№39 რატომ არ შედგა ეკა კვალიაშვილის ქორწილი შეძლებულ უცხოელ მამაკაცთან და რატომ გააცილა მან დედა უკანასკნელ გზაზე ტელეფონით
ბოლო დროს, გავრცელდა ხმა, თითქოს ეკა კვალიაშვილმა საქართველო დატოვა და რუსეთის დედაქალაქში გადავიდა საცხოვრებლად. იმასაც ამბობდნენ, ამ ზაფხულს, კეთილი ადამიანების მიერ სამკურნალოდ გადარიცხული ფული, ეკამ ევროპაში მოგზაურობისას, შოპინგებსა და კოსმეტიკურ პროცედურებში დახარჯაო. რეალურად, რამდენად შეესაბამება ეს ყოველივე სიმართლეს, რის გამო ვერ შეძლო დედის დასაფლავებაზე დასწრება მომღერალმა, აპირებს თუ არა ის გათხოვებას და როგორ იგრძნო დედის გარდაცვალება წინასწარ, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
ეკა კვალიაშვილი: ამ გადასახედიდან, ძალიან საინტერესო ცხოვრება გამოვიარე და ყველა წუთისა და წამისთვის მადლობელი ვარ. ცუდიც ბევრი იყო და კარგიც, მაგრამ ესეც ჩემი ცხოვრებისა და გამოცდილების ნაწილია. ბევრჯერ მიწყობდა ცხოვრება გამოცდებსაც.
– რომელი იყო ცხოვრების ყველაზე რთული გამოცდა, რისი გადალახვაც გაგიჭირდა?
– ასეთი ბევრი იყო. ყოველთვის რთულად ჩასაბარებელ გამოცდებს მიწყობდა ცხოვრება, ადვილი არცერთი არ იყო. იცით, რას დავაკვირდი? მეც ისე ვცხოვრობ, როგორც ყველა, მაგრამ ჩემი ბამბა უფრო ჩხრიალებს, ვიდრე სხვისი კაკალი.
– გავრცელდა ხმა, თითქოს მოსკოვში გადახვედი საცხოვრებლად..
– მოსკოვში არ ვყოფილვარ, დაახლოებით, ხუთი წელია. ეს მეც გავიგე, თითქოს მოსკოვში გადავედი საცხოვრებლად და საიდან მოიტანეს, მიკვირს. უბრალოდ, ორი თვეა, რაც ევროპიდან ჩამოვედი, იქ ბევრი მეგობარი მყავს. დავისვენე კიდეც, სამედიცინო კვლევებიც ჩავიტარე. წიგნზეც დავიწყე მუშაობა და სერიოზულ პროექტზეც, რომელზეც ჯერ ვერ გესაუბრებით.
– რა წიგნზე მუშაობ?
– ჩემს თავსა და განვლილ ცხოვრებაზე ვწერ წიგნს, ანუ ჩემს ბიოგრაფიაზე. ერთ წელში პრეზენტაციას მოვაწყობ და ზუსტად ვიცი, ძალიან საინტერესო იქნება.
– რატომ მოგინდა საკუთარ თავზე წიგნის დაწერა? ეს, ცოტა ადრე ხომ არ არის?
– არ ვიცი, მომინდა და დავწერ იქამდე, რაც გამოვიარე და მერე, ასაკში რომ შევალ, შეიძლება მეორე ტომიც დავამატო (იცინის). მასში უამრავი ფაქტი იქნება მოყვანილი, ყველაფერი სიმართლე, თავისი სახელებითა და გვარებით.
– სამედიცინო კვლევა ახსენე. ყველამ იცის, რომ ჯანმრთელობის მხრივ, გარკვეული პრობლემები გქონდა. ახლა როგორ ხარ?
