კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№40 რას ნიშნავს თურქეთის პრეზიდენტის განცხადება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით და რატომ არ დაუთმობს ჩინეთი საქართველოს არავის

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

გაეროს 72-ე ასამბლეის სხდომაზე ამ ჩვენი მეზობელი თურქეთის პრეზიდენტმა საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობები რეგიონში მშვიდობის წინაპირობად დაასახელა და ყველას მოუწოდა ძალიხმევისკენ ამ მიმართულებით. რაკი  სასიამოვნოა, როდესაც მეზობელი, ისტორიულად მტერი, აწმყოში კი მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი, მხარს გიჭერს ესოდენ  მაღალი ტრიბუნიდან, საზოგადოების ნაწილი აღაფრთოვანა რეჯებ ტაიპ ერდოღანის ამ მოწოდებამ (პათოსით: ეს როგორ ვყვარებივართო). თუმცა, აქ მხოლოდ სიყვარულის ამბავი არ არის: ერაყის ქურთისტანმა რეფერენდუმით დამოუკიდებლობა უკვე გამოაცხადა და, აქედან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ ქურთული სეპარატიზმი თურქული სახელმწიფოს აქილევის ქუსლია, თურქეთის პრეზიდენტი ამბობს, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და გულისხმობს, თურქეთის ტერიტორიულ მთლიანობას. მეორე მხრივ, ეს განაცხადი რუსეთის ბოსტანში ნასროლი კენჭიცაა, რომ თურქეთსაც აქვს თავისი ინტერესები სამხრეთ კავკასიაში და მათ დათმობას არ აპირებს. რაც, თავისთავად, ბადებს კითხვას: საკუთრივ ჩვენთვის რა უფრო ხელსაყრელია, ერთ დიდ სახელმწიფოს ექნება გავლენა რეგიონში თუ რამდენიმეს ერთდროულად?! თემას აკაკი ასათიანთან ერთად განვიხილავთ.
– რა თამაში წამოიწყო თურქეთის პრეზიდენტმა და რა მოტივი იკითხება მის ამ განცხადებაში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის აუცილებლობის შესახებ?
– რუსეთი და თურქეთი, დროებითი დათბობის მიუხედავად, მარადიული ძმები რომ ვერ იქნებიან, ჩვენთვის გასაგებია. როგორ უნდა გაგიხარდეს გადაღმა-გადმომა მეზობლების დაძაბული ურთიერთობა, შუაში რომ ხარ, მაგრამ 1020-1921 წლების ისეთი გამოცდილება გვაქვს, რომ მათი ხავერდოვანი ურთიერთობით დიდად აღფრთოვანებულები არ უნდა ვიყოთ. ეს ურთიერთობა მათ დაათბეს იმიტომ, რომ თურქეთს პრობლემა ჰქონდა დასავლეთთან. თურქეთი, რატომღაც, დაადგა დასავლეთთან დაპირისპირების გზას, ევროპამ კი, საერთოდ, მოხსნა თურქეთის ევროკავშირში მიღების საკითხი, თუმცა მანამდეც არ აპირებდა და რუსეთ-თურქეთს შორის დროებითი თანხმობაც შედგა.
