კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№39 რატომ უკრავდა ფანდურს და მღეროდა ვაჟა-ფშაველა პირველი ცოლის გარდაცვალების დროს და როგორ სცემა მან პეტერბურგში ცნობილი მოკრივე

თათია ფარესაშვილი ეკა პატარაია

ვაჟა-ფშაველას ცხოვრების არა შემოქმედებითი, ნამდვილი და არა მოგონილი, ყველაზე მწვავე ეპიზოდები მის დღიურებში გადმოვიტანეთ, ოღონდ იმ პერიოდიდან, როცა ის თავის მშობლიური კუთხიდან სწავლის გასაგრძელებლად პეტერბურგს მიემგზავრება და შედის თავისუფალ მსმენელად უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე. ეს არის 1883 წელი. ექვთიმე თაყაიშვილის მოგონებით, პეტერბურგში ვაჟა „ესწრებოდა ქართველი სტუდენტების სხდომებს სათვისტომოს საკითხების შესახებ. ფშავ-ხევსურეთის სახალხო პოეზიიდან აუარებელი ლექსები იცოდა ზეპირად… ყველანი განცვიფრებულნი ვიყავით, როგორ შეეძლო ამდენი ლექსის ზეპირად დამახსოვრება”. (წყარო: „ბურუსი“) თუმცა, ხელმოკლეობის გამო ერთ წელიწადში კვლავ საქართველოში დაბრუნდა. მაინც მნიშვნელოვანი აღმოჩნდა პეტერბურგში გატარებული ერთი წელიწადი; იქ ყოფნას უკავშირდება მისი ფსევდონიმიც – ვაჟა-ფშაველა. მანამდე კი მისი ფსევდონიმები იყო: „ლ. რაზ–ვი“, „ლ. კათაკმეველი“, „მგელია ხინკალჭამიაშვილი“ და ასე შემდეგ. ფსევდონიმი – ვაჟა-ფშაველა მისმა თუშმა მეგობარმა, დიმიტრი ცისკარიშვილმა შეარქვა. მთიელმა მეგობარმა კარგად იცოდა, რომ ფშავ-ხევსურეთში „ვაჟა” „კარგ ბიჭს”, „ვაჟკაცს” ნიშნავდა. ლუკა რაზიკაშვილი კი სწორედ ასეთი ყოფილა. მაგალითად, პეტერბურგში ვაჟასა და მის უფროს ძმას, გიორგის ფული სულ გამოლევიათ. შეხვედრიათ ნაცნობი, გერმანელი სტუდენტი, რომელსაც უთქვამს: წამოდით, ბილიარდი ვითამაშოთ და ვინც წააგებს, სადილის ფულიც იმან გადაიხადოსო. წასულან სათამაშოდ. თურმე არც იმ სტუდენტს ჰქონია ფული და საბილიარდოდან გაპარულა, ფულის გადაუხდელობის გამო კი, მუშტი-კრივი გამართულა. ამ ჩხუბში ვაჟას ცნობილი მოკრივე გაულახავს… 1884 წლის შემოდგომაზე წიგნებით, ლექციების ჩანაწერებით,
„სტუდენტთა კასის” ვალით (რადგან გამოსამგზავრებელი ფული არ ჰქონდა), მშობლიურ ჩარგალში ბრუნდება. ამ დროიდან იწყება მისი მშფოთვარე, მძიმე, ყოფითი საზრუნავითა და მძაფრი სულიერი ჭიდილით სავსე ცხოვრება. მას ბედმა ერთობ შებოჭილი და მძიმე ცხოვრება არგუნა. საარსებო საშუალებათა ძიების აუცილებლობამ სოფელ ოთარაშენში თავად ამილახვრის ოჯახში მიიყვანა და ერთხანს კერძო რეპეტიტორის მძიმე და უმადური მოვალეობა
