№38 რატომ არ შეიტანს კახაბერ ცისკარიძე წინასაარჩევნო პროგრამაში პროსტიტუციისა და მარიხუანის ლეგალიზების დაპირებას, მიუხედავად იმისა, რომ ამას აუცილებლობად მიიჩნევს
კახაბერ ცისკარიძემ დიდ პოლიტიკაში წასვლა გადაწყვიტა. მომღერალი ბათუმის მერობის კანდიდატად დარეგისტრირდა და როგორც ამბობს, ამ უპრეცედენტო შემთხვევას მის მიერ გადადგმული არაერთი უპრეცედენტო ნაბიჯი მოჰყვება. ზოგი მის გადაწყვეტილებას არასერიოზულად აღიქვამს, თუმცა ასეთებზე გული სულაც არ სწყდება და მოხარულია, რომ გაანალიზების შემდეგ, მისი გადაწყვეტილებით ყველა აჟიტირებულია.
კახაბერ ცისკარიძე: მინდა, დავაზუსტო, რომ აქ, პოლიტიკაში წასვლაზე არაა საუბარი. რატომღაც, ყველა ფიქრობს, რადგან ბათუმის მერობის კანდიდატად დავრეგისტრირდი, ამით პოლიტიკისკენ გადავდგი ნაბიჯი. მე ასე არ ვაპირებ. ვფიქრობ, სავსებით შესაძლებელია, ქალაქის მერი არ იყოს პოლიტიკოსი და იყოს კარგი მენეჯერი.
– მაგრამ მერის პოზიცია, თავისთავად, პოლიტიკური თანამდებობაა.
– კანონმდებლობაში წერია, რომ მერი პოლიტიკური ფიგურაა, მაგრამ ჩემი ამ არჩევნებში მონაწილეობა, სწორედ ამ სტერეოტიპების დამსხვრევას ემსახურება. 21-ე საუკუნეში მერი აპოლიტიკური ფიგურა, ხალხის რჩეული და თავისუფალი უნდა იყოს. არც პოლიტიკოსობაზე და არც დიდ პოლიტიკაზე არ უნდა ჰქონდეს პრეტენზია. აღიარებული ფაქტია, რომ წარმატებული პროექტების ავტორი ვარ. როგორც შემოქმედს, ბევრი რამ შემიქმნია და ბათუმის მერობაც, ერთ-ერთი ასეთი წარმატებული პროექტი იქნება.
– საინტერესო სლოგანი გაქვთ „კახაბერი – კახა მერი“.
– ეს სლოგანი ისევ და ისევ იმაზე მიუთითებს, რომ შემოქმედ ადამიანს ორიგინალური იდეების მოფიქრება შეუძლია ფინანსების გარეშე. თუმცა, ჩემი მთავარი სლოგანი „ერთობაა“. მე ყველას ერთობისკენ მოვუწოდებ.
– სულ თავიდან, როგორ გაგიჩნდათ მერობის კანდიდატურაზე თქვენი თავის წარდგენის იდეა?
– ამ პროექტს საკმაოდ დიდხანს ვამუშავებდი. კარგ პროდიუსერს ყოველთვის უნდა ჰქონდეს გეგმა „ც“, რომელიც სიტუაციიდან გამომდინარე გეგმა „ა“ გახდა. ამ სიტუაციაში მიმაჩნია, რომ ქალაქს ჩემნაირი ადამიანი ესაჭიროება მერად. ბათუმს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, არადა, დღეს პრიორიტეტიც არ გააჩნია. ის ხელოვნების ცენტრი უნდა გახდეს. პრეცედენტი, რომ მე მერი ვიქნები, მთელი მსოფლიოს ყურადღებას გამოიწვევს. მე ვარ ბათუმელი, აქ გავიზარდე. ამ ქალაქმა და ბათუმელებმა გამხადეს პოპულარული. მე ჩემს პოზიტიურ ენერგიას, პოპულარობას და ნაცნობობას, ქვეყანაში თუ ქვეყნის გარეთ, ჩვენი ქალაქის მიმზიდველობის გასაზრდელად გამოვიყენებ.
– მერობის შემთხვევაში, შეიძლება, მაღალ თანამდებობზე ვიხილოთ პოპულარული ადამიანები, რომლეიც დღეს შოუ-ბიზნესში არიან?
– რატომღაც, ყველას ჰგონია, რომ ჩემი გუნდი პოპულარული ხელოვანი ადამიანებით იქნება დაკომპლექტებული. ასე არაა. ჩემს გუნდში იქნება ყველა სპეციალისტი, რომელიც ქალაქს სჭირდება სხვადასხვა მიმართულებით.
– კი მაგრამ, ერთ-ერთ პრიორიტეტად ხომ ხელოვნების განვითარება დასახელდა და ეს ხელოვანი ადამიანების გარეშე როგორაა შესაძლებელი?
– ხელოვანები, რა თქმა უნდა, ისედაც დასაქმდებიან. ჩემი მერობის შემთხვევაში, პრიორიტეტი ხელოვანთა ბათუმში ჩამოსვლა იქნება. უპირველესად, ეს წარმატებულ ბათუმელებს ეხება.
