№40 „ხეები“ ცხვირზე
ანუ „გაჭირვება მიჩვენეო“
რაკი, ბუნების მადლით, წამოწვიმა, ხანძრებისგანაც დავისვენეთ და უჰაერობისგანაც. თუმცა ეკოლოგები გვარწმუნებენ, რომ ამ ჩვენს დედაქალაქში და არა მხოლოდ აქ, სიგრილე უბრალოდ მტანჯველი სიცხისგან გვათავისუფლებს, თორემ, სახელდობრ, ჰაერი ზამთარ-ზაფხულ ერთნაირად ბინძურია.
ან კი როგორ არ იქნება, როდესაც, მაგალითად, დედაქალაქში ავტომანქანების ცვენაა, ძირითადად, გაუმართავების (ან კი რა გამართავს ამ ავტომანქანებს, როდესაც საწვავი უხარისხოა?!) და მწვანე ნარგავებს ისეთი გააფთრებით ებრძვიან (ზემოდან დაწყებული და ქვემოთ მყოფებით დამთავრებული), რომ მალე აირსაწინააღმდეგო ნიღბებით მოგვიწევს სიარული?!
მაგრამ, რაკი, როცა კარი იკეტება, ფანჯარა იღებაო, ქართველმა დეველოპერებმა (ბაჩო ხაჩიძემ და ლაშა კვანტალიანმა) ისეთი მოწყობილობა გამოიგონეს (სახელად: Treepex-ი), რომელსაც, არც მეტი, არც ნაკლები, ნახშირორჟანგის ჟანგბადად გადაქცევა შეუძლია.
უფრო ზუსტად, ნახშირორჟანგს ჟანგბადად მოწყობილობაში მოთავსებული კარტრიჯი გარდაქმნის. ერთი კარტრიჯს კი იმდენივე ჟანგბადის გამომუშავება შეუძლია, რამდენიც ერთ ზრდასრულ ხეს (ცნობისთვის: ამერიკელ მეცნიერთა კვლევებით, ერთი ზრდასრული ხის მიერ მოცემული ეკონომიკური სარგებელი, საშუალოდ, 180 000 აშშ დოლარს შეადგენს, აქედან, ჟანგბადის გამომუშავება 31 250 აშშ დოლარია).
თავს არ შეგაწყენთ ტექნოლოგიური დეტალებით, მხოლოდ იმას გეტყვით, რომ მოწყობილობა ცხვირზე მაგრდება და უკაბელო დამტენით იტენება; სერიულად კი უახლოეს მომავალში გაიყიდება.
რადგან მოწყობილობის ფასი უცნობია (მხოლოდ ფერებია ცნობილი: ვარდისფერი, ლურჯი და ცისფერი), არც ის ვიცით, შეძლებენ თუ არა საქართველოს მოქალაქეები მის შეძენას, სამაგიეროდ, რაკი ვიცით, რომ ამ ქალაქში ჰაერის დაბინძურებას არაფერი ეშველება (თვით მწვანე ნარგავების დარგვაც კი ვეღარაფერს უსაშველებს, თუ უკვე აშენებული საცხოვრებელი კორპუსები არ დაინგრა), იქნებ ეს მოწყობილობები მაინც დაერიგებინათ უფასოდ, თუ, რა თქმა უნდა, მაინცდამაინც, ჩვენი ამოგუდვა არ აქვთ გუმანში?! –