№39 რა აკავშირებს პაატა გულიაშვილს „ქართულ ოცნებასთან“ და ბიძინა ივანიშვილთან და რა არ აპატია მას ნიკა გვარამიამ
ახალი სეზონი „რუსთავი 2-ის“ „დილა მშვიდობისა, საქართველომ“ პაატა გულიაშვილის ანეკდოტების გარეშე დაიწყო. მსახიობის აზრით, არხის მხრიდან მისი სამსახურიდან გამოშვების მიზეზი, ბიძინა ივანიშვილთან ერთად გადაღებული ფოტო გახდა, რომელიც მადლიერების ნიშნად, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
პაატა გულიაშვილი: ვფიქრობ, ივანიშვილთან ერთად გადაღებული ფოტოს სოციალურ ქსელში ატვირთვამ გამოიწვია ჩემი „რუსთავი 2-იდან“ გამოშვება. შეიძლება, ასე არაა, მაგრამ რომ იყოს, ვინმე აღიარებს ამას? არავის არაფერს ვაბრალებ. ეს ჩემი ეჭვია და სიმართლე მკითხველმა თავად განსაჯოს. მას შემდეგ, რაც ეს დავწერე, პროდიუსერმა დამირეკა და ამიხსნა: შენ რომ გგონია, ისე არ არის. უბრალოდ, „დილას“ ანეკდოტების მიმართულება აღარ სჭირდებაო. მე კიდევ სხვანაირად ვფიქრობ. დაახლოებით ცხრა თვის წინ, ბატონი ბიძინა ივანიშვილი თელავში იყო ჩამოსული. ავტობუსი გადმოგვცა დასისთვის და ძალიან ბევრი კარგი რამ გაგვიკეთა. მასთან ერთად გადაღებული ფოტოს გამოქვეყნებით, მისდამი ჩემი მადლიერება გამოვხატე. ვფიქრობ, ამ ფოტოს დანახვა თავიდანვე არ ესიამოვნათ. მაგრამ ამას ხმამაღლა არავინ ამბობს. მერე, როცა მითხრეს, რომ აღარ ვჭირდები, ფოტო ხელმეორედ დავდე და დავწერე: ამის გამო გამომიშვეს „რუსთავი 2-იდან“, გვარამიამ ეს სურათი არ მაპატია-მეთქი. წერდნენ, თითქოს, ვიღაც ამერიკელმა პროდიუსერმა ორ წუთში გადაწყვიტა გულიაშვილის სამსახურიდან გაშვება. არ ვიცი, ეს საიდანღა მოიტანეს. თურმე, ვიღაც ამერიკელი პროდიუსერი წყვეტს „რუსთავი 2-ში“ რაღაცებს. რვა წელი ვიმუშავე ამ ტელევიზიაში და მსგავსი არაფერი გამიგია. მერე მიზეზების ახსნა დაიწყეს: ჩვენ არ გაგვიშვია, თვითონ წავიდა „კომედი არხიდანო“. არადა, „კომედიზე” დაიხურა სერიალი, რომელშიც ვმონაწილეობდი, დაიხურა „საქართველოს ფანოღი“, „დილაში“ ანეკდოტები გააუქმეს და ჩემით როგორ წამოვედი? რომ ვყოფილიყავი, რა უნდა მეკეთებინა?! ვიცი, რომ არხს ახლა ფინანსური პრობლემები აქვს. სამი-ოთხი თვეა, ასეთი სიტუაციაა და გამოცხადდა, რომ ჩვენს ანაზღაურებას პროცენტები მოაკლდებოდა. საერთოდ არ შევწინააღმდეგებივარ ამ გადაწყვეტილებას და ახლაც შემეძლო, გამეგო, თუ ვინმე მეტყოდა, რომ მატერიალური კრიზისი აქვთ. მაგრამ, მსგავსი არაფერი ყოფილა. მხოლოდ ნინო არაზაშვილმა დამირეკა და მითხრა, როცა ამ ამბავზე გირეკავდი, ქეიფობდი და არ ამახსნევინეო. ნაკლებად მაინტერესებს ახსნები ვიღაც ამერიკელი პროდიუსერის შესახებ, რომლის არსებობაც რვა წლის განმავლობაში პირველად გავიგე. ეტყობა, ეს რვა წელი მოსწონდა „მიხო” და ახლა აღარ მოსწონს (იცინის). მთავარი ისაა, რომ მე ძალიან აპოლიტიკური ადამიანი ვარ, მაგრამ მინდა, არ მინდა, მაინც პოლიტიკურ კონტექსტში განიხილავენ ამ ამბავს. აბსოლუტურად აბსურდულ კომენტარებს ვკითხულობ: გულიაშვილი „რუსთავი 2-იდან“ წავიდა, „ფულის სუნია“, „ქართულ ოცნებაში“ გადაბარგდაო. ნაციონალების ბანაკი მოღალატედ მრაცხავს, მაშინ, როცა თვითონ გამომიშვეს სამსახურიდან და ამის შესახებ, სატელევიზიო სეზონის დაწყებამდე ოთხი დღით ადრე მითხრეს.
