№38 სცემა თუ არა შოთა ფალავანდიშვილი მიშა სააკაშვილის გარემოცვამ უკრაინაში და რატომ დასჭირდა მას უკრაინის მოვლენების გაშუქების შემდეგ სასწრაფო დახმარება
შოთა ფალავანდიშვილი, როცა პროფესიას ირჩევდა, ზუსტად იცოდა, წინ რა სირთულეებიც ელოდა. ის, საკუთარი რისკის ფასად, ექსტრემალურ სიტუაციებს არ ერიდება და ხშირად ამის გამო, ფიზიკურ ტრავმებს იღებს. შოთა ტელეკომპანია „იბერიის“ „ახალი ამბების“ გუნდის წევრია. ბოლო დროს, საკმაოდ დატვირთული რეჟიმით მოუწია მუშაობა – ხანძრები, უკრაინის მოვლენები... როგორ შეეწირა მისი ახალი კედები ზაფხულში გაჩენილ ხანძრებს, სცემა თუ არა ის, პროფესიული საქმიანობის შესრულებისას, უკრაინაში მიშა სააკაშვილის გარემოცვამ და რის გამო არ იხევს უკან, როცა წინ საშიშროება ელის – ამაზე თავად ჟურნალისტი გვესაუბრება.
შოთა ფალავანდიშვილი: ბავშვობაში არც მეხანძრეობაზე და არც კოსმონავტობაზე არ მიოცნებია. სკოლის დირექტორი მინდოდა, ვყოფილიყავი. მამა ისტორიკოსი იყო – სკოლის დირექტორი და მეც, მის მსგავსად მინდოდა სკოლის მართვა. მოკლედ, ისტორიკოსობა მინდოდა მეექვსე კლასამდე და მერე შევიცვალე აზრი. ვთქვი, მინდა ჟურნალისტი გავხდე-მეთქი. სამწუხაროდ, დღეს მამა გარდაცვლილია, თუმცა, თუ რამეს მივაღწიე, მას ვუმადლი.
– როცა ჟურნალისტობას ირჩევდი პროფესიად, იცოდი, რომ თუ კარიდან არ შეგიშვებდნენ, ფანჯრიდან უნდა შესულიყავი?
– ზოგადად, ვიცოდი, ნებისმიერი პროფესია თავისებურ სირთულეებთან და სპეციფიკურ ამბებთან რომაა დაკავშირებული. რაღაც კუთხით, გააზრებული მქონდა, რაზე მივდიოდი (იცინის). სტუდენტობის პერიოდიდან, სხვადასხვა სამსახურში ვმუშაობდი. ვცდილობდი, არ ვყოფილიყავი შეზღუდული, ჩარჩოებში მოქცეული და მახსოვს, როცა უნივერსიტეტში ჩავაბარე და გვკითხეს, რა თემაზე გინდათ მუშაობაო, ბიჭებმა სპორტული ჟურნალისტიკა დაასახელეს, გოგოებმა – კულტურა, მე კი, ერთადერთი ვიყავი, ვინც ადგა და თქვა – მე მინდა, სამხედრო ჟურნალისტი გამოვიდე. ჩემი აზრით, ჟურნალისტმა უნდა იცოდეს, ყველაფერზე ცოტა რამ და ერთზე ყველაფერი. ამიტომ, სამხედრო თემა ავირჩიე და ამ კუთხით წავედი. მაგისტრატურის ნაშრომიც ომის თემაზე მქონდა. ასე რომ, არავის უკვირს, როცა მსგავსი რამ ხდება, მეც იქ რომ ვდგავარ და ვაშუქებ.
– თუმცა, ბოლო პერიოდი განსაკუთრებულად რთული აღმოჩნდა შენთვის.
