კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№38 რა გამოუზიდა გია ჯაჯანიძემ ბიძინა ივანიშვილს ჭორვილადან და რატომ გამოუწერა მან საკუთარ თავს ვირის რძე

თათია ფარესაშვილი თამუნა ნიჟარაძე

 გია ჯაჯანიძემ ახალი სეზონის დაწყებამდე ძალები საკუთარ ეზოში „მოიკრიბა” – საზაფხულო შვებულება თბილისში გაატარა და ფერმერობისა და მებოსტნეობის დიდი გამოცდილება მიიღო. საქათმეში, რომელიც მისი ორიგინალური დიზაინით დაამზადეს, 23 ქათამი და მწყერი ბინადრობს, რომელთა მოვლაზე ტელესახე თავად ზრუნავს. როგორია გია ჯაჯანიძის სხვა რაკურსი - ქათმებზე, ბოსტანზე, ვირებსა და სოფლის მეურნეობაზე, ამას თავად მისგან შეიტყობთ.
გია ჯაჯანიძე:
წელს გამორჩეული, იდეალური ზაფხული მქონდა. მთელი წელი ისე დავიღალე სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობით, აღარც ზღვა მინდოდა და არც მთა, არსად არ წავედი. გადავწყვიტე, ზაფხული ჩემს ახალ სახლში გამეტარებინა. „კარჩაკეტილი” ვიყავი – როცა მინდოდა, ვდგებოდი, როცა მინდოდა, ვწვებოდი და ღიმილით ვუყურებდი ცნობილების „გატანჯულ” ფოტოებს პრესტიჟული სანაპიროებიდან, სადაც შუაგულ სიცხეში თავს მხოლოდ იმის გამო „იხრუკავენ”, რომ ვიღაცის ჯიბრზე, სელფი დადონ სოციალურ ქსელში. მე ამის არც თავი მაქვს, არც სურვილი. სახლში დასვენება ყოფილა ძალიან მაგარი. სოფელში რომ ვცხოვრობდი და გაჭირვებული ვიყავი, მაშინაც კი დავდიოდი ზაფხულობით დეიდას სოფელში „დასასვენებლად” და უცებ – ზაფხული სახლში. მთელი შვებულება „ვბურჯგანაობდი” – ვუვლიდი ჩემს ქათმებს, მწყერს, ძაღლებს, კიტრს, პომიდორს, სიმინდს. ვიღებდი მოსავალს.
– გავიგე, ფერმერი და მებაღე გახდი.
– ეს ისეთი სიამოვნება ყოფილა, ენით ვერ აღვწერ. მთლად იმ დიდი კაცივით კომბოსტო ვერ მოვიყვანე, მაგრამ საკუთარი ხელით მოყვანილ კიტრსა და პომიდორს, მართლა სხვა გემო ჰქონია. ამ მიდამოებში კარგი კიტრი და პომიდორი მოდის. ჩემს ეზოში ჯოხი რომ ჩააგდო, გაიხარებს. გაჩვენოთ ჩემი ნივრის გალები? 10 კილო ნიორი ავიღეთ, წიწაკას მიჰქონდა ჩემი ბოსტანი. დილით ადრე ვდგებოდი, სიმინდსა და ხორბალს ვაჭმევდი ჩემს ქათმებს. საბუდარიდან ვიღებდი ჯერ კიდევ თბილ კვერცხს და თოხლოდ მოხარშულ სამ კვერცხს მივირთმევდი ყოველ დილას. ჩემი ქათმები უცხოური ჯიშისაა, ყელტიტველა – თითო 15 კილოს იწონის. ამიტომაც დიდ კვერცხებს დებენ. ახლა 23 ქათამი მყავს, ორი ქათამი სინდიოფალამ შემიჭამა. სულ პატარა წიწილები მომიყვანეს და მე გავზარდე. ვისაც ჩემი გახარება უნდა, ქათამი უნდა მომიყვანოს. ქათმის მოვლას დიდი არაფერი უნდა - წია, წია, წიიიპ, წიიპ, წიიპ, სიმინდის დაყრა და მოფერება. კარტოფილის, კიტრის, პომიდვრის ნათალი, ყველაფერი მათ ეკუთვნით, აღარ ვყრი. ულამაზესი მწყერი მყავს, ქათმებთან ერთად ტკბილად ცხოვრობს. ხომ იცით, ჩემ ირგვლივ მტრებიც კი მეგობრდებიან (იცინის). საქათმეც ჩემი დიზაინით გავაკეთე, რომელსაც თვითონ ვასუფთავებ. სკლინტი სამ დღეში ერთხელ საკუთარი ხელით გამომაქვს და ბოსტანში ვყრი. საოცარი ბოსტანი მაქვს. ამ ზაფხულს არ მიყიდია მარწყვი, კიტრი, პომიდორი. 7 ცალი ნესვი მომივიდა, ულამაზესი ქარვისფერი ნესვები. ეს ჩემი პირველი მოსავალი იყო და ძალიან გავიხარე. ახლა შემოდგომაზე, ყურძნისა და კაკლის მოსავალსაც ავიღებ. სიმინდიც კარგად მოვიდა. მთელი ზაფხული სიმინდის ხარშვაში გავატარე.