– თქვენი ყველაზე გამორჩეული მხარდამჭერი უკვე ვიხილეთ. ზალიკო ბერგერს ვგულისხმობ, მისი ცნობილი ვიდეოდან.
– თავად წარმოიდგინეთ, ჩემი სფეროდან, ზალიკოს მსგავსად, რამდენი გამომიცხადებს მხარდაჭერას. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, ხალხისა და ქალაქისთვისაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ვინ არ უნდა დამიჭიროს მხარი? თუმცა, მართალი გითხრათ, მე არავისთვის მითხოვია და მათ შორის, არც ზალიკოსთვის. მან, უბრალოდ, თავისი აზრი დააფიქსირა და დარწმუნებული ვარ, ასე მოიქცევა უამრავი ხელოვანი ადამიანი.
– ხომ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ზალიკო ამ ამბებში თქვენ გვერდით იქნება?
– არა, ჩემი ჯგუფი ბათუმელებით დაკომპლექტდება. ზალიკო მხარდამჭერია, რომლის მსგავსად, ძალიან ბევრს ენდომება, მომავლის ქალაქის მშენებლობაში ჩართვა თავისი იდეებით.
– ბევრს ლაპარაკობენ იმაზე, თუ რომელი პოლიტიკური ძალა დგას თქვენ უკან. ძალიან ბევრი კომენტარი მოვისმინე: კახაბერი ნაციონალია, მიშას კაციაო და ასე შემდეგ.
– ჩემი აქტუალურობის პერიოდში ოთხი მთავრობა გამოვიცვალე და ყველა მთავრობის პირობებში მოქმედი არტისტი ვარ. ანუ, რა გამოდის, ყველა პარტიას ვეკუთვნი? მე, უპირველესად, ხალხის ვარ. რაც შეეხება პარტიას, „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტიის” სახელით ვიყრი კენჭს. მე ჩემი არჩევანი დავაფიქსირე, როგორც დამოუკიდებელმა კანდიდატმა. მაგრამ, რადგან კანონმდებლობა მოითხოვდა პარტიიდან წარდგენას, მოვძებნე შესაბამისი პარტია, დავუკავშირდი და მადლობა მათ, თანადგომისთვის. დარეგისტრირების დროს მცირე პრობლემა შეიქმნა. დამოუკიდებელ კანდიდატს მხოლოდ სამი დღის ვადა აქვს დასარეგისტრირებლად, პარტიას კი, გაცილებით მეტი. თუმცა, ეს პრობლემა უკვე აღმოიფხვრა და ახლა ოფიციალური კანდიდატი ვარ.
– თქვენ მიერ აქამდე განხორციელებულ პროექტებს რა ბედი ეწევა, მუსიკისა და მოდის სფეროში?
– ესეც ძალიან საინტერესო ფაქტორია. მე აქაც სტერეოტიპებს ვარღვევ. მერობის შემთხვევაში, არტისტობის მიტოვებას არ ვაპირებ. ისეთი ქალაქისთვის, როგორიც ბათუმია, ეს ძალიან გამოსადეგი იქნება. მსგავსი ფორმატის ადამიანს თავისი ქალაქისთვის დიდი პიარის გაკეთება შეუძლია. ახლახან ბელორუსში გამოვედი კონცერტზე. კონცერტზე მინიმუმ 30 000 კაცი იყო, რომელიც ჩემთან ერთად გაიძახოდა: „ბათუმი, ბათუმიო“ და გვილოცავდნენ „ბათუმობას“. 30 000 კაცის ძალიან დიდი ნაწილი კონცერტზე ჩემ გამო მოვიდა. ბელორუსში წინა წელსაც ვიყავი და აღმოჩნდა, რომ იქ საკმაოდ პოპულარული ვარ. ეს ძალიან დიდი პიარია. ჩემ გარდა, ვის შეუძლია, ამის გაკეთება, რომელ პოლიტიკურ ფიგურას?! წარმოიდგინეთ, რა დონის რეკლამაა, როცა ხალხს მე ჩვენს ულამაზეს ქალაქში ჩამოსვლას ვთავაზობ?! ამას დავამატოთ სხვადასხვა ქვეყნის მრავალათასიანი აუდიტორია. სხვათა შორის, ბელორუსში ჩემი გამოსვლის გამოცხადებისას, მერის კანდიდატის წოდება ამოიღეს. საქართველოდან დაგვირეკეს და გვითხრეს, ასე მოვქცეულიყავითო, ასე განმიმარტეს. არადა, მაშინ უკვე ოფიციალური კანდიდატის სტატუსი მქონდა. იქ იყო ნარმანია, რომელიც ჩვენს გამოსვლას არ დაესწრო. ადგა და რესტორანში ბანკეტზე წავიდა საქეიფოდ, ალბათ, ამას პროტოკოლი მოითხოვდა. მაგრამ, ჩვენ იქ საქართველოს წარმოვადგენდით და ხალხის გადასაწყვეტია, სწორად მოიქცა თუ არა.