ერდოღანის განცხადება ძალიან ნიშანდობლივი იყო რამდენიმე თვალსაზრისით და თქვენ სწორად ჩამოთვალეთ: თურქეთს თავისი ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა აქვს და როგორც კი  ვინმე სხვისი ტერიტორიის დაშლას თუ წართმევას აღიარებს, მისი ქურთისტანი ჰაერში ეკიდება. მით უმეტეს, იმ ფონზე, რაც ერაყის ქურთისტანმა გააკეთა, რეფერენდუმს ვგულისხმობ და ეს ყველასთვის დიდი ხანია, ცხადი იყო.  მეორე მიზეზი ის მგონია, რომ თურქეთის ხელმძღვანელობამ გაითვალისწინა, რომ მათმა განცხადებებმა ბათუმისა და ახალციხის დაბრუნების შესახებ, აქ უკმაყოფილება გამოიწვია და მაინც დასაფასებელია, 80-მილიონიანი ძლიერი ქვეყანა, რომ უწევს ანგარიშს თავის მცირე ზომის მეზობელს. როგორც ჩანს, მაინც გაახსენდათ ათა თურქის მიერ 1936 წელს ნათქვამი, ერთადერთი ნორმალური მეზობელი მხოლოდ საქართველო გვეყოლება, როდესაც დამოუკიდებლები გახდებიანო. და მესამე –   რა თქმა უნდა, რაც თქვენ ბრძანეთ, რუსებსაც კენჭი გადაუგდო: მთლად ისეც არ არის საქმე, როგორც გგონიათო. ყირიმს არასდროს ცნობს თურქეთი რუსეთის შემადგენლობაში და არა უკრაინელების, არამედ ყირიმელი თათრების გამო და იმავე პრინციპით, არც ჩვენს სეპარატისტულ რეგიონებს.
– აშკარაა, რომ რუსეთი არც ბათუმის დათმობას აპირებს თურქეთისთვის.
–  ღმერთმა ნუ ქნას, მაგრამ, თუ აქამდე მივიდა საქმე, რუსები თურქებს ბათუმს არ დაუთმობენ. ბოლშევიკებიც კი იქამდე მივიდნენ, რომ 1921 წელს შეუთანხმდნენ მაზნიაშვილს, პატრიოტ ქართველ ოფიცრობას, მემედ აბაშიძეს, დიდ ქართველ პატრიოტს –  იგი იყო სწორედ ღირსეული ქართველი მუსლიმანის სახე. ამის ავან-ჩავანი კი გახლდათ სერგო ქავთარაძე, მე რომ მკითხო, ბოლშევიკებს შორის ერთ-ერთი იშვიათი პატრიოტი. აი, ამ სამი, პოლიტიკურად სრულიად განსხვავებული შეხედულების მქონე კაცის ძალისხმევით შენარჩუნდა ბათუმი. აი, ამ ყველაფერმა შეასრულა როლი და მართლაც სასიამოვნო იყო ჩვენთვის ერდოღანის ის განცხადება. ეს არის იმ გზის შედეგი, რაც ათა თურქმა დასახა და რაზეც ათწლეულების გამავლობაში იარა თურქეთმა და იმ შედეგებს მიაღწია, რასაც ვხედავთ და, რაც, სამწუხაროდ, შეაფერხა ერდოღანმა. საბოლოოდ, ან თვითონ მიხვდება, ან თურქი საზოგადოება მაინც უსათუოდ დაუბრუნდება ამ გზას და ჩვენ ნორმალური ურთიერთობა გვექნება.
– ბრძანეთ, რომ ყირიმს არასდროს აღიარებს თურქეთი და მართლაც, ყირიმის სახანო მუდმივად იყო რუსეთ-ოსმალეთის იმპერიებს შორის ომის საგანი, მაგრამ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა არ უხსენებია ერდოღანს თავის გამოსვლაში. რატომ, რა დიპლომატიური ჟესტი იყო?
– ეტყობა, დაინდო მაინც რუსეთი... ყოველ შემთხვევაში, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ საქართველო ახსენა, რადგან ჩვენ ვართ მეზობლები, ის კი დიდი და ამბიციური ქვეყანაა. კარგია, რომ ამბიციურია, რადგან რაც უფრო სწორი ამბიციები ექნება, ის ამბიციები ჩვენს ამბიციებს დაემთხვევა. არასწორია ოსმალეთის იმპერიის აღდგენის იდეა, ისევე, როგორც რუსეთის საბჭოეთის აღდგენის იდეა, მაგრამ მე მაინც შიდა მოხმარებისთვის მგონია, ორივე შემთხვევაში. ისტორიულ მაგალითს გავიხსენებ: ბიზანტიამ ათ საუკუნეს იარსება დასავლეთ რომის დაცემის შემდეგ, მაგრამ რამდენჯერაც მოძლიერდებოდა, მაშინვე ეცემოდნენ ხოლმე ისევ რომის დასავლური იმპერიის ნაწილებს დასაბრუნებლად. იმის ნაცვლად, რომ მთელი ძალები თურქ-სელჯუკების წინააღმდეგ გადმოესროლათ, რომის დასავლური პროვინციებისთვის იბრძოდნენ. ეს რომ არ გაეკეთებინათ, კიდევ ათას წელს იარსებებდა ბიზანტია და არ მოხდებოდა ის, რაც მოხდა. მაგრამ თურქეთს, ალბათ, ვნახავთ პროგრესის გზაზე შემდგარს, მაგრამ აი, რუსეთს ნაკლებად, უფრო გორბაჩოვის პერიოდის მსგავსს.