– როცა ეს ფოტო პირველად დადე „ფეისბუქ-გვერდზე“, მაშინ შეატყვე მათ უკმაყოფილება?
– როცა ასეთი რაღაც ხდება, იმწუთას რომ ვინმემ რამე გითხრას ხმამაღლა, თავისთავად ინგრევა „დემოკრატიის“ ამბები. მე ვფიქრობ, ძალიან მშვიდად დაელოდნენ ამ მომენტს, რომ ყველანაირი ეჭვი გამქრალიყო. რვა წელი ვიყავი იქ და ვიცი, რომ არ მოსწონთ ეს ადამიანი და „ქართული ოცნება“. სიმართლე რომ ვთქვა, არც მე ვგიჟდები რომელიმე პოლიტიკურ ძალაზე. მაგრამ, მე საჯარო მოხელე ვარ, ბიძინა ივანიშვილმა კი თელავის თეატრს, რომლის სამხატრო ხელმძღვანელიც ვარ, ძალიან დიდი სიკეთე გაუკეთა. ჩემი ადამიანური ვალი იყო, მისთვის მადლობის გადახდა. ეს რატომ ნიშნავს პოლიტიკურ აქტივობას? ნეტა, ვინმეს მოეცა ფული და რა მნიშვნელობა აქვს, ვინ იქნებოდა ის. პაატა გულიაშვილი ქულების დასაწერად აკეთებს ამ ყველაფერს, რომ რომელიღაც არხზე „კარგად გაიყიდოსო“. ისეთი ადამიანებისგან მოვისმინე მსგავსი კომენტარები, რომლებისგანაც არ მოველოდი.
– რაც შეეხება „ჩემი ცოლის დაქალებს“?
– როცა „რუსთავი 2-იდან“ გამომიშვეს, იმ ღამესვე დავურეკე გიორგი ლიფონავას. გადაღება მქონდა და ვუთხარი, იქიდან გამომიშვეს და ბარემ აქედანაც წავალ-მეთქი. ლიფონავამ მითხრა: „კრეატივი“ ცალკეა და „რუსთავი 2“ ჩვენს პროდუქციას ყიდულობს. ჩვენთან დარჩიო. დამელაპარაკა, გავარკვიეთ და მათთან ჩვეულებრივ ვაგრძელებ ურთიერთობას. ხვალ და ზეგ რა იქნება, არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ახლა გადამიღეს და ასეთი იყო ჩვენი ბოლო საუბარი.
– სხვათა შორის, „ჩცდ-ის” მსახიობებსაც უთქვამთ, რომ გვარამიას გადაწყვეტილებით, „რუსთავი 2-ის“ ეზოშიც კი ეკრძალებათ შესვლა, არამცთუ სერიალში მონაწილეობა, პოლიტიკურ აზრთა სხვადასხვაობის გამო.
