№39 რა საფრთხეს უქმნის საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის უპირობო დაშვება და როგორ აქცევს საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირებს უცხო სახელმწიფოს პირდაპირი გავლენის იარაღად
საქართველოს კონსტიტუციით, მოქალაქე მიიღებს რა უცხო ქვეყნის მოქალაქეობას, ავტომატურად კარგავს საქართველოს მოქალაქეობას, თუმცა, იმავე კონსტიტუციით, მას მოქალაქეობის აღდგენა, ანუ ორმაგი მოქალაქეობის მიღებაც შეუძლია, თუკი საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს. ასეც ხდებოდა, თუკი უცხოეთში წასული ქართველი ემიგრანტები დაკარგავდნენ საქართველოს მოქალაქეობას, მისი აღდგენა მარტივად იყო შესაძლებელი. იმას გარდა, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქე უცხო ქვეყნის მოქალაქეც შეიძლება, გახდეს. ამის მიუხედავადაც, კონსტიტუციის ახალ რედაქციაში, რომელზეც 2016 წლის მოწვევის პარლამენტი მუშაობს, ორმაგი მოქალაქეობის მიღება გამარტივებულია. მოტივად ისევ ქართველი ემიგრანტები სახელდება, თუმცა მათ პრობლემა ისედაც არ ექმნებოდათ. ამდენად, ფაქტია, რომ ეს მოტივი არგუმენტად ვერ გამოდგება. სამაგიეროდ, ორმაგი მოქალაქეობის მასობრივი დაშვება საკმაოდ მნიშვნელოვან საფრთხეებს უქმნის ჩვენს სახელმწიფოს თვით პოლიტიკურ პროცესზე ზემოქმედების გათვალისწინებით. ვინ შეიძლება, გამოიყენოს ეს ახალი რეალობა და ღირს თუ არა ასეთ რისკად ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობის, რეგიონში მიმდინარე პოლიტიკური დაპირისპირების და, რასაკვირველია, ოკუპაციის ფაქტის გათვალისწინებით, – ამ თემაზე საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ანალიტიკოსთან, იურისტ ლევან ალაფიშვილთან ერთად ვისაუბრებთ.
ლევან ალაფიშვილი: შესავლისთვის უნდა ვთქვათ, რომ საქართველოში, კლასიკური გაგებით, ორმაგი მოქალაქეობა არ არსებობდა და არც არსებობს. საქართველოში მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია, მიიღოს მოაქალაქეობა და ასე ფლობდეს ორმაგ მოქალაქეობას. ამის საპირისპიროდ, საქართველოს მოქალაქე, თუ ის მიიღებს უცხო ქვეყნის მოქალაქეობას, ავტომატურად კარგავს საქართველოს მოქალაქეობას. ყველაზე კარგია მსჯელობა მაგალითებით.
– ივანიშვილისა და სააკაშვილის შემთხვევები.
– ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევა ცოტა საკამათო იყო, მაგრამ სააკაშვილი უპირობოდაა ის შემთხვევა, როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღებამ მას ავტომატურად დააკარგვინა საქართველოს მოაქალაქეობა. ასეთია ჩვენი კანონისა და კონსტიტუციის მოთხოვნა.
– და ეს თავად მიხეილ სააკაშვილის პერიოდში მიღებული წესია.
– დიახ. დღეს მოქმედ კონსტიტუციაზეა ლაპარაკი და უცხოელთათვის ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების საკითხიც სააკაშვილისდროინდელია და მაშინაც ამ ცვლილების არგუმენტად დასახელდა ემიგრანტებზე ზრუნვა. მახსენდება, როდესაც 2008-2010 წლებში ერთგვარი შეჯიბრებაც კი იყო, კარგი გაგებით, ჩვენს საელჩოებს შორის, თუ რამდენ უცხოელს დააინტერესებდნენ და მიაღებინებდნენ საქართველოს მოქალაქეობას. ამ სტატისტიკის გადამოწმება შესაძლებელია. ჰქონდათ ორი მიზანი: ქართველი ემიგრანტებისა და უცხოელების გადმობირება. შესაბამისად, ამ კუთხრით, ემიგრანტებს პრობლემა არ ექმნებოდათ და არც ექმნებათ. მათ, რომც მიეღოთ ან მიიღონ უცხო ქვეყნის მოქალაქეობა, მართალია, შეუწყდებათ საქართველოს მოქალაქეობა, მაგრამ მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტს და ისევ დაიბრუნებენ საქართველოს მოქალაქეობას და იღებენ კიდეც. ამდენად, ახალ საკონსტიტუციო პროექტში წარმოდგენილი სიახლე ორმაგი მოქალაქეობის შესახებ იმ ადამიანების სტატუსში, რომლებმაც უცხოეთში ყოფნა არჩიეს, ცვილელება არ არის. მათ სამშობლოსთან სამართლებრივი კავშირის შენარჩუნების საშუალება ჰქონდათ და აქვთ კიდეც.
