№40 რომელი ცნობილი მსახიობის მამამ სთხოვა სიკვდილის წინ შვილს, ცოლად გაჰყოლოდა შალვა ამირეჯიბს
1918 წელს მოსკოვიდან საქართველოში დაბრუნდა ვერიკო ანჯაფარიძე. სცენაზე გამოჩნდა თუ არა, მისი სახელი ყველამ გაიგო. ის მალევე ცოლად გაჰყვა გამოჩენილ პოლიტიკურ მოღვაწეს, ეროვნულ-დემოკრატს, პოეტსა და პუბლიცისტს – უკომპრომისობით განთქმულ შალვა ამირეჯიბს… ჯვარი ქვიშხეთში, დიმიტრი ყიფიანის სახლის პირდაპირ მდებარე პატარა ეკლესიაში დაიწერეს. საქორწილო სუფრაც ყიფიანების ეზოში გაიშალა, მაგრამ ეკლესიიდან გამოსულ ვერიკოს გული შეუღონდა… ცუდად ენიშნათ, ყველამ სხვადასხვანაირად ახსნა. თავად ვერიკომ იცოდა, რატომაც შეუღონდა გული – მას სხვა უყვარდა, უკვე ცოლშვილიანი მიხეილ ჭიაურელი… ვერიკო აღტაცებული იყო შალვა ამირეჯიბით, გატაცებით უსმენდა, უდიდეს პატივს სცემდა, მაგრამ ვერ შეიყვარა… ვერიკო ჯერ კიდევ წმიდა ნინოს სასწავლებელში სწავლობდა, თავისზე 11 წლით უფროსი შალვა ამირეჯიბი რომ გაიცნო. სწორედ შალვა ამირეჯიბის მეშვეობით დაუახლოვდა ვერიკო ცისფერყანწელებს. უყვარდა მიხეილ ჭიაურელი და ცოლად გაჰყვა შალვა ამირეჯიბს, რომელიც უზომოდ ბედნიერი იყო – უყვარდა ვერიკო წრფელი და შმაგი სიყვარულით… ამბობენ, ვერიკოს მამამ გარდაცვალების წინ სთხოვა შვილს, შალვა ამირეჯიბს გაჰყოლოდა ცოლად. ალბათ, ვერიკოც ფიქრობდა, რომ ასე უფრო გაუმკლავდებოდა აკრძალულ გრძნობას, მაგრამ ამაოდ…
მათ ქალიშვილიც შეეძინათ, მაგრამ მალევე გარდაეცვალათ.
„ამბობენ, რომ ჯერ ბავშვი ხარ, არ შემრჩები დიდხანს ცოლად. მე არ მინდა, დავიჯერო, ნათქვამია ჭორის ტოლად“, – ვკითხულობთ შალვა ამირეჯიბის მიერ ვერიკოსთვის მიძღვნილ ლექსში. ის, რისი დაჯერებაც არ სურდა ამირეჯიბს, მალე დასაჯერებელი გახდა – ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. მაგრამ, ამირეჯიბს ის უკანასკნელ ამოსუნთქვამდე უყვარდა. ემიგრაციაში წასულსაც არ შეურთავს ცოლი… „თქვენ სიყვარულზე მითხარით „არა“ და მომიხურეთ გულის კარები, მაგრამ მე მაინც ტკბილ არმაღანად მოგართვით ლურჯი მინანქარები“, – წერდა შალვა ამირეჯიბი… (1920 წელს გამოვიდა მისი ლექსების ერთადერთი კრებული „მინანქრები“). „დღეს მე 56 წლისა ვარ. წონითაც 56 კილო გამოვედი. გუშინწინ ზურაბი იყო ჩემთან და ვუთხარი: ვინ იტყვის, რომ ამ წუთისოფელში არაფერი მიკეთებია, რაც უნდა იყოს, წელიწადში თითო კილო მაინც მიგროვებია-მეთქი…“ – ამ სიტყვებს გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მისწერს თავის დას ემიგრანტი შალვა ამირეჯიბი… (რ. შატაკიშვილი).
