№38 რა საკვები უნდა მიიღოს ბავშვმა შემოდგომაზე იმუნიტეტის გასაძლიერებლად და რა უწყობს ხელს თავის ტვინის განვითარებას
ბავშვის სწორი კვება დაბადების დღიდან იწყება და ჯანმრთელობის, ადეკვატური ზრდის, განვითარებისა და დაავადებათა პროფილაქტიკის აუცილებელი პირობაა. ზაფხულის შემდეგ, ბავშვის ორგანიზმი ემზადება შემოდგომა-ზამთრისთვის. ეს ორი სეზონი ცნობილია ბავშვთა ხშირი ავადობით. სრულფასოვანი და ბალანსირებული კვება ხელს უწყობს ბავშვის იმუნიტეტის გაძლიერებას. თუ როგორ უნდა მოვამზადოთ ბავშვის ორგანიზმი შემოდგომის შესახვედრად, რომ თავიდან ავიცილოთ ამ სეზონის დამახასიათებელი ჯანმრთელობის გართულებები, ამაზე გვესაუბრა ბავშვთა გასტროენტეროლოგი ნათია ცირდავა.
– კვლევებმა აჩვენა, რომ სწორი კვება სიცოცხლის პირველი წლების განმავლობაში ამცირებს მრავალი დაავადების განვითარების რისკს არა მარტო ბავშვთა, არამედ მოზრდილთა ასაკშიც. ასეთ დაავადებებს მიეკუთვნება: სიმაღლეში ჩამორჩენა, ზრდის შეფერხება, სიმსუქნე, დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ოსტეოპორიზი და სხვა.
– როგორი უნდა იყოს ბავშვის დღის რაციონი?
– ბავშვის ყოველდღიური კვების რაციონი უნდა მოიცავდეს 4 ძირითად ჯგუფს: 1. ხილი და ბოსტნეული – ნახშირწყლების, უჯრედისის, ვიტამინებისა და მინერალების წყაროა; 2. მარცვლეული პროდუქტები და სახამებლის შემცველი ბოსტნეული – ენერგიის, უჯრედისის და B ჯგუფის ვიტამინების წყაროა; 3. რძე და რძის პროდუქტები (რძე, ხაჭო, იოგურტი და ასე შემდეგ) მდიდარია ბავშვისთვის აუცილებელი ცილებით, ცხიმებით, ვიტამინებითა და მინერალებით, წარმოადგენს კალციუმის წყაროს, რომელიც თავის მხრივ, ხელს უწყობს ძვლების მინერალიზაციას. 4. ხორცი და მისი ალტერნატივები (კვერცხი, პარკოსნები, ნიგოზი, თხილი) – ცილების, ცხიმების, ენერგიის, ნახშირწყლების, ვიტამინებისა და მინერალების წყაროა რკინის მაღალი შემცველობით.
– უნდა დავაძალოთ თუ არა ბავშვს საკვები?
– ახალი საკვების ჩართვა საკვებ რაციონში იწყება ნელ-ნელა, მცირე ულუფებით. ბავშვი სიფრთხილით იღებს ყოველ ახალ საკვებს, ამიტომ, საჭიროა, პერიოდულად შესთავაზოთ ერთი და იგივე ახალი საკვები. ამავე დროს არასდროს არ დააძალოთ საკვები და არ გადააქციოთ კვება „ბრძოლის ველად“. თუ ბავშვი წონაში არ იმატებს, მუდმივად უარს ამბობს ახალი საკვების გასინჯვაზე, იღებს მხოლოდ ერთფეროვან პროდუქტებს, მიმართეთ ექიმს.
– როგორ უნდა ავამაღლოთ და შევინარჩუნოთ ბავშვებში იმუნიტეტი?
