№39 როგორ ამზადებენ დღეს ხალხს ანტიქრისტეს მოსასვლელად ცრუ მქადაგებლები და რა სამარცხვინო მდგომარეობამდე მივიდნენ თანამედროვე ადამიანები
დღეს ადამიანები ხშირად საუბრობენ მეორედ მოსვლაზე, ბოლო ჟამზე, ნიშნებზე, სასწაულებზე. უმრავლესობა, სწორედ, სასწაულების მოლოდინშია. სახარებაშიც წერია, ბოლო ჟამს ბევრი სასწაული მოხდებაო. ამ ყველაფრის და ასევე, თანამედროვე ქრისტიანების შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი).
– მამაო, რატომ ხდება, რომ ადამიანების გარკვეული ნაწილი მუდმივად ელოდება სასწაულებს?
– მეორედ მოსვლისას იქნება განსაკუთრებული მოვლენები და სასწაულების მამამთავარი კი – ანტიქრისტე, რომელიც ძალიან ბევრ სასწაულს მოახდენს. თანდათანობით ხდება საზოგადოების შემზადება იმისთვის, რომ ბევრი სასწაული უნდა მოხდეს. იმის მაგივრად, რომ საზოგადოება ჭეშმარიტებაში გაერკვეს, პირიქით, ანტიჭეშმარიტებითა და ანტირელიგიური საკითხებითაა დაინტერესებული. სახარებაში კარგად წერია, რომ, სადაც არ იყო შიში, იქ დაეცა მათ შიში. არაფერია საშიში და ადამიანს ეშინია. ყველაფრის შიში არსებობს, გარდა ღვთის შიშისა. ვინც ღვთის შიშით ცხოვრობს, მას ვერაფერი შეაშინებს. იმდენად გავრცელდა მცირედმორწმუნეობა და უმეცრება, რომ დღეს სამარცხვინო მდგომარეობამდე მივედით. ხშირად, როცა რაღაც მოვლენები ხდება, იქ მიდიან სასულიერო პირები, ასხურებენ წმიდა წყალს, მაგრამ რამდენიც უნდა ასხურო, ლიტანიობა რამდენჯერაც უნდა ჩაატარო, ადამიანს არაფერი ეშველება, თუ მას მიმღებლობა არ აქვს.
– მაცხოვარიც ხომ ქადაგებდა, კურნავდა, მაგრამ ვინც იღებდა, ის იკურნებდა, ვინც არა – არ იკურნებოდა.
– ადამიანი თავისი სარწმუნოებისამებრ იღებს ყველაფერს. როცა ადამიანი არ არის ღმერთთან, ის ავტომატურად არის ბოროტ სულთან. ბოროტ ძალას თავისი სახარება აქვს, თავისი სწავლება, ბიბლია, თავისი წმიდა მამები ჰყავთ – ტელევიზორი ჩართეთ და ნახავთ. გვამზადებენ ანტიქრისტეს მოსასვლელად ცრუ წინასწარმეტყველები, ცრუ მქადაგებლები. დღეს ჩვენი ქვეყანა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. პოლიტიკოსები თავიანთი პოლიტიკით არიან დაკავებულები, სასულიერო პირები განმოსილები არიან. დარჩა უბრალო მრევლი, პირველი ფენა, ვისზეც დგას ეკლესია. ყველა დიდი განსაცდელი სწორედ მრევლზე მოდიოდა, რადგან მას დასაკარგი არაფერი აქვს. სასულიერო პირს შეიძლება, ხარისხი აჰყარონ, სხვა ეკლესიაში გადაიყვანონ, მრევლს კი, სულის გარდა, დასაკარგი არაფერი აქვს.
– ბოლო ჟამს ანტიქრისტე ძალიან ბევრ სასწაულს მოახდენსო.
– არ გაუჭირდება ანტიქრისტეს სასწაულების მოხდენა, არც რაიმე ნივთიდან გარკვეული სითხის გადმოდინება. მერე ვიტყვით, რომ ეს ღვთისგანაა. ცეცხლს ჩამოიყვანს ზეციდან და სასწაულის მოიმედე, მოშურნე ადამიანი გაებმება მახეში, ყველაფერს მიაწერს ღმერთს. ამით შეიძლება, დაბრკოლდეს და ანტიქრისტეს მრევლი გახდეს. არაწმიდა სულს ადამიანის სიამაყეზე აქვს ყურადღება გამახვილებული, ადამიანს უნდა, რომ რაღაცით შეშფოთდეს, უცბად დაინახოს, რაღაც როგორ აფეთქდა, უცებ აღშფოთდეს. ექსტრემალური ამბები უფრო მოსწონთ და ასეთი რამ უხვად იქნება, როცა ანტიქრისტე მოვა. ღმერთი ადამიანი გახდა – ამაზე დიდი სასწაული რა უნდა იყოს, საკუთარი სისხლი და ხორცი დაგვიტოვა. მაცხოვარი ამბობს: უპირველეს ყოვლისა, ეძებეთ სასუფეველი ცათა და სიმართლე მისი, დანარჩენი ყოველივე მოგეცემათ. დანარჩენში იგულისხმება: სახლი, ჩასაცმელი, მატერიალური საკითხები. ანტიქრისტე რომ მოვა, პირიქით იტყვის: ეძიეთ ეს ყველაფერი და სასუფეველი ცათა მერე მოგეცემათ. ეკლესიაში რომ მივდივართ, უპირველეს ყოვლისა, მივდივართ, რომ ვეძებოთ სასუფეველი ცათა. ანუ, ჭეშმარიტი აღმსარებლობა, დანარჩენი ვიცით, რომ ღმერთი მინდვრის შროშანებს თუ მოსავს, ჩვენც არ დაგვტოვებს შეუმოსელს. მაგრამ, თუ პურის გამო დავდივარ ეკლესიაში, მეც დავემსგავსები მწვალებელს, სექტანტებს და ეკლესიაში რომ არ მომცემენ პურს, მერე აღარ წავალ. ეკლესიაში მივდივართ სულის საცხონებლად. სასწაულები ხდება ჩვენი სულის საცხონებლად, ცხონება კი ჭეშმარიტი აღმსარებლობის, სინანულის, მარხვის, ლოცვის გარეშე არ არსებობს.