– როგორც ამბობდნენ, მე, საფრანგეთში რომანტიკული ღამეებისთვის არ ჩავსულვარ. მჭირდებოდა გარემოს გამოცვლა, დასვენება, სამედიცინო კვლევა და მკურნალობის ჩატარება. ახლა, საგრძნობლად კარგად ვარ. ევროპაში ბევრი მეგობარი მყავს. არც კი ვიცი, როგორ გადავუხადო მადლობა მათ და განსაკუთრებით, გოჩა ჯავახიშვილს – საქართველოს დესპანს საფრანგეთში, რომელიც თან გადამყვა. ასე რომ, მარტო წავედი და საფრანგეთი, საბერძნეთი, იტალია მოვიარე. თან დავისვენე, დადებითი ენერგეტიკით დავიმუხტე და თან, ჯანმრთელობასაც მივხედე. არ მიყვარს ჯანმრთელობაზე ლაპარაკი, მაგრამ, როცა ჩემი ავადმყოფობის გამოღვიძების პერიოდები დგება, არსად ვჩნდები და ჩემს პრობლემას თავზე არავის ვახვევ.
– მაპატიე, ჩაგეკითხები: ავადმყოფობის გამოღვიძების პერიოდები რას ნიშნავს?
– ჩემს ავადმყოფობას ახასიათებს გამოღვიძების პერიოდები. არ მიყვარს ამ თემაზე საუბარი. როცა საფრანგეთში ვიყავი, ნევროლოგმა მითხრა, შეეცადე, სტრესები აირიდო, სასიხარულო სტრესებიც კიო. ძალიან რთულია, ყოველდღიურ ცხოვრებაში ეს აირიდო, მაგრამ ვცდილობ. პირველად რომ წავედი საფრანგეთში სამკურნალოდ და თბილისში დავბრუნდი, ისეთი სტრესების „ტყვიები“ წამოვიდა ჩემკენ, ისე „დამგრუზეს” და ისეთი რამეები დამაბრალეს, რთულად გადავიტანე ის პერიოდი. არსად გავდიოდი. თუ ახლობელი მკითხავდა: როგორ ხარო, ვპასუხობდი, კარგად-მეთქი. თუმცა, ვიმუშავე ჩემს თავზე და უკეთ გავხდი. ახლაც, სამკურნალოდ ვიყავი, ეს აუცილებელი იყო და ზოგმა რა კუდი გამოაბა, ზოგმა – რა.
– მახსოვს, თქვი, ჩემს ცხოვრებაში არსებობს საყვარელი მამაკაცი და სულ მალე, ქორწილში დაგპატიჟებთო. მოპატიჟება ჯერ არ მიგვიღია და რაშია საქმე?
– თუ მოპატიჟება არ მიგიღიათ, ესე იგი, ქორწილი ჯერ არ მქონია (იცინის). ეგ რომ ვიცოდე, ვის მივყვები ცოლად, კარგი იქნებოდა. ჯერ თქვეს ბერძენიაო, მერე – არა იტალიელიო... იმდენად მომწონდა ეს ჭორი, რომ მეკითხებოდნენ, ვამბობდი კი, არსებობს ასეთი მამაკაცი ჩემს ცხოვრებაში, გულში ვფიქრობდი, იჭორაონ-მეთქი (იცინის). ვხალისობ და მიხარია, ჩემზე რომ ამბობენ, ეკა მილიონერს მიჰყვებაო. მერე კი, ნაწყენი ვრჩები – ისეთ კარგ მამაკაცებს იმეტებენ ჩემთვის, მსოფლიოში უსიმპათიურესს და უმდიდრესს მივყვები ცოლად, ავიწყვე ცხოვრება, მაგრამ კი არ მეუბნებიან, მათ ტელეფონის ნომერს და მისამართს. ხომ უნდა ვიცოდე, ცოლად ვის მივყვები? (იცინის) მადლობა, რომ გემეტებათ კარგი მამაკაცები ჩემთვის, მაგრამ მითხრით, სად არიან? (იცინის) ნეტავ, მყავდეს მამაკაცი გვერდით და სულაც არ დავმალავ.
– გასაგებია, რომ ეს შენთვის სახალისო ჭორია. მაგრამ, თუ გაგიგია ისეთიც, რომელიც გეტკინა, გეწყინა და გული დაგწყვიტა?