– ორგანიზმის უნარს, თავი დაიცვას ნებისმიერი უცხო აგენტისგან (მაგალითად, ბაქტერია, ვირუსი და ასე შემდეგ) იმუნიტეტი ეწოდება. ბავშვებში იმუნიტეტის ჩამოყალიბებასა და შენარჩუნებაში სწორ, სრულფასოვან და ბალანსირებულ კვებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ახალშობილობის პერიოდში ბუნებრივი კვება განაპირობებს ბავშვის მყარი და ძლიერი იმუნიტეტის ჩამოყალიბებას. არასრულფასოვანი კვება, კერძოდ, ბავშვის საკვებ რაციონში ვიტამინების, მიკროელემენტების ნაკლებობა შესაძლოა, ქრონიკული იმუნური პრობლემის მიზეზი გახდეს. ძლიერი იმუნიტეტისთვის მიკროელემენტებიდან მნიშვნელოვანია: ვიტამინი A, C, E, ცხიმოვანი მჟავები და მინერალები – მაგნიუმი, თუთია, სპილენძი, რკინა და გოგირდი. ზემოთ აღნიშნული ნივთიერებებით მდიდარია ახალი ხილი, ბოსტნეული, ხორცი, მარცვლეული, კვერცხი, თხილი და ასე შემდეგ. გაზიანი სასმელებისა და წვენების ნაცვლად, უმჯობესია, წყლის მიცემა, ვინაიდან ჭარბი რაოდენობით შაქარი იმუნიტეტს ასუსტებს. იწვევს რა სისხლის თეთრი უჯრედების შემცირებას, ბავშვებში სხვადასხვა ანთებითი პროცესისა და დისბიოზის წინაპირობა ხდება. როგორც ცნობილია, კუჭ-ნაწლავის ტრაქტში არსებული მიკროფლორა ერთგვარი იმუნური სისტემა, ბარიერია სხვადასხვა მავნე მიკროორგანიზმისთვის. ამიტომ, დისბიოზი (ნაწლავებში არსებული მიკროფლორის დარღვევა) ხშირად ხდება ბავშვებში ავადმყოფობის მიზეზი. ლაქტო და ბიფიდობაქტერიები ხელს უწყობს მიკროფლორის აღდგენას და დიდი რაოდენობით მოიპოვება რძის პროდუქტებში. მოკლედ, მივდივართ იმისკენ, რომ სწორი კვება იცავს ბავშვს ხშირი ავადობისგან. მნიშვნელოვანია, რომ საკვების მომზადების დროს ნაკლებად გამოვიყენოთ შაქარი და მარილი. ასევე, ბავშვებს შევუზღუდოთ გაზიანი და ტკბილი სითხეები, დიდი რაოდენობით განუზავებელი ხილის წვენები, მარილიანი ჩხირები და ასე შემდეგ. ვინაიდან ჭარბი ტკბილეული იმუნურ სისტემას ასუსტებს, ბავშვი უნდა მოვარიდოთ ნახშირწყლების მიღებას (შოკოლადები, გაზიანი სასმელები, ფუნთუშეული).
– რა საკვები უნდა მიიღოს ბავშვმა შემოდგომაზე?
– შემოდგომაზე იმუნიტეტის გაძლიერებისთვის სასურველია, ძირითადად, ბავშვის საკვები რაციონი მდიდარი იყოს სეზონური ხილითა და ბოსტნეულით. ხილიდან – მნიშვნელოვანია კივი, ფეიჰოა, ვაშლი, ფორთოხალი, მანდარინი. აღნიშნული პროდუქტები მდიდარია C ვიტამინით, რაც აძლიერებს იმუნიტეტს; ბოსტნეულიდან – წითელი ბულგარული წიწაკა, გოგრა, ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო, ტკბილი კარტოფილი და ასე შემდეგ. აღნიშნული საკვები უნდა გამოვიყენოთ ცოცხალი სახით და არა კონსერვირებული. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აღნიშნულ პროდუქტებთან ერთად, ყოველდღიურად უნდა მიიღოს რძის პროდუქტები, ბურღულეული, ხორცი.
– რა გავლენას ახდენს კვება ბავშვის ინტელექტსა და მეხსიერებაზე?
– კვება მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ბავშვის ინტელექტის განვითარებას. კვლევებით დადგენილია, რომ ბავშვები, რომლებიც იკვებებოდნენ დედის რძით, გამოირჩევიან მაღალი IQ მაჩვენებლით. ქვემოთ ჩამოთვლილია საკვები პროდუქტები, რომლებიც ხელს უწყობს თავის ტვინის განვითარებას და მოიხსენიება, როგორც „ტვინის საკვები“: ორაგული – მდიდარია ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავით, რომელიც თავის მხრივ, ხელს უწყობს თავის ტვინის განვითარებას. კვერცხი – ცილებისა და ქოლინის წყაროა, რაც მეხსიერების განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მიწის თხილის კარაქი – მდიდარია E ვიტამინით, თიამინით და გლუკოზით. E ვიტამინი ანტიოქსიდანტია და აძლიერებს ნერვულ მემბრანას. გლუკოზა ენერგიის წყაროა თავის ტვინისთვის. შვრია (ჰერკულესი) – ენერგიის ძირითადი წყაროა და შეიცავს E, B ვიტამინებს და თუთიას. ხელს უწყობს თავის ტვინის მუშაობას. ფერადი ბოსტნეული ანტიოქსიდანტების მარაგია. ანტიოქსიდანტები, თავის მხრივ, ხელს უწყობს თავის ტვინის უჯრედების ჯანმრთელობას. სასარგებლო ბოსტნეულს მიეკუთვნება: ტკბილი კარტოფილი, გოგრა, სტაფილო. კომბოსტო, წითელი ფხალი, ისპანახი მდიდარია ფოლიუმის მჟავათი. რაც თავის მხრივ თავის ტვინში ნეირონების განვითარებას უწყობს ხელს. ლობიო – მდიდარია ნახშირწყლებით, ვიტამინებითა და მინერალებით. საქონლის მჭლე ხორცი – მდიდარია რკინით, თუთიითა და C ვიტამინით. კენკრა – აუმჯობესებს მეხსიერებას, მდიდარია C ვიტამინით და სხვა ანტიოქსიდანტებით. მარცვლეული – პური და ბურღულეული გლუკოზის წყაროა და ტვინს ენერგიით უზრუნველყოფს, ასევე შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს, რომელიც კარგია ნერვული სისტემისთვის. რძე და იოგურტი – მათში არსებული B ჯგუფის ვიტამინები ხელს უწყობს თავის ტვინის ქსოვილის ზრდას. ასევე, არის D ვიტამინის წყაროც.