№38 რატომ გადაწყვიტა ანი ამაშუკელმა საქართველოში მშობიარობა და რატომ უკავშირებს ის ტყუპების დაბადებას მამა გაბრიელს
ცოტა ხნის წინ, კალათბურთელ გიორგი შერმადინსა და მის მეუღლეს, ანი ამაშუკელს, ტყუპი გოგონა შეეძინათ. წყვილს უკვე ოთხი შვილი ჰყავს. პირველი გოგონა და მეორე, ყველაზე ცელქი – ნიკოლოზი. როგორ ართმევს თავს ანი ოთხი შვილის დედობას და ოჯახის საქმეებს, ინტერვიუდან შეიტყობთ.
– ცოტა ხნის წინ, ტყუპი გოგონა შეგეძინათ. გაგვაცანით.
– მარია და ნატალია შერმადინები ახლახან გახდნენ 2 თვის. არიან საკმაოდ მტირალები, ნაკლებად უყვართ ძილი და როგორც დედას, ასევე, მთელ ოჯახს გვაწვალებენ (იცინის). საერთო ჯამში, ჩვენ გვყავს 4 შვილი. ორის ნამატი უფრო მეტი სითბო და ტვირთია. პატარებზე მეტად, წინა ორი უფრო მისახედია. მათ უფრო მეტი ყურადღება სჭირდებათ. ღმერთს მადლობა იმისთვის, რომ 4 შვილი გვაჩუქა. ეს არის ყველაზე დიდი ბედნიერება და არ მგონია, ამაზე დიდი რამ ქალმა განიცადოს. რაც მეტი შვილი გყავს, მით მეტია საზრუნავი, მაგრამ გაცილებით დიდი სიყვარული და ბედნიერებაა.
– როგორი ფეხმძიმობა გქონდა?
– ისეთი ტოქსიკოზი მქონდა, თავს ვერ ვწევდი. გიორგი მეხვეწებოდა, ადექი, ჩაიცვი, და რასაც გინდა, იმას გიყიდიო (იცინის). ვერ ვჭამდი, ვერ ვსვამდი, ფაქტობრივად, ვიწექი. ტყუპები იყვნენ და რისკ-ფაქტორი ყოველთვის მეტია. მადლობა უფალს, რომ ყველაფერმა გართულებების გარეშე ჩაიარა.
– ტყუპები გენეტიკური იყო?
– არა, არ არის გენეტიკური. პირადად მე, ერთ ამბავს ვუკავშირებ. ზოგადად, ძალიან მორწმუნე ვარ და
რელიგიური ოჯახი გვაქვს. ვცდილობთ, მართმადიდებლურად ვიცხოვროთ. ბაკურიანში ვიყავით, ჩემს მეგობრებთან და ოჯახთან ერთად. გადავწყვიტეთ, მარიამობის მეორე დღეს ციხისჯვარში ავსულიყავით, სადაც მამა გაბრიელის სარტყელია. ამბობენ, ეს სარტყელი მკურნალიაო. თურმე, იქ ხალხი ჩადის შვილოსნობისთვის. შევედით ტაძარში, ყველამ შემოირტყა სარტყელი. ჩემი მეგობარი ამ ამბის მერე, ძალიან მალევე დაორსულდა. მე ორჯერ შემოვირტყი და ამას ვუკავშირებ. ტყუპების არანაირი გენეტიკური ფაქტორი არ გვაქვს, არც სამკურნალო პრობლემა მქონია, რის შემდეგაც ხშირია ტყუპების ალბათობა. ეს იყო მამა გაბრიელის საჩუქარი.
– რა რეაქცია გქონდათ, როცა გაიგეთ, რომ ტყუპებს ელოდებოდით?