– ჩემი კოლეგაა რუსი, ძალიან ნორმალური და ადეკვატური ადამიანია. მას ვკითხე, როდესაც აქ იყო ჩამოსული, აქვს თუ არა შანსი რუსეთს, გახდეს ოდესმე დემოკრატიული ქვეყანა-მეთქი. დანანებით გადაიქნია თავი, არაო.
–  გასული საუკუნის 70-80-იან წლებში ვხვდებოდი ხოლმე მათ და მახსოვს, ერთი ირონიულად ამბობდა რუსებზე: ამ ხალხზე გამარჯვება შეუძლებელიაო, რომ უყურებდა, როგორ სვამდნენ. თუმცა, მაინც გამოვიდა, ხომ?! ისევ რუსეთის მმართველ ელიტაში დაიბადება, როგორც გორბაჩოვის შემთხვევაში მოხდა, როგორც ხრუშჩოვის შემთხვევაში მოხდა, როგორც ალექსანდრე მეორის შემთხვევაში მოხდა. ნიკოლოზ მეორეს რომ ჰყოფნოდა ნება და ჭკუა და საკონსტიტუციო მონარქიაზე გადასულიყო, თვითონაც გადარჩებოდნენ და ჩვენც გადავრჩებოდით იმ უბედურებას, რაც შემდეგ დატრიალდა. თუმცა რუს ინტელექტუალებს, ნორმალურებს, როგორც თქვენ ამბობთ, აქვთ უიმედობის განცდა და სიმართლე გითხრათ, ნიშანდობლივია. როგორც კი მათ ეს უიმედობა ეუფლებათ, მაშინ ხდება ხოლმე, როგორც წესი, მნიშვნელოვანი ძვრები რუსეთში. ლენინი თებერვლის რევოლუციამდე რამდენიმე კვირით ადრე, თუ არ ვცდები, ჟენევაში შეხვდა ახალგაზრდა რუს ემიგრანტებს და ასეთი რამ უთხრა: მე ვერ მოვესწრები რუსეთში ვერანაირ ცვლილებებს, მაგრამ  თქვენ, ალბათ, ოდნავ უკეთესობას მოესწრებით რუსეთისო. მაშინ ის გარეწარი ხომ დემოკრატიულ გარდაქმნებზე ლაპარაკობდა?! მაგრამ რამდენიმე კვირაში რუსეთში მოხდა თებერვლის რევოლუცია. დღესაც არავინ იცის, როგორ და ნამდვილი რევოლუციაც ხომ თებერვლის რევოლუცია იყო?! მაგრამ ნიკოლოზს იმის ნაცვლად, რომ ეპასუხა კონსტიტუციური მონარქიით, ვიცით, რაც გააკეთა, უფლებამოსილება გადააბარა და ქვეყანა დატოვა ქაოსში, რითაც ისარგებლა ავანიურისტმა ლენინმა და გადატრიალება მოაწყვეს.
ასე რომ, მათი უიმედობა მე კარგად მაქვს დაცდილი. დისიდენტებიც ასე სვამდნენ ხოლმე სადღეგრძელოს საბჭრთა პერიოდში: გაუმარჯოს ჩვენს უიმედო საქმესო, მაგრამ იმ სადღეგრძელოებიდან რამდენიმე წელიწადში დაიწყო საბჭოეთის ჯერ გარდაქმნა, შემდეგ კი –  დაშლა, თუმცა გარდაქმნას უკვე ეტყობოდა, დაშლით რომ დასრულდებოდა.