– რა უფლებები აქვთ ორმაგ მოქალაქეებს?
– ყველა უფლება, გარდა საარჩევნო ცენზებისა ამა თუ იმ თანამდებობაზე არჩევისას: დაბადებით მოქალაქეობა, ხუთწლიანი ცხოვრების ცენზი და ასე შემდეგ. ვგულისხმობ უცხოელებს, რომლებმაც მიიღეს საქართველოს მოქალაქეობა და არა საქართველოდან წასულ ქართველებს.
– ანუ ორმაგ მოქალაქეებს აქვთ არჩევნებში ხმის მიცემის უფლება?
– რა თქმა უნდა, მათ უპირობოდ აქვს ხმის მიცემის უფლება და საარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლებაც. მაგრამ არის ერთი რამ, რასაც აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება და რაც, რატომღაც, ყურადღების მიღმა რჩება ხოლმე. მოქალაქეობა არ არის მხოლოდ უფლება და ეგრეთ წოდებული პრივილეგია. მოქალაქეობა არის ვალდებულებაც: მაგალითად, სამხედრო ვალდებულება, ანუ ქვეყნის დაცვის ვალდებულება, გადასახადების გადახდის ვალდებულება და ასე შემდეგ. ასე რომ, ეს უფლებრივი და მოვალეობრივი სტატუსი ხელმისაწვდომია როგორც ქართველი ემიგრანტებისთვის, ისე უცხოელებისთვის. ვფიქრობ, რეჟიმს, რომ საქართველოს მოქალაქე შეიძლება, ფლობდეს მეორე ქვეყნის მოქალაქეობას, თან სდევს საფრთხეები, რომლებიც, ჩემი შთაბეჭდილებით, კონსტიტუციაზე მუშაობისას კარგად არ აიწონა და გამიხარდება, თუ ვცდები.
– მე ჩავწერე ამ თემაზე მამუკა გიორგაძე.
– მაგრამ, როგორც ვხედავთ, მხოლოდ ჩვენი აქტივობა არ არის საკმარისი გადაწყვეტილების მისაღებად… არც პოლიტიკური პარტიების, არც სახელმწიფოს მეთაურის დღის წესრიგში არ არის ეს საკითხი დაყენებული ჯეროვნად. მსჯელობენ ბარიერზე, ბლოკებზე, პირდაპირ თუ არაპირდაპირ არჩევაზე და, ჩემდა სამწუხაროდ, არ მსმენია არცერთი არგუმენტებული მსჯელობა ორმაგი მოქალაქეობის შესახებ. ეს არ არის კარგი, იმიტომ რომ, ეს საკითხი დიდ სიფრთხილესა და პასუხისმგებლობას მოითხოვს და დარწმუნებული ვარ, თუკი დღის წესრიგში დადგება ორმაგი მოქალაქეობის საკითხი, კონსტიტუციის ავტორები დაფიქრდებიან იმ საფრთხეებზე, რაც შეიძლება, ამას მოჰყვეს. მათ უბრალოდ, არ იციან, რას ნიშნავს ეს ორმაგი მოქალაქეობა. ისინი ამბობენ, ხომ არის სხვა ქვეყნებში ორმაგი მოქალაქეობა…
– მაგრამ იმ ქვეყნებს აქვთ სხვა სპეციფიკა, სხვა პრობლემები…
– ცხადია… მაგრამ არც მმართველი პარტიის და არც სხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერები ამას არ აქცევენ ყურადღებას. მოგახსენებთ, რატომ ვფიქრობ, რომ არგუმენტის გარეშე გამოიძებნა ეს ფორმულირება: საკონსტიტუციო განხილვების დაწყებამდე 80-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი შევხვდით საკონსტიტუციო კომისიის ხელმძღვანელს. მე დავსვი საკითხი, თუ რატომ გაჩნდა ორმაგი მოქალაქეობის გამარტივების აუცილებლობა, რადგან იქნებ არსებობს პრობლემა და ის წყდება ორმაგი მოქალაქეობის დაშვებით. მართალი გითხართ, ვერ მოვისმინე არგუმენტი, ერთადერთი, დასახელდა თქვენ მიერ ნათქვამი ემიგრანტების თემა.
