№39 როგორ დაიწყო ბადროს ტყორცნასა და ბირთვის კვრაში ევროპის ჩემპიონმა, ნათია რიგიშვილმა დამბალხაჭოს ბიზნესი და როგორ სცემა მან აბეზარი თაყვანისმცემელი
მრავალგზის ევროპის ჩემპიონი ბადროს ტყორცნასა და ბირთვის კვრაში, 26 წლის ნათია რიგიშვილი ახალგაზრდა მეწარმეა, რომელიც მშობლიურ მხარეში, თიანეთის სოფელ ახალსოფელში დამბალხაჭოს აწარმოებს. მას სამოცზე მეტი მედალი და მნიშვნელოვანი პრიზი აქვს აღებული. ის თბილისში ვარჯიშობს და თან, რაიონში დამბალხაჭოს ოჯახურ ბიზნესსაც წარმატებით უძღვება.
ნათია რიგიშვილი: ვარ მძლეოსნობის ეროვნული ნაკრების წევრი ბადროს ტყორცნასა და ბირთვის კვრაში. ჩემი პირველი სპორტი კარატე იყო. შვიდი წლის შევედი და დაახლოებით, ოთხი წელი დავდიოდი. ქამარი არა, მაგრამ რაღაც დიპლომი მაქვს. მერე კალათბურთზე, ფრენბურთზე, კრივზე ვიარე. ერთ-ერთ რეგიონულ შეჯიბრებაზე საუკეთესო კალათბურთელის ტიტულიც მივიღე. მოუსვენარი ბავშვი ვიყავი. ასეთი აქტიურობის, არანორმალური ენერგიის და იმის გამო, რომ საერთოდ ვერ ვჩერდებოდი, ფრენბურთის მწვრთნელმა მაშინდელი მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტს, ყარამან საბანაშვილს დაურეკა და ჩემ შესახებ უთხრა. ის იყო ჩემი პირველი მწვრთნელი. ჩამოვედით პირდაპირ ვარჯიშზე, მაშინ მეთერთმეტე კლასში ვიყავი. შემხედა და თქვა: სიმაღლე და ძალა აქვსო და ეგრევე, „შტანგებზე“ სავარჯიშოდ გამიშვა. თბილისში რომ ჩამოვედი, ერთი წელი მამიდასთან ვცხოვრობდი, მერე – ბიძასთან, მერე ოთხი წელი – მამაჩემის მეგობრის დედასთან, ვერაზე. მას ჰყავდა მომვლელი ქალი, მაგრამ მეც ყურადღებას ვაქცევდი. მერე ჩემი დებიც ჩამოვიდნენ სასწავლებლად, ისინი ჩემზე უმცროსები არიან. დედა საბერძნეთში იყო და ბავშვებს მე ვპატრონობდი. სოფელშიც ჩავდიოდი მამასთან, ვეხმარებოდი. ამავე დროს გორის უნივერსიტეტში ტურიზმის სპეციალობაზე ვსწავლობდი. გორიდან თბილისში ჩამოვდიოდი, ვვარჯიშობდი. ახლა მძლეოსნობის მანეჟში ვცხოვრობ, ვვარჯიშობ, კოლეჯში ვსწავლობ რძის გადამუშავების ტექნოლოგიაზე და თიანეთში, ჩემს ბიზნესსაც ვუვლი. ყოველთვის დროის დეფიციტი მაქვს. მინდა, ბევრი რამ მოვასწრო და დრო ტყუილად არ ვფლანგო.
– ასეთი ენერგიული და მოუსვენარი ბავშვი რომ იყავი, ალბათ, ბიჭებსაც არ აკლდათ შენი მუშტი?
