კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№38 როგორ იქორწინა პაატა იმნაძემ 28 წლის წინანდელ სიყვარულზე და როგორ მიიღეს შვილებმა მისი გადაწყვეტილება

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე

 დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე ამჯერად სულ სხვა კუთხით მოექცა ყურადღების ცენტრში. პირველად მოხდა, რომ მასთან ინტერვიუს ჩასაწერად გრიპებზე, ვირუსებსა და მოსალოდნელ საშიშროებაზე არ მივსულვართ. ამჯერად მას პირად ცხოვრებაზე სასაუბროდ ვეწვიეთ, რადგან საქართველოში ყველაზე ცნობილი ეპიდემიოლოგი დაქორწინდა.
– ბატონო პაატა, გილოცავთ დაქორწინებას! გაგვაცანით მეუღლე.
– დიდი მადლობა. მეუღლე, ხათუნა გოგელია, პროფესიით ბიოლოგია. მუშაობდა ფიზიოლოგიის ინსტიტუტში ნეირობიოლოგიის მიმართულებით. შემდეგ პეტერბურგსა და უნგრეთში გადავიდა და თავის ტვინზე საკმაოდ საინტერესო ნამუშევრები ჰქონდა. ამჟამად ფსიქოლოგიის ერთ-ერთი მიმართულებით „გეშტალტ თერაპიით“, არის დაკავებული.
– პროფესიებმა შეგახვედრათ ერთმანეთს?
– ჩვენ ერთმანეთი ძალიან დიდი ხნის, 28 წლის წინ, გავიცანით. შემდეგ ისე მოხდა, რომ ის სამუშაოდ უნგრეთში წავიდა. იმ პერიოდში ასე ადვილი არ იყო ურთიერთობები შორ მანძილზე, მერე კი ორივე დავოჯახდით.
– უბრალო ნაცნობობა იყო თუ კიდევ რაღაც იყო თქვენს შორის?
– მაშინაც დიდი რომანი გვქონდა (იცინის). თუმცა, იმის შემდეგ 28 წლის განმავლობაში, ერთმანეთი არ გვინახავს. მერე სრულიად შემთხვევით შევხვდით. სამსახურთან ახლოს, ბანკში შევდიოდი, ამ დროს ის გამოდიოდა და ასე, მოულოდნელად, შევხვდით ერთმანეთს. ეს ამ გაზაფხულის ბოლოს იყო. მას შემდეგ, ჯერ სოციალური ქსელით ვკონტაქტობდით. შემდეგ რამდენჯერმე ვნახეთ ერთმანეთი. ჩაი დავლიეთ, ვისაუბრეთ და მივხვდით, რომ ის, რაც ძალიან დიდი ხნის წინ იყო, არ ჩამქრალა და ისევ განახლდა. ახლა ორივეს ორ-ორი შვილი გვყავს – მე გოგონები, მას ბიჭები. თითქმის ერთი ასაკის არიან: 20-25 წლის.
– საზოგადოებისთვის ძალიან დიდი სიურპრიზი იყო თქვენი დაქორწინების ამბავი. სულ სხვა კუთხით მოექეცით ყურადღების ცენტრში. როგორ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება?
– როცა ხვდები ადამიანს, რომელსაც პრინციპში, ძალიან კარგად იცნობდი და თავის დროზე მასთან დიდი სიყვარული გაკავშირებდა, რთული არაა ამის გადაწყვეტა. მე 64 წლის ვარ, ის – 52-ის. ამხელა ხალხი რამდენ ხანს გავაგრძელებდით რესტორნებსა და კაფეებში შეხვედრას (იცინის). ამიტომ, შევთავაზე, რომ ჩვენი ურთიერთობისთვის ტრადიციული, ქართული სახე მიგვეცა.
– რთული იყო ამ გადაწყვეტილების მიღება?
