№39 როგორ დააშორეს „რესპუბლიკური პარტიის“ ლგბტ კანდიდატი ნინო ბოლქვაძე 16 წლის ასაკში შეყვარებულ გოგონას და როგორ გაატარა მან 20 წელი ქმართან სხვისი ცხოვრებით
ნინო ბოლქვაძე ქართული პოლიტიკისთვის უპრეცედენტო და არაორდინარული სახეა. ის ლგბტ თემის წარმომადგენელია და პირველი მათ შორის, ვინც პოლიტიკაში მოსვლის განაცხადი დეკლარირებული სექსუალური ორიენტაციით დაიწყო – „რესპუბლიკური პარტიის“ თბილისის საკრებულოს სიის მეშვიდე ნომერი, არ მალავს, რომ ლესბოსელია. ნინო პროფესიით იურისტია და ბოლო წლებში, როგორც ადვოკატი და უფლებადამცველი, აქტიურად იყო ჩართული პროცესებში სამოქალაქო საზოგადოებიდან. მიიღებს თუ არა ქართული საზოგადოება საჯარო პოლიტიკაში დეპუტატს, განსხვავებული ორიენტაციით, ამას დრო გვიჩვენებს. იქამდე ნინო ბოლქვაძე განვლილ წლებსა და ლგბტ თემის წევრის რთულ ცხოვრებაზე საკმაოდ გულწრფელად გვიამბობს.
– ნინო, რატომ გადაწყვიტეთ პოლიტიკაში ჩართვა და როგორ დაუკავშირეთ ცხოვრება მაინცდამიანც რესპუბლიკურ პარტიას?
– ჩემი და რესპუბლიკური პარტიის თანამშრომლობა დაიწყო თამარ კორძაიასთან კონსულტაციის შემდეგ, რომლისგანაც უპირობოდ დავრწმუნდი რესპუბლიკური პარტიის ხედვაში. ამ პარტიის კარი ღია იყო და არის ნებისმიერი უმცირესობის წარმომადგენლისთვის, რომ მათ საშუალება ჰქონდეთ, ისაუბრონ არსებულ პრობლემებზე. ეს კი ნამდვილად აქვს ამ საკმაოდ მრავალრიცხოვან თემს და შეიძლება, ვიფიქროთ ამ პრობლემების გადაჭრის რეალურ ბერკეტებზე. ეს იყო ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, რამაც გადამაწყვეტინა, დამეკავშირებინა ჩემი საქმიანობა რესპუბლიკურ პარტიას, თუმცა პარტიის წევრი არ გავმხდარვარ. ადამიანურად, ემოციის დონეზე მაქვს განცდა, რომ ეს ჩემი მისიაა და მაქვს საშუალება, გავაკეთო საქმე, რომელიც მომავალში სასარგებლო იქნება იმ საზოგადოებისთვის, სადაც ვცხოვრობ. იმის მიუხედავად, რომ არცერთი პოლიტიკური პარტიის წევრი არ ვყოფილვარ არასდროს და არც საჯარო სამსახურში მიმუშავია, ბოლო წლებში, საკმაოდ აქტიურად ვიყავი იმ პროცესების მონაწილე, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდებოდა. სამოქალაქო საზოგადოება გარკვეულ გავლენას ახდენს გადაწყვეტილებებზე, რომელსაც პოლიტიკოსები იღებენ, ჩემი საქმიანობა, განსაკუთრებით ბოლო ხუთი წელიწადი, აქტიურად იყო დაკავშირებული პოლიტიკურ ადვოკაციასთან. შენ შესაძლოა, არ იყო გადაწყვეტილების მიმღები პირი, მაგრამ შენი საქმიანობა ახდენდეს გავლენას ამა თუ იმ გადაწყვეტილების ფორმირებაზე. პოლიტიკასა და აქტიურ სამოქალაქო საქმიანობას საკმაოდ ბევრი გადაკვეთის წერტილი აქვს, შესაბამისად, ეს პროცესი შიგნიდან მაქვს ნანახი. ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, ჩემთვის ძალიან აქტუალური და ახლო გახდა სოციალური თემები, უსახლკარობა, სიღარიბე, თავშესაფრის უქონლობა, ძალადობა ოჯახში. ის, რომ ლგბტ თემი, რომლის წევრიც მე ვარ, დისკრიმინირებულია, არ გამოიხატება მხოლოდ იმაში, რომ ვიღაც ქუჩაში რამეს წამოგაძახებს ან შეურაცხყოფას მოგაყენებს. ჩაგვრა და გარიყვა ამ ადამიანების მთელი ცხოვრების თანმდევი პროცესია. მიუღებელი ხარ საზოგადოების ბევრი ჯგუფისთვის. ვერ იღებ განათლებას, ვერ შოულობ სამსახურს, პრობლემები გაქვს ოჯახთან, რის გამოც ხშირად ხდები იძულებული, წახვიდე სახლიდან და აღმოჩნდე სრულიად დაუცველი და უსახლკარო. იმის მიუხედავად, რომ მე მშობლების ოჯახში არ მქონია მსგავსი პრობლემები, თუმცა მე დღესაც არ მაქვს ჩემი საკუთარი საცხოვრებელი, ამ ტიპის პრობლემებს არაერთხელ შევეჩეხე. შესაბამისად, კარგად ვიცი, რას ნიშნავს მძიმე სოციალური ყოფა.
– ბევრისგან განსხვავებით, თქვენ როგორ მოახერხეთ ლგბტ თემის წევრის გზის უფრო მარტივად გავლა?
– ასე ვერ ვიტყვი. მეც ბევრი პრობლემა გამოვცადე საკუთარ თავზე, მით უმეტეს, ჩაგვრის. იმ ასაკში, როცა მე ეს ნაბიჯი გადავდგი და შევუერთდი ლგბტ მოძრაობას, დაიწყო ჩემი სირთულეები, რადგან როგორც ადვოკატმა დავკარგე კლიენტურის დიდი ნაწილი, ნათესავების და მეგობრების მხარდაჭერა. ეს შემდეგ წლებში გადავლახე, ვიპოვე ახალი, მხარდამჭერი წრე, ახალი მეგობრები და რეალიზება ადამიანის უფლებების სფეროში მოვახდინე. არ მინდოდა მესარგებლა იმ პრივილეგიებით, რითაც ვსარგებლობდი მანამ, სანამ „ვიმალებოდი”. უსამართლო იქნებოდა, მე ვყოფილიყავი დამალული მაშინ, როცა სხვა თემის წევრები ამ სირთულეებს საკუთარ თავზე გადიოდნენ. ჩვენ უნდა გვეთქვა, რომ ვარსებობთ და აქვე ვართ, განსხვავებული გენდერული იდენტობის ადამიანები და რომ ეს არ არის არც ავადმყოფობა და არც უარყოფითი მოცემულობა. კომფორტის ზონიდან გამოსვლა 2008 წლიდან დავიწყე. აგვისტოს ომის შემდეგ გადავაფასე ბვერი ღირებულება, მოხალისედ მივედი არასამთავრობო ორგანიზაციაში და რამდენიმე წლის განმავლობაში ვეხმარებოდი ომით დაზარალებულ ადამიანებს და პატიმრებს, რომლებიც იმ პერიოდის ციხეებში საშინელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. განათლებით იურისტი ვარ, ჩემი, როგორც ადვოკატის პრაქტიკა ნელ-ნელა დაუკავშირდა ადამიანების უფლებებს. მას შემდეგ კი, რაც ლგბტ ორგანიზაციაში მივედი, უკვე აღმოვჩნდი ჩართული იმ პროცესებში, რაც იყო მნიშვნელოვანი საზოგადოებისთვის, პოლიტიკური ჯგუფბისთვის. მოგეხსენებათ, ძალიან ბევრი ჯგუფი ცდილობს ლგბტ თემის გამოყენებას თავის სასარგებლოდ. თუ არ ტოვებ კომფორტის ზონას და დამალულად ხარ ლგბტ თემის წარმომადგენელი, სულ სხვაა. როგორც კი ამის დეკლარირებას ახდენ, ყველაფერი იცვლება – შენ ხვდები სხვა პლანეტაზე, აქ ყველაფერი თავდაყირა დგება. ის წრე, რომელიც მანამდე იყო შენი მხარდამჭერი, ხდება მტრული და აგრესიული. თუმცა, მერე პოულობ მხარდამჭერ გარემოს და იმ ადამიანებს, ღირებულებებით ახლოს რომ არიან. იმის მიუხედავად, რომ პროფესიაც ძალიან მეხმარებოდა და ბევრი სირთულეც უკვე გავლილი მქონდა, მაინც ძალიან გამიჭირდა გარდამავალი ეტაპის გადალახვა. როცა დეკლარირებულად აცხადებ, რომ ლესბოსელი ხარ, ამას მოყვება ის საფრთხეები, რაც ამ მდგომარეობას ახლავს. მაგრამ, მეორეს მხრივ, თავისუფლდები, უბრუნდები შენს თავს. სხვა ტიპის კომფორტს პოულობ, როცა აღარ გიხდება დამალვა და სხვა როლის თამაში. მუდმივ სტრესში ცხოვრება იმის გამო, რომ იმალები და ვიღაც შეიძლება, მიხვდეს, ძალიან რთულია, გაზიანებს..