– სამწუხაროდ, ბიჭებსაც ხშირად ვცემდი. ჩემი ძმა ჩემზე ამბობს, ძმა მყავსო. კარგი იქნებოდა, ბიჭად დავბადებულიყავი. ერთხელ სკოლაში ავდიოდი კიბეებზე და უფროსკლასელმა ბიჭმა თოვლის გუნდა მესროლა და სახეში მომხვდა. გავბრაზდი, გუნდის სროლა როგორ გამიბედა-მეთქი და გავეკიდე. გაიქცა და ბიჭების საპირფარეშოში შემასწრო. იფიქრა, იქ არ შევიდოდი, მაგრამ შევყევი და ვცემე. ის დიდი იყო, მე – პატარა, ახლა რომ მახსენდება, ძალიან მრცხვენია. ჩემი კი ეშინოდათ, მაგრამ მოძალადე არასდროს ვყოფილვარ. თან, ვერ ვიტანდი, როცა ვინმეს უსამართლოდ ჩაგრავდნენ. არცერთი დაჩაგვრის ფაქტი არ გამომიტოვებია სკოლაში და ჩემი ბავშვური ჭკუით, ვცდილობდი, სამართლიანობა დამემყარებინა, ყველას ვექომაგებოდი. რამდენიმეს რომ გამოვექომაგე, მერე ყველა პატივისცემით და რიდით განიმსჭვალა და დალაგდა სიტუაცია. მერე, რომ წამოვიზარდე, არც მქონია ისეთი კონფლიქტები – უკვე ენით ვაგვარებდი. გოგონებს არასდროს ვცემდი. გოგო როგორ უნდა სცემო?!
– დიდობაში არ გამოგიყენებია შენი ძალა აბეზარი თაყვანისმცემლების მოსაშორებლად?
– ერთი ბიჭი ყველგან მხვდებოდა წერეთელზე – მომწონხარ, მიყვარხარო. მეუბნებოდა, რომ პოლიციელი იყო. ვუთხარი, თავი დაენებებინა, მაგრამ ვერ გავაგებინე. ერთ დილას, რვა საათზე, მივდივარ და ვხედავ, მანქანით მომყვება უკან. ვიფიქრე, მომეჩვენა-მეთქი, ტექნიკურად, ქალურად დავიხარე, ვითომ ბოტასი გავისწორე. რომ დავრწმუნდი ის იყო, ხელი დავუქნიე – შენა ხარ-მეთქი? გაუხარდა, მანქანა გააჩერა, გადმოვიდა და საყელოში რომ მოვკიდე ხელი, სულ შემოვახიე პერანგი. დაიწყო ყვირილი: მე შენ, იცი, რას გიზამო. ვერაფერსაც ვერ მიზამ, ჩაგიყვან პოლიციაში და იქ კარგად გცემ-მეთქი. კაცები იდგნენ და იცინოდნენ. მას შემდეგ არ გამოჩენილა.
– როგორი დამოკიდებულება გაქვს კაბის, მაკიაჟის მიმართ?
– ძალიან შორს ვართ ერთმანეთისგან მე და ქალურობა. კაბა იშვიათად მაცვია, მაგრამ როცა მაცვია, ამბობენ, რომ ძალიან მიხდება. არც დრო არ მაქვს პრანჭვის და არც – სურვილი. ლაკი ერთხელ მესვა. მეჯვარე ვიყავი, იქ წამისვეს და ვერ ავიტანე. ცალი ყური მქონდა გახვრეტილი და იმაზეც მოვიხსენი საყურე. ჩემი დები ძალიან ქალურები არიან. სულ მეჩხუბებიან – გაიპრანჭე, ქალურად ჩაიცვი, ხელის კრემი ან სახის კრემი მაინც წაისვიო, მაგრამ არ ზის ეს ჩემს ხასიათში. ბუნებრივად ასეთი ვარ და მირჩევნია, ბუნებრივი ვიყო, ვიდრე ხელოვნური.
– როგორ გაიხსენებ შენს ყველაზე დიდ წარმატებას და წარუმატებლობას?