– გასაგებია, რომ ჩვენ გვესიამოვნა ერდოღანის განცხადება, მაგრამ ისიც ცხადია, რომ მხოლოდ ჩვენი და აზერბაიჯანის ბედნიერებისთვის არ უთქვამს. რა პოლიტიკური გზავნილები გააკეთა ერდოღანმა და ვის გასაგონად?
–   თქვენ თქვით და მე ვერ შევეხე ამ თემას, რა ჯობია, ერთს ჰქონდეს გავლენა რეგიონზე თუ ბევრს?! რა თქმა უნდა, ჯობია, ბევრს და ჩვენ ამაზე არაერთხელ გვისაუბრია. ბევრნი განიზიდავენ ერთმანეთს. მაგალითად, ჩინეთი არის ძალიან დადებითი ფაქტორი. ის ძლიერდება ჩვენს რეგიონში და ძალიანაა დაინტერესებული ჩვენი მდებარეობითა და ჩვენთან ურთიერთობით. მე მგონია, ჩვენი ხალხის თვისებებითაც. სხვათა შორის, ტურიზმი ვერ ძლიერდება მხოლოდ იმით, რომ ქვეყანა ლამაზია  და ბევრი რამაა სანახავი: მოსახლეობასთან ურთიერობაშიც კარგად გრძნობენ თავს. ტურიზმი ვერ ვითარდება მხოლოდ სანახაობით. ტურისტს ადგილობრივი მოსახლეობაც უნდა მოსწონდეს. ისევ ჩინელებს რომ დავუბრუნდე: ჩინელები არავის აღარ დაუთმობენ ჩვენს თავს. პირდაპირ პუტინის თვალწინ გამოხაზეს თავიანთი უმთავრესი გზა, რომელიც გადის ჩვენს ნავსადგურებზე და ადის უკრაინაში. ხმა ვერ ამოიღო პუტინმა და ჩვენთან მათი ღლაბუციც მავთულხლართებით, სუსტი მცდელობაა იმისა, რომ ირიბად მიანიშნონ, ეს გზა არც ისე უსაფრთხო იქნებაო. მაგრამ იმდენად ძვირად უღირს რუსეთს ჩინეთი, რომ ვერასდროს ვერაფერს გაუბედავს ჩინელებს.
ირანი, ჩემი ბატონო, ძალიან მნიშნელოვანი ფაქტორია, დაეძაბა ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან, მაგრამ ჩევნთან დაკავშირებით, მას აქვს მკაფიო წარმოდგენები. დაპყრობაზე ლაპარაკი ზედმეტია, იმიტომ რომ, ჩვენამდე ორი ქვეყანა უნდა გამოიაროს და ასეთი სიგიჟე გამორიცხულია. მასაც სჭირდება ჩვენი ტერიტორია ნავთობისა და გაზის გასატანად სჭირდება ჩვენი ნავსადგურები. თურქეთთან დაკავშირებით რა მოხდება, თვითონ თურქთმაც არ იცის. ერთი სიტყვით, ჩვენით დაინტერესებული უმთავრესი მხარეა ამერიკა, ევროპა ყველაზე სუსტად და შესაძლოა, თურქეთმაც გაუწია ანგარიში იმას და იფიქრა, ვეცდები, მათთან კარგი ურთიერთობა მქონდესო. აი, ნახავთ, საქმე იქამდე მივა, ერთმანეთს შეეჯიბრებიან, ვის უკეთესი ურთიერთობა ექნება ჩვენთან. როდის მერე დაიწყო ჩვენთან ევროასოცირებისა და ვიზალიბერალიზაციის პროცესი?! ახლაღა განაცხადეს ქემერონმა და ქერიმ, შეცდომა იყო, 2008 წელს რომ არ დავუწესეთ სანქციები რუსეთსო. მაგრამ მაშინ ეკურკურებოდნენ და ფიქრობდნენ, ამით გაძღება, სააკაშვილი კი არ არის ნორმალურიო. თან, დღეს ის ეპოქა არ არის, ვიღაცამ სხვებს დაასწროს და დაიკავოს ტერიტორია. იმას გარდა, მათი ეს გავლენა უნდა იყოს პოზიტიური, თორემ უარყოფით გავლენაზე რეაქციას იძლევა ნებისმიერი საზოგადოება. რაც გინდა ცოტანი ვიყოთ, ის ხალხი კიდევ ვართ, რომ სერიოზული პრობლემების შექმნა შეგვიძლია დედამიწაზე და შეგვიქმნია კიდეც.