– როგორც ადვოკატს, გაქვთ პროფესიული მიღწევები. გვიამბეთ, ევროსასამართლოში მოგებულ საქმეზე, რომელმაც უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო.
– ევროპულმა სასამართლომ ჩემ მიერ წარდგენილ სარჩელზე, რომელშიც ჩემ გარდა, ადვოკატი ლევან ასათიანიც იყო ჩართული, დაადგინა, რომ საქართველოს მთავრობამ 13 ადამიანის უფლება დაარღვია 2012 წლის 17 მაისს. კიდევ ერთი სარჩელი მაქვს შეტანილი და ველოდები გადაწყვეტილებას 2013 წლის 17 მაისის საქმეზე. ამ შემთხვევაში, წარმოვადგენ ჯგუფს, რომელიც 20 ადამიანისგან შედგება. იმედი მაქვს, ეს სარჩელიც დაკმაყოფილდება. მე, რა თქმა უნდა, ვმონაწილეობდი 17 მაისის ორივე გახმაურებულ შეკრებაზე. თუმცა, სასამართლოში წარმოდგენილი ვიყავი, როგორც იურისტი და ვფიქრობ, ჩემი მორალური კომპენსაცია ეს მოგებული საქმეა.
– როგორ ფიქრობთ, ჩვენი საზოგადოება მზადაა იმისთვის, პოლიტიკაში ლესბოსელ ქალს დაუჭიროს მხარი?
– საქმეც ის გახლავთ, რომ სტერეოტიპული ხედვა, როგორია სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი, დამოკიდებულია იმაზე, რამდენად იცნობ ადამიანს. როცა გაიცნობ და ხვდები, რომ არაფერი ხდება, ისიც ჩვეულებრივი ადამიანია – თავს არ დაგესხმება და გაუპატიურებას არ დაგიპირებს, იცვლება მისი დამოკიდებულებაც შენ მიმართ, ინგრევა სტერეოტიპი. ადამიანი არის თუ არა მოძალადე ეს მის ორიენტაციასთან კავშირში არ არის. ეს სტერეოტიპი და ტაბუ მოდის ძველი კომუნისტური წყობიდან. მაშინ არსებობდა ფილმები, სადაც სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლების ორიენტაცია დაკავშირებული იყო ძალადობასთან. ასეთი გზით ხდებოდა მარგინალიზაცია, თუმცა საზოგადოება არ არის მონოლითი და შესაბამისად, იცვლება საზოგადოებრივი აზრი და სტერეოტიპები. თუმცა, წნეხი, რა თქმა უნდა, მაინც არსებობს. წნეხი, ჩაგვრა გამოიხატება იმით, რომ ადამიანის უფლებათა კომიტეტი წარადგენს კონსტიტუციაში ცვლილებების ინიციატივას ჰომოფობიური ფორმით, რის გამოც მკვეთრად მოიმატა ძალადობრივმა აქტებმა თემის წევრების მიმართ. თქვენ არ იცით, რა ხდება ლგბტ თემის წევრების ცხოვრებაში. ეს ვიცით ჩვენ, რადგან ვცვლით ინფორმაციას. ასეთი ამბები არ ხდება ჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრებაში. კვირა ისე არ გავა, ვიღაცას თავს არ დაესხნენ. ხილვადობაც იზრდება, მაგალითად, ტრანსგენდერი ქალები ღიად იწყებენ სიარულს ქუჩაში. ერთის