– ეს არ გამიგია, მაგრამ მე გამონაკლისი ხომ არ ვიქნები. ხომ ვიცით, რომ „რუსთავი 2-ს“ ოცნებაზე ნამდვილად არ ამოსდის მზე და მთვარე. მკითხველმა შეიძლება, საერთოდ არ იცის, მე რომელ თეატრში ვარ და მარტო ტელევიზორში მიყურებს. მინდა, იცოდნენ, რომ მე რუსთაველის თეატრის მსახიობი ვარ. როცა ბიძინა ივანიშვილისთვის პასპორტის არმიცემაზე, ან რობიკო სტურუას თეატრიდან გაგდებაზე იყო საქმე, მე ჩემი ადამიანური ღირსების გათვალისწინებით, დავაფიქსირე საკუთარი პოზიცია. მე იქ ვარ, სადაც სიმართლეს ვგრძნობ. მაგრამ ანეკდოტები რა შუაშია? მგონი, ეს ერთადერთი არაპოლიტიკური მიმართულება იყო „რუსთავი 2-ზე“. დაერეკათ და ეთქვათ ყველაფერი ადამიანურად, როგორც ხდება ხოლმე, საერთოდ. არაფერს ვამტკიცებ, არც სასამართლოში ჩივილს ვაპირებ ან რამე მსგავსს. ეს, უბრალოდ, ჩემი ადამიანური პოზიციაა. ანეკდოტს სხვა არხზე მოვყვები თუ აქ, მე ჩემი მაყურებელი მყავს და იმედი მაქვს, რომელიმე არხთან ვითანამშრომლებ. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ მე „რუსთავი 2-ზე“ არ გავმხდარვარ პაატა გულიაშვილი, მანამდე სხვა რამესაც ვაკეთებდი. ასე რომ, მათდამი არანაირი ვალდებულება არ მაქვს. ბევრჯერ ისმის რეპლიკები სხვადასხვა ადამიანზე, რომ ამ არხის შექმნილია და ამას ამიტომ ვამბობ. ღმერთმა ხელი მოუმართოთ, არ უნდათ ჩემი პერსონა? კი ბატონო.
– მომავალზე რას იტყვი. ბევრი გადავიდა „იმედზე“ და შენც ხომ არ გეგმავ?
– ისიც თქვეს, პაატამ ეს ყველაფერი ფულის გამო გააკეთა და ახლა „იმედზე“ გადავაო. აბსოლუტური სისულელეა. ნეტავ, ვინმემ ფული გადამიხადოს და ყველამ თავის თავს მიხედოს, ბანაკიდან ბანაკებში რომ დარბიან. მე შემეშვან, აპოლიტიკური ვარ. ახლა მაქვს რამდენიმე შემოთავაზება და ვნახოთ, რა იქნება. შეიძლება, ცოტა ხანს საერთოდ დავისვენო. სიმართლე რომ ვთქვა, რვა წლის განმავლობაში უთენია ადგომა არ იყო მაინცდამაინც კარგი. შეიძლება, არჩევნების მერე გავიდე ეთერში და ოქტომბერი სიუჟეტების დასაგროვებლად გამოვიყენო. შეიძლება, ცოტა ფორმაშეცვლილი გადაცემა მქონდეს. მოკლედ, ჩამოყალიბებული ჯერ არ ვარ, მაგრამ დღეს თუ არა, ხვალ იქნება. უბრალოდ, მინდა, ყველამ იცოდეს, რომ პოლიტიკა ჩემგან ძალიან შორსაა. იმის მიუხედავად, რომ დღევანდელი ჩვენი ყოფა ნაბიჯს არ გადგმევინებს, რომ ცხვირი არ წაარტყა პოლიტიკაში. ალბათ, ამიტომაც გამოიწვია ამ ყველაფერმა ამხელა გამოხმაურება. დარწმუნებული ვარ, მიშასთან ერთად გადაღებული ფოტო რომ დამედო, დავწინაურდებოდი. ამ სურათს რომ ვდებდი, მაშინვე ვიფიქრე, არ ამერ-დამერიოს რაღაცები-მეთქი, მაგრამ მადლიერების გრძნობას ვერ ვაჯობე და ადამიანურად დავაფიქსირე ჩემი პოზიცია კაცის მიმართ, რომელმაც ძალიან ბევრი რამე გააკეთა თეატრისთვის. ეს არის ამ ფოტოს რეალური ისტორია და არა ის, რომ პოლიტიკაში გადავწყვიტე წასვლა და ქულებს ვიწერ.