– ლამის ექოსკოპიის მაგიდიდან გადმოვვარდი. ანდორაში მივედი ექიმთან და მკითხა, იმკურნალეო. არა, რატომ მეკითხები-მეთქი. აქ ორნი არიანო. ეს იყო შოკი. რომ შევხედე ეკრანს და ორი წერტილი დავინახე, რომლებსაც პატარა გულები უციმციმებდათ, მართლა გავგიჟდი. გამიხარდა, გამიკვირდა, იმ მომენტში რა გრძნობა იყო ვერ გავიგე. მარტო ვიყავი. გიორგი ვარჯიშზე იყო და დედაჩემიც ვერ გამყვა. სახლში რომ ვთქვი, ორნი არიან-მეთქი, დედაჩემი ეგრევე დაემხო და ღმერთს მადლობას უხდიდა. მახსოვს, გიორგის „ვოცაფში“ მივწერე. სახლში რომ შემოვიდა, ველოდები რეაქციას, მაგრამ არაფერს ამბობს. მერე ვკითხე, წაიკითხე რაც მოგწერე-მეთქი და არაო. ჰოდა, მაშინ დაჯექი-მეთქი (იცინის). გაგიჟდა, თავიდან არ იჯერებდა.
– რთულია ტყუპების გაზრდა?
– ურთულესია, მაგრამ არ ვწუწუნებ. ერთი რომ ტირის, მეორეც ტირის; ერთს რომ შია, მეორესაც შია; ერთს რომ დაბანა უნდა, მეროეც უნდა აბანაო და ასე შემდეგ. რაღაცები უკვე დავამუღამე. მეგონა, მესამე შვილს შედარებით მარტივად გავზრდიდი. ერთის გაზრდა არაფერია. ერთი ადამიანი კი ორს, ვერანაირად ვერ გაუმკლავდება. თან, ისეთი „შებერტყილები” არიან, როგორც კი ჩააძინებ ერთს და დააწვენ, სადაცაა მეორე უნდა აიყვანო, უცებ გამოჭყიტავს თვალებს პირველი (იცინის).
– სახელებზე ბევრი იფიქრეთ?
– თავიდანვე ვიცოდი, რომ გოგო თუ იქნებოდა, ნატალიას დავარქმევდი, ბიჭს კი ანდრიას. ზოგადად, მესამე ბავშვს ვგეგმავდი. რომ გავიგე ტყუპები იყვნენ, წარმოვიდგინე, რომ გოგო-ბიჭი იქნებოდა, რაც გამორიცხული იყო, რადგან ერთ კვერცხუჯრედში იყვნენ. მიუხედავად ამისა, სრულიად განსხვავებულები არიან, რეალურად, ერთმანეთს უნდა გავდნენ. რომ გავიგე მათი სქესი, მერე შევურჩიეთ სახელები. რატომღაც გიორგისაც ეგონა, რომ გოგო-ბიჭი იქნებოდა. თან, ბავშვებმაც აიტაცეს ეს თემა. ნატალია დავარქვით ერთს და მეორეს – მარია, ღვთისმშობლის ბებიის სახელი.
– გიორგის რა რეაქცია ჰქონდა, როცა სქესი გაიგო?
– სქესი რომ გავიგეთ, ჩემმა ქმარმა ცოტა ყურები ჩამოყარა, ორი გოგო ერთად როგორიაო (იცინის). შეპარვით რომ ვეუბნებოდი, ორივე გოგო შეიძლება იყოს-მეთქი, არა, რას ამბობ, ღმერთი ეგრე არ გაგვწირავსო, ხუმრობდა (იცინის). ორი ბიჭი, ალბათ, უფრო მისაღები იქნებოდა მისთვის, თუმცა ახლა, რა თქმა უნდა, ჭკუა ეკეტება მათზე. ორივე 3-3 კილოგრამი გაჩნდა.
– დიდი ბავშვები ყოფილან ტყუპების კვალობაზე. არ გიჭირდა სიარული?
