია გახლდათ და ჩვენ ის კარგად შევასრულეთ“.
ზემოხსენებული ოპერაცია („გრძელი ნახტომი“), რომ წარმატებით არ განხორციელებულიყო, სავარაუდოდ, მსოფლიო ისტორია ცუდი კუთხით შეიცვლებოდა და სტალინის, ჩერჩილისა და რუზველტის ლიკვიდაციას ცუდი შედეგები მოჰყვებოდა. ეს კარგად იცოდა ჰიტლერმა და ამიტომაც დაავალა თავის რჩეულ ტერორისტ ოტო სკორცენს დიდი სამეულის განადგურება, თუმცა ამას ხელი შეუშალა ბერიამ.
„გრძელი ნახტომის“ კიდევ ერთი მთავარი მონაწილე მეორე ლეგენდარული მზვერავი, გევორქ ვართანიანი იხსენებდა: „თეირანის კონფერენციის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე, ჩამოვიდა ბერია ირანის დედაქალაქში ინკოგნიტოდ. შეგვხვდა კონსპირაციულ ბინაზე და პირადი ინსტრუქტაჟი ჩაგვიტარა. ჩემს ჯგუფს „მსუბუქი კავალერია“ ერქვა და მე, 19 წლის ბიჭი ვმეთაურობდი მათ, ასაკითაც ყველაზე დიდი ვიყავი. ყველაზე პატარა სულ რაღაც 13 წლის იყო და მათ შორის, ყველაზე უფროსი – 15-ის. ბერია, ფაქტობრივად, „საბავშვო ბაღს“ შეხვდა, თუმცა წამითაც არ უგრძნობინებია ჩვენთვის, რომ ბავშვებს ელაპარაკებოდა. პირიქით, ყველას დიდებივით მიმართავდა და დავალებებს აძლევდა. ბოლოს კი, როცა შეხვედრა დასრულდა, თქვა: ახლა, ამხანაგებო, კონსპირაციულად დავიშალოთო... მოგვიანებით, ოპერაციის ყველა მონაწილე დაჯილდოვდა და უმაღლესი სამთავრობო ჯილდოები 13-14 წლის ბავშვებმა მიიღეს...“
როდესაც დიდ სამეულზე განეიტრალებული თავდასხმის შესახებ პირადად მოახსენა ბერიამ, სტალინს უთქვამს. ორდენებით დააჯილდოვეთო. ბერიას კი ხუმრობით დაუმატებია: ორდენებით, შოკოლადის კანფეტებითა და ლიმონათებითო. სტალინს რომ უკითხავს ამ სიტყვების აზრი, ბერიას მიუგია:
– ისინი 13-14 წლის ბავშვები არიან, ამხანაგო სტალინ და როგორც ყველა ბავშვს, ამ მზვერავ ბავშვებსაც უყვართ ტკბილეულიო...
მავანთათვის დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია, რომ პოსტსაბჭოურ პერიოდში „ენაამოდგმმულ ჩეკისტთა“ თუ სხვა ფუნქციონერთა პუბლიკაციებსა და გამოსვლებში ბერიაზე უფრო მეტ კარგს ამბობენ, ვიდრე ცუდს. განსაკუთრებით ძველი ჩეკისტები აქებენ თავიანთ ცნობილ კოლეგას. გენერალი მასლენიკოვი კი პირდაპირ წერს: „ლავრენტი ბერია ღვთისნიერი კაცი იყო და ყველა სისაძაგლე მოუგონესო...“ რამდენად მართალია ძველი ჩეკისტი ბერიას „ღვთისნიერებაში“, ალბათ, მხოლოდ ღმერთმა იცის, მაგრამ მას (ბერიას) რომ უამრავი ცილი დასწამეს და ანტიპიარი გაუკეთეს, უდავოა. თვით საუკუნეს მიღწეული მოლოტოვი და კაგანოვიჩი ნანობდნენ ბერიას დამხობაში მონაწილეობას და „პერესტროიკის“ დროს ნატრობდნენ ლავრენტი პავლოვიჩს, რადგან თვალნათლივ ხედავდნენ, რომ მათ მიერ აშენებული ქვეყანა ინგრეოდა. ერთ-ერთი ბურჯი – ბერია კი სწორედ მათმა ვერაგობამ ჩააწვინა მიწაში.“