№39 რა თვისებების გამო არ აგდებდა ნინო ჩხეიძეს მეუღლე სახლიდან და რატომ აღიზიანებს დედის პოპულარობა მის შვილს
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ნინო ჩხეიძე დღეს ერთ-ერთი, ყველაზე წარმატებული მომღერალია, რომელიც არა მხოლოდ საქართველოში, სხვა ქვეყნებშიც, განსაკუთრებით კი ისრაელში, პოპულარობით და სიყვარულით სარგებლობს. ნინომ ცოტა ხნის წინ ახალი მუსიკალური პროგრამაც გააკეთა და ის უკვე მისთვის დაწერილ სიმღერებს მღერის. მისი მეორე საქმე – ქუდების დიზაინერობაც წარმატებული აღმოჩნდა.
ნინო ჩხეიძე: ზაფხული საკმაოდ დატვირთული მქონდა, თუმცა დასვენებაც მოვახერხე. ბორჯომში ორი კვირით დავისვენე სანატორიუმში და ალბათ, ბავშვობის მერე – პირველად. ძალიან მომეწონა და ვეცდები, ყოველ წელს ასე დავისვენო. ადამიანმა საკუთარ თავს უნდა დაუთმოს დრო, რომ მერე, მთელი წელი ნაყოფიერი იყოს. გავაკეთე აბსოლუტურად განსხვავებული პროგრამა. ადრე თუ ჩემს რეპერტუარში შედიოდა უკვე ნამღერი სიმღერები, ახლა პირადად ჩემთვის ვაწერინებ სიმღერებს და მათ ვასრულებ. რა თქმა უნდა, ჟანრი იგივეა და მიხარია, რომ მსმენელი ამ სიმღერებზე წამოვიდა – მოსწონთ, იტაცებენ. ჩემი მსმენელი ძალიან მათამამებს. უცხოეთში ბევრი ადამიანია, რომელიც მგულშემატკივრობს და მათი სიყვარული უფრო და უფრო მეტ სტიმულს მმატებს.
– რომელ ქვეყანას გამოარჩევდი, სადაც განსაკუთრებული სიყვარულით, სითბოთი გხვდებიან?
– ისრაელს გამოვარჩევდი. ვგიჟდები იქაურობასა და იქაურებზე. იმხელა სიყვარულით მხვდებიან. არ არსებობს ქართველი ებრაელების ოჯახი, სადაც ჩემი სიდი არ აქვთ და ყოველდღე არ უკრავენ. ვერ წარმომიდგენია, ისრაელში დავდიოდე და ვინმემ არ მიცნოს ქუჩაში. ყველა მცნობს და ძალიან მიხარია.
– როცა ტელეფონზე ვსაუბრობდით, შვილზე მითხარი, დრო არ მაქვს, რომ ხშირად ვნახოო. ამას არ განიცდის, არ აპროტესტებს?
– ჩემზე კი არ ვთქვი, ჩემს შვილს არ აქვს დრო. ზალდასტანიშვილის სკოლაში გადავიდა, თვითონ გადაწყვიტა: ძალიან უნდოდა. ჩვენც, მთელმა ოჯახმა – მე, დედამ, მამამ, გიორგიმაც, ყველანაირად შევუწყვეთ ხელი. ძალიან კარგად სწავლობს, თან ვარჯიშობს. მე მცალია, ჩემი შვილია დაკავებული და არც ვაძალებ. როგორც ის იყო წლების განმავლობაში ძალიან გამგები, როდესაც მე არ მეცალა, ახლა გავხდი ასეთივე დედა. დიდი გოგოა, დამოუკიდებელი. თვითონ იღებს გადაწყვეტილებებს. 13 წლისაა და იმდენად მყარი გადაწყვეტილებები აქვს, ხელს არაფერში ვუშლი. მერე არ მინდა, მითხრას – შენ რომ არ გადამიყვანეო – თვითონ უკეთ იცის.
– ვიცი, რომ ძალიან ნიჭიერია.