– როგორც ვხვდები, სტანდარტული მერი არ იქნებით. დილით შეიძლება, კაბინეტში იჯდეთ და საღამოს კონცერტი ჩაატაროთ?
– რატომაც არა? ეს უფრო საინტერესო არაა? წარმოიდგინეთ, ჩამოდიხართ ბათუმში და ხედავთ მერს, რომელიც თქვენთვის უკრავს. არჩევნებში ჩემი მონაწილეობა უკვე, კარგი გაგებით, აჟიოტაჟს იწვევს და წარმოიდგინეთ, რა მოხდება, როცა ჩვენი ქალაქის მერი ვიქნები. თქვენ, როგორც ტურისტს, შეგეძლებათ, ნახოთ მერი ქუჩაში, კლუბში, ან დიდ სცენაზე. არც სამოსისა და იმიჯის გამოცვლას ვაპირებ. ვიქნები ისეთი, როგორიც ვარ. 41 წლის ასაკში იმისთვის ვერ შევიცვლები, რომ მერი გავხდე. არცაა საჭირო.
– დიზაინერი მერიც იქნებით?
– რაც შეეხება მოდის ხაზს, ის განვითარებადია და ვაპირებ, ეს ახალგაზრდა დიზაინერებთან ერთად გავაკეთო. შემოსული თანხიდან კი, თითოეულ ნივთზე, მინიმუმ ხუთი ლარი, რეკრეაციული ზონების განვითარებას ხმარდება, ბრენდის არსებობის პირველივე დღიდან.
– თუმცა, ეს ერთგვარი ბიზნესია და რამდენადაა პოლიტიკურ თანამდებობასთან თანხვედრაში?
– ამ ყველაფერს კანონმდებლობის გათვალისწინებით გავაკეთებთ.
– მახსოვს, თქვენი განცხადებები დეკრიმინალიზაციისა და ლეგალიზაციის აუცილებლობასთან დაკავშირებით. პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ ამ მიმართულებით გადადგამთ ნაბიჯებს?
– ეს საკითხი ჩემი გადასაწყვეტი არაა. მასზე ხალხმა უნდა იმსჯელოს და გადაწყვეტილება მთავრობამ მიიღოს. მე მხოლოდ, როგორც მოქალაქეს, შემიძლია, დისკუსიაში ჩართვა და ჩემი აზრის გამოთქმა.
– როგორც მოქალაქე, ემხრობით დეკრიმინალიზაციასა და ლეგალიზაციას. მერი კი, უკვე მთავრობის ნაწილია.
– ეს მთავრობის გადასაწყვეტია. ისეთი თემაა, რომელსაც ახლა ვერ განვავრცობთ. მე რამდენიმე წლის წინ დავაფიქსირე აზრი, მთავრობამაც გადადგა ამ მიმართულებით ნაბიჯები და ახლაც ის გადაწყვეტს ხალხთან ერთად. მე ამ ეტაპზე ქალაქის განვითარების სხვა გეგმები მაქვს.
– თუმცა დეკრიმინალიზაცია წინასაარჩევნო დაპირებებშიც გვხვდება ხოლმე. ასევე, პროსტიტუციის ლეგალიზების მომხრეც ხართ.
– ამ ეტაპზე იმდენი საინტერესო თემა მაქვს ქალაქის გასავითარებლად, რომ ეს მათ გადაწყვიტონ, ვისაც ევალება. დეკრიმინალიზაციისა და პროსტიტუციის ლეგალიზაცია ჩემს პროგრამაში არ შევა, ეს ჩემი საქმე არაა. რაც შეეხება დაპირებებს, მისი დრო უკვე მოჭმულია. ყველამ ვიცით, როგორც სრულდება ლამაზად დაწერილი პროგრამები.
– უარყოფითი კომენტარები არ შეგხვედრიათ თქვენს ინიციატივასთან დაკავშირებით?
– ხალხს, ძირითადად, დადებითი და პოზიტიური დამოკიდებულება აქვს ჩემ მერობასთან დაკავშირებით. არგუმენტებული საწინააღმდეგო აზრი ჯერჯერობით არ შემხვედრია. არ მიმაჩნია სწორად, რომ სერიოზულ კანდიდატად არ განვიხილები, რადგან მომღერალი და ხელოვანი ვარ. ვიმეორებ: მე ვარ წარმატებული პროექტ-მენეჯერი. ამიტომ, ამ აზრს სერიოზულად ვერ მივიღებ.
– არ ბრაზდებით მათზე, ვინც არასერიოზულად უყურებს თქვენს გადაწყვეტილებას?
– არა. მე მათ დროს ვაძლევ დასაფიქრებლად. სიტუაციას ღრმად ჩასწვდებიან, გააანალიზებენ და ორი-სამი წუთის შემდეგ, ხვდებან, რამდენად რეალურია ეს ყველაფერი და ამით ყველა აჟიტირებულია. უბრალოდ, აქამდე ამაზე არ უფიქრიათ. ბათუმში უკვე ძალიან ბევრი მიიჩნევს, რომ მე ვარ მერი და ქუჩაში რომ დავდივარ, მომმართავენ: „კახა მერი”.