№39 როგორ შეიქმნა ეშერის ლაბორატორია ბერიას უშუალო ძალისხმევით
საზრიანობისა და წინდახედულობის მიუხედავად, ქართული პატრიოტიზმი ძალიან ძვირად დაუჯდა ლავრენტი ბერიას და ყველაფერი ცხვირში ამოადინეს. პროფესორი ავრილ სარანცევი წერს: „ჩემი უახლოესი ნათესავი (მამის ბიძაშვილი) ვიქტორ სარანცევი ერთ-ერთი იმ გასაიდუმლოებული მეცნიერთაგანი იყო, ვინც საბჭოთა სეისმური იარაღის შექმნის სათავეებთან იდგა და ძალიან ახლოს იცნობდა ლავრენტი ბერიას. ძია ვიქტორი წარმოშობით სოხუმიდან გახლდათ. ქართულ, მეგრულ და აფხაზურ ენებს, რომ არაფერი ვთქვათ რუსულზე, საუცხოოდ ფლობდა და ბერიას ჯერ კიდევ მაშინ იცნობდა, როცა ლავრენტი პავლოვიჩი „ოგეპეუს“ საიდუმლო განყოფილებას ხელმძღანელობდა საქართველოში. როცა დღის წესრიგში სეისმური იარაღის შექმნის საკითხი დადგა და სხვა საიდუმლო პროექტებთან ერთად, ეს საქმეც ბერიას ჩააბარა სტალინმა, ძია ვიქტორი (პროფესორი სარანცევი) და ბერია კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს. მახსოვს, ძალიან ახალგაზრდა (20 წლის) ვიყავი, ძია ვიქტორი კი 81-ის, როდესაც მისი მონათხრობი მოვისმინე ბერიაზე და ძალიან გავოცდი. ისიც კი ვიფიქრე, ძია ვიქტორს ბებრული მარაზმი ხომ არ დაემართა, ასეთ რამეებს რომ როშავს-მეთქი. არადა, ძია ვიქტორმა 92 წლამდე იცოცხლა და ბოლომდე შერჩა მეხსიერება და საღი გონება. საქმე კი ის იყო, რომ იმ შორეულ კომუნისტურ, ხრუშჩოვისეულ ეპოქაში ბერია ბოროტების სიმბოლოდ იყო წარმოჩინებული. მასზე კარგის თქმა დანაშაულად მიიჩნეოდა და ასეთი სულისკვეთებით გვზრდიდნენ. ძია ვიქტორი მაშინ მამაჩემს ეუბნებოდა: „ბერია გენიოსი გახლდათ, ინტელექტუალი და მასთან საუბარი ერთი სიამოვნება იყო. ყველა საკითხს „ნახადუ“ ითვისებდა და საკმარისი იყო, მისთვის აგეხსნა, რა და როგორ, რომ გაგრძელებას თვითონ ადგამდა თავს. როცა მე და პროფესორმა მოისეი რიბნეკმა „ცეკაში“ სეისმური იარაღის შესახებ ვრცელი მოხსენებითი ბარათი გავგზავნეთ, ორი კვირის შემდეგ სტალინმა დაგვიბარა. მასთან ერთად ბერიაც იყო და ორივემ ყურადღებით მოგვისმინა. რომ დავასრულეთ, ბელადმა ბერიას ქართულად უთხრა ჩვენზე – ეს ხალხი რას ფანტაზიორობს. ისეთი რა უნდა გამოიგონონ, რომ ცხრაბალიანი, დამანგრეველი მიწისძვრა გამოიწვიოს ათასი კილომეტრის დაშორებითო. ბერია მე ადრეც მიცნობდა და ისიც იცოდა, რომ ქართულ ენას კარგად ვფლობდი. რაღაცნაირად იუხერხულა და სტალინს ჩემზე მიანიშნა – ისეთი ჟესტი გააკეთა, რომ ლაპარაკში ჩავრთულიყავი და ბელადს ქართულად უთხრა:
– ამხანაგი სარანცევი სოხუმელია და ჩემზე უკეთ ერკვევა ყველა ნიუანსში. თუ გნებავთ, ყველაფერს თავად აგიხსნით.
სტალინი ყველაფერს მიხვდა და ჩაეცინა. შემდეგ რუსულად მითხრა, გამარკვიეთო, რაც იმას ნიშნავდა, რომ რუსულად უნდა მელაპარაკა. ბელადს ყველაფერი ავუწერე. მან კი ბერიას ჩააბარა სეისმური იარაღის შექმნის პროექტი და სამი დღის შემდეგ, უკვე ეშერაში ვიყავით და ამ ზესაიდუმლო ობიექტისთვის ხელსაყრელ რელიეფს ვარჩევდით“.
