№39 რა სიმპტომებით უნდა მივხვდეთ, რომ ბავშვი სკოლაში ძალადობის მსხვერპლია და რა მიზეზები განაპირობებს მის მოძალადეობას
სკოლებში ბავშვებს შორის ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური ძალადობა მთელ მსოფლიოში, ყველა დროის პრობლემაა. თუმცა, ბოლო დროს განსაკუთრებით გახშირდა. ის, ვინც ძალადობას მიმართავს, მიზნად მსხვერპლის დაშინებასა და დამორჩილებას ისახავს. კვლევის თანახმად, ლონდონში, ყოველდღიურად ათასი ბავშვი ამბობს უარს სკოლაში წასვლაზე ძალადობის გამო. სად უნდა ვეძებოთ ამ პრობლემის სათავე, როგორ ამოვიცნოთ მოძალადე და მსხვერპლი ბავშვი, საერთოდ, რა უნდა მოიმოქმედოს მშობელმა, რომ შვილი მოძალადე ან მსხვერპლი არ გახდეს და როგორ დავეხმაროთ უკვე პრობლემურ ბავშვს, ამ საკითხზე გვესაუბრა ბავშვთა ფსიქოლოგი ზაზა ვარდიაშვილი.
ზაზა ვარდიაშვილი: ძალადობა არის ფსიქოლოგიური და ფიზიკური. ძალიან საინტერესოა ერთ-ერთი კვლევა, როდესაც ბავშვების გარკვეულ კატეგორიას აკვირდებოდნენ საბავშვო ცენტრში – რბილ ოთახში, სადაც ერთიდან ორ წლამდე ბავშვები სწავლობდნენ სიარულს. რა თქმა უნდა, ზოგი ბავშვი, ვარდება სიარულის დროს და იწყებს ტირილს. აქ იყო ბავშვების კატეგორია, რომელიც მიდიოდა და ეფერებოდა წაქცეულ ბავშვს. მის წამოყენებას ცდილობდა და იყო ბავშვების კატეგორია, რომლებიც ამ ბავშვს ან უემოციოდ ჩაუვლიდა, ან წაქცეულს ურტყამდა. დაინტერესდნენ, თუ რა განაპირობებდა ბავშვების ასეთ ქცევას და დაიწყეს ოჯახების კვლევა. აღმოჩნდა, რომ ის ბავშვები, რომლებსაც მშობლები უყვიროდნენ ან ფიზიკურად ეხებოდნენ, სცემდნენ და სჯიდნენ, სწორედ მათი შვილები ურტყამდნენ წაქცეულს. აი, აქედან იწყება ძალადობა ბავშვებში. ეს არის ოჯახიდან წამოსული ფაქტორი, რომელიც მცირე ასაკში ყალიბდება. მათ უვითარდებათ ცივი დამოკიდებულება სხვა ბავშვების მიმართ და აი, ეს განაპირობებს შემდგომში გამოვლენას.
– გარდა ოჯახის მხრიდან ძალადობისა, რა კატეგორიის ბავშვები არიან მოძალადეები და რომელი კატეგორიაა მსხვერპლი?
– მოძალადე ბავშვები არ არიან უშიშრები, პირიქით, შიში მათში უფრო მეტია. უბრალოდ, მათში არის ასეთი კონსტრუქცია: უნდა დავესხა თავს, თორემ თვითონ დამესხმებიან. ისინი უფრო მეტად არიან შიშს დაქვემდებარებული, ვიდრე ის ბავშვები, ვინც მსხვერპლია. ზოგი ზეწოლაზე თვითონაც აგრესიით პასუხობს და არის კატეგორია, რომელსაც არ შეუძლია, ასე ფიზიკური პასუხის გაცემა. ესეც თავისებური ტიპაჟია. ესენი არიან ძალიან კარგი, ინტელექტუალი ბავშვები, რომლებიც მცირე ასაკიდან იზრდებოდნენ ზედმეტად კეთილგანწყობილ გარემოში. ოჯახის წევრებისგან უსაზღვრო სიყვარულს გრძნობდნენ და ჩამოყალიბდა მათში ასეთი კონსტრუქცია – მათი აღქმით, სამყარო ძალიან კარგია, პოზიტიურია და მან ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ამის ღირსი იყოს. ისინი ამ ბულინგის სახით ზემოქმედებასაც კი, აღიქვამენ როგორც საკუთარ დანაშაულს.
