№39 რა ქონება აქვთ პრეზიდენტის მრჩეველ სოფიო შამანიდსა და მის ქმარ ლაშა ბუღაძეს
საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი სოფიო შამანიდი 1970 წელს დაიბადა. უმაღლესი განათლება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო და პროფესიით ფილოლოგია.
მისი შრომითი ბიოგრაფიაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაწყებულა (სხვადასხვა თანამდებობაზეო, ოღონდ კონკრეტულად რაზე, მითითებული არ არის). ამჟამადაც უნივერსიტეტის სრული პროფესორია და ახალი ბერძნული ფილოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელიც. 2003-2013 წლებში იყო კვიპროსის, ბოლონიის, მიუნხენის, ბერლინის, თესალონიკის, პიზის უნივერსიტეტების მიწვეული პროფესორი. 1999-2005 წლებში საქართველოს ნეოგრეცისტთა ასოციაციის თავმჯდომარეც იყო; 1996 წლიდან კი, არის საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამის კოორდინატორი – „ბერძნული ენა საქართველოს სკოლებში“. 2014 წლის 27 იანვრიდან კი საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველია ეთნიკური უმცირესობების საკითხებში.
სოფიო შამანიდის მიერ ბოლოს შევსებული დეკლარაცია 2017 წლის აპრილით თარიღდება, რომელიც მან შეავსო, როგორც პრეზიდენტის მრჩეველმა და ოჯახის წევრად მიუთითა მეუღლე, 1977 წელს დაბადებული ლაშა ბუღაძე.
სოფიო შამანიდის საკუთრებაა მშენებარე სახლი დაბა ბაკურიანში, კ. წაქაძის ქუჩაზე (95 კვ. მ.) და იქვე მდებარე მიწის ნაკვეთი (304 კვ. მ.); ასევე, 2015 წელს შეძენილი ბინა ათენში, არისტარხუს ქუჩაზე (43 კვ. მ.). ლაშა ბუღაძეს კი ეკუთვნის 2007 წელს შეძენილი სახლი თბილისში, ზალდასტანიშვილის შესახვევში (150 კვ. მ.).
სოფია შამანიდს, აგრეთვე, ჰყავს 2007 წელს შეძენილი 2005 წლის ავტომანქანა – Peugeot-307.
ლაშა ბუღაძეს კი აქვს გია ბუღაძის სამი ფერწერული ტილო.
სოფიო შამანიდს აქვს ორი საბანკო ანაბარი, რომლებზეც ერიცხება 8 512 ევროს და 3 431 აშშ დოლარი, ლაშა ბუღაძე კი „თი ბი სი ბანკში“ გახსნილ ანაბარზე 3 300 აშშ დოლარს ინახავს.
სოფიო შამანიდი სამეწარმეო საქმიანობასაც ეწევა და არის 2008 წელს დაფუძნებული შპს „წიწილების“ 25-პროცენტიანი წილის მფლობელი.
რაც შეეხება შემოსავლებს: 2016 წლის განმავლობაში სოფიო შამანიდმა, როგორც თსუ-ის სრულმა პროფესორმა, 13 800 ლარი აიღო, როგორც საქართველოს მრჩეველმა, 49 850 ლარი; ლაშა ბუღაძემ, როგორც „რუსთავი 2-ის“ ტელეწამყვანმა (2016 წლის მარტიდან დეკემბრის ჩათვლით) 12 500 ლარი, როგორც ილიაუნის მიწვეულმა პროფესორმა, 17 869,56 ლარი, ხოლო, როგორც მარჯანიშვილის სახელობის თეატრის დრამატურგმა, 10 500 ლარი.
ამას გარდა, სოფიო შამანიდმა გრანტი აიღო ურანისის ფონდიდანაც – 1 735,20 ევრო; ლაშა ბუღაძემ კი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობიდან, ჰონორარის სახით, 19 421,61 ლარი; ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოდან”, გრანტის სახით, 4 250 აშშ დოლარი და რუსთაველის თეატრიდან, ჰონორარი – 5 000 აშშ დოლარი.