№40 ვუყვარვარ, არ ვუყვარვარ...
ვუყვარვარ, არ ვუყვარვარ, ვუყვარვარ... მარადიული კითხვა, რომელიც, თითქმის, ყველა ქალს აწუხებს. საქმე ისაა, რომ მამაკაცების უმეტესობას გრძნობებზე საუბარი არ უყვარს. თუ კაცი სიყვარულზე მაღალფარდოვანი სიტყვებით ლაპარაკობს, ღირს დაფიქრდეთ, გულწრფელია თუ არა ამ დროს. ეს კიდევ სხვა საკითხია.
ხშირად ქალები თავს იმტვრევენ ვარაუდებით და ცდილობენ, მამაკაცის ყოველ მოქმედებასა და სიტყვას ახსნა მოუძებნონ... იმდენად დიდია სურვილი, ირწმუნონ მისი სიყვარული. ქალები მზად არიან, საყვარელი მამაკაცისთვის ბოლომდე დაიხარჯონ, მაგრამ ხშირად იმედგაცრუებულნი რჩებიან... ვისაუბროთ იმაზე, რაც მამაკაცის სიყვარულს ამტკიცებს.
სექსუალური მიზიდულობა – სიყვარულის მთავარი „სიმპტომი“ სურვილია. თუ მამაკაცს სურს ქალი, ამ ქალს მისი სიყვარულის მოპოვების დიდი შანსი აქვს. ყველა მამაკაცს აქვს ქალების მიმართ ფიზიკური ლტოლვა. ასეთ დროს მასში მონადირე იღვიძებს და რაც უფრო მიუწვდომელია „სამიზნე“, მით უფრო მძლავრდება სურვილი. თუმცა, მხოლოდ სურვილი ჯერ კიდევ არ იძლევა ხანგრძლივი ურთიერთობის მყარ გარანტიას. დიდი შანსია, მამაკაცის ინტერესი მაშინვე გაქრეს, როგორც კი თავისას მიაღწევს. ამიტომ, მოვლენებს წინ არ უნდა გავუსწროთ, კარგად დავფიქრდეთ და სხვა „სიმპტომებსაც“ მივაქციოთ ყურადღება. მეორე „სიმპტომი“ სულიერი მიზიდულობაა – მეგობრობა, ემოციური კონტაქტის საჭიროება. როცა მამაკაცი ეძებს საშუალებებს, იყოს თქვენ გვერდით, გირეკავთ, გწერთ, გისმენთ, გესაუბრებათ საკუთარ თავზე, ანუ, თუ მამაკაცი მხოლოდ ფიზიკურ სიახლოვეს არ ეძებს თქვენთან, არამედ სურს, გაიცნოს თქვენი ხასიათი, იცოდეს თქვენი აზრი, მიიპყროს თქვენი ყურადღება – ეს ნიშნავს, რომ მას ნამდვილად უყვარხართ.
თქვენი ადგილი მის ცხოვრებაში – მამაკაცები უმეტესად კონსერვატიულები არიან. იმის პერსპექტივა, რომ ვინმე თავის სულში, ცხოვრებაში შეუშვას, უცოლო კაცს ძალიან აშინებს. ვერ ელევა თავის „ძვირფას“ თავისუფლებას. ნებისმიერი სიახლოვე მოითხოვს კომპრომისებისათვის მზადყოფნას. ჩვენ გვიწევს მსხვერპლის გაღება საყვარელი ადამიანების გამო. თუ მამაკაცი ამისთვის მზადაა და თქვენ გამო უარს ამბობს თავის ჩვევებზე, პრინციპებზე, ცხოვრების ჩვეულ რიტმზე და მეგობრებზე და ცდილობს, შეიცვალოს, ეჭვი არ არის, უყვარხართ. ყველა მამაკაცს არ შეუძლია, იზრუნოს ქალზე. თუ კაცი ცდილობს, თქვენი სურვილების გამოცნობას და საშინლად განიცდის, თუ ეს არ გამოუვიდა, სიყვარულზე მას იდეალური „სმენა“ აქვს. დაუჯერეთ თქვენს ინსტინქტებს. ირწმუნეთ საკუთარი თავის და თქვენ შეძლებთ, მამაკაცში მაშინაც კი გააღვიძოთ სიყვარული, როცა ის ამისათვის მზად არ არის.
ურთიერთობის
პრობლემები
ამბობენ, რომ არ არსებობს ურთიერთობა პრობლემების გარეშე, ანუ, კრიზისი და გაუგებრობები ყველა წყვილის ხვედრია. როგორ უნდა მიხვდეთ, რომ დროა, სერიოზულად გაარკვიოთ ურთიერთობა საყვარელ მამაკაცთან. ვეცდებით, დაგეხმაროთ.
ოჯახი და ახლო მეგობრები ყველაზე მნიშვნელოვანია – თუ მამაკაცს აღარ უნდა, რომ თქვენს საყვარელ ხალხს შეხვდეს, მაშინ ეს მართლაც პრობლემაა. რატომ არიდებს მათ თავს? რა ხდება? ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ ნელ-ნელა კრიზისი გაღრმავდება? ყურადღებით იყავით.