– სკოლებში რა განაპირობებს აგრესიის გამოვლენას?
– ვინც ძალადობას ახორციელებს, ის კატეგორიაა, რომელზეც ვისაუბრეთ. მაგრამ, არის რაღაც ფაქტორები, რამაც უნდა ჩართოს ეს ყოველივე. ამასთან დაკავშირებით, არის ამერიკელი ფსიქოლოგის, დოჯის ძალიან ფუნდამენტური და კარგი კვლევა, სადაც ვიდეოგადაღებებით აკვირდებოდა სიტუაციებს კლასებში. აღმოჩნდა, რომ, როდესაც რომელიმე ბავშვს მასწავლებელი კლასის წინაშე შეაქებდა, ეს ბავშვი დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში აგრესიული ქმედებების მსხვერპლი იყო. ანუ, ეს არის გარკვეული ქმედებების განმაპირობებელი და ამერიკაშიც და ევროპაშიც, თითქმის ყველა სკოლაში, შემოიტანეს მეთოდიკა – შექებაც და შენიშვნის მიცემაც, ხდება ცალკე და არა ბავშვების თანდასწრებით. ერთ-ერთი ფაქტორია, როდესაც მშობელს მაგალითად მოჰყავს შვილის თანაკლასელი, რომელიც კარგად სწავლობს ან წარმატებულია, ბავშვს უჩნდება გარკვეული აგრესია იმ ბავშვის მიმართ და ცდილობს მის დაჩაგვრას – არასასურველი ქმედებების განხორციელებას მის მიმართ.
– გარდა ოჯახისა, ახდენს თუ არა ბავშვზე ზემოქმედებას სოცილაური გარემო?
– რამდენიმე თვის წინ ჩაატარეს ექსპერიმენტი რვა თვის ბავშვებზე. მათ აჩვენებდნენ სპექტაკლებს თოჯინების თეატრში – ორი ფუმფულა სათმაშოდან ერთი ნეგატივს აკეთებდა, მეორე – პოზიტივს. ყველა ბავშვი რვა თვის ასაკში პოზიტიურ თოჯინას ირჩევდა და ეხუტებოდა. რვა თვის ბავშვი, ყველა ძალიან კარგი, პოზიტიური პიროვნებაა. თუ რაღაც ნეგატივს ახორციელებს, ეს არის იმ გარემოს ბრალი, სადაც ბავშვი იმყოფება. ჩემს პრაქტიკაშიც ხდებოდა, როცა რაღაც დავიწყებული სიტყვები, პარლამენტში იხმარეს, მერე კი, უცებ გაჩნდა ბავშვების ლექსიკონში. ბავშვი სწავლობს უპირველესად ქცევით.
– როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, რომ ბავშვი ძალადობის მსხვერპლია?
– უმეტეს შემთხვევაში, ბავშვი არ ამხელს, რომ ძალადობის მსხვერპლია. უარს ამბობს სკოლაში წასვლაზე, შეიძლება, მოიგონოს მიზეზები – თავის ტკივილი, მუცლის ტკივილი და ასე შემდეგ. შესაძლებელია, გამოიხატოს სტრესისთვის დამახასიათებელი სხვადასხვა ნიშანი: შეიძლება, იყოს სკოლაში სწავლის მხრივ ჩამორჩენა, სახლში აგრესიული ქცევა და სხვა. არიან ბავშვები, რომლებიც ამ დროს იკეტებიან, რომლებიც მეტ-ნაკლებად თავისი ემოციების კონტროლის ხარჯზე ახერხებენ სკოლაში სიარულს და არიან ისეთებიც, თვითონაც რომ ხდებიან უკვე ამ აგრესიული ღონისძიების გამტარებელნი.
– რა უნდა მოიმოქმედოს მშობელმა, როდესაც შვილი მოძალადე, ან პირიქით, მსხვერპლია?
