№33 საღებავდაცლილები
ანუ „რაც მამამ მერიაში წაგიღო“?!
პეკინის ქუჩის რეაბილიტაცია დამთავრდა და თუმცა არავის უკვლევია (მხოლოდ მოქალაქეების აზრი გამოიკითხეს, ორმხრივი მოძრაობა სურდათ თუ ცალმხრივი, თითქოს საგზაო მოძრაობა სურვილებს უნდა ემყარებოდეს?!), გზაზე მოძრაობაც აღდგა და, ასე განსაჯეთ, ველობილიკებიც კი გაკეთდა (თუმცა აი, თუ ერთიანი მარშრუტი არ იქნა ველოებისთვის, ცხადია, ველომძღოლებს ზურგით მოუწევთ, ალბათ, თავიანთი სატრანსპორტო საშუალების ტარება).
მეტიც, ქვეითად მოსიარულეებს, თუ ისინი ველობილიკზე გადავლენ, კიდეც დააჯარიმებენ (ოციოდ ლარით). მეორე მხრივ, ეს ქვეითები ხომ ამ ჩვენს ქვეყანაში ყველაზე დაბალი ღობეები არიან, იმ მარტივი მიზეზით, რომ ტროტუარები კარგა ხანია, ავტომანქანებმა დაიკავა (ოღონდ მათ ამის გამო არავინ აჯარიმებს). შესაბამისად, თუ ფრენას არ ისწავლიან (კარლსონივით მაინც), ვფიქრობ, სახლში უნდა დაეტიონ.
ამას გარდა, პეკინისა და შარტავას ქუჩებზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი უკვე სპეციალურ ზოლებშიც მოძრაობს და ამ ზოლში სხვა სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა აკრძალულია. მეტიც, თუ ავტომანქანები ზოლს გადაკვეთენ, მათ არც 200-ლარიანი ჯარიმა ასცდებათ (გაიხარეთ, ფეხით მოსიარულეებო, რადგან თქვენთვის და დამრღვევი ველოსიპედისტებისთვის ჯარიმა, სულ რაღაც, სამი ლარია!)!
და განა მხოლოდ ეს?! – მძღოლებს იმ თავიანთი ასქულადარიცხული მართვის მოწმობებიდან 30 ქულაც ჩამოეჭრებათ.
ცხადია, ჩვენს, როგორც საგზაო, ისე ქვეითად მოძრაობას, მოწესრიგება ჰაერივით ესაჭიროება და, მართლაც, არ უნდა იყოს ურიგო სანქციების შემოღება (რაკი ყველა იქ და იმ ტრაექტორიით მოძრაობს, როგორც გაუხარდება), თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ ავტობუსის სამოძრაო ზოლს, რატომღაც, ინგლისურად აწერია Bus lane (ანუ ავტობუსის სამოძრაო ზოლი), როდის შემდეგ დაადგინეს დედაქალაქის მესვეურებმა, რომ ქართველმა მძღოლებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ არასახელმწიფო ენა.
ქართული წარწერისთვის საღებავი დაელიათ, თუ ქეთოსი არ იყოს, „რაც მამამ (განა პარიზში) მერიაში წაგიღო, კარტული სულ დაგავიწყდა?! –