№40 რა უსიამოვნო სიურპრიზისგან გიხსნით დანით პურის გაჭრა და რატომ არ უნდა დაალაგოთ სუფრაზე ცარიელი ჭურჭელი
მაგიდა – ძველთაგანვე ოჯახის შეძლებისა და ბედნიერების სიმბოლო, შეუცვლელი ატრიბუტი, როგორც ყოველდღიური ცხოვრების, ისე განსაკუთრებული მოვლენებისა და საეტაპო ცვლილებებისა ოჯახშიც და ქვეყანაშიც. მის გარეშე ვერც ლხინის სუფრა ჩაივლის და ვერც ჭირის, ვერც სახელმწიფო საქმეები გადაწყდება და ვერც სწავლა-განათლების. ამას დაუმატეთ საოფისე თუ კომპიუტერული მაგიდაც... ამიტომ, არცაა გასაკვირი, თუ ჩვენი ყოფისთვის ასე საჭირო ნივთს უამრავი ცრურწმენა და მინიშნება უკავშირდება. არ აგერიოთ, ეს სუფრასთან ქცევის ეტიკეტი კი არა, იმის მინიშნებაა, რა ნიუანსსა თუ საქციელს, რა შედეგი მოჰყვება და რას გვიმზადებს ამით ბედისწერა. ამ ყველაფერს კი შევიტყობთ ქალბატონი ქეთევანის ინტერვიუდან, რომელიც ეზოთერულ მოძღვრებათა შესწავლით დიდი ხნის წინ დაინტერესდა და დღემდე უამრავი მასალა დაუგროვდა.
– რადგან მაგიდის მთავარი დანიშნულება მაინც სუფრაა, იქნებ, უპირველესად, იმ ცრურწმენებსა და მინიშნებებზე გვესაუბროთ, რაც სასადილო მაგიდას შეეხება.
– უძველესი დროიდან მიაჩნდათ, რომ მაგიდაზე, როგორც „უფლის ხელისგულზე“ გაშლილი ტრაპეზი, უფლისვე წყალობაა და ამიტომაც, ყოველ ოჯახში სუფრას განსაკუთრებული კრძალვითა და პატივისცემით ეპყრობოდნენ. ცდილობდნენ, თავიანთი ქცევით ყოვლისშემძლე მწყალობელი არ გაენაწყენებინათ. აქედან გამომდინარეა, ალბათ, რომ ოჯახში სიმშვიდისა და ბედნიერების საწინდრად, სუფრასთან უპირველესი აკრძალვა, ბილწსიტყვაობასა და ლანძღვა-გინებას ეხება. ასევე, არ შეიძლება კოვზით მაგიდაზე კაკუნი და თამაში. ამას მოჰყვება მთელი რიგი აკრძალვებისა, რასაც თანმიმდევრულად განვიხილავთ. არ შეიძლება სუფრიდან ნამცეცების ხელით გადმოწმენდა – უფულობა იცის, ხოლო თუ ქაღალდით გაწმენდთ, ჭორებისა და გაკიცხვის ობიექტი გახდებით. არ შეიძლება, მაგიდაზე ცარიელი ჭურჭლის დალაგება – სიღარიბე იცის. ოჯახის შეძლებას ხომ მაგიდით აფასებდნენ – თუ სუფრა ხორაგით იზნიქებოდა, ესე იგი ამ მხრივ, ყველაფერი კარგად იყო; ხოლო თუ მაგიდაზე ცარიელი ჭურჭლის გარდა, არაფერი ელაგა, ესე იგი ჯიბეც ცარიელი ჰქონდა მასპინძელს. ასე რომ, სუფრაზე ცარიელი ბოთლებითა და თეფშებით, თვითონვე ვნებთ საკუთარ თავს და უფულობისთვის იმეტებთ. თუ სადმე მიემგზავრებით, გასვლამდე ჩაეჭიდეთ მაგიდის კუთხეს. ეს ნიშნავს, რომ თან გაგყვებათ გვარისა და ოჯახის მფარველობა. თუ მაგიდა მოირყა, ცუდის ნიშანია – ოჯახის ყველაზე უფროსი წევრი ავად გახდება. ძველად ასეთ მაგიდას მაშინვე ადგებდნენ, რომ უბედურება თავიდან აეცილებინათ. მაგიდაზე არ უნდა დადოთ ჩანთა, ფული და სხვა, მსგავსი ნივთები. ეს სახლისადმი უპატივცემულობაა. იღბლისა და შეძლების მოსაზიდად, სუფრის ქვეშ უნდა დადოთ მონეტა ან დაფნის ფოთოლი – მაშინ ბედიც გაგიღიმებთ და ავადმყოფობასა და კონფლიქტებს ააცილებთ ოჯახს. ღამით მაგიდაზე არ დატოვოთ ჭუჭყი და ნამცეცები – ავადმყოფობა იცის. ნამცეცების ყოველი გადმოწმენდისას, თქვენ მასთან ერთად იშორებთ პრობლემებს, ავადმყოფობასა და უსიამოვნებებს. უსუფთაოდ დატოვებულ მაგიდას კი სახლში მხოლოდ ნეგატივი შემოაქვს.
– ყველაზე გავრცელებული ცრურწმენა, ალბათ, მაგიდიდან დანა-ჩანგლის გადავარდნას ეხება, რომელსაც ყველა თავისებურად ხსნის. თქვენ რას გვეტყვით ამის შესახებ?