– რთული ნამდვილად არ იყო, იმიტომ რომ, ჩვენს შორის დიდი ხნის წინ, შემიძლია ვთქვა, ძალიან დიდი გრძნობა იყო, რომელიც ახლა განახლდა. თუმცა, ჩვენთვის მთავარი შვილების აზრის გაგება იყო. ცალკე მე ვუთხარი გოგონებს ამის შესახებ, ცალკე მან – ბიჭებს და როცა მათი მხრიდან სრული თანხმობა მივიღეთ, უფრო თამამად გადავდგით ეს ნაბიჯი. ჩემმა შვილებმა აბსოლუტური მხარდაჭერა გამომიცხადეს. შეიძლება ითქვას, ენთუზიაზმითაც კი მიიღეს მამის გადაწყვეტილება, რისთვისაც დიდი მადლობა მათ და ასევე, ხათუნას შვილებსაც. მათაც კარგად მიიღეს ჩვენი გადაწყვეტილება.
– შვილები უკვე იცნობენ ერთმანეთს?
– ჯერჯერობით კარგად არ იცნობენ. ჩემი ერთი შვილი ახლა წავიდა უცხოეთში ერთთვიან სტაჟირებაზე. ხათუნას ერთი შვილი კი ინგლისში სწავლობს და მეორეც უცხოეთში მუშაობს. ასე რომ, ჯერ ვერ მოვახერხეთ ყველას ერთად შეკრება. თუმცა, ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთის შვილებს და მიხარია, რომ კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა.
– საზოგადოებისგან როგორი რეაქცია მოჰყვა თქვენს ნაბიჯს?
– ვისარგებლებ თქვენი ჟურნალის საშუალებით და ყველას ძალიან დიდ მადლობას გადავუხდი. ბედნიერი ვარ, რომ ეს ამბავი ძალიან კარგად მიიღეს, როგორც ჩვენმა მეგობრებმა, ასევე, სრულიად უცხო ადამიანებმა. ეს ყველაფერი ძალიან გულისამაჩუყებელი იყო, რისთვისაც ყველას დიდი მადლობა.
– მეუღლეს როგორი დამოკიდებულება აქვს, ასეთი ცნობილი ქმარი რომ ჰყავს?
– (იცინის) სადაც არ უნდა წავიდეთ, ჩვეულებრივ, ყველა მცნობს. ამას ძალიან კარგად იღებს, არ აწუხებს ჩემი პოპულარობა (იცინის).
– თაფლობის თვე პორტუგალიაში გაატარეთ. როგორი შთაბეჭდილებებით დაბრუნდით?
– ერთი კვირა ვიყავით პორტუგალიაში. სამწუხაროდ, სამსახურიდან დიდი ხნით ვერ მივდივარ, თუმცა არაჩვეულებრივი შთაბეჭდილებებით დავბრუნდით. მას ძალიან უნდოდა, რომ პორტუგალია ენახა. მე ერთხელ ვარ ნამყოფი საქმიანი ვიზიტით და მართლა ძალიან კარგი ქვეყანაა, კარგი ხალხით და ლამაზი გარემოთი. რაც მთავარია, იქ ისეთი საკვებია, რომელიც მე ძალიან მიყვარს, ზღვის პროდუქტებს ვგულისხმობ (იცინის). მგონი, ორივესთვის ძალიან კარგი იყო იქ გატარებული ერთი კვირა.
– ძველი ისტორია მინდა გაიხსენოთ. მაშინ რატომ ვერ შედგა თქვენი ურთიერთობა?
– ერთმანეთი 1989 წელს გავიცანით. მე მთლად პატარა ნამდვილად არ ვიყავი. ჩემი უახლოესი მეგობრის ოჯახში შევხვდით ერთმანეთს შემთხვევით, შობა დღეს. იმ პერიოდში საქართველოში არ იყო. პეტერბურგში გადიოდა ასპირანტურას და ჩვენს ურთიერთობას ეს ძალიან ართულებდა. ძირითადად, სატელეფონო კავშირი გვქონდა. რამდენიმე თვე გრძელდებოდა ეს ყველაფერი. მერე ისე მოხდა, რომ ისევ უცხოეთში უნდა წასულიყო სასწავლებლად. მაშინდელი ქართული მენტალიტეტი კი, ცოტა რთულად ეგუებოდა ამ ამბავს. მე არ მინდოდა, წასულიყო და ძირითადად, ეს იყო დაშორების მიზეზი.
– შვილებზეც ვისაუბროთ. როგორი მამა ხართ?