– ბოსტნეულის მოყვანის წესები იცი?
– რა წესი ამას უნდა, მობარვა, მოთოხნა. ბარიც მაქვს და თოხიც. მთელი დღე შლანგით ხელში ვიდექი ეზოში, დილა-საღამოს ნარგავებს ვრწყავდი, შუადღეს იმ წყალს თავზე ვისხამდი. სიცხემ ძალიან რომ შემაწუხა, აუზი გავშალე. მე საერთოდ „ბასეინი” არ მიყვარს. ჩემი სახლი ისეა გაკეთებული, ჭერში „ბასეინის” ადგილი გაითვალისწინეს ინჟინრებმა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს „ბასეინი” „ბასეინად” ვერ იქცა. რომ წარმოვიდგინე, ღამით მძინარეს თავზე წყლით სავსე „ბასეინი” მედგა, გავგიჟდი და უარი ვთქვი. ისე კარგად ვლივლივებდი ჩემს გასაშლელ-დასაკეც „ბასეინში”, აბა, რა გითხრათ (იცინის). ახლა დამწყები ფერმერი ვარ და რეპეტიციებს გავდივარ. ჩემი ფერმა უნდა გავამდიდრო. კუს და ზღარბს ვერ მოვიყვან, ბოსტანს შემიჭამენ. გოჭები არ მინდა, არც დიდი ცხოველები. ჩემზე მაღალ ცხოველს სახლში ვერ მოვიყვან, მაგრამ აუცილებლად მინდა შველი და ვირი. შველი მომწონს. გახსოვთ საბურთალოზე, კორპუსში ვცხოვრობდი და მელია მყავდა, მერე ნანა პატარკაციშვილს ვაჩუქე, ახლაც ვფიქრობ, მელიას მოყვანაზე. ვნახოთ, როგორ გამომივა.
– შველი და მელია კიდევ კარგი და ვირი რატომ?
– ვირი რატომ, რას ჰქვია? არ იცით, ვირის რძე რომ უკვდავების წამალია? ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს (იცინის). უკვე ვიარე კახეთში ვირის
ჩოჩრის მოსაძებნად. თვითონ ვირი არ მინდა. მირჩევნია, მე გავზარდო. პატარა ჩოჩორი ისე მინდა, ვგიჟდები. მოვწველი და რძეს დავლევ ყოველდღე. ლიტერატურაც წავიკითხე, ჩოჩორს დიდი მოვლა არც უნდა. მასზე სუფთა ცხოველი, მგონი არ არსებობს. გუბეში წყალს არ სვამს. აი, ეს ყოფილა საკუთარი ეზოს ხიბლი. რასაც გინდა, იმას მოიყვან სახლში, რასაც გინდა იმას დადებ. აგერ ხედავთ, რამდენი კუნძი მაქვს? სადაც წავალ, კუნძებს ვეზიდები. ეს კუნძები სოფელ ჭორვილადან წამოვიღე.