შალვა ამირეჯიბი – მწერალი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე. კაცი, რომლის ღირსებაც აუწონელია. იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიისა და ამ პარტიის მთავარი კომიტეტის დამფუძნებელიცა და წევრიც; დამოუკიდებელი საქართველოს ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი, 1924 წლის აჯანყების აქტიური მონაწილე. აჯანყებისა, რომელიც, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, მართალია, დამარცხდა და ვერ შვა ახალი, დამოუკიდებელი საქართველო, მაგრამ შვა ახალი, სულიერი საქართველო. თავად ქართლში დაიბადა 1886 წელს.
„მე დავიბადე სოფელ ხურვალეთში, რომელიც ქალაქ გორზედ ოცი ვერსის მანძილზედა სდევს და რომელიც ტირიფონას გადმოსცქერის…“ – ასე იწყება შალვა ამირეჯიბის მიერ ემიგრაციაში დაწერილი ავტობიოგრაფიული თხზულება… სათავადაზნაურო გიმნაზიის დასრულების შემდეგ, ევროპაში მიდის და ისმენს ლექციებს ვენის უნივერსიტეტში. „1909 წელს მე დავბრუნდი საქართველოში ვენიდგან, ჩემი იქ ორი წლის ყოფნის შემდეგ. თან ჩამოვიტანე არა უნივერსიტეტის დიპლომი, არამედ ლექსების კონა, რომელთა დაბეჭდვას არცთუ ისე ვჩქარობდი. ისეთი ბრწყინვალე და ბუმბერაზი ქალაქების შემდეგ, როგორიც იყო პარიზი, ბერლინი, ვენა და თუ გნებავთ, ვარშავაც, თბილისი მინგრეულ-მონგრეულ და ოღრო-ჩოღრო ადგილად მეჩვენა. ვჩქარობდი როგორ მის ნახვას და ჩვენი დედაქალაქის შემხედავი, პირველ კვირებში თავს დარცხვენილადაც კი ვგრძნობდი. მაგრამ, ყოველი ქალაქი ქალსა ჰგავს, რომელსაც თავისი საკუთარი თილისმა აქვს. ტფილისის ნამდვილმა და თავისებურმა სილამაზემ თანდათან ისევ მომინადირა და თავის უცვალებელ ეშხში გამხვია“. შალვა ამირეჯიბისთვის, ილია ჭავჭავაძე იყო ქართული ცნობიერების კოლოსი, როგორც ნებისმიერი ჭეშმარიტი ქართველის, ილიას შემდეგ დაბადებულისთვის…
„თუ ისტორიულ ანალოგიებს მივმართავთ, შეგვიძლიან, ილია ჭავჭავაძის როლი – ყოფილი ქართული სამეფოებისა და სამთავროების ერთ ქართველ ერად გარდაქმნის, ერთი ქართული საზოგადო აზრის შექმნისა და ერთი ქართული ეროვნული იდეალის დასახვისა – შევადაროთ ბისმარკის მნიშვნელობას გერმანიის გაერთიანების საქმეში. თუმცა, ბისმარკმა გააერთიანა დანაწილებული ცალკე სამფლობელოებად, მაგრამ თავისუფალი გერმანელი ერი. ილია ჭავჭავაძემ დამონებული ქართველი ერი გააერთიანა… თუ გრიგოლ ორბელიანმა „სადღეგრძელოში“ წარსულის დიდებული სურათი მოგვცა, თუ ბარათაშვილმა ქართული სისხლის ფილოსოფია გადაგვიშალა, ილია ჭავჭავაძემ თავისი დროის საქართველოს შეახო ხელი...