აკისრებინა. 1886 წლის გაზაფხულზე, თავად ამილახვრის ოჯახში ვაჟა-ფშაველას იმავე ოჯახში აღზრდილი თავადის უკანონო შვილი, ძალიან ლამაზი და მაღალი სულიერი თვისებებით გამორჩეული, იმხანად დაქვრივებული ეკატერინე (კეკე) ნებიერიძე შეჰყვარებია და ცოლადაც შეურთავს. თავისებური იყო ვაჟას დაქორწინების ფაქტი. ვაჟა იღებს გადაწყვეტილებას და მის ურყეობაში დარწმუნებული ატყობინებს მამას და ძმებს, დახვდნენ მცხეთაში. არ მისდევს ტრადიციას, სიმშვიდის, ურთიერთგაგებისა და სიყვარულის ატმოსფერო სუფევდა ახალ ოჯახში... 1886 წლის 17 ოქტომბერს ვაჟა სოფელ დიდ-თონეთში იწყებს მასწავლებლობას... თვეში ოცდახუთ მანეთად (წლიურად 300 მანეთად) ამაყი და სიმართლის მაძიებელი ვაჟა ვერ ურიგდება უსამართლობას, წვრილმანობას. სიტყვით და ძალით უპირისპირდება ადგილობრივ „ბობოლებს”, სოფლის მამასახლისსა და მის დამქაშებს. იწყება განუწყვეტელი ცილისმწამებლური საჩივრები ვაჟაზე: ვაჟას შესამოწმებლად ერთმანეთს ცვლიან რევიზორები და „კომისრები”. ალალმართალ ვაჟას, ქართველების სათაყვანებელ ნიჭიერ პოეტს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომებზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე და ივანე მაჩაბელი თავმჯდომარეობდნენ, უწევს ახსნა-განმარტებითი ბარათების წარდგენა. ჩვენი დიდი მოღვაწეებიც ხედავენ ვაჟას სიმართლეს, მაგრამ უფრთხილდებიან მის არსებობას. ეშინიათ, რაიმე არ შეემთხვეს დიდი მომავლის მქონე პოეტს და 1887 წლის 11 ივნისს გამგეობას გამოაქვს დადგენილება, ვაჟას თონეთის სკოლის მასწავლებლობიდან გათავისუფლების შესახებ. რასაკვირველია, სულიერად ეს იყო დიდი ტრავმა უსამართლოდ დაჩაგრული პოეტისთვის, რომელსაც მთელი სოფელი პატივს სცემს და ხელმოწერითაც, დოკუმენტურად ადასტურებს მასთან თანადგომას. ამდენ გაჭირვებასა და წუხილში თუკი რაიმეს სინათლისა და სიხარულის შუქი შეაქვს ვაჟას ცხოვრებაში, ეს ისევ და ისევ შემოქმედებითი სიხარული და სიყვარულია – სიყვარული, რომელიც ახალგაზრდა პოეტისთვის მრავალ შედევრთა შექმნის იმპულსიცაა… ჩარგალში ცხოვრობდა, სხვა გლეხებივით ხნავდა მიწას, უვლიდა საქონელს და ნადირობდა. მთის ხალხში დიდი გავლენით
სარგებლობდა. იშვიათად ჩამოდიოდა ბარად... ჩარგალში მყოფს 1890 წელს უბედურება დაატყდა თავს. ერთი თვის განმავლობაში დაჰკარგა მშობლები – 56 წლის დედა და 59 წლის ჯანმაგარი მამა. მშობლები ბურჯივით ედგნენ მხარში ვაჟას და ყოველნაირად ხელს უწყობდნენ თავიანთ რჩეულ შვილს შემოქმედებით მუშაობაში. ამის შემდეგ ძმები გაიყარნენ. ვაჟა საბოლოოდ დამკვიდრდა ჩარგალში და იქ გაატარა თავისი სიცოცხლის წლები. ამ დროიდან მოყოლებული ვაჟა ფიზიკურად ბევრს შრომობს, მაგრამ თანამედროვეთა გადმოცემით, დიდი მეურნის უნარს ვერ ავლენს და ეს გასაგებიცაა...  ვაჟა ჯერ კიდევ ახალგაზრდა კაცი იყო (30 წლისა), მაგრამ ჯანმრთელობა უკვე შერყეული ჰქონდა. 