№39 როგორ ააცალა „კაგებეს“ ცხვირწინ თეთრი გვარდიის კუთვნილი განძი ქართველმა საზღვაო მაიორმა
მთავარი გმირის სახელი შეცვლილია და მისი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.
გაქცევა
1989 წლის 14 მარტს, მოსკოვიდან 101 კილომეტრით დაშორებული მკაცრი რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიიდან 30 წლის პაატა ვასაძე გაიქცა, თანამზრახველ ოთარ ლომინაძესთან ერთად. წყვილმა შუქის გამორთვით ისარგებლა, ხუთი მავთულხლართი გადალახა და ღამის 3 საათზე „ზონა“ დატოვა. ვასაძე ცნობილი ქართველი იხტიოლოგის, პაატა ვასაძის შვილიშვილი იყო და ბაბუის სახელს ატარებდა. ვასაძე უმცროსს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, განსაკუთრებით დიდი რაოდენობის სამხედრო ქონების გაფლანგვისთვის. ის შავი ზღვის ფლოტის ზურგის სამსახურში მუშაობდა სევასტოპოლში და საზღვაო მაიორის წოდებას ატარებდა. სინამდვილეში, პაატა ვასაძე უდანაშაულო იყო და საქმე მას „კაგებემ“ „შეუკერა“...
ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ 1967 წელს გარდაცვლილი პაატა ვასაძე უფროსის არქივში ცნობილი იხტიოლოგის ჩანაწერები აღმოაჩინეს. არქივი სამხედრო-საზღვაო ფლორტის მთავარ სამმართველოში ინახებოდა. ერთ-ერთ ჩანაწერში ცნობილი იხტიოლოგი მოკლედ წერდა: „აურაცხელი სიმდიდრით დატვირთული ჩაძირული გემის კოორდინატები ჩემს შვილიშვილს, პაატას გავანდე...“ ჩანაწერებში არც გემის სახელწოდება იყო აღნიშნული და არც საზღვაო სივრცის კოორდინატები, სადაც აურაცხელი სიმდიდრე უნდა ეძებნათ. ჩანაწერები „კაგებეს“ გადაუგზავნეს. ლუბიანკაზე ყველაფერი რომ გააანალიზეს, სევასტოპოლიდან პაატა ვასაძე უმცროსი გამოიძახეს და ბაბუის მიერ განდობილი, ჩაძირული სიმდიდრის კოორდინატების დასახელება მოსთხოვეს. თან, დაემუქრნენ, უარის შემთხვევაში, ციხეში ჩასვამდნენ და გაამწარებდნენ. ვასაძე უმცროსმა „კაგებეში“ განაცხადა, რომ ბაბუამისმა იხუმრა და გამომძიებელს უთხრა:
– გარწმუნებთ, რომ ბაბუამ ეს შეგნებულად გააკეთა, რადგან მსგავსი „გაჩალიჩებები“ ახასიათებდა. ეს რომ სიმართლე იყოს, მაშინ ჩანაწერსაც არ დატოვებდა და ყველაფერს საიდუმლოდ მეტყოდა...
უშიშროებაში ეს სიტყვები არ ირწმუნეს და ვასაძე უმცროსი, გამოტეხის მიზნით, სასტიკად აწამეს, თუმცა უშედეგოდ. ჯალათმა, რომელიც წამებას ხელმძღვანელობდა, გამომძიებელს განუცხადა: სიმართლეს ამბობს, მართლა არაფერი იცის. მე ის ისეთ პრესებში გავატარე, რამე რომ იცოდეს, აუცილებლად იტყოდაო... მიუხედავად ამისა, ვასაძე უმცროსი 12 წლით, ცრუ ბრალდებით ციხეში ჩასვეს და უმკაცრეს პირობებში ამყოფებდნენ. 35 წლის ოთარ ლომინაძე ვასაძემ „ზონაში“ გაიცნო, რომელმაც თავი მძარცველ-რეციდივისტად წარუდგინა. სინამდვილეში კი, ლომინაძე „კაგებეს“ ოფიცერი, მაიორი პეტრე კვანტალიანი იყო და უშიშროებისგან ჰქონდა დავალებული ვასაძის ნდობის მოპოვება და ჩაძირული გემის ამბის გარკვევა. ანუ, ვასაძის გაქცეა „კაგებეს“ ორგანიზებული გახლდათ.