– მიჭირდა არ ჰქვია. მე აღარ დავდიოდი, დავგორავდი (იცინის). წონაც ავკრიფე, დაახლოებით, 30 კილოგრამი მოვიმატე. ეს ჩემთვის სტრესია, მაგრამ ტყუპების ფონზე მარტივად დავიკელი. თან, ბუნებრივ კვებაზე მყავს და ინტენსიურად, დიეტასაც ვერ ვიცავ, ვერც ვვარჯიშობ. ამიტომ, ცოტა შეჩერებულია წონის კლების პროცესი. მართლა გიგანტური მუცელი მქონდა, 6 კილოგრამი იყვნენ ბავშვები. ამათგან რომ გავთავისუფლდი ამოვისუნთქე (იცინის). 38 კვირაზე დაიბადნენ, არც ნაადრევი მშობიარობა მქონია და არაფერი.
– საქართველოში რატომ გადაწყვიტე მშობიარობა? დაესწრო გიორგი?
– იმ პერიოდში გიორგის ნაკრებში ყოფნა უწევდა და მე ვრჩებოდი სრულიად მარტო. კი, დავიტოვებდი დამხარეს და დედაჩემსაც, მაგრამ გიორგის გარეშე, ცოტა გამიჭირდებოდა. თან, რომ ვიცოდი, ტყუპები იყო, მერჩივნა, საქართველოში ვყოფილიყავი, უფრო თავისუფლად ვიქნებოდი. გაზაფხულის დასაწყისში წამოვედით ანდორადან და მერე ჩამოვიდა გიორგი. წინა ორი ფიზიოლოგიურად ვიმშობიარე და ნაწილობრივ დაესწრო, მაგრამ საკეისროზე, მეც დიდად არ მქონდა ამის სურვილი. რატომღაც ბოლომდე მეგონა, რომ შემობრუნდებოდნენ, მაგრამ გაიჭედნენ და ამიტომ დამჭირდა საკეისრო. მინდოდა ფიზიოლოგიური, აუცილებლად ვიმშობიარებდი საკეისროს გარეშე, რომ არა ეს პრობლემა. ფიქრიც არ მინდოდა საკეისროზე.
– ოთხი შვილის დედობას როგორ ართმევ თავს?
– ჯერ ძალიან „ცხელი” დედა ვარ და ახლა შეიძლება, რთულად გამოვხატო ეს ყველაფერი (იცინის). ძალიან რთულია, თან ბიჭი გვყავს უცელქესი. ნიკოლოზს სჭირდება მთელი ოჯახის ენერგია. ნუციკო ჭკვიანი გოგონაა, მაგრამ ბიჭთან ერთად, ისიც ისეთი ხდება ხოლმე. პატარებს კიდევ, მუდმივი ყურადღება უნდათ თავიანთი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. ოჯახის იქით ვერ ვახერხებ სადმე გასვლას. ცოტა დრო მრჩება ყველაფრისთვის.
– გიორგისაც მოაკლდებოდა ყურადღება და როგორ შეეგუა ამ ამბავს?
– გიორგი ძალიან მზრუნველია, გაცნობიერებული აქვს მეუღლის, მამობის პასუხისმგებლობა. კარგად იცის, რომ მათ ეს ყურადღება სჭირდებათ. ოთხთან ეს პასუხისმგებლობა გაორმაგებული მაქვს და არც აპროტესტებს იმას, რომ შეიძლება, დრო არ დამრჩეს მისთვის. ჯერჯერობით მან ვერც აღიქვა დროის ეს დეფიციტი, რადგან სულ წასულია. აი, საქართველოდან რომ გავემგზავრებით, მერე არ ვიცი, როგორ გავანაწილებ დროს, რაღაც უნდა მოვიფიქრო.
– ხშირად გიწევთ საცხოვრებლის გამოცვლა. ეს დისკომფორტს არ იწვევს თქვენში?
– არა, თან ძალიან კომუნიკაბელური ვარ და ახალი გარემოს შესწავლით და ათვისებით არ მექმნება პრობლემა. ენის ბარიერიც ნაკლებად მაქვს, ინგლისური ვიცი. გარკვეული მინუსები აქვს სეზონის დასაწყისში რომ უნდა აიბარგო და მერე ისევ სხვასთან გადახვიდე, მაგრამ საწუწუნო არაფერია.