“ ქართულ ჟურნალ-გაზეთებთან თანამშრომლობა ევროპიდან დაბრუნებისთანავე დაიწყო... მწერლების წრეში ბავშვობიდან ტრიალებდა – ოჯახის ახლობელი იყო მარიამ დემურია, რომელთანაც თავს იყრიდნენ გამოჩენილი მწერლები და საზოგადო მოღვაწეები – აკაკი წერეთლის ჩათვლით. 1918 წელი მეტად მნიშვნელოვანი გახლდათ მის ცხოვრებაში – მისი სამშობლო გათავისუფლდა. „26 მაისის დილას, 1918 წელს, მეც ისე ვღელავდი, როგორც, ალბად, ბევრი სხვა ქართველიც. ადრე ავდექი, ხუმრობა საქმე არ იყო. ასჩვიდმეტი წლის მონობის შემდეგ, საქართველო თავის დამოუკიდებლობას აცხადებდა. ახლა ადვილია ამაზედ ლაპარაკი, მაგრამ იმ დილის ელდა, ასჩვიდმეტი წლის ოცნებით ნაზარდი, დღესაც გულში მიდევს. რამდენი თაობა ჩავიდა საფლავში, რომ ეს ოცნება თან ჩაიტანა?!“ – წერდა უკვე ემიგრაციაში ყოფნისას შალვა ამირეჯიბი და დეტალურად იხსენებდა იმ დღეს… „აღარ მახსოვს, რომელი საათი იყო, როცა სეიმში შევედი და დიდი ამბების მოლოდინში, ჟურნალისტების ლოჟაში მოვთავსდი. ქართული პარლამენტის წევრობის ბილეთი უკვე ჯიბეში მედო. ამ დღეს, როგორც შემდეგ, პარლამენტის პირველ სხდომაზედ ჟორდანიამაც აღნიშნა, ჩვენ ვიყავით მოწმე, როგორ მოკვდა ერთსა და იმავე დარბაზში ერთი სახელმწიფო და დაიბადა – მეორე. პირველი ამიერკავკასიის რესპუბლიკა იყო, მეორე – საქართველო! სეიმის უკანასკნელი კრება დაღვრემილი, უხალისო და უფერული გახლდათ. პირველად ვნახე ჩემს სიცოცხლეში სახელმწიფოს „სიკვდილი“... საქართველო დამოუკიდებელი გახდა, ჰყავდა ეროვნული მთავრობა, მაგრამ ამ მთავრობას ეცხო კი რაიმე ქართული?“
შალვა ამირეჯიბის მრისხანებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა თბილისში ერეკლე მეფის სახელობის ერთ პატარა სკოლას, ერეკლეს სახელი მოხსნეს და ვიღაც
რუსის სახელი მიაწებეს. „ვინ იყო ეს რუსი, აღარ მახსოვს და არც საყურადღებოა. როცა ქვას გესვრიან, სულ ერთია, მარმარილოა თუ რიყის ქვა. ქართულმა „დემოკრატიამ“ ამ დღეს მაღლა შეაფურთხა და მერე სახე შეუშვირა. ეს სეირი მთელმა საქართველომ ნახა! ახლა როცა ამ დემოკრატიის „უწარჩინებულესი“ ნაწილი, ერისა და ქვეყნის სასახელოდ, პარიზის ტროტუარებს სტკეპნის და თავის ბედნიერი თვალით ხედავს, რომ დემოკრატიის ქალაქში, ცოცხალი პრეზიდენტის გვერდით, გაქვავებულ მეფეთა ძეგლებიც ბევრია, იქნებ ვინმე დაგვეთანხმოს, რომ საფრანგეთის დემოკრატია არცთუ ისე ჩამორჩენილი ყოფილა…“ – წერდა შალვა ამირეჯიბი უკვე ემიგრაციაში ყიფნისას და გულისტკივილით აღნიშნავდა, რომ „ეროვნული გრძნობის ასეთი შელახვა და ეროვნული წესრიგის ასეთი დარღვევა, დამოუკიდებელ საქართველოში ფეხის ყოველ ნაბიჯზე ხდებოდა. განა ვისთვის იყო საჭირო, რომ ტფილისის ერთ უმთავრეს ქუჩას „პლეხანოვის პროსპექტი“ დაარქვეს? მხოლოდ რამდენიმე თუთიყუშისთვის, რომელიც პლეხანოვს საქართველოში ჰყავდა.