მხრივ ადამიანები აღიარებენ საკუთარ თავს, ეს საკითხი მათი ღირსების საკითხია – არაერთხელ გამიგია ლგბტ თემის წევრისგან, მირჩევნია მცემონ, მომკლან, ვიდრე გავაგრძელო დამალვაო. ეს არის ყველაზე მძიმე. წლების განმავლობაში მიხდებოდა იმის დამალვა, რომ ლესბოსელი ვარ. ამაზე არავისთვის არაფერი მითქვამს მანამ, სანამ თემში არ გავიცანი ჩემნაირი ადამიანები. მე მასწავლეს, რომ იყო ლესბოსელი ან გეი, არის დიდი საშინელება – ხარ ავადმყოფი, ცუდი, შენ თავს ცუდი რამ ხდება. ამ დროს ძალიან დაბალი თვითშეფასება გაქვს და ამიტომაც, როგორც კი ამის გაცნობიერებას იწყებ, საკუთარ თავთან გეწყება ბრძოლა. 16 წლის ვიყავი, როცა შემიყვარდა გოგონა და არა – ბიჭი. ეს ამბავი ჩემმა მშობლებმა ვერ გაიგეს. იმ გოგოს მშობლებმა გაიგეს და თბილისიდან წავიდნენ, სხვაგან გადავიდნენ საცხოვრებლად. ერთმანეთს დაგვაშორეს, რომ ჩვენი ურთიერთობა არ გაგრძელებულიყო. თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი და იმ იმედით, რომ ეს დამთავრდებოდა, პირველს, ვისაც მოვეწონე, ცოლად გავყევი. შვილები გავაჩინე, მაგრამ იმ ასაკში არ გაქვს ინფორმაცია, რომ ეს არ გშველის.
– მეუღლესთან თანაცხოვრება არ გამოგივიდათ?
– ჩვენ 20 წელი ვიცხოვრეთ ერთ ჭერქვეშ. ის ჩემზე 10 წლით უფროსი იყო. ვერ ვიტყვი, რომ ეს იყო ბედნიერი თანაცხოვრება. ბა-ვშვები პატარები იყვნენ, როდესაც გავაცნობიერე, რომ მამაკაცთან ცხოვრება არ იყო ჩემი და სხვისი ცხოვრებით ვცხოვრობდი. ამაზე კი ვერავის ვერაფერს ვეტყოდი და მქონდა მარტოობის საშინელი განცდა. თავს ცუდად ვგრძნობდი. მალე დავიწყე ფიქრი იმაზე, რომ ქმარს დავშორებოდი. წამოვედი კიდეც მისგან, ჩემი გოგონები პატარები იყვნენ – 2 და 1 წლის. ერთი წელი ვიცხოვრე მარტომ, მათთან ერთად. უნივერსიტეტი დამთავრებული მქონდა, პრაქტიკას გავდიოდი „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში.” მაგრამ, ძალიან მწირი შემოსავლით გამიჭირდა ბავშვების რჩენა. მშობლების მხრიდან არ მქონდა მხარდაჭერა და უკიდურესად მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო, იძულებული გავხდი, დავბრუნებულიყავი ჩემი შვილების მამასთან იმ განცდით, რომ უნდა გამეძლო – დავრჩენილიყავი იქ ჩემი შვილების კეთილდღეობისთვის. ასეც მოხდა - როდესაც ბავშვები წამოიზარდნენ ჩვენი თანაცხოვრებაც შეწყდა.
– თქვენი ოჯახი, მშობლები, შვილები როგორ შეხვდნენ თქვენგან სექსუალური ორიენტაციის აღიარებას?