– იცის ბიძინა ივანიშვილმა, მისი სოფლიდან რომ კუნძებს ეზიდები?
– კუნძები წამოვიღე, ხეები ხომ არა (იცინის). ისე ერთ ხეზე მაქვს თვალი დადგმული, ბედნიერების ხეა. დანარჩენი კუნძები ხევსურეთიდან, ფშავიდან, აჭარიდან, სვანეთიდან მაქვს ჩამოტანილი. ეს ქვებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდანაა, ზაფხულში „ბასეინში” ვყრიდი ზოგიერთს და ბავშვივით ვჭყუმპალაობდი. ისეთი „ნირვანა” მქონდა, ცნობილ კუნძულზე რომ არ მექნებოდა (იცინის).
 – ამ ნირვანული ზაფხულიდან შრომით რეჟიმში დაბრუნება არ გიჭირს? მით უმეტეს, რომ „იმედის” მენეჯმენტში ახალი ხალხია, რომელთა კეთილგანწყობის მოპოვებაც მოგიწევს. როგორი იქნება „სხვა რაკურსი” ახალ სეზონზე? სწორება კვლავ უცნაურ ადამიანებზე გაკეთდება?
ისე კარგად დავბრუნდი, აბა, რა გითხრათ. კარგად დასვენებული ვარ, სავსე  ენერგიით. ახალი მენეჯმენტი კარგია, სიახლისა და დისციპლინის ახალი სიო ემჩნევა ტელევიზიას. სიმართლე გითხრათ, არც დემნას ვიცნობდი, არც გიორგის, მაგრამ ვიცი, რომ თავისი საქმის დიდი პროფესიონალები არიან. ეს უკვე ეტყობა საქმეს. ჩემი გადაცემის ჩაწერას უყურებდა გიორგი საეთეროდან და როგორც ვიცი, მოეწონა. რაც შეეხება ჩემს გადაცემას, მე ძალიან მგავს. არ დაგიმალავთ - ბავშვობიდან ძალიან ნელა ვვითარდებოდი, როგორც ფიზიკურად, ასევე გონებრივად და პროფესიულად. წარმოიდგინეთ, რომ 20 წლის ასაკში ზღაპრებს ვკითხულობდი. ამ ზაფხულსაც კი შეჰრაზადას „ათას ერთ ღამეს” დავუბრუნდი. მომწონს ზღაპრული „ბრჭყვიალი” და სიკეთის გამარჯვება ბოროტებაზე. ასე, ნელ-ნელა იზრდებოდა ჩემი გადაცემაც და მივიღე ის, რომ დღეს „სხვა რაკურსი” ხალხის საყვარელი გადაცემაა. მაყურებლის სიყვარული ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს. წინ უფრო მაგარი სეზონი გველის. ეს კვლავ იქნება გადაცემა ადამიანებზე, ჩვენ ირგვლივ რომ ცხოვრობენ – უცნაურებიც, ჩვეულებრივებიც, განსხვავებულებიც. ამ დღეებში მივდივარ აფრიკაში, ეს ერთადერთი კონტინენტია, სადაც ფეხი არ დამიდგამს. აფრიკაც უნდა „დავიპყრო” (იცინის), აცრები უკვე გავიკეთე. ეთიოპიის ცენტრალურ ტელევიზიაში წამყვანებისთვის და პროდიუსერებისთვის ტრენინგებს ჩავატარებ, პარალელურად, ვიმუშავებ – სემინარი მოიცავს პრაქტიკულ მეცადინეობებსაც. საინტერესო გადაღებები გვაქვს დაგეგმილი. ველურ ბუნებაშიც მოვხვდები და ბეწვის ხიდებზეც გავივლი. ვეძებ ადრენალინსა და ექსტრემს. შეიძლება, გველეშაპის პირისპირაც აღმოვჩნდე და გადავაყლაპინო თავი. არავინ იცის, რა მოხდება (იცინის).
скачать dle 11.3