– საერთოდ, მაგიდიდან ნებისმიერი ნივთის გადავარდნა მოულოდნელობას ნიშნავს. თუ სადილის მომზადებისას ან სუფრიდან ძირს სერვისის რომელიმე ატრიბუტი დავარდა – სტუმარს ელოდეთ. მაგრამ, თუ ეს კოვზია, მაშინ სახლში მოვა კეთილი ქალი კარგი ამბებით; ჩანგლის შემთხვევაშიც, ქალი მოვა, მაგრამ არასასურველი სტუმარი, რადგან საშინელი ჭორიკანა და ავყია დედაკაცია. ასეთი დაუპატიჟებელი სტუმრებისგან რომ თავი დაიცვათ, დავარდნილი ნივთი აიღეთ და სამჯერ დააკაკუნეთ მაგიდაზე. დანის დავარდნის შემთხვევაში კი, ოჯახში მამაკაცი გესტუმრებათ. მაგრამ, თუ ამის ხასიათზე არ ხართ, გაჭერით იმ დანით პური და არც არავინ შეგაწუხებთ მთელი დღის განმავლობაში. თეფში თუ გადავარდა და გატყდა – კარგის ნიშანია, ბედნიერებას გიწინასწარმეტყველებთ. მაგრამ, ძალიანაც ნუ გაგახარებთ ეს ამბავი, რადგან მეორე მხარეც აქვს: თუ ხშირად ტყდება ოჯახში ჭურჭელი, ესე იგი, ბევრი ნეგატიური ენერგეტიკაა დაგროვილი. მას ხომ ჭურჭელი თავისთან აგროვებს და როცა სრულიად გადაივსება, ვეღარ უძლებს და თეფშიც ტყდება. ასეთ შემთხვევაში, სახლი უნდა გაიწმინდოს უარყოფითი ენერგიისგან. მაგრამ, თუ თეფში გადმოვარდა, მაგრამ არ გატყდა, ეს ძალიან კარგია. გაუტეხავი თეფში გაცნობებთ, რომ სახლი დაცულია ირგვლივ მყოფი ხალხის უარყოფითი ენერგეტიკისგან და სუფევს სიკეთისა და სიმშვიდის ატმოსფერო. თუმცა, თეფშის დავარდნა, იმაზე მიგანიშნებთ, რომ ვიღაცას თქვენი შურს და არაკეთილმოსურნეა. ასეთ შემთხვევაში, სახლი უნდა დაიცვათ სხვადასხვა რიტუალითა და თილისმით.
– ყველამ იცის, რომ მაგიდის კუთხეში არ უნდა დაჯდეს...
– ასეა და მსგავსი ხალხური გადმოცემა თუ მინიშნება უამრავია და მოკლედ ჩამოგითვლით მათგან ყველაზე მნიშვნელოვანსა და გავრცელებულს: თუ მაგიდის კუთხეში დაჯდებით – შვიდი წელი ქორწილი არ გეღირსებათ; ჭამისას რაიმე თუ გადაგცდათ – სტუმარი მოიჩქარის; მაგიდაზე ჩამოჯექით? – გაღარიბდებით თქვენც და მაგიდის პატრონიც; რიგით მეცამეტე მიუჯდებით სუფრას თუ დანებს გადააჯავარედინებთ – ორივე შემთხვევაში, დაითარსებით, უსიამოვნება გარდაუვალია; არ დატოვოთ შეუჭმელი პურის ნატეხი მაგიდაზე – მასთან ერთად ბედსაც იქვე ტოვებთ; თუ გოგონას ჭამისას სუფრაზე რაიმე დაექცა – ლოთი ქმარი ეყოლება; მაგიდაზე ქუდის დადებას – უფულობა მოჰყვება; კატა თუ შეხტა მაგიდაზე – ცუდის ნიშანია, ხოლო თუ სუფრის დანას გაჰკრა ბრჭყალი – ამინდი შეიცვლება.
– განსხვავებული ნიშნები თუა სამუშაო მაგიდასთან დაკავშირებით?
– არის და არაერთი. არეულობა სამუშაო მაგიდაზე იმ ენერგიას ბლოკავს, რომელიც გონებრივ მუშაობას უწყობს ხელს. მის მოსაზიდად კი, ისიც საკმარისია, იქაურობა მოაწესრიგოთ. საქაღალდეები მაგიდიდან აიღეთ და უჯრაში შეინახეთ. ასეთი განლაგება იღბალსაც იზიდავს და შემოსავალსაც ზრდის. ყოველთვის უნდა გედგათ სამუშაო მაგიდაზე ჭიქა სასმელი წყლით. გახსოვდეთ, თუ წყალი მარჯვნივაა, ის ააქტიურებს მთელ თქვენს შემოქმედებით ძალებსა და რა თქმა უნდა, გამომგონებლობას, ხოლო თუ მარცხნივაა – ცოდნას. თუ ხშირად გიწევთ მისამართების ცნობარით სარგებლობა, მიუჩინეთ მას ადგილი თქვენგან მარჯვნივ, მაგიდის ცენტრში. ეს ადგილი პასუხისმგებელია ფულზე და მაქსიმალურ სარგებელს მოგიტანთ. ტელეფონს მაგიდაზე უნდა ჰქონდეს განსაზღვრული ადგილი: თუ მემარჯვენე ხართ – მარჯვნივ დაიდეთ, თუ ცაცია ხართ – მარცხნივ. ასე, იღბალი გაგიღიმებთ და ისეთ სასარგებლო კონტაქტებს გააბამთ, რომ დიდ ფინანსურ მოგებას ნახავთ. გისურვებთ წარმატებებს!