– აშკარაა, რომ კანონმდებელმა არ გაიაზრა მოსალოდნელი საფრთხეები. მოდი, ჩვენ მიმოვიხილოთ ვითარება: დღესაც კი, როდესაც საქართველოს მოქალაქეობა ავტომატურად ეკარგება პირს, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე გახდება, უამრავ ადამიანს აქვს სახლში რუსული პასპორტი როგორც სამცხე-ჯავახეთში, ისე სამეგრელოშიც კი. ასევე, თითქმის ყველა არაქართველ დეპუტატს უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ერევანსა და ბაქოში. ეს, ცხადია, დანაშაული არ არის, მაგრამ განათლების სისტემა აყალიბებს ადამიანის მენტალიტეტსა და იდენტობას. თუ მათ თავისუფლად მიეცათ რუსეთის მოქალაქეობის მიღების საშუალება, რუსეთს ფაქტობრივი და მრავალრიცხოვანი მეხუთე კოლონის შექმნის შესაძლებლობა ეძლევა.
– კარგი იქნებოდა, ჩვენი კანონმდებლების მცირე ნაწილი მაინც განიხილავდეს ასე სიღრმისეულად საკითხს. ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ: გვახსოვს ორი წლის წინათ წულუკიანის გადაწყვეტილება, როდესაც იუსტიციის სამინისტრომ შეუწყვიტა მოქალაქეობა ეთნიკურად არაქართველ საქართველოს მოქალაქეებს, სხვათა შორის, სავსებით კანონიერად და ვნახეთ, რომ ოჯახები, ფაქტობრივად, გაიყო. სხვადასხვა სახელმწიფოში ჩარჩნენ ერთი ოჯახის წევრები. ამის შემდეგ, ვფიქრობ, საფრთხეები უფრო იოლი დასანახი იყო და არა მხოლოდ აქედან გამომდინარე, არამედ იმ ვითარების გათვალისწინებითაც, რომელიც ჩვენს სამეზობლოში ყოფილა: გნებავთ, უკრაინაში, გნებავთ, ბალტიისპირეთში. გვახსოვს პოლიტიკური ბრძოლისა და იმპერიული გავლენების მოპოვების პოლიტიკური იარაღი – რუსული პასპორტი.
– ბოლოს და ბოლოს, 2008 წელს ჩვენთან დაიწყო ომი რუსეთის მოქალაქეების დაცვის საბაბით.
– უბრალოდ, ბოლომდე არ გაუმართლა, იმიტომ რომ, საქართველოს სიღრმეში არ აღმოჩნდნენ რუსეთის პასპორტიანი მოქალაქეები. აი, უკრაინაში კი ჯერ მოამზადა სიტუაცია და შემდეგ დაიწყო ყველაფერი დანარჩენი. რაც შეეხება საქართველოს: იმედი მაქვს, ჩვენი სპეცსამსახურები, საგარეო საქმეთა სამინისტრო, რეინტრეგრაციის სამინისტრო თვალყურს ადევნებენ იმ პროცესს, რომელიც მიდის აფხაზეთში. გაზაფხულიდან მოყოლებული გალის ტერიტორიაზე რუსი ოკუპანტების ადგილობრივი მარიონეტები ჯერ სხვადასხვა ბარიერს უქმნიან საქართველოს მოქალაქეებს, ახლა კი სთავაზობენ, მიიღონ რუსეთის მოქალაქეობა, მაშინ აფხაზეთის მოქალაქეობის პრობლემა არ გექნებათო, მაგრამ პატრიოტი გალელები ამ შეთავაზებას არ თანხმდებიან. თუ საკონსტიტუციო განხილვის პროცესს თვალს ადევნებენ, კონსტიტუციაში ამ ჩანაწერს რომ წაიკითხავენ, ხვალ ის პატრიოტი გალელი ხომ უფრო თავისუფლად მიიღებს რუსეთის მოქალაქეობას?! და კანონითაც კი აღარ შეუწყდება საქართველოს მოქალაქეობა.
– უფრო ადრე ისიც კი შესთავაზეს, თქვენ ძალით გაქართველებული აფხაზები ხართ და შეგიძლიათ, დაუბრუნდეთ აფხაზურ ფესვებსო, მაგრამ ვერ დაიყოლიეს.
