№40 როგორ აპირებს დავით საგანელიძე 150 300 აშშ დოლარისა და 465 200 ლარის ოდენობის სესხების გასტუმრებას და საიდან მიიღო 200 000-დოლარიანი შემოსავალი
„საპარტნიორო ფონდის” აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე 1959 წელსაა დაბადებული. თავდაპირველი უმაღლესი განათლება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მიიღო და სპეციალობით ქირურგია. მოგვიანებით, თბილისის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტიც დაუმთავრებია და იურისტის სპეციალობა შეუძენია. ასევე, 1983-1985 წლებში სწავლობდა მოსკოვის ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრში (ორდინატურაში). მისი ხატოვნად გადმოცემული ოფიციალური ბიოგრაფია გვამცნობს, რომ, აგრეთვე, არის ათენის, ლონდონისა და ბრაიტონის ბიზნესსკოლების კურსდამთავრებულიც. საქართველოს პარლამენტის საიტიდან კი შევიტყვეთ, რომ 1986-1987 წლებში სწავლობდა ლენინგრადის სამხედრო-სამედიცინო აკადემიაში. 1987-1999 წლებში ონკოლოგიის სამედიცინო ცენტრში მუშაობდა ექიმად. თუმცა ამის პარალელურად, 1994-1999 წლებში იყო GHF-ის პრეზიდენტი; 1996-1999 წლებში – „საქართველოს ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; 1997 წელს ლონდონისა და ბრაიტონის ბიზნესსკოლაში იღრმავებდა ცოდნას; 1997-1999 წლებში კი „თი ბი სი ბანკის“ დირექტორთა საბჭოს წევრი გახლდათ. 1999 წლიდან იყო მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრი (თუმცა 2008 წელს, ანუ მეშვიდე მოწვევის პარლამენტში არ შესულა პროტესტის ნიშნად). 2010-2012 წლებში თბილისის საკრებულოს წევრი იყო. 2012 წელს კვლავ პარლამენტარი გახდა, 2015 წლის სექტემბერში კი, „საპარტნიორო ფონდის” აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა.
დავით საგანელიძის მიერ ბოლოს შევსებული დეკლარაცია 2017 წლით თარიღდება, რომელიც მან, ცხადია, შეავსო, როგორც „საპარტნიორო ფონდის” აღმასრულებელმა დირექტორმა და ოჯახის წევრებად მიუთითა: 1989 წელს ხონში დაბადებული მეუღლე სოფიო ფარცხალაძე და სამი შვილი: 2010 წელს დაბადებული ნოდარი, 2012 წელს დაბადებული ელენე და 2014 წელს დაბადებული ანდრია.
რაც შეეხება ქონებას, დავით საგანელიძის საკუთრებაა: 70 000 აშშ დოლარად და 40 000 ლარად ღირებული მშენებარე ბინები ბათუმში; 200 000 ლარად ღირებული საცხოვრებელი ბინა თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე (250 კვ. მ.); 250 000 ლარად ღირებული კიდევ ერთი ბინა ჭავჭავაძის გამზირზე (413 კვ. მ.); საცხოვრებელი სახლი რაჭაში, 50 000 ლარად ღირებული და იქვე მდებარე 10 000 ლარად ღირებული მიწის ნაკვეთი (8 792 კვ. მ.); საცხოვრებელი სახლი არმაზში (300 კვ. მ.) 15 000 ლარად ღირებული მიწის ნაკვეთით (1 200 კვ. მ.), ასევე, 82 000-ევროიანი თურქული კრედიტით შეძენილი ბინა, ოღონდ არ ვიცით, სად და სამი ავტოფარეხი. ამას გარდა, დავით საგანელიძეს ჰყავს 12 000 აშშ დოლარად ღირებული „ლინკოლნ ნავიგატორი“. დეკლარაციის შევსების მომენტში ნაღდ ფულად დავით საგანელიძეს ჰქონდა 21 000 ლარი და 23 000 აშშ დოლარი; მის ცოლს კი – 8 000 ლარი და 12 000 აშშ დოლარი.
დავით საგანელიძე ეწევა სამეწარმეო საქმიანობას: არის 1996 წელს დაფუძნებული შპს „პულსის“ პარტნიორი, თუმცა გასულ წელს ამ საქმიანობას მისთვის შემოსავალი არ მოუტანია.
2012 წელს დავით საგანელიძემ „თი ბი სი ბანკიდან“ სამი სესხი აიღო: 255 000 ლარის, 210 200 ლარისა და 150 300 აშშ დოლარის ოდენობის; 2016 წელს კი იმავე ბანკში იპოთეკური საკრედიტო ხაზი გახსნა (90 000 აშშ დოლარის ოდენობის). საერთო ჯამში, სესხის მომსახურება 2016 წელს 88 816 ლარი და 20 000 აშშ დოლარი დაუჯდა. თუმცა ჰქონდა შემოსავალიც წილის გაყიდვიდან – 200 000 აშშ დოლარი. ასევე, ძმას, გია საგანელიძეს უპროცენტოდ და განუსაზღვრელი ვადით, ასესხა 350 000 აშშ დოლარი და 465 000 ლარი. ამას გარდა, საშემოსავლო გადასახადი დაუჯდა 80 850 ლარი, დაზღვევა – 4 358 ლარი, ქონების გადასახადი – 5 516 ლარი. საქველმოქმედო მიზნებისთვის კი, 61 550 და 60 000 ლარი დახარჯა. რატომღაც, დეკლარაციაში მითითებული არ არის დავით საგანელიძის ხელფასი, რომელიც მან 2016 წლის განმავლობაში აიღო. თუმცა 2015 წელს მან, როგორც პარლამენტის წევრმა (იანვრიდან სექტემბრამდე) 49 634, ხოლო, როგორც „საპარტნიორო ფონდის” აღმასრულებელმა დირექტორმა (სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით, ანუ ოთხ თვეში) 84 000 ლარი აიღო.