№39 ვის არ უნდა მიმართოს ქმრისგან გულნატკენმა ქალმა დახმარებისთვის
სასოწარკვეთილი ადამიანი ადვილად ექცევა ემოციების ტყვეობაში. ის ვეღარ ფლობს თავს და ვერ აკონტროლებს ვერც ქცევას, ვეღარც გრძნობას. მით უფრო, როცა საქმე გაუწონასწორებელ პიროვნებას ეხება. არის მომენტები, როცა იმედგაცრუებული და გულგატეხილი ხავსს ებღაუჭები, რომ გადარჩე. ასეთ დროს ხავსმაც შეიძლება, არ გიშველოს და უფსკრულში გადაიჩეხო. ქალი, რომელსაც ქმარმა უღალატა, ღრმა დეპრესიაში ვარდება. მისი გაგება და ნუგეში ყველას არ შეუძლია. არავინ იცის, სად არის ხსნა და რთული სიტუაციიდან გამოსავალი.
მარიკა (31 წლის): ჩემ გარშემო ყველაფერი „დუღს“. მძიმე და პრაქტიკულად, გამოუვალ სიტუაციაში ვარ. ისეთი რაღაც დამემართა, ვერაფრით რომ ვერ წარმოვიდგენდი. ჩემი კეთილგონიერების იმედი რომ მქონდა ყოველთვის, სრული უგუნურება ჩავიდინე, რასაც ალბათ, ვერ გამოვასწორებ და ვერც გამოსავალს ვხედავ. ყველაფერში ჩემი ქმარია დამნაშავე, თუმცა მხოლოდ მას ვერ დავაბრალებ მომხდარს. ჭკუა მეც მომეკითხება და მეტი წინდახედულება უნდა გამომეჩინა. თუმცა, რაც ახლა მჭირს, უფრო უიღბლობაა და მოვლენათა ცუდი თანხვედრა. მთავარი პრობლემა, რითაც ეს ყველაფერი დაიწყო, პრაქტიკულად, აღარც მახსოვს. უმნიშვნელოდ მეჩვენება, იმხელა რაღაც „დამეცა“ თავზე... ახლა უკვე მე მაქვს პრობლემები და ჩემი მოღალატე ქმარი ანგელოზივით ჩანს ჩემს ფონზე.
– ასეთი რა დააშავეთ?
– შემიყვარდა. მაგრამ, ჩემი გრძნობა ქმრის მიმართ არ არის. მას მხოლოდ იმ დოზით ეხება, რომ ჩემი სიყვარულის ობიექტი, მისი უახლოესი, ცოლიანი მეგობარია. შოკისმომგვრელია, ხომ?! მეც შოკში ვარ. მით უფრო, რომ, როგორ მოხდა, ჯერ კიდევ ვერ გავრკვეულვარ. იყო დრო, როცა ერთადერთ, იდეალურ მამაკაცად ქმარი მიმაჩნდა – სერიოზული, პრინციპული, მტკიცე ნებისყოფის, დამოუკიდებელი... როგორი შეყვარებული ვიყავი მასზე. აღფრთოვანებული. გავთხოვდი და ჩვეულებრივი ნაძირალასავით მიღალატა. ერთბაშად ჩამოვვარდი მეცხრე ციდან და მწარედ დავეხეთქე დედამიწაზე. თან, სულელიც აღმოჩნდა, არც უცდია, შეენიღბა თავისი ღალატი. საერთოდ არ ადარდებდა, მე რა რეაქცია მექნებოდა. არ მინდოდა, მეღიარებინა, რომ ქმართან ურთიერთობის მნიშვნელოვანი ეტაპი მტკივნეულად დასრულდა. არის მომენტები, როცა ხვდები, რომ რაღაცას წერტილი დაესვა. თუმცა, მაინც არ ჩერდები, მაინც არ აღიარებ, მაინც იბრძვი და ზუსტად იცი, რომ ამ ბრძოლაში დამარცხდები. თუ ვინმეს ღალატი გადაუტანია, ის გამიგებს, მაშინ რა მდგომარეობაში ვიყავი. თვალზე ბინდი მქონდა გადაკრული და გზაარეული დავეხეტებოდი. ჩემი არავის ესმოდა და მეც არავის ვეკიდებოდი ჩემი პრობლემებით.
– იმის თქმა გინდათ, რომ მარტო იყავით საკუთარ პრობლემასთან? არავისთვის გაგიმხელიათ? გვერდით არავინ გყავდათ, დაქალიც კი?