1892 წელს ციმბირის წყლული შეეყარა და მარჯვენა თვალი დაუზიანა. მძიმე ოპერაცია გადაიტანა პოეტმა… თვალის ქუთუთო ჩამოფხავებული დარჩა და ცრემლმდინარი. ასეთი თვალის გამო ფშაველებმა „რაზიკაანთ დევს“ „ცალთვალა“ დაუმატეს და ახლა „რაზიკაანთ ცალთვალა დევს“ ეძახდნენ. კიდევ მრავალი ნაამბობი და მოგონებაა მოღწეული ჩვენამდე ვაჟას შეჭირვების შესახებ, მაგრამ პოეტის იმდროინდელ ფიზიკურ სახესა და სულიერ განწყობილებას, ყველაზე უფრო შთამბეჭდავად აღწერს  მისი „სიმღერა”... ვაჟა მართლაც რომ უბედურ ვარსკვლავზე დაბადებულა. 1902 წელს, მისი სახლში არყოფნის ჟამს, მოულოდნელად, 36 წლის ასაკში დაეღუპა საყვარელი მეუღლე კეკე. „მეხუთე შვილზე უმტყუნა”... მას ობლად დარჩა 4 შვილი. მეუღლის დაღუპვით შეძრული ვაჟა თავის წუხილს ლექსებში გამოხატავდა. ამ დროს დაიწერა ლექსი „სიმღერა”:
„იას უთხარით ტურფასა,
მოვა და შეგჭამს ჭიაო…
მიწავ, შენ გებარებოდეს
ეგ ჩემი ტურფა იაო,
შენ უპატრონე, უმშობლე,
როგორიც შენი ზნეაო“... 1904 წელს ითხოვა ვაჟამ მეორე ცოლი, გიორგი დიდებაშვილის ასული ნინო, შემდეგ თამარად წოდებული. ლუკას საქციელით შეძრწუნებულები იყვნენ მისი ახლობლები. ის კი თავს იმით იმართლებდა, ბავშვებს მოვლა-პატრონობა სჭირდებოდათ, სახლში კი დედაკაცი იყო საჭიროო. ერთი წლის შემდეგ ოჯახს მეხუთე შვილი შეეძინა. ვაჟა მუხლჩაუხრელად შრომობს, რომ ცოლ-შვილი არჩინოს: ხნავს, თესავს, მკის, თიბავს, ნადირობს, მჟავე წყალთან დაკავშირებით (ახლა რომ ვაჟას წყალს უწოდებენ) დავა აქვს და ბოლოს ხალხის სასარგებლოდ წყვეტს საკითხს... პოეტი პრაქტიკული ცხოვრებისთვის არ იყო დაბადებული. მას დიდი პოეტური სამყარო ჰქონდა, იმით ცხოვრობდა და სულდგმულობდა. ყოფით წვრილმანებთან ყოველგვარი შეხებისას ვაჟა ღიზიანდებოდა. ასე დაეუფლა მის სულს სიფიცხე. ვაჟას დაძაბული და მძაფრი შემოქმედებითი ცხოვრება ჰქონდა. ესეც აღიზიანდებდა დიდ პოეტს. როცა შთაგონება, ანუ როგორც ამბობს „თავისი ანგელოზები” ეწვეოდა, ოჯახის სამუშაოს ტოვებდა და თავისი დიდი მოწოდების აღსასრულებლად გარბოდა. „ლუკას ხასიათი გაგებული მქონდა. ამიტომ, ხელს ვუწყობდი, ვერ ვუბედავდი დაჟინებით მეთქვა, ოჯახს შენახვა სჭირდება, გაისარჯე, ცოლ-შვილს რჩენა უნდა-მეთქი”, – გვიამბობს პოეტის მეუღლე. ეტყობა, დიდი პოეტის ცხოვრებისა და მისი მისიის შესახებ ნაკლები წარმოდგენა ჰქონდა თავისთავად კეთილშობილსა და ოჯახზე მზრუნველ მეუღლესა და დედას, როცა გულწრფელად მოგვითხრობს: „როგორც იყო, ერთხელ გაბრაზებულმა გავბედე და ვუთხარი: რა არის, კაცო, ცოლ-შვილი მშიერ-ტიტველი გყავს, შინ არაფერი გვაქვს. ყველაფერი თავდება, შენ კი ზიხარ, ჯღაბნი და სულ ჯღაბნი-მეთქი. მოველოდი, ძალიან გაჯავრდებოდა, ჩემი ნათქვამისა მევე შემეშინდა. მაგრამ საქმე სხვაგვარად დატრიალდა, გაიცინა და მითხრა: „ეეჰ, შე საწყალო, უსწავლელი ხარ და რა გითხრა, ნასწავლი რომ იყო, მაგ სიტყვას არ გაპატიებდიო”.