საიდუმლო მზადება
გაქცეულებმა მშვიდობიანად ჩააღწიეს საბჭოეთის დედაქალაქში და კონსპირაციულ ბინაში დასახლდნენ, რომელიც ვასაძეს ლომინაძემ შესთავაზა. სინამდვილეში, ეს ბინა „კაგებეს“ მიერ კონტროლდებოდა. იქ უამრავი „ჟუკი“ იყო ჩამონტაჟებული და უშიშროების თანამშრომლებს არცერთი სიტყვა არ ეპარებოდათ. ისინი იმედოვნებდნენ, რომ ადრე თუ გვიან აუცილებლად ამოტივტივდებოდა ჩაძირული გემის საქმე და უშიშროება ძვირფას განძს ხელში ჩაიგრდებდა, ურჩ პაატა ვასაძეს კი კვლავ საპყრობილეში დააბრუნებდნენ. საამისოდ სპეციალური გეგმა იყო შემუშავებული და მაიორი კვანტალიანი თანამიმდევრულად ახორციელებდა მას. სამკვირიანი მალვის შემდეგ, როცა ძებნილთა ფინანსები უკვე მიზერამდე დავიდა, კვანტალიანმა პაატა ვასაძეს უთხრა:
– მაყუთი გველევა და თუ სასწრაფოდ არ შევავსეთ ჩვენი სალარო, შიმშილით დავიხოცებით, ძაღლებიც აღარ დაგვჭირდება.
– როგორ უნდა შევავსოთ? – ჰკითხა პაატა ვასაძემ ოთარ ლომინაძეს.
– საქმე უნდა გავაკეთოთ. ჯერ კიდევ დაპატიმრებამდე ავიღე ნაკოლი, მაგრამ ვერ მოვასწარი.
– მე რომ ამ საქმის არაფერი გამეგება?
– ეგ არაფერი. მე ვიჩალიჩებ. შენ მხოლოდ გვერდით დამიდექი. ერთი ებრაელი იუველირია. დიდი მაყუთი და ოქრო-ვერცხლი, თვლები და ძვირფასეულობა აქვს. წავართმევთ და ცოტა ხნით ფსკერზე დავწვებით. შემდეგ კი მე უცხოეთში უნდა გავიქცე და თუ გინდა, შენც წაგიყვან.
– უცხოეთში? როგორ?
– ჩემი ახლობელია. ძალიან სანდო კაცი. აჭარიდან თურქეთში გადაჰყავს ხალხი და თითო კაცზე ათი ათასს ითხოვს. ჩვენ კი ამ საქმის მერე იმდენი ფული გვექნება, ჩვენთვის ყველა გზა ხსნილი იქნება.
– თანახმა ვარ, – დაეთანხმა ლომინაძეს ვასაძე.
ებრაელი იუველირი, სინამდვილეში, „კაგებეს“ თანამშრომელი გახლდათ და მძარცველთა წყვილმა მისგან მხოლოდ 15 ათასი მანეთი და ნახევარი კილოგრამი ოქრო წამოიღო, რომელიც, რა თქმა უნდა, „კაგებეს“ სპეცოპერაციების ფონდში ირიცხებოდა. „გაცოფებული“ ლომინაძე ბრაზს ვერ მალავდა. კონსპირაციულ ბინაში ბოლთას სცემდა და იმეორებდა:
– იაღლიში მოგვივიდა. კუში ვერ ავიღეთ და უცხოეთი ჩვენთვის მიუწვდომელი ოცნებააო.
ვასაძე დინჯად უსმენდა „პაძელნიკს“ და ბოლოს უთხრა:
– ოთარ, ძმაო, დავრწმუნდი, რომ პატიოსანი კაცი ხარ, ძმად გთვლი და ერთი საიდუმლო უნდა გაგანდო.
– რა საიდუმლო?
– რა და ბაბუაჩემმა ძვირფასეულობით დატვირთული გემის კოორდინატთა რუკა დამიტოვა. გემი ჩაძირულია და თუკი ამ მაყუთს ამ განძის ამოღების საქმეში ჩავდებთ, არა მარტო უცხოეთში გავემგზავრებით, იქ მილიონერებივით ვიცხოვრებთ.