როცა ამჩნევთ, რომ მისი ლექსიკონიდან გაქრა სიტყვა „ჩვენ“ – ის უკვე საუბრობს მომავალზე, რომელშიც თქვენ არ ხართ. ანუ, თუ ის მომავალზე ისე ლაპარაკობს, რომ არ გახსენებთ, გადაწყვეტილება ქვეცნობიერად მიღებული აქვს. რაღაც უარყოფითად შეიცვლება თქვენს ცხოვრებაში.
ხშირად მამაკაცმა არ იცის, რა უნდა – გამუდმებით იცვლის აზრს და არ ფიქრობს რეალურად, განსაკუთრებით, როცა საქმე თქვენ გეხებათ. გეკამათებათ, გედავებათ წვრილმანებზე. წამოხტება და გარბის. როცა საუბრის დაწყებას აპირებთ, თავს გარიდებთ, ანუ, პრობლემა სერიოზულია.
ბევრი არაფერი იცით მის შესახებ – როცა მას უყურებთ, აცნობიერებთ, რომ არასდროს მოუყოლია ბევრი რამ თავის შესახებ. თქვენ საუბრობთ, მაგრამ მხოლოდ ზედაპირულად. სინამდვილეში კი, არ იცით ღრმად რა სიმართლე იმალება.
თუ ის პრიორიტეტს არ განიჭებთ – როცა გინდათ გააკეთოთ რამე, მაგრამ გრძნობთ, რომ მისთვის მეორეხარისხოვანი ხართ. თუ მისთვის პირველი არ ხართ, უმჯობესია, მასთან სულ არ იყოთ.
როცა სალაპარაკო არ გაქვთ – როცა ერთად ხართ, გინდათ, ისაუბროთ. ლაპარაკი ადვილია, მაგრამ ახლა გიძნელდებათ. საუბარი ადამიანთან, რომელიც გიყვარს, ადვილი უნდა იყოს.
არ შეხვედრიხართ მის მეგობრებს, ოჯახს – თქვენ გინდათ იყოთ მისი ცხოვრების ნაწილი და ეს მის მეგობრებსა და ოჯახსაც გულისხმობს. თუმცა, რაღაც მიზეზების გამო, ის გარიდებთ მათ და დროს მხოლოდ თქვენთან ატარებს. ურთიერთობა, რა თქმა უნდა, ორს შორის უნდა იყოს, მაგრამ აუცილებლად ოჯახსა და მეგობრებსაც უნდა მოიცავდეს.
ბოლოს როდის იყავით ერთად? – თუ აღარც გახსოვთ ბოლოს როდის ნახეთ, დიდი შანსია, რომ მას არ უნდა თქვენთან დროის გატარება. უნდა გაატაროთ დრო მასთან, ვისაც ურჩევნია, რომ დროის უმეტესი ნაწილი თქვენთან გაატაროს, ვიდრე გაფლანგოს ის.
სიტყვებზე ძლიერი
არსებობს ურთიერთობა, როცა სიტყვები სულაც არ არის აუცილებელი გრძნობის გამოსახატად, როცა ისედაც ნათელია, რომ პარტნიორს უყვარხარ, თანაც ძალიან.
მაშ ასე, თუ მამაკაცი ქვემოთ ჩამოთვლილი ქმედებებიდან ნახევარს მაინც აკმაყოფილებს, არ ჰკითხოთ უყვარხართ, თუ არა – ეს ისედაც ნათელია.
1. ის გკოცნით დილით, მანამდეც კი, სანამ კბილებს გამოიხეხავთ;
2. ყველა საქმეს გადადებს თუ დახმარება დაგჭირდებათ;
3. ყურადღებიანია და მუდამ მზადაა, მოგისმინოთ;
4. დღის განმავლობაში ხშირად გწერთ ან გირეკავთ;
5. თავის აზრზე წინ თქვენს ურთიერთობას აყენებს, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, არ გეთანმხებოდეთ;
6. უყვარს თქვენთან ყოფნა, ხოლო ვისაც თქვენ გვერდით ყოფნა სიამოვნებას ანიჭებს, სწორედ მას უყვარხართ;
7. პირველ ადგილზე გაყენებთ – ანუ, მისთვის სამუშაოზე, მეგობრებსა და ფეხბურთზეც მნიშვნელოვანი ხართ;
8. უბრალოდ, საყვარელია – არ სჭირდება რაიმე განსაკუთრებული შემთხვევა, რომ საჩუქრით გაგაბედნიეროთ;
9. თქვენ გამო იცვლება ან ცდილობს, რომ შეიცვალოს;
10. არავინ და არაფერი უნდა, როცა მის გვერდით ხართ;
11. ის თქვენით ამაყობს;
12. არ ეჭვიანობს თქვენს მიღწევებზე, პირიქით, ძალიან სიამოვნებს ეს;
13. ის ხშირად გეხუმრებათ, ცდილობს, გაგამხიარულოთ. ახალისებს თქვენს ურთიერთობას, ზოგჯერ გაბრაზებთ, მაგრამ არასოდეს სერიოზულად;
14. მას ახსოვს თქვენი წარსულიდან წვრილმანებიც კი;
15. ყოველთვის აინტერესებს თქვენი აზრი;
16. ხშირად გეფერებათ ხელზე. პატარა ჟესტებით გაგრძნობინებთ, რომ მისთვის ძვირფასი ხართ.
17. თქვენი პარტნიორი პატივს სცემს თქვენს აზრს, სხეულსა და ყველაფერს.