განა დღეს ბევრს ახსოვს, რომ „ქართული“ მიწის კანონი რუსმა ნერუჩევმა დაწერა?! ამ კანონს მერე ცოტა ფერი უცვალეს, ხომერიკის თხზულებად მონათლეს და ცხოვრებაშიც შემოიღეს. საქართველოს მინდვრებში სტეპკა რაზინის, პუგაჩოვისა და ლენინის სული დასთესეს…“ საქართველო დამოუკიდებელი იყო, მაგრამ ქვეყანაში ქართველთათვის გაუგონარი ტერორი დაიწყო – მენშევიკური აგიტაციით დამუხტულები ხოცავდნენ თავადაზნაურობას. ხოცავდნენ კაცებს, ქალებს, მოხუცებს, ბავშვებს. ქარელში დედაწულიანად ამოწყვიტეს ციციშვილების ოჯახი. გვამებით სავსე სახლში ძაღლები შერეკეს და კარი გამოუკეტეს – ასე გაატარეს ძაღლებმა მკვდრებს შორის რამდენიმე დღე, მაგრამ პატრონების ხორცს პირი არ დააკარეს. შალვა ამირეჯიბმა წერილი გამოაქვეყნა „საქართველოში“ – თუ ადამიანები არ გეცოდებათ, ძაღლები მაინც შეიცოდეთო. კითხულობ დღეს შალვა ამირეჯიბის მიერ ძარღვიანი ქართულით ნაწერ პუბლიცისტურ წერილებს, რომელსაც დღემდე არ დაუკარგავს აქტუალობა და არ დაკარგავს კიდევ დიდხანს.
მეტად აქტუალურია მისი წერილი ცხინვალთან დაკავშირებით.
„ცხინვალი, შესაძლებელია, საქართველოს საბედისწერო ფრონტად იქცეს. იქ სწარმოებს ნამდვილი ომი, ყველანაირი ჯურის იარაღის საშუალებით… ეს ომი ადვილად არ გათავდება… პოლიტიკა წაგლეჯისა, აი, რა არის დღევანდელი ლოზუნგი და ოსებმაც აშკარად განაცხადეს: ცხინვალი ჩვენია, საქართველოს მაღლობი ოსეთია!.. ისეთი პატარა და უკულტურო ერისთვის, როგორიც ოსობაა, არაფერია იმაზე ადვილი, რომ განუხორციელებელ ოცნებებით იკვებებოდეს. და მათ პატრიოტულ თავში საქართველოს გულში დამოუკიდებელ ან ავტონომიური ოსეთის შექმნის იდეა აღმოცენდა. არის ეს პოლიტიკური იდეა ან ნაციონალური მისწრაფება? ჩვენ ვფიქრობთ, რომ არა. თვით ჩვენ დროშიც, რევოლიუციისა და ერთა თვითგამორკვევის ხანაში, ეს იდეა ავაზაკურ იდეად დარჩება. ჩვენ არ ვიცით საქართველო უფრო ქართული, ვიდრე ის ადგილი საქართველოსი, სადაც ამჟამად ოსები ცხოვრობენ. ეს არის ზურგი საქართველოსი, მისი ხერხემალი… ჩვენ გვსმენია მრავალი პოლიტიკური ფანტაზია, მაგრამ ოსეთის სახელმწიფო საქართველოში – არა. …ცხინვალის ამბები საშიში მოჩვენებაა საქართველოს მომავლისთვის და საჭიროა არა მარტო მისი სახელმწიფო ლიკვიდაცია, არამედ სიმკაცრეც, რომ ის არ განმეორდეს“, – ამ სიტყვებს შალვა ამირეჯიბი 1918 წელს წერდა. შალვა ამირეჯიბმა ამქვეყნად 57 წელი იცოცხლა. აქედან 20 წელი – სამშობლოდან გადახვეწილმა, შორს, ემიგრაციაში გაატარა. სამშობლო 1924 წელს, აგვისტოს აჯანყების დამარცხების შემდეგ დატოვა.
გულს კლავს მისი მოგონება: „ხოფაში გემზედ აგვიყვანეს, მაგრამ ჩვენამდე ოთხასი ხარი და ძროხა ჩასხეს შიგ. ამრიგად, ოთხასი სული საქონელი და ცხრა ემიგრანტი! ვიღა ვართ ჩვენ – აჯანყების გმირები თუ ამ ოთხასი ხარის ფილოსოფიური დამატება, რათა ჩვენ თავად და ამ ოთხასი ხარის მაგივრად, მხოლოდ ამქვეყნიური ამაოების შესახებ ვიფიქროთ?!.“