(გულქან რაზიკაშვილი –
„მამამა ღმერთს ჩამაჰყარა სახელი” ჩაიწერა ეთერ თათარაიძემ)
„ისე დავბერდი, სიხარული რასა იქვიან, არა ვიცი. გული მაწუხებს, ლაპარაკსაც ვერ ვიტან. ექიმებთან ვერ მივდივარ... ტყეში დაბერებული ვარ, საქონელში. ძროხების მოვლაში გავიზარდე და დავბერდი… რო წვიმს, წვიმს, წვიმს, დგეხარ ველზე შიშველ-ტიტველი, დაბერდები, აბა, რა მოგივა. მე და მამას ერთ კალაპოტში გვიდგა ფეხები და ერთნაირად დავბერდით… მამაჩემი იყო ტანჯული და ეხლა მენა ვარ ასეთი. მე და მამამ ხო წუთისოფლისა ვერაფერი გავიგეთ… თავის დედის სახელი დამარქვა – გულქანი. სიკვდილის წუთებში ეთქო, გულქანი დამრჩა შუა გზაზედაო. ხუთ შვილში მარტო მეღა ვარ დამრჩალი ბუვივითა. ხუთმეტისა ვიყავ, მამა რო დამეღუპა… ვერაფერი ვიცი წუთისოფლისა. ხალხი აქამდე მაშინებდა, ეხლა მივეჩვიე… დღე-ღამეს ასწორებდა მამაი, მე ჭრაქს უზიდავდი საქონიდან, ღამე იმას უნთიებდი და ისა სწერდა. რო დასწერდა, მკითხავდა, მოგწონსო?.. ალბათ, მცდიდა, როგორ ესმისო. კარგია, მამაო, რო ვეტყოდი, სახესა ნათელი გადაუვლიდა… წვიმდა ჩქეფითა, მაშინ ცხრა-ათის წლისა ვიქნებოდი. ძროხაში ვიყავ. ყველას მოუვიდა პატრონი და სახვევები მოუტანეს, მე კი არა, არავინა. მამა ჩარგალს არ იყო. ჩამდიოდა წკრიალასა წყალი კაბის ბოლოზედა და ვიდეგ აი, იქა… გამყინა. მოვიდა უცებ ცხელი მზე. გავთბი. მომშივდა კიდეცა. ზაფხული იყო, მომშივდა და ერთი პატარა პურაი მქონდა, ისიც გამხმარი. დავფიქრდი: მე რო ობოლი არა ვყოფილიყავ, განა ეგრე ვიქნებოდიო. დავფიქრდი და ვთქვი: რად გამაჩინე, უფალო,
რატომ არ მოედ წვიმადა
ამითვისებდენ ღრუბელნი,
თან მატარებდენ შვილადა… ჩემი ობლობა და მწყემსობა ემაგ ორ-სამ სიტყვაში ჩავხატე. შენა მყვანდიო, – მითხრა, – შენაო, პირველად მაშინ მაკოცა...