– გამოდის, რომ გიორგის ცხოვრებას მოარგე შენი?
– ზუსტად. ავიღე ჩემი ცხოვრება და მივამაგრე გიორგისას. სხვანაირად, ვერც იზამ, თუ გინდა, შენ გვერდით მყოფმა წარმატებას მიაღწიოს. თან, როცა მისგანაც ხედავ დიდ სიყვარულს, პატივისცემას და თავდადებას. ბევრია, მოჰყავს ცოლი, მაგრამ მერე ვერ აწყობენ ურთიერთობას. არაფერი მაქვს საწუწუნო, პირიქით მადლობელი ვარ, რომ გვერდით მყავს ადამიანი, რომელიც ძალიან თბილი, მოსიყვარულე და მზრუნველია. არა მარტო იმიტომ, რომ მე კარგი გოგო ვარ და ვუყვარვარ, არამედ იმიტომ, რომ თვითონ აქვს ეს თვისება. როცა ამ ყოველივეს ამჩნევ, არც გაქვს უფლება შენი რაღაცები წამოაყენო. სპორტსმენზე რომ ვთხოვდებოდი, კარგად მქონდა გაანალიზებული, რა, როგორ შეიძლება, ყოფილიყო. მოვერგეთ ერთმანეთს და ურთიერთგაგება გვაქვს, ამის გარეშე, სიყვარულსაც არ აქვს ფასი. მართლა ისე ვართ, უერთმანეთოდ ნაბიჯს არ ვდგამთ, რაიმე სერიოზული გადწყვეტილებების მიღებაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. დიდ პატივს ვცემთ ერთმანეთის აზრს, რაც ბედნიერი და ტკბილი ოჯახის წინაპირობაა.
– უყვარს სიურპრიზები?
– რომ გითხრა, ძალიან რომანტიკული ბიჭია და 24 საათი იმაზე ფიქრობს, რა სიურპრიზი მოიფიქროს-მეთქი, არა. შეიძლება, 24 საათი ფიქრობდეს ჩვენზე, მაგრამ იმით მართლა აღარ იღლის თავს, რა შეიძლება, გამიკეთოს. რაც მინდა, იმაზე ბევრი თქმა არ მჭირდება, იცის, რომ უნდა გამიკეთოს.
– ბევრი თაყვანისმცემელი ტრიალებს მის ირგვლივ. არ ეჭვიანობ ხოლმე?
– რომ გითხრა, ეჭვიანობა არ არსებობს და თუ ეჭვიანობ, ესე იგი რაღაც პრობლემაა ურთიერთობაში-მეთქი, ეს იქნება დიდი აბსურდი. ნებისმიერ დროს შეიძლება, შეგექმნას ისეთი სიტუაცია, რომ მეუღლემ იეჭვიანოს. რაღაც წვრილ-წვრილი ყოფილა ორივეს მხრიდან, მაგრამ სერიოზულ დონეზე, არასოდეს გვქონია ამ თემასთან შეხება. გააზრებული მაქვს, რომ ბევრი იქნება მისით დაინტერესებული, არა ცუდი გაგებით, უბრალოდ, მასთან კონტაქტითა და ურთიერთობით. მე ამის წინააღმდეგი არ ვარ, მთავარია, ეს არ ცდებოდეს საზღვრებს. გიორგის ტელეფონი და სოციალური ქსელი არ ჩერდება. როცა ნდობაა ურთიერთობაში, მაშინ ყველაფერი რიგზეა.
– ახლახან ტყუპები მონათლეთ. ნათლიებს ვიცნობთ?
– არა, არ იცნობთ. ესენი არიან ჩემი თანაკლასელი ტყუპები – ნინო და მეგი შარაშენიძეები. პირველი კლასიდან ერთად ვართ. ასევე, პატრიარქის ნათლულები არიან და დედა მატრონასი.