– დაქალები როგორ არ მყავს, მაგრამ მათგან სტანდარტული რჩევებისა და ოხვრა-წუწუნის გარდა, რომ ყველა კაცი ერთნაირია, არაფერი მიმიღია. არც ვსაყვედურობ, რაც შეეძლოთ, აკეთებდნენ. მაგრამ, მეტისმეტად დანგრეული ვიყავი, რომ მათი დახმარებით დავკმაყოფილებულიყავი. მართლა ძალიან ცუდად ვიყავი. ისე ცუდად, რომ ქუჩაში გამოშტერებული დავდიოდი. ლამის მანქანა დამეჯახა და... საჭესთან „ის“ აღმოჩნდა. ჩემი ქმრის მეგობარი, ცოლიანი. ძალიან შეწუხდა, რომ დაგჯახებოდი, რა უნდა მექნაო. მანქანაში ჩამსვა, დამაკვირდა და მითხრა, ვიცი, ასე რატომაც ხარო. იცოდა, ჩემს ქმარს საყვარელი რომ ჰყავდა. ყველამ ჩემზე ადრე გაიგო... არ მჯერა, ამ ყველაფერს რომ გიყვებით, – იცით, როგორი ცხოვრება მაქვს? საერთოდ რომ არ მომწონს. ქმარი ისევ მყავს, მაგრამ საერთოდ აღარ მაინტერესებს. არც ის მაინტერესებს, საყვარელი ისევ ჰყავს თუ არა. იმიტომ რომ... მისი ცოლიანი მეგობარი მიყვარს. სადამდე დავეცი. ცოლი ჰყავს და არ მინდა, ჩემი მიზეზით ოჯახი დაენგრეს.
– ქმარი აღარ გიყვართ?
– არ ვიცი, საშინლად დაბნეული და გაორებული ვარ. პრობლემა ის არის, რომ სიყვარული ორმხრივია. ჩემი ქმრის მეგობარსაც შევუყვარდი. როცა მის მკერდზე ვტიროდი და თავზე ხელს მისვამდა, ნამდვილად არ მიფიქრია სიყვარულზე, მაგრამ... მოკლედ, თვითონ გადაწყვიტა, რომ ჩემზე უნდა ეზრუნა. ბუნებრივად მოხდა ყველაფერი. მართლა არაფერი დამიგეგმავს. არც ის არის კარგ დღეში – ებრძვის საკუთარ თავს, ნერვიულობს.
– დიდი ხანია, ურთიერთობა გაქვთ?
– ურთიერთობას ვერ დავარქმევ. ერთმანეთი გვიყვარს და აღარ ვხვდებით. გვეშინია, რომ თავს ვერ შევიკავებთ. იმისი არ მეშინია, რომ ქმარს ვუღალატებ, არ მინდა, საკუთარ თავს ვუღალატო და, რაც მთავარია, საყვარელი ადამიანი არ ჩავაგდო მძიმე მდგომარეობაში.
– საყვარელ მამაკაცში ქმარი არ იგულისხმება, არა?
– არა. საყვარელი ადამიანი ის აღარ არის, თუმცა არ გავშორდები. არც იმას ვეტყვი, რომ აღარ მიყვარს. მაგრამ რა ვუყო ამ სიყვარულს? თანაც, მარტო მე არ ვიტანჯები. მირეკავს, მესიჯებს მწერს... ორივემ ვიცით, რომ ცუდად ვიქცევით. რატომ მოხდა ასე, ჩემი ტანჯვა არ მეყოფოდა, რომ სხვისი ტანჯვის მიზეზიც გავხდი? ეს სიყვარული არ დაგვიგეგმავს, მაგრამ მოვიდა.
– რას აპირებთ?
– ლოგიკური შეკითხვაა. არ ვიცი. მართლა არ ვიცი და ყველაზე ძალიან სწორედ ეს მაშინებს. ეს ადამიანი ჩემთვის უკვე ძალიან ძვირფასია. ვერც წარმომიდგენია დღე მასზე ფიქრის გარეშე, მაგრამ თავს ვიკავებ – ისევ და ისევ იმიტომ, რომ ოჯახი არ დავანგრიო. არ მინდა, სხვა ქალი, რომელსაც ჩემთვის არაფერი დაუშავებია, ისეთივე მდგომარეობაში ჩავაყენო, როგორშიც მე აღმოვჩნდი ქმრის ღალატის შემდეგ.