– უპირველესად, ახალგაზრდა მშობლების კომპეტენცია უნდა გავზარდოთ – არანაირი ყვირილი ბავშვთან, დასჯა. მაქსიმალურად უნდა მოვითმინოთ, ეს პირველი ნაბიჯია. შემდგომი ფაქტორი – მცირე ასაკიდან დამოუკიდებლობას მივაჩვიოთ და ნებისმიერი სახის აგრესია აღვკვეთოთ, არა ისევ დასჯით, არამედ იგნორირებით, სრული იგნორირებით. არავითარ შემთხვევაში, არ უნდა გამოვიყენოთ სამი მნიშნველოვანი ფაქტორი: პირველი – შვილისთვის სხვების თანდასწრებით შენიშვნის მიცემა; სხვა ბავშვებთან შედარება და გარკვეული ვაჭრობის ფაქტორები – ამას თუ გააკეთებ, ამას ვიზამ. თუ ყველა მოსწავლეს ექნება საშუალება, საკუთარი თავი და ადგილი იპოვოს, მას აღარ გაუჩნდება აგრესიის სურვილი. თუ არ არის წარმატებული მათემატიკაში – სპორტშია წარმატებული, ან მუსიკაში, ან რაღაც სხვა სფეროში. დღეს მიღებული აზრია, რომ ყველა ნიჭიერია. ყველაში, ვინც ჯანმრთელი იბადება, მინიმუმ, ერთი ნიჭი არის. უბრალოდ, თვითდამკვიდრების საშუალებას თუ მივცემთ, აღარ ექნება იმის სურვილი, რომ აღნიშნული ქმედებები განახორციელოს. აქ ერთი რაღაცის ცვლილება არ კმარა, ბევრი რამ უნდა შეიცვალოს.
– გარდა ოჯახის მხრიდან ზემოთ აღნიშნული ქმედებებისა, კიდევ რა გზებით უნდა გადავჭრათ ეს პრობლემა?
– პირველ კლასში, შედარებით, ნაკლებია ასეთი მომენტები. ძირითადად, გარდამავალ ასაკში იწყება, როდესაც ჩადებული კონკურენციის ინსტინქტი იწყებს მოქმედებას, რომელსაც ტესტოსტერონი განაპირობებს – კონკურენცია გარკვეულ ჯგუფს შიგნით. რა თქმა უნდა, ისე არ უნდა მოხდეს, რომ ზეწოლა მთლიანად იმ ადამიანზე გადავიდეს, ვინც ბულინგს აწარმოებს. ეს არ არის მისი კონკრეტული მიზეზით, მთელი სისტემის მიზეზითაა. უნდა მოახდინოს ზემოქმედება თვითონ სისტემამ, ოჯახმაც და სკოლამაც. კარგია, რომ ასეთ დროს ფსიქოლოგს მომართავენ და თითქმის ყველა შემთხვევაში ხდება აღნიშნული პრობლემის გამოსწორება. ხშირად, სხვა სკოლაში გადაჰყავთ ბავშვი, რაც არ არის გამოსავალი. საჭიროა, გლობალური მიდგომა. შტატებში ძალიან საინტერესო კვლევები დაიწყო ამასთან დაკავშირებით. პირველი კლასიდანვე უნერგავენ ბავშვებს, რომ ადამიანი, რომელიც გამოხატავს აგრესიას, მას ხვეულებისა და ღარების ნაკლებობა აქვს ტვინში. შესაბამისად, უკვე, ნებისმიერი აგრესიული გამოვლინების დროს, ბავშვი მიიჩნევა არა როგორც მაგარი ტიპი და ძლიერი პიროვნება, არამედ ისეთი, რომელსაც არ აქვს უნარი, სხვა სახით მოახდინოს თვითდამკვიდრება და ასეთი ადამიანი ხდება დაცინვის ობიექტი. ამან კარგად იმუშავა. კეროლაინ ბლექმა დაბალი მოსწრების სკოლებში, სადაც ძალადობაც მეტი იყო, შემოიტანა ასეთი ტერმინი: „ნოთ ით“ – „ჯერ ვერ“, ორიანის ნაცვლად. საოცრება მოხდა – ჯერ ვერ, ანუ მერე ვიქნები მზად, იმის მაგივრად, რომ მას რაღაც ნეგატივი გამოევლინა, ეძებდა გამოსწორების გზებს. როგორც კი ეს ექსპერიმეტი დაიწყო, ერთი ტერმინის შეცვლით შეიცვალა დამოკიდებულებაც, აღარ იყო ნიშანზე გამოდევნება. მან პროცესზე გააკეთა აქცენტი და არა შედეგზე. უნდა აღინიშნოს, რომ აგრესია არ არის კარგი და სასაცილოა ის, ვინც აგრესიას იყენებს. პრივატული საუბრები საჭიროა ნებისმიერ შემთხვევაში – ეს იქნება შექება თუ შენიშვნა, რომ ბავშვი დავიცვათ სხვების მხრიდან აგრესიისგან.