– მამაო, რა არის თანამედროვე ქრისტიანების დამახასიათებელი პირველი ნიშანი?
– პირველი, ეს არის მცირედმორწმუნეობა. როგორც კი ოჯახში, ან სამსახურში შეგვექმნება პრობლემა, მაშინვე დაეჭვებულები, შეშინებულები ხან იქით მივეხეთქებით, ხან – აქეთ. რომ ვეკითხები ადამიანებს: რატომ არ დადიხართ ეკლესიაში, მპასუხობენ: პრობლემები მქონდა. როცა პრობლემები მქონდა, არ დავდიოდი და ვერ დავდიოდიო. ასეთ დროს უფრო გინდა ღმერთი, რადგან ჩვენს ღმერთს ჰქვია: ცხებული, მხსნელი, მესია, მაცხოვარი. მცირედმორწმუნეობა შობს უმეცრებას. ადამიანს, რომელსაც ჰგონია, რომ სწამს, სინამდვილეში, სწორად არ სწამს. როცა ძალიან ცხელა, ადამიანი თავს აძლევს უფლებას, დაისვენოს, რის უფლებაც, რა თქმა უნდა, აქვს და ეს აუცილებელიც არის. ის ვარდება დავიწყების ცოდვაში, ავიწყდება ვინმე. ხშირად სასულიერო პირებს ავიწყდებათ, ვინ არიან. როცა ადამიანი ჩუმადაა, ხედავს‚ როგორ იღუპება მისი ქვეყანა და ხმას არ იღებს, როცა გაიძახის: მე ხომ კარგად ვარ, ჩემი მეუღლე ხომ კარგად არის, საჭმელი გვაქვსო. ხოლო‚ როდესაც ხედავს გაჭირვებულ მეზობელს, ამბობს: ხელი გაატოკოს, იშოვოს, მე ხომ ყველაფერი შრომით მაქვს მოპოვებულიო. ანუ უმოქმედობისა და ურწმუნობის გამო, იმის გამო, რომ მას არ უყვარდა მოყვასი, ის აღმოჩნდა ჯოჯოხეთში.
– ადამიანები ხშირად ამბობენ: არავინ გვინახავს იმქვეყნიდან მოსული; როცა ვნახავთ‚ მერე ვიწამებთ იმქვეყნის არსებობასო.
– ეს ცრუმეტყველება, არასწორი სწავლებაა, იქიდან მაშინ აღდგება ხალხი, როდესაც მაცხოვარი მეორედ მოვა. მანამდე კი ნუ დაელოდებით ვინმეს მოსვლას და ნუ გგონიათ, რომ სიზმარში ვინმე თუ გამოგეცხადათ‚ ეს კარგია და ყველაფერი კარგად იქნება. ნურავის ჰგონია, რომ ჯოჯოხეთში აღიარებს ღმერთს. სანამ ცოცხალი ხარ, დედამიწაზე ხარ, აქვე უნდა აღიარო მაცხოვარი. თუ ჯოჯოხეთში ვინმე აახელს თვალებს, რამდენიც არ უნდა იყვიროს ღმერთის სახელი, შველა იქ უკვე აღარ არსებობს – თუ შენი ახლობელი არ დადის ეკლესიაში, არ ლოცულობს, არ იხდის პანაშვიდებს, შეკვეთილ წირვებს და არ გასცემს მოწყალებას. ღმერთმა ადამიანი შექმნა ნეტარ მდგომარეობაში და მისცა კურთხევა – განღმრთობილიყო, ბედნიერი ყოფილიყო. მაგრამ ადამიანმა ცნება დაარღვია და ღმერთმა ის გამოაძევა სამოთხიდან. თუმცა‚ მას დაუტოვა ბედნიერების შანსი და აღუთქვა მესიის მოსვლა, რომელიც მოვიდა, ჯვარს ეცვა. დღეს ძალიან ძნელია‚ ნახო ბედნიერი ადამიანი. შეიძლება‚ ვინმე ბედნიერია, მაგრამ მე ამას ვერ ვხედავ. ვის როგორც ესმის ბედნიერება, ისეთი ბედნიერიც არის. თუ შენ გარშემო ბევრი მშიერი, სნეული, დაწყლულებული ადამიანია, როგორ შეიძლება‚ შენ იყო ბედნიერი?! ადამიანის სამშობლო სასუფეველია და, ამიტომ‚ ის დედამიწაზე ბოლომდე ვერ იქნება ბედნიერი. ბოლომდე ბედნიერება – ეს არის ბედნიერების წყაროსთან, ანუ, ღმერთთან მისვლა. ადამიანის ბედნიერებასა და უბედურებაზე ნუ იმსჯელებ, სანამ არ ნახავ მის აღსასრულს. ბედნიერება არის ცხონება, სამოთხეში ყოფნა, ხოლო უბედურება არის ჯოჯოხეთი, მაგრამ, საგზური აქვე უნდა აიღო. შენ თუ გაჭირვებაში ხარ, ყვედრი ღმერთს, განიკითხავ მოძღვარს, არაფერი გესმის, ნუ გგონია, რომ ნეტარებაში გადახვალ.