№39 ჩამოსხმულები
უკვე ორას წელზე მეტია, ვიცით, რომ ჩვენს ჩრდილოეთით მეტად უცნაური მართლმადიდებლობაა (რუსეთის იმპერიიდან მოყოლებული ყველაზე გამალებით სწორედ ერთმორწმუნე საქართველოს აცამტვერებდა რუსეთი და მეტი ლმობიერება არც ქართული ეკლესიისადმი გამოუჩენია), თუმცა, რაც შორს მიდის მათი ფანტაზია, მით შორდება მათი ქმედებები ქრისტიანობას.
ერთი სიტყვით, გასულ კვირას, თვით „როიტერის“ ცნობით, რუსეთის პატრიარქმა კირილმა სასულიერო პირებს, არც მეტი, არც ნაკლები, კარისკენ მიუთითა.
მეტი დამაჯერებლობისთვის ციტატას მოვიშველიებ: „თუ ვინმეს გაწუხებთ ეჭვი, რომ არ უნდა შეასრულოთ ყოველივე ის, რასაც პატრიარქი გასწავლით – განეშორეთ ეჭვებს! და მკაცრად შეასრულეთ, რასაც მე გიბრძანებთ! იმიტომ რომ მე განა მხოლოდ საკუთარი სიბრძნით ვამბობ, არამედ მთელი რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპატის სიბრძნით! დღეს სხვა გზა ჩვენი ეკლესიისთვის არ არსებობს (სხვა გზა – ანუ პატრიარქის უსიტყვო მორჩილების გარდა)! ვინც არ მეთანხმება – პენსიაზე!“
სხვათა შორის, ეს სიტყვა რუსმა პატრიარქმა ნოვოროსიისკის ერთ-ერთ ტაძარში წირვის შემდეგ წარმოთქვა.
ამის პარალელურად კი, რფ-ის პრემიერ-მინისტრმა დმიტრი მედვედევმა ეკონომიკის მოდერნიზაციის კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას სიტყვა შეაწვეტინა სახკორპორაცია „რესტექნოლოგიის“ გენდირექტორს (ეს უკანასკნელი ცდილობდა, პასუხი გაეცა დმიტრი მედვედევის რეპლიკაზე) და მკაცრად უთხრა: „ჩემი რეპლიკა რეპლიკა არ არის. ჩემ მიერ ნათქვამი განაჩენია! რეპლიკებს ამბობთ თქვენ, ხოლო, რასაც მე ვამბობ გრანიტში ისხმება!“
ჩვენ არ ვიცით, რა ეცათ აქეთ – რფ-ის პატრიარქს, იქით – რფ-ის პრემიერ-მინისტრს, თუმცა ის კი აშკარაა, რომ კაპიტალურად „გამოისხეს“. –