მამამ მითხრა, რო ეგაო ძალიან გენიოსური სიტყვაა. შენაო, გოგოო, ჩემზე მეტი ნიჭი გქონიაო. დაწერე, როცა რა მოგაგონდეს ესეთი ქვებზე და მომიტანე, ჩავწერო. დავწერდი, გაიავდრებდა, გადამირეცხდა. დავწერდი ქვაზედა, ძროხები დამიბზიკავდებოდნენ. მივბრუნდებოდი, ადგილი გადამიბრუნდებოდა, დავკარგავდი, ეეე!.. მამა მთხოვდა, ქვებზე წერე და მოიტანეო”…
მამა ხატობებში დადიოდა იმიტომა, რო წესრიგი გაეგო ხალხისა.
დღეობები იყო წინა დღეებში აქ, ჩარგალშია. მამა წასულა რაღაცისთვინა დუქანში (აი, მამის ნათქმები სულ გულზე მაწერია!); იქ უქეიფებავ მედუქნესა. დაიღამებია. თითქმის შუაღამე ყოფილა, რო წამოსულა. მოდის მამა და, „სალუდეს” ეძახიან, იქითკე გაიხედა, ხალხი კიდეა ნადღეობარზე თუ არაო. შაჯარისაკე გაიხედა და... კაცო, რაღაცა ხან ეენთება, ხან გაქრება, როგორც სანთელი. უყურებს გაშტერებული მამა და ვერა და ვერ გამოიცნო, რა არი. ეფიქრა მამასა: ეს ორი დღეა, ხატობა აღარ არი, ნეტა, ვინ ანთებს და აქრობს სანთელსაო. მივიდა და რასა ხედავს: ხან ეენთება, ხან ჩაქრება. მივიდა და ნახა, რო ქარი შემოუბერავს და ეინთება, გადაივლის ნიავი და ჩაქრება, მიინავლება ერთი ფუტურო… მერე უყვებოდა ხალხსა ამ ამბავსა: რო ვისმე დეენახა, იქ შიშით ვერ მივიდოდა და გაავრცელებდა, თუ ხატ-ღმერთი არ არის, რა ანთებ-აქრობდაო… იქ არაფერი იყო, არც ანგელოზი და არც ეშმაკიო. გვიანი იყო და ჩემს მეტი ვინ ნახავდა, თორო დღეს იტყოდნენ, ანთებ-აქრობდაო სანთელსაო… მეც კი შევკრთიო, მაგრამ უნდა გამეგოო და გავიგე კიდევაცო… არ გინდათ, გაიგეთ, თქვენ თავში შავიდეს, ეგეთებს ნუ ავრცელებთო…
აი, როგორი იყო მამაი: გართული იყო ბუნებაშია, არა გეეგებოდა შვილებისა. მე თავზე ხელს დამადგამდა. იმისი კოცნა არ მახსოვს. არ მოსწონდა ხალხის ჩოჩქოლ-ხმაური, არ ითანხმებდა რატ-რატსა, მალევ მაშორდებოდა აჩოჩქოლებულ ხალხსა. მამას ბალღ-ბულღთა არა მისდიოდა რა, სუ თავის საფიქრალში იყო გართული. ბევრი საუბრიდანა ზოგი მიაჩნდა რამედა...