– ძალიან ნიჭიერია. სავარაუდოდ, ტვინით მამამისს ჰგავს. ამბობენ, რომ განსაკუთრებულად გახსნილი გონება აქვს და ჩემზე არ უთქვამთ ეს. მე ბავშვობაში არ მქონდა ასეთი გაბრწყინებული გონება. ამიტომ, ვფიქრობ, გიორგის ჰგავს ამაში. თვისებებითაც, ყველაფრით გიორგის ჰგავს. ზოგადად, როცა შვილზე ან ჩემზე კომპლიმენტს მეუბნებიან, მრცხვენია, მერიდება ხოლმე. მიხარია, რომ ასეთი ჩამოყალიბებლი გოგონაა.
– შენ როგორი იყავი 13 წლის ასაკში?
– ძალიან პრანჭია. სიმღერაზე დავდიოდი მაცაცო სებისკვერაძესთან და მთელი კვირა ვიპრანჭებოდი – ველოდებოდი, როდის წავიდოდი. მივიდოდი, ვიმღერებდი და მოვდიოდი. 13 წლის ასაკში მეც იმას ვაკეთებდი, რაც მინდოდა და ამისთვის მშობლების მადლობელი ვარ. არ მქონია შეზღუდვა და ახლა ასე ვარ მარიკოზე. მინდა, გააკეთოს ის, რაც უნდა. გიორგი ამ მხრივ ჩემზე რბილია.
– მოსწონს შენი პოპულარობა, პროფესია?
– მოსწონს, მაგრამ არ მოსწონს, როცა ქუჩაში ჩემ გამო ცნობენ – ამას ჩემი დაკვირვებით ვამბობ. დისკომფორტშია ხოლმე. ვიღაც რომ ცნობს იმის გამო, ნინო ჩხეიძის შვილია, ეს სასტიკად აღიზიანებს.
– შენ და გიორგის ამ ეტაპზე ცალ-ცალკე გიწევთ ცხოვრება. ის უკრაინაშია, შენ – საქართველოში. ამ ფაქტმა მითქმა-მოთქმაც გამოიწვია. ამბობდნენ, რომ დაშორდით.
– ბევრი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. თან, სულ ვამბობდი, რომ ჩემს შესახებ ჭორი არასდროს ყოფილა და ვერ ვხვდებოდი, რას ნიშნავდა ჭორის აგორება. ამ ბოლო პერიოდში მივხვდი, ეს რაც ყოფილა. ყველა მირეკავდა, მეკითხებოდა... მაგრამ, ვერ ვიტყვი, რომ ამას განვიცდიდი. ახლა გვაქვს ვირტუალური ჯგუფი – „ფეშენ ფემილი“ დავარქვით. მე, გიორგი, მარიკო ვართ გაწევრიანებულები. მთელი დღის განმავლობაში ვკონტაქტობთ. თანამედროვე ოჯახია – ცალ-ცალკე ვართ და ვირტუალურად ერთად ვართ. რა ვქნათ, ასეც ხდება.
– ეს გადაწყვეტილება ერთად მიიღეთ? შენი წასვლის საკითხი არც დამდგარა დღის წესრიგში?
– ასე არც გვიმსჯელია. საქმე ჰქონდა იქ გიორგის. მე კი აქ, ჩემს საქმეებს ვერ დავტოვებდი. განშორება მგრძნობიარედ, მძაფრად არ განგვიცდია. თან, ხშირად გვიწევს ერთმანეთის ნახვა. თვეში ორჯერ მივდივართ სადმე ერთად. ადვილად ვუყურებთ ყველაფერს, არ ვართულებთ. ჩემი წასვლის საკითხი არც დამდგარა დღის წესრიგში, რადგან ფიზიკურად ვერ შევძლებდი. რომ წავსულიყავი, ყველაფერს გავაფუჭებდი – ჩემს საქმეს, მარიკოს სწავლას. არჩევნის წინაშე არც დავმდგარვარ, ზოგადადაც, ამაზე საუბარიც არ ყოფილა.