– დიახ. ვერ დაიყოლიეს. საბოლოოდ, რა შეიძლება, მივიღოთ ხვალ ოკუპირებულ და არა მხოლოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ამ ორმაგი მოქალაქეობის გამო?! სამწუხაროდ, გვყავს ჩრდილოელი მეზობელი, რომელსაც ჩვენ მიმართ კეთილი ზრახვები არ აქვს და როგორ გავაკონტროლებთ, თუ რამდენი ჩვენი თანამოქალაქე მიიღებს რუსეთის მოქალაქეობას, თუ ეს ჩანაწერი კონსტიტუციური გახდება?! რუსები გვეტყვიან თუ ის გალელი ქართველი გამოაჩენს რუსულ პასპორტს?! რომც გამოაჩინოს, შენ ხომ ვერ შეუწყვეტ მოქალაქეობას შენს დევნილ მოქალაქეს?! ხომ პოლიტიკური თვითმკვლელობა იქნება ნებისმიერი ხელისუფლებისთვის?! შესაბამისად, ვიღებთ იმას, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება რუსეთის ოკუპაციურ პოლიტიკას სამართლებრივ საფუძვლებს უქმნის და არა მხოლოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. რუსეთს ეძლევა საშუალება, განახორციელოს თავისი მოქალაქეების მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში დაცვის პოლიტიკა, გალშიც, ახალგორშიც: სხვაგან… რა უნდა დაუპირისპიროს ამას ჩვენნაირმა სახელმწიფომ?! ამასთან, ამით საერთაშორისო მოლაპარაკებებში ჩვენც და ჩვენს მხარდამჭერებსაც არგუმენტი გვეცლება: რას ეტყვიან რუსეთს, შენი მოქალაქეები არ არიანო?!
– ჩვენ მხოლოდ რუსეთი განვიხილეთ, მაგრამ ჩვენს ყველა მეზობელს აქვს თავისი ინტერესები, ამაში საწყენი არაფერია, ბოლოს და ბოლოს, ობამას სპეცსამსახური უსმენდა მერკელს, სხვა რომ არაფერი. სომხეთი, ამასთან, არის რუსეთის სატელიტიც და ჩვენთან კომპაქტურად ცხოვრობს სომეხი მოსახლეობა; ასევე, გავლენა აქვს აზერბაიჯანს, ვიცით, სადაც; ისევე, როგორც თურქეთს: ვინმეს შეუძლია, თქვას, რომ ორმაგი მოქალაქეობის გამარტივების შემდეგ აჭარის მცხოვრებლები არ მიიღებენ თურქეთის მოქალაქეობასაც? ეს საკმაოდ მრავალრიცხოვანი ჯგუფებია, ანუ მათი საშუალებით არჩევნებზე ზემოქმედებაა შესაძლებელი.
– დასაწყისში შემთხვევით არ მითქვამს, რომ მოქალაქეობას უფლებრივი ნაწილის გარდა, აქვს ვალდებულებებიც. ამიტომ, როგორც წესი, უმრავლეს დემოკრატიულ, განვითარებულ ქვეყნებში, არის თანამდებობები, რომლებსაც უცხოელს ახლოსაც არ გააკარებენ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ყველა ქვეყანას აქვს სახელმწიფო საიდუმლოება: ჯარში რომ ადამიანს გაიწვევ, მას საიდუმლო ობიექტებთან ხომ ექნება შეხება?! ძალიან მნიშვნელოვანთან არა, მაგრამ ხომ მაინც საიდუმლოებასთან?! ახლა წარმოიდგინეთ, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, არ დავაკონკრეტოთ, რუსეთის, თურქეთის, სომხეთის თუ აზერბაიჯანის, რომ მოსთხოვოს იმ უცხო სახელმწიფომ, ვალდებულებას შეასრულებ ინფორმაციით გადმოცემითო. როგორ უნდა აღვუდგეთ ამას წინ?! სამწუხროდ, ჩვენი სპეცსამსახურები ვერ არიან იმ დონეზე, რომ ჩვენს რეგიონში მოქმედი სპეცსამსახურების აქტიობას გაუტოლდნენ და წინ აღუდგნენ. გვახსოვს, ხომ, შევარდნაძის დროს ვიღაც-ვიღაცები რომ ჩამოჰყავდათ მისთვის არჩევნებში ხმის მისაცემად?! ეს საჭირო აღარ გახდება, არამედ თვითონ გარედან წარმართავენ პოლიტიკას და ჩვენს პოლიტიკოსებს უკარნახებენ თავიანთ მოთხოვნებს. სხვათა შორის, ძალიან მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ ამომრჩეველთა რიცხოვნობაც, რომელიც ყოველთვის ქმნიდა პრობლემას. ანუ ამ გადაწყვეტილებამ ორმაგი მოქალაქეობის გამარტივების შესახებ შესაძლოა, დიდი გავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგებზე. თუ კონსტიტუციაში ეს ჩანაწერი მართლაც გაჩნდა, თუმცა ის ძალაში პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე შევა, მაგრამ 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება ახალი კონსტიტუციით და იმ არჩევნების შედეგის პროგნოზი შეგვიძლია?!