– თბილისში რომ ჩამოვედი და ვარჯიში დავიწყე, მალევე დაემთხვა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. 2006 წლის თებერვალი იყო, პირველად გავედი, ბირთვი ვკარი და მეორე ადგილი ავიღე. უცხოეთში პირველად სოჭში ვიყავი, სადაც ორივე სახეობაში გამოვედი. ბირთვის კვრაში – მესამე, ხოლო ბადროს ტყორცნაში მეორე ადგილი ავიღე, რუსმა მომიგო. მერე ტრაპზონში წავედი, ბავშვთა ოლიმპიადაზე, იქაც იგივე შედეგებით, რუსმა მომიგო. მერე ხან ბაქოში, ხან უკრაინაში გამოვდიოდი. 2009-ში ბადროს ტყორცნაში, უკრაინაში ავიღე მესამე ადგილი. მერე მქონდა ჩავარდნის ორი წელი, წელის ტრავმა მივიღე. 2013 წელს ევროპა რომ მოვიგე, მერე მსოფლიო ჩემპიონატზე მივფრინავდი მოსკოვში და კიდევ კარგი, თვითმფრინავში არ ავედი. სანამ ავიდოდი, მომზადების პროცესში გავხდი ცუდად – მქონდა გენერალიზებული მოწამვლა: თირკმელები და თითქმის ყველა ორგანო გამეთიშა და ორი კვირა რეანიმაციაში გავატარე. არ გამომიკვლევია. რამ მომწამლა, დღემდე არ ვიცი. ჩვეულებრივი მკვდარი ვიყავი. ორი წელი ვისვენებდი და 2016 წელს აღვადგინე ვარჯიში. ამას დაემთხვა შეყვარებულთან დაშორება. იმდენად სუსტად ვიყავი ფიზიკურად, ერთი საათი თუ მეღვიძა, სამი-ოთხი საათი მეძინა. კარგია, რომ ერთმანეთს დაემთხვა ყველაფერი – ცუდი ერთად წავიდა და თან, ძილში გადავლახე. მდგომარეობიდან რომ გამოვედი, მას შემდეგ, ეს ორი წელია, დავიქოქე და აღარ ვჩერდები. სტარტი ავიღე და მივდივარ. საქართველოს ჩემპიონატზე, პირველს თუ არ ჩავთვლით, ყველა მოგება მაქვს. არ დამითვლია ზუსტად, მაგრამ სამოცზე მეტი მედალი მექნება – უკრაინის, ბელორუსიის, აზერბაიჯანის, ისრაელის...
– ამ ყველაფერთან ერთად, დამბალხაჭოს ბიზნესი გაქვს. როგორ მოგივიდა და განახორციელე ეს იდეა?
– ბავშვობიდან მქონდა დამბალხაჭოს წარმოების იდეა. დასვენების პერიოდში, იმ ტრავმების დროს ვფიქრობდი, თან მინდოდა, თან – არა. თავს ვერ ვუყრიდი. მერე, ვარჯიში რომ დავიწყე, გამოვცოცხლდი. გონებრივადაც გამოვფხიზლდი და ისრაელიდან რომ ჩამოვედი, „აწარმოე საქართველოში“, პროგრამის ფარგლებში შევიტანე განაცხადი და დამიფინანსეს ეს ბიზნესგეგმა. სოფელში გავიზარდე და ვიცი, ეს ყველაფერი. რძის გადამუშავების ტექნოლოგიაზეც იმიტომ ვსწავლობ, მინდა, მეცნიერულად ვიცოდე ყველაფერი. საკმაოდ შემოსავლიანი და ძალიან მოთხოვნადია. რეალიზაციის პრობლემა არ მაქვს. პრობლემა ისაა, რომ მთხოვენ და არ არის დამბალხაჭო – მალე თავდება. ამერიკა, ინგლისი, კანადა, სად აღარ მიაქვთ. ჯერ მხოლოდ ათი ძროხა მყავს და იქნებ გამოჩნდეს ვინმე ინვესტორი, ვინც დამეხმარება, გავაფართოო. სოფელში მშობლები უვლიან ჩემს ბიზნესს. შაბათ-კვირას რომ ჩავდივარ, ძროხებსაც ვწველი და ყველაფერს ვაკეთებ. ბავშვობიდან მივეჩვიე. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ სოფელში გავიზარდე. ყველაფრის ფასი ვიცი – მიწასთან, ბუნებასთან კონტაქტი ძალიან მიყვარს. რომ ჩავდივარ, ფეხზე ვიხდი და ფეხშიშველი დავდივარ, რომ ბოლომდე შევიგრძნო ბუნების ძალა. არასდროს ვიცხოვრებდი ქალაქში. ძალიან მიყვარს მიწასთან, ბუნებასთან, საქონელთან ურთიერთობა, სიწყნარე. შრომატევადია, მაგრამ სასიამოვნო.