ვიქტორ სარანცევმა სეისმური იარაღისთვის ადგილი ეშერაში ბერიას „მოწოდებით“ დაიჟინა. უკეთესი ადგილი გელენჯიკში იყო, გელენჯიკი კი რუსეთის ფედერაციას ეკუთვნოდა და ბერიამ შეგნებულად გააკეთებინა ეს ეგრეთ წოდებული, სეისმური ლაბორატორია ეშერაში, რომ ატომურ იარაღზე არანაკლებ დამანგრეველი იარაღი თავისი სამშობლოს ტერიტორიაზე ყოფილიყო განლაგებული. შემთხვევითი არ იყო, რომ როდესაც 1992 წელს, აფხაზეთში ეთნიკურმა კონფლიქტმა იფეთქა, ლამის რუსეთის ფედერაციის საუკეთესო საჯარისო ფორმირებების ნახევარი ჩააყენეს ეშერაში, არავის საზარბაზნე მანძილზე არ აკარებდნენ და საიმედოდ ჩაკეტეს იქაურობა. ბერია სეისმური ლაბორატორიის ხშირი სტუმარი იყო და როგორც ვიქტორ სარანცევი აღნიშნავდა, ძალიანაც ამაყობდა ახალი, მძლავრი იარაღით, რომელსაც თანდათან ემატებოდა სიმძლავრე. ეშერის ლაბორატორია ფართოვდებოდა და ბერია მასზე ხარჯის გაწევაზე არასდროს იხევდა უკან. სხვათა შორის, ეშერის ლაბორატორიით დაინტერესება, ბერიას ფალსიფიცირებულ სასამართლო პროცესზე, ლავრენტი პავლოვიჩს ტერორიზმის განზრახვაში ჩაუთვალეს და რუსეთის ტერიტორიაზე დამანგრეველი მიწისძვრის მოწყობის დაგეგმვაში დაადანაშაულეს, რაც, რა თქმა უნდა, სრული აბსურდი იყო. სავარაუდოდ, ეს ბრალდება მარშალ ჟუკოვის ინიციატივა უნდა იყოს და აი, რატომ. ვიქტორ სარანცევი იხსენებდა: „ერთ-ერთი ინსპექტირების დროს, როცა ჩვენს ლაბორატორიას მორიგი სიმძლავრე მოემატა, ბერიას მარშალი გიორგი ჟუკოვიც ახლდა თან. ორი ათასი მეტრის სიღრმეში მოწყობილ, უზარმაზარ ბუნკერში იმ დროისთვის უნიკალური, ორასი კვადრატული მეტრის (10X20) ელექტრონული რუკა გვქონდა მიმაგრებული კედელზე, რომელზეც სეისმური ტალღის გავრცელების რადიუსები აღინიშნებოდა. ეს ბერიასთვისაც სიახლე იყო და დაწვრილებით რომ ავუხსენი ყველაფერი, მკითხა:
– ესე იგი, აქედან მოსკოვსაც მიწვდება დამანგრეველი ტალღა?
– დიახ, ლავრენტი პავლოვიჩ, – მივუგე მე.
– რა სიმძლავრის იქნება?
– ცხრა ბალი.
– დანგრევის ხარისხი და მსხვერპლთა რაოდენობა?
– შენობების ორმოცი პროცენტი დაინგრევა და დაიღუპება 120-125 ათასი ადამიანი.
– მდაა. ეს ხომ ხიროსიმაზე გრანდიოზულია. თანაც, არანაირი რადიაცია, – ჩაილაპარაკა ბერიამ და ჟუკოვს მიუბრუნდა:
– ხედავთ, გიორგი კონსტანტინოვიჩ, რა მძლავრი იარაღი გვაქვს სოხუმში. აქედან დედაქალაქსაც კი შეიძლება, მივწვდეთ. შთამბეჭდავია, უდავოდ შთამბეჭდავი.
ჟუკოვმა უხმოდ დაუქნია თავი ბერიას“.
რა თქმა უნდა, იდიოტიზმია ბერიასთვის იმის დაბრალება, რომ მას თითქოს მოსკოვის მიწასთან გასწორება სურდა სეისმური იარაღით. თუმცა, სასამართლოზე მას სწორედ მსგავსი ბრალდება წაუყენეს...
საღ აზრს არაა მოკლებული ის, რომ ბერია შეგნებულად ახორციელებდა მძლავრი იარაღისა და სხვა კომპლექსების კონცენტრაციას საქართველოს ტერიტორიაზე. საჭიროების შემთხვევაში, მას ან მის მომხრეებს ამ იარაღით მანიპულირება მართლაც შეეძლოთ, მაგრამ რაში სჭირდებოდათ? ალბათ, არაფერში. თუ ლაპარაკია გადატრიალებაზე, ძალაუფლების ხელში ჩაგდებაზე, ბერიას ამისთვის სულ სხვა ბერკეტები გააჩნდა, მაგრამ მათი გამოყენების მცდელობაც კი არ ჰქონია. არადა, სწორედ ის დააბრალეს ბერიას, რაც არც უცდია და მისი უდიდესი დამსახურებები კი უმოწყალოდ ამოშალეს ისტორიიდან, ისევე, როგორც მისი პორტრეტები – ენციკლოპედიებიდან.“