– ამბობენ: ზოგჯერ ერთმანეთისგან შორს ყოფნა, სიყვარულს უფრო მეტად აძლიერებსო და თქვენს შემთხვევაშიც ასეა?
– ჩვენ იმდენი ხნის ცოლ-ქმარი ვართ – 15 წელია, ერთად ვართ, განშორებაც გამოვლილი გვაქვს და ყველაფერი. 15 წლის შემდეგ იმდენად შენიანია ის, რომ მხოლოდ ქმარი არ არის – დედაც არის, მამაც, ძმაც, შვილიც. ყველანარი ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან. ასეთი რაღაცები უფრო პატარა, ახალშექმნილ ოჯახებშია. ჩვენ უკვე გამოცდილი ცოლ-ქმარი ვართ.
– რაზე უნდა იყოს ოჯახი დაფუძნებული?
– ალბათ, ბედზეც არის დამოკიდებული და კიდევ იმაზე, როგორ შეეწყობიან ერთმანეთს, დამთმობები არიან თუ არა. გიორგის ახალგაზრდობაში ჩემზე კარგი ხასიათი ჰქონდა. ბევრჯერ შეეძლო, სახლიდან გავეგდე იმის გამო, რომ ყოველდღე არ ვაკეთებ სადილებს; არ მიმყავდა ბავშვი ბაღში. ბევრი ისეთი თვისება მაქვს, რაც მეოჯახე კაცებს არ მოსწონთ – ამას ვაღიარებ. მაგრამ, გიორგი არ მაგდებდა სახლიდან.
– გიორგის არ აქვს ისეთი თვისებები, რაც შენ არ მოგწონს?
– ანუ, მე რატომ უნდა გამეგდო გიორგი სახლიდან? არა. არ სვამს, არ ეწევა, კარგად იქცევა. მეგობრებთან ერთად ყოფნა უყვარს, მაგრამ ამაზე არც მქონდა პრობლემა, რადგან მეც მის გვერდით ვიყავი ხოლმე. არა, გიორგი უნაკლო აღმოჩნდა. სიყვარული რა არის – გაგება, ვნება, ზრუნვა, ამაგი, ყველაფერი ერთად აღებული. მეგობრები უნდა იყოთ, უპირველეს ყოვლისა. შენი ქმარი შენი კარგი მეგობარი უნდა იყოს, რომ მასთან ყველაფერზე შეგეძლოს ლაპარაკი. ასევე, ცოლიც გამგები უნდა იყოს, რომ კაცი არ უნდა გარბოდეს სხვა ქალებთან გულის გადასაყოლებლად. არ უნდა ეშინოდეს იმის, ცოტა რომ დააგვიანდება, ტაფა თავში მომხვდებაო. ასევე, უნდა იყოს კაცის მხრიდანაც. გადაწყვეტილებებიც ერთად უნდა მიიღონ.
– გქონიათ ურთიერთობაში კრიზისები?
– ურთიერთობაში არასდროს გვქონია კრიზისი. ეს ინდივიდუალურია. შეიძლება, მეორე დღესვე დაგიდგეს ეს ეტაპი, თუ ადამიანს ვერ შეეწყობა. 10-წლიანი ურთიერთობის შემდეგ, სხვა ეტაპი დგება: უფრო მყარი, მშვიდი.
– თარიღებსაც აღნიშნავთ?
– 6 წლამდე აღვნიშნავდით. მე დავხვდებოდი ხოლმე: რა მომიტანე საჩუქარად. თუ მეტყოდა – არაფერიო, ვეუბნებოდი: არ გახსოვს დღეს რა დღეა-მეთქი და მეორე დღეს ვაყიდინებდი საჩუქარს. ასე გრძელდებოდა სამი წელი, შემდეგ უკვე დაიმახსოვრა. ახლა არცერთი აღარ ვუკეთებთ ერთმანეთს საჩუქრებს, არც სიურპრიზებს ვუწყობთ. მე და გიორგი იმდენად კარგი მეგობრები ვართ, ისე სხვანაირი ურთიერთობა გვაქვს, რომ დღეების დათვლაზე მაღლა ვდგავართ.