ლოგინში ვიწექით ბალღები. დედაკაცი ვინმე შემოვიდა. დედას თავი სიპის ქვაზე ედო…
ვაი, რა წუთისოფელი გაიარა მამამა, ვერა გაიგო რა თავისი შრომისა და დაღალვისა, თავისი დაქანცვისა და სახელისა. ჩვენი თავიც სიბეჩავეს დაუგდო, ჩვენიცა. არც სხვის სწორად გვცმია და არც სხვის ტოლად გვხურვია… ჰო, ვინმე დედაკაცი შემოვიდა ჩვენთანა. – კეკე, კეკე, ქალოო! – და თავი გადაუგორდა დედასა… ეგ მახსოვს. მამა ყვარელში იყო წასული, იქ ეთქვათ, სანადიროდ ნამყოფისთვინა, ცოლო მოგიკვდა, წვრილშვილი ლოგინში ჩამსხდარი გიჟივისო… ნეტა, აქა ყოფილიყო, იქნება დედას ეცოცხლა!.. ირემი მოუკლავ მამასა, მოამბე იმ დროს მისვლია… შინ რო მოსულა (მაგარი ყოფილა მამაი, ალბათ, ფიქრობდა, გავერთო რამითაო, ჯავრმა არ მაჯობოს, ხალხმა არ შემატყოს ნაღველიო), აუღია ფანდური. უკრავს ამ ფანდურსა და თან დამღერის:
ნუ მოხვალ, თორო ინანებ,
მოსვლაში არა ყრიაო… თურმე დედას ეუბნებოდა, სანამ მაიყვანდა ჩარგალსა, რო შენ იქაურს ჯაფასა და ცხოვრებას ვერ შეეგუვდებიო. – კიო, კიო, კიო! – დედასა… ნუ მოხვალ თორო, ინანებო, – აი, ამას აგონებდა კეკეს – დედასა.  ისეთი იყო რო, თუ ადამიანი არ მოსწონდა, არც ავად ასჩქამდებოდა და არც კარგადა. სადა იქონდა დრო მაგეების რატ-რატისა და ყატ-ყატისა. მამა სიმართლის მთქმელი იყო, სიმართლისა. თავს არ დაზოგავდა, არც ვიცი, რადა იქონდა ეგეთი ხასიათი.
მამამ-თქო ერთხელა, მახსონ: გულქანი მე მგავსო ხსიათშიო, ნუღარ ელაპარაკებით, ერთს რო იტყვისო… დედასაცა იგავო, – მამამ თქვის, – ბებოსაცა იგავო… გავქეჯნდები, ქალო! რო ვიცოდე, ოქროს მაძლევს, თუ უარი ვთქვი, არ გამოვართმევ, არ ვიცი, რადა მაქვ ეგეთი ხასიათი…
მძახლებსა – გუგუდაანთ თვირთვილასა და მამას უმგზავრნია ერთადა. გუტუდაანიც მდიდრები იყვნენ. სად გუგუდაანთ თვირთველაის ცხენი და სად მამისა – გლეხი კაცისა!.. მამაჩემს უთქვამ თვირთვილაისთვი: – გამიცვალე ცხენი, შენი ცხენი კარგი იქნებაო. თან, მძახლები არიან, თან დაახლოებულები… არ გაუცვლია თვირთვილასა ცხენი, დაუცინია მამისათვი. მაიცა, რაც იზმენ! მე მაშინ გეტყვი, შენი ცხენი სჯობია თუ ჩემი, საღალღის მინდორს რო გაუდგებითო, მამას ეთქო თვირთვილაისთვინა, – ჩემმა ნიკორამა ფრუტუნი იცის, რო გაუხარდებაო, არა მგონია, ჩემ ნიკორას წინ ცხენმა გაუაროსო… მერე გამააქანეს ცხენები მინდორზე და დატოვა ნიკორამა თრთვილაი თავის ცხენიანადა. ნახევარ ვერსზე მაინც გამოასწრო ნიკორმა. რო შაიყარნეს და დაისვენეს, ამ შენმა თვირთვილამ სთხოვა: ვაჟავ, ცხენი გამიცვალეო, – ჩემი ნიკორისასაო, მამას ეთქო, – კუდსაც არ მოგცემ კუდსაცაო… სიბერით მოკვდა ნიკორი, კარებზე გადაიქცა და მოკვდა. ეუბნებოდნენ: ლუკავ, თოფი დაჰკარ, რო წვალობსო. – მე მაგას თოფს ვერ დავკრავო… იავადა, იავადა და მოკვდა. მერე გაზარდა მამამა კვიცი, ტანად დაბალი, ცეცხლივით იყო. თვითონ გახედნა. კაცი რო შაჯდებოდა, დაიკარგებოდა ბზუკივითა… აი, როგორი ხელი მაქვ იმისგანა… „ცეცხლა” დაარქვა მამამა.“
скачать dle 11.3