– ერდოღანი შიშობს, რომ დამოუკიდებელ ქურთისტანს ქურთებით დასახლებული თურქეთის ტერიტორიაც შეუერთდება? ამ შორეულ სცენარზე გათვლით იჭერს თადარიგს?
– მე მგონია, რომ ქურთისტანისთვის ავტონომიის მინიჭებით თურქეთი დროს მოიგებს, თორემ ბოლომდე ეს პრობლემა არ მოიხსნება. მაგრამ ისინი ავტონომიას ვერ მისცემენ თურქებს, ამას ვერ გაბედავს თურქეთის ყველაზე დემოკრატიული მთავრობაც კი. ვფიქრობ, გამწვავდება ეს პრობლემა –  თურქეთის დაშლა ნაკლებადაა მოსალოდნელი, მაგრამ უკვე აქტუალურია ქურთისტანის მოწყვეტა. ეს მათთვის მნიშვნელოვანი პრობლემაა. ირანმაც გააკეთა განცხადება, ვითომ ერაყის ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერი, მაგრამ ერაყმა რომ ქურთისტანს შეუტიოს, ქურთები ბაღდადს ორ დღეში აიღებენ. ერაყელებზე გაცილებით ბრძოლისუნარიანი ჯარი ჰყავს ქურთებს. ისალმურ სახალიფოს მარტო გაუმკლავდნენ. თავიანთი ტერიტორია შეინარჩუნეს და ჯიჰადისტები გაყარეს. ბოლოს და ბოლოს, ვინ იყვნენ ზაქარია და ივანე მხარგრძელები?! რაღა შორს მივდივართ.
–  წარმოშობით ქურთები.
– და როგორი ლომები იყვნენ?! ვინ იყო სალადინი?! ერთ-ერთი უკეთილშობილესი ადამიანი?! მამამისი დვინიდან წავიდა. ის ეპოქა ქურთებისაა, იქ –  სალადინი, ჩვენთან –  ზაქარია და ივანე. ამ ხალხს არასდროს ჰქონია სახელმწიფო. აი, ასეთი ვითარებაა, ამიტომ თურქეთი ურთულესი პრობლემის წინაშე დგას.
– ქურთების ბრძოლისუნარიანობა ვიცით, მაგრამ არც თურქული ჯარია ხელწამოსაკრავი. მათ შორის სამხედრო დაპირისპირების ალბათობა როგორია?
– თურქეთთან გაუჭირდებათ ომი და ძალიან დიდი სისხლი დაიღვრება.
– ერდოღანმა, როდესაც ჩვენი და აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას გაუსვა ხაზი, ჩემი აზრით, იგულისხმა საკუთარი ტერიტორიული მთლიანობა, ანუ ვიბრძოლებთ ამისთვისო. ეს კი უკვე ჩვენთანაა, ყურის ძირში.
– დღეს ერაყელ ქურთებთან, საზღვარზე აყენებს თავის ჯარს და ძალიან სერიოზული პრობლემაა. მეტი ახლოს რაღა უნდა მოხდეს?! უფრო ახლოს ყარაბაღი იყო და კიდევ კარგი, ჩვენმა აზერბაიჯანელმა და სომეხმა თანამოქალაქეებმა არ გადმოიტანეს ის კონფლიქტი ჩვენთან. ეს დასაფასებელია. ის დიდი უბედურება იქნება ძალიან, თან, ეს არ დარჩება მხოლოდ ქურთებისა და თურქების დაპირისპირებად და შესაძლოა, ისლამურ სახელმწიფოზე უარესი ამბავი დატრიალდეს.
скачать dle 11.3