– როგორ არა! რამდენიც გინდათ. მაგალითად, ეკამ ავადმყოფობა მოიგონა ფული რომ შეეგროვებინაო. შეგროვილი ფული კოსმეტიკურ პროცედურებსა და შოპინგებზე დახარჯაო... წერდნენ, იმისთვის გადავურიცხეთ ფული, რომ ამას სახე გადაეტყლარწა და ტუჩები დაებერაო. სხვათა შორის, თავიდან არ ვაქცევდი ყურადღებას, მაგრამ ბოლოს, მეც გავგიჟდი და დავწერე: ნუ წაიღეთ ტვინი, მომწერეთ თქვენი ანგარიშის ნომრები, ის ფული უკან უნდა ჩაგირიცხოთ-მეთქი. რა ვქნა, გენეტიკურად მაქვს კარგი სახის კანი და ასეთი ფორმის ნაკვთები. შეხედონ ჩემს შვილს და შვილიშვილებს ცხვირ-პირზე. დახედონ 82 წლის დედაჩემის ფოტოს, რომელიც სპეციალურად დავდე სოციალურ ქსელში და მიხვებიან, როგორი გენეტიკა მაქვს! ვერ გავიგე, სად ნახეს ჩემი გადაჭიმული ნაოჭი და დაბერილი ტუჩი? ზოგადად, ჩემთვის არ არის მიზანშეწონილი მსგავსი ოპერაციები და პროცედურები. ასე რომ, ვერ გადავიტკვარცალებ სახეს და ვერც ტუჩებს დავიბუთქუნებ. არ შეიძლება ჩემთვის და იქნებ, აქ მაინც წაიკითხონ და მორჩნენ ამაზე ერთხელ და სამუდამოდ ჭორაობას. მახსოვს, ისიც თქვეს, პარიზში იმდენი იშოპინგა ჩვენი მკურნალობისთვის ჩარიცხული თანხით, ჩემოდნები ჩამოიტანაო. ერთი დიდი ჩანთა წამლებითა და ექიმის გამოწერილი რეცეპტებით იყო სავსე. აეროპორტში რომ გახსნეს და შეამოწმეს, ერთამენთს გადახედეს და ჩაილაპარაკეს: როგორი გულდასაწყვეტია, ასეთი ახალგაზრდა და ამდენი წამალიო. შოპინგისთვის მეცალა? ეტყობა, კარგ „ვიდუხაზე“ ვარ და ამოტომაც არ სჯერათ ჩემი ავადმყოფობის (იცინის). ასე რომ, არც მოსკოვში გადავცხოვრდი, არც საფრანგეთში მიშოპინგია ხალხის გადმორიცხული ფულით და არც მილიონერი საქმრო მელოდება საბერძნეთში. არც ხუთვარკვლავიან სასტუმროში ვყოფილვარ. ორვარსკვლავიან სასტუმროში ვცხოვრობდი საფრანგეთში და ხშირად ფეხითაც მიწევდა კლინიკამდე მისვლა. ერთხელ, ღია კაფეში ვიჯექი და მის მაღლა ჩანდა კატრინ დენევის ფანჯრები. ფოტო გადავიღე და დავდე სოციალურ ქსელში. მირეკავს ჩემი შვილი, სასწრაფოდ წაშალე ფოტოო. რატომ-მეთქი. ერთი ამბავი ატყდა – აი, ეკა კატრინ დენევის ბინის ქვეშ, კაფეში ზის. ამისთვის გადავურიცხეთ ფული, რომ იქ ისეირნოსო? ეს არ გამკვირვებია, უბრალოდ, მიკვირს, ის რატომ არ თქვეს, ეკა, კატრინ დენევის დაქალია და ალენ დელონმა სთხოვა ხელიო. ასე რომ, ამ ერთმა ფოტომ, სკანდალში გამხვია. სხვათა შორის, როცა საფრანგეთში ვიყავი, დედა გარდამეცვალა და ვერ ჩამოვედი. რაც კი თანხა მქონდა, თბილისში გამოვაგზავნე და ბილეთის ფულიც კი არ დამრჩა. ტელეფონში მქონდა პირდაპირი ეთერი ჩართული, იქ ვიღებდი მისამძიმრებებს და დედასაც დავემშვიდობე. მანამდე, სანამ წავიდოდი, დედა მოვიდა ჩემს სანახავად. ვისაუბრეთ და როცა წავიდა, ზუსტად ვიცოდი, ცოცხალს ვეღარ ვნახავდი. ვერ გეტყვით, როგორ, მაგრამ შინაგანად ვიგრძენი. ასეც მოხდა – ეს იყო ბოლო ჩახუტება და გაცილება. ვიცი, ის ჩემგან არ წასულა, უბრალოდ, სხვა განზომილებაში გადავიდა.