– ხუმრობ?
– სულაც არა. უბრალოდ, ჯერ ის რუკა უნდა ამოვიღოთ სამალავიდან. შემდეგ კი ადგილზე მივიდეთ და განძის ამოღებაზე ვიჩალიჩოთ. სწორედ ამისთვის გვინდა ფული, ანუ საყვინთავი მოწყობილობები რომ ვიყიდოთ, რასაც ჩემს თავზე ვიღებ. მყავს ერთი საიმედო კაცი, რომელიც სპეცმოწყობილობებს ყიდის.
– გემი სადაა ჩაძირული?
– ეგ ჯერ არ ვიცი. რუკაზეა აღნიშნული. ბაბუამ ყველაფერი დაშიფრა, რომ შემთხვევით უცხოს არ წაეკითხა. გაშიფვრა კი მე ვიცი. გაწყობს?
– მოსულა, – თქვა ლომინაძემ და „პაძელნიკებმა” ხელი ერთმანეთს დაჰკრეს.
ძებნილთა ტანდები საიდუმლო მზადებას შეუდგა, რომ განძი ხელში ჩაეგდოთ და ქვეყნიდან აურაცხელი სიმდიდრით გასულიყვნენ.
მოკითხვის წერილი
კვანტალიანმა დრო იხელთა და კონსპირაციულად შეხვდა ოპერაციის ხელმძღვანელს, პოლკოვნიკ პეტრე გორინს, რომელმაც ხელქვეითს უთხრა:
– გადავწყვიტეთ, რომ განძი თქვენ ამოიღოთ და როცა მას წყლიდან ამოსწევთ, დაკავებაც მაშინ მოხდება. ყველაფერს ვაკონტროლებთ და აბა, შენ იცი, ასე გააგრძელე. უკვე წარდგინება მაქვს გაკეთებული და რიგგარეშე ორ ჩინს მიიღებ – ოპერაციის დასრულების შემდეგ პოლკოვნიკის სამხრეებსაც დაიკერებ.
დაშიფრული რუკა თბილისში, ერთ-ერთი ძველი სახლის სხვენზე აღმოჩნდა. ვასაძემ რომ ის გაშიფრა, აღმოჩნდა, გემი „იმპერატორი ალექსანდრე“ ბარენცის ზღვაში, 25 მეტრის სიღრმეზე, ზღვის ფსკერის კლდეებში იყო გაჭედილი და წყალმცენარეებით დაფარული. 25 ივლისს ყველაფერი მზად ჰქონდათ ძებნილებს და საჭირო მოწყობილობებით თბილისიდან შორეული რუსეთისკენ მატარებლით აიღეს გეზი... 27 ივლისს კი „კაგებეს“ მოთვალთვალე თანამშრომელმა აღმოაჩინა, რომ კვანტალიანს მაგრად ეძინა ორადგილიან კუპეში. პაატა ვასაძე უმცროსი კი უკვალოდ გამქრალიყო. უშიშროება დაფაცურდა და მიმალულ ვასაძეს ძებნა დაუწყეს, მაგრამ ვერსად მიაგნეს. ერთი წლის შემდეგ კი ლუბიანკაზე პაატა ვასაძის მოკითხვის წერილი მოვიდა, რომელშიც ეწერა: „ძვირფასებო, ჩემი მხურვალე სალამი თქვენ. დიდი მადლობა, რომ დამეხმარეთ განძის ამოღებაში და წამითაც არ მივიწყებთ. მაგრამ, იმედი უნდა გაგიცრუოთ, ვერსად, ვერასდროს მიპოვით. განძი? განძი კი შავ ზღვაში, გემ „გეროიზე“ იყო, რომელიც 1918 წელს ჩაიძინა გელენჯიკთან, როდესაც თეთრი გვარდიის ხელმძღვანელობა ქვეყანას ტოვებდა. მომიკითხეთ ოთარიც. თქვენი პ. ვასაძე უმცროსი“.
პეტრე კვანტალიანს მაიორობაც ჩამოართვეს და უწყებიდანაც დაითხოვეს.