– ხომ არ მოჰყოლია ივანიშვილის მხრიდან რამე გამოხმაურება ამ ამბავს?
– არა. არანაირი. კიდევ კარგი, ყველა ქალაქის მერობის კანდიდატი უკვე დასახელებული ჰყავთ, თორემ მაგასაც დამაბრალებდნენ (იცინის). თუმცა, ჩემს ცხოვრებაში ბევრი ნიუანსი ისე დალაგდა, რომ ეჭვები ლოგიკურად გამიჩნდა. ოცნების სიით ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატი ჩემი ალალი მამიდაშვილია. შეიძლება, იქიდანაც აბამენ კუდებს. რა თქმა უნდა, მის მხარდასაჭერ ღონისძიებაზე ვიყავი იმ დროს, როცა ამის საშუალებას ჩემი სამსახური მაძლევდა. მოკლედ, ჩემ გარშემო ბევრი ისეთი ამბავი მოხდა, რაც ერთმანეთთანაა გადაბმული. ახლა, რაც არ უნდა თქვან, თუნდაც ის, რომ ჩემი მამიდაშვილის პოლიტიკოსობის ამბავი პირველად გაიგეს, მაქვს საფუძველი, მეფიქრა მათი გადაწყვეტილების მოტივის შესახებ. მარტივია: თუ ჩვენთან არის, ჩვენთან იყოს, თუ არადა მათთან.
ოთხი წლით გამიგრძელდა თელავის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიცია, თავიდან დამამტკიცა კულტურის მინისტრმა, ბატონმა მიხეილ გიორგაძემ და თეატრმაც ნდობა გამომიცხადა. გიორგაძე თან გადაჰყვა ჩვენს თეატრს, მის რეაბილიტაციას და გასტროლისთვისაც თანხა გამოგვიყო. კახურად რომ ვთქვა, თელავის თეატრს „გამაადგა“ და რატომ არ უნდა ვთქვა მასზე კარგი?!
– ჰოდა, ფიქრობთ, რომ კიდევ კარგა ხანს გაგაჩერეს „რუსთავი 2-ზე“?
– ამას არც ვმალავდი. ბატონ მინისტრს პირდაპირ ეთერშიც გადავუხადე მადლობა. სტურუას მოწაფე ვარ და მის გვერდით ვმუშაობ. კარგად იციან მისდამი ჩემი დამოკიდებულება. ისეთი ადამიანები ჩამოგითვალეთ, რომლების ატანა არ აქვთ და მართლა კიდევ კარგა ხანი ვიყავი „რუსთავი 2-ში“ (იცინის). მეც ადამიანურად გამოვხატე ჩემი პოზიცია. აბა, ტაში შემომეკრა – დიდი მადლობა, რომ სამსახურიდან გამიშვით-მეთქი? მეწყინა. შეიძლება, ცოტა ადრე უნდა წამოვსულიყავი, მაგრამ ჩემს პრინციპებს ვერ ვუღალატე. ადამიანს უთქვამს, ახლა გადაღების ასი ლარი არ გვაქვს და 80-ს მოგცემთო. მერე რა, გადაგვიღია. რამდენიმე თვეა, ხელფასის 40-50 პროცენტზე ვმუშაობ. ერთხელ არ დამიწუწუნია, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი საქმე მიყვარდა, თორემ შეხედულებებში ან ვეთანხმები და ან არა, როგორც მათ, ისე ოცნებას. ჩემი სასაცილო ანეკდოტების პოლიტიკურ ჭრილში განხილვას არ ვაპირებ.