– ყოველთვის ძალიან მოუცლელი მამა ვიყავი. იშვიათად მქონდა შესაძლებლობა, შვილები მენახა. ერთეული შემთხვევები მახსენდება ისეთი, როცა, ნორმალური მამებივით, მეც წამიყვანია გოგონები ზოოპარკში, ცირკში და მსგავს ადგილებში. ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობდი, მაგრამ მაინც იშვიათად გამომდიოდა – ან სამსახურში ვიყავი ან, საერთოდ, საქართველოში არ ვიყავი. მკაცრი მამა არასდროს ვყოფილვარ. არც კი მახსოვს, შვილებს გავბრაზებოდი. ყოველთვის ლიბერალი მამა ვიყავი და მაქსიმალურად ხელს ვუწყობდი ყველაფერში. განსაკუთრებით მეუღლის გარდაცვალების შემდეგ დავუახლოვდი გოგონებს. იმ პერიოდში სამსახურშიც მეტი თავისუფლება მქონდა, რომელსაც შვილებთან ურთიერთობისთვის ვიყენებდი.
– მეუღლე, რამდენადაც ვიცი, სიმსივნით გარდაიცვალა.
– სისხლის დაავადება ჰქონდა. ეს სისხლის ერთ-ერთი სიმსივნეა.
– ორივე ქალიშვილი გათხოვილია. თან, ორივე არცთუ დიდი ხანია, დაქორწინდა. მამებისთვის არაა ამ ყველაფერთან შეგუება ადვილი.
ჩემი ორივე სიძე ძალიან კარგი ახალგაზრდაა. ორივეს ძალიან ვაფასებ და მიყვარს, თან, მეგობრები არიან. ორივეს შემთხვევაში ვიცოდი, რომ რომანი დიდი ხანია, ჰქონდათ, ამიტომ, როცა გათხოვება გადაწყვიტეს, რთული არ ყოფილა ამასთან შეგუება. თუმცა, მაინც ვნერვიულობდი, მით უმეტეს, ხელის თხოვნის მომენტში. წარმოუდგენელია, ამ დროს მამამ არ ინერვიულოს.
– უკვე ერთი შვილიშვილიც გყავთ.
– აი, სამწუხაროდ, ახლა მუშაობის ისეთივე რიტმი მაქვს, როგორიც ჩემი შვილების პატარაობისას. არადა, შვილიშვილს ახლა ყველაზე საყვარელი პერიოდი აქვს. წლის და რვა თვის ხდება და მასთან ურთიერთობას არაფერი ჯობია. ყოველი წუთი მაბედნიერებს, მაგრამ სამწუხაროდ, მასაც ვერ ვნახულობ ხშირად.
– გრიპების სეზონზე როგორი ბაბუა ხართ ან წლების წინ როგორი მამა იყავით, ამ თვალსაზრისით?
– როცა ფრინველის გრიპზე ერთი ამბები ატყდა, მაშინ ჩემი შვილები პატარები იყვნენ, სკოლაში დადიოდნენ და ყველა ეკითხებოდა: სახლში ქათმის ხორცს გაჭმევენო (იცინის). ჩემი შვილები ყოველთვის პასუხობდნენ: მამა სახლშიც ზუსტად იგივეს გვეუბნება, რასაც გარეთ ამბობსო. ერთადერთი, ყოველთვის მაქსიმალურ ყურადღებას ვაქცევ პირად ჰიგიენას, რაც საკმაოდ რთულია, რადგან ჩემს შვილებს ძალიან უყვართ ცხოველები. სახლში გვყავს ძაღლი, რომელიც მეც ძალიან მიყვარს, მაგრამ იცის, რომ ჩემს საწოლში არ უნდა ამოვიდეს და დაწვეს. ჩემს შვილებთან ყოველთვის საწოლში იწვა. ასევე, კატებიც – ორი კატა გვყავს. სამივე ვეტერინარის ყურადღების ქვეშაა. აცრილებიც არიან და ჭიების საწინააღმდეგო პრეპარატებსაც იღებენ. მაგრამ, ცოტა უფრო მეტი სიფრთხილეა საჭირო, რაც ჩემს შვილებთან არ ჭრის (იცინის).
скачать dle 11.3