– მშობლები ისე გარდაიცვალნენ, ამის შესახებ არ გაუგიათ. დედა ტრაგიკულად დაიღუპა. ეს გრძელი ისტორიაა. ის მშრომელი ადამიანი იყო. 90-იან წლებში, როდესაც საქართველოში ცხოვრება ძალიან გაჭირდა, მას ოჯახის სარჩენად რუსეთის სხვადასხვა ქალაქში მოუწია მუშაობა. დედა დაიღუპა მოსკოვში, ქუჩაში ბანდიტური ჯგუფების ურთიერთდაპირისპირების დროს. რაც შეეხებათ ჩემს შვილებს, მათ თავიდან ცოტა ეშინოდათ, რომ საფრთხე არ დამმუქრებოდა. მერე დაინახეს, რომ ამ პროცესმა მშვიდად ჩაიარა, ქუჩაშიც მცნობს ხალხი და სიცოცხლისთვის პრობლემები არ მექმნება. ეს ალბათ, იმან განაპირობა, რომ ქალი ვარ. დარწმუნებული ვარ, მამაკაცს რომ გაეკეთებინა „ქამინგ აუთი”, უფრო მეტი პრობლემა შეექმნებოდა. ჩვენთან ხომ ითვლება, რომ მამაკაცი უფრო ღირებულია და მის მიერ „მამაკაცურ პრივილეგიებზე” უარის თქმა, თითქოს საშიშროებას აყენებს ამ ჯგუფს. ამიტომაცაა, რომ ჰომოსექსუალ კაცებს უფრო მძიმე სტიგმა აქვთ, ვიდრე - ლესბოსელ ქალებს. ლესბოსელი ქალი მეტი გამოწვევის წინაშე დგას. მამაკაცი მაინც მეტად შემოსავლიანია და უფრო უადვილდება ცხოვრება, ქალს ამ მხრივ უჭირს ცხოვრების გაგრძელება. ზოგადად ლგბტ თემი საკმაოდ დიდია. როგორც ვხვდები, ქალები უფრო ერთგულები არიან და შესაბამისად, მათ უფრო გამოსდით გრძელვადიანი ურთიერთობები ქალებთან, ვიდრე მამაკაცებს ერთმანეთთან (იცინის).
– როგორია თქვენი ცხოვრება კადრს მიღმა?
– ჩვეულებრივი, ვაკეთებ საქმეს, რომელიც მიყვარს, რის გამოც ძალიან ბედნიერად ვგრძნობ თავს. ჩემი გოგონები 19 და 18 წლის არიან. ჩვენ ძალიან მჭიდრო კავშირი გვაქვს. ჩემთვის ისინი ყველაზე ახლობელი ადამიანები არიან. ერთი იურიდიულზე სწავლობს, მეორე – ფსიქოლოგიურზე. ორივემ ასპროცენტიანი გრანტი აიღო. ისინი ღირსეული ადამიანები არიან, რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ადამიანები ვიზრდებით, ვვითარდებით, გვეცვლება მსოფლმხედველობა. თუ ადრე, წლების წინ, მატერიალურ საგნებთან უფრო მეტი ბმა მქონდა და ვფიქრობდი, მაგალითად, მქონოდა ბინა, სადაც იცხოვრებდნენ ჩემი შვილები, ახლა ამ თემამ უკანა პლანზე გადაიწია. დღეს მე კვლავ ქირით ვცხოვრობ და ჩემი შემოსავალი ნაწილდება იმ ადამიანებზე, ვისაც ეს სჭირდება საჭმლის, მედიკამენტის სახით. თუმცა, უპირველესად, მაინც სხვა თემებია. ახლა სხვა ადამიანებს ვუთმობ ჩემს ბინას, როგორც თავშესაფარს. ახლაც ცხოვრობს ჩემთან 19 წლის გოგონა, რომელიც სახლიდან გამოაგდეს. დღეს ჩემი მიზანია, ვიბრძოლო სხვა ადამიანების უფლებებისთვის. გავუადვილო მათ ის გზა, რომელიც მეც გავიარე და რომელსაც ყველა ლგბტ თემის წარმომადგენელი გადის.