– ეს ზაფხული საკმაოდ დატვირთული, დაძაბული და საინტერესო აღმოჩნდა. ხანძრებით რომ დაიწყო, უკრაინის მოვლენებით დასრულდა. ჟურნალისტის პროფესია საკმაოდ რთულია, სპეციფიკური მუშაობა სჭირდება და ძალიან იღლები. მათ შორის, ფიზიკური დატვირთვაც დიდია. ხანძრების დროს, როგორც მეხანძრე-მაშველები, ისე ავდიოდით ჩვენც, მეკლდეურებივით ყველგან... როცა მიკროფონი, შტატივი, ჩართვის აპარატი და კამერა გიჭირავს ხელში, ცეცხლი და ბარიერი არ უნდა შეიმჩნიო – უნდა გადალახო და ინფორმაცია მიაწოდო მაყურებელს. თუმცა, როცა მერე ჩემს ეთერს ვუყურებ, იმდენად დადებითად მოქმედებს, დაღლილობა ეგრევე მეხსნება (იცინის). სხვათა შორის, ჩემი ორი ახალი კედი შეეწირა ხანძრებს – პირველი ატენის ხეობაში და მეორე, ბორჯომში. ბოლო წერტილამდე ღამით, პირველ საათზე, ჟურნალისტებმა ფეხით ვიარეთ, დაახლოებით, სამი კილომეტრი და ხანძრის კერებზე რომ ავედით, მინისტრთან, ლევან იზორიასთან ერთად, სწორედ მაშინ შემომეწვა კედები ფეხზე (იცინის). ასე რომ, ფეხზე ცეცხლი მეკიდა და იმაზე ვფიქრობდი, ეს ყველაფერი რეალურად გამეშუქებინა და მაყურებლამდე მიმეტანა. მეორე კედი კი პოსტხანძარს შეეწირა ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბაში. შემოვლითი გზით, კანონდარღვევით – ეს ჟურნალისტიკის თანმდევია, როცა გინდა, ექსლუზიური მასალა გქონდეს, რისკზე მიდიხარ. მე და ჩემი ოპერატორი საკმაოდ რთულ, მაღალ წერტილზე ავედით. ჩემმა კედებმა ვერ გაუძლო მიწიდან წამოსულ სიმხურვალეს და იქვე დავტოვე. ასე რომ, ამ ხანძრების გამო, ფინანსურად ზარალში ვარ (იცინის).
– ექსტრემალურ სიტუაციაში ხშირად ხვდები. ახლაც, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გაშუქების დროს დაზიანებულ ფეხს მკურნალობ. გავრცელდა ხმა, რომ უკრაინაში მიშა სააკაშვილის გარემოცვამ გცემა და ეს სიმართლეა?
– კიევში არავის ვუცემივარ, უბრალოდ, მუშაობის დროს ტრავმა მივიღე. დაზარალებულს ვერ ვუწოდებ თავს, უფრო შემთხვევითობის ბრალია, რაც დამემართა. მეც გავიგე, რომ გავრცელდა ხმა, თითქოს უკრაინაში მცემეს და ამის მერე დავწერე სოციალურ ქსელში პოსტი, რომ არ მივეკუთვნები იმ კატეგორიას, ვისაც სათავისოდ უყვარს მსგავსი ამბების გამოგონება. სამუშაო პროცესში ნამდვილად მომხვდა არაერთი მუშტი, გადამიბრუნდა ფეხი და ბევრმა ადამიანმა გადაირბინა ამ ჩემს დაზიანებულ ფეხზე. ჯარისკაცებსა და მომიტინგეებს შორის მოვყევი, ფეხი გადამიბრუნდა და გადამიარეს. ეს განძრახ არავის გაუკეთებია, უბრალოდ, უკონტროლო იყო სიტუაცია და ცუდ ადგილას მოვხვდი. ამაში არავის ვადანაშაულებ. ამის მერე ნატკენი ფეხით ვირბინე ათეული მეტრი. დავეწიე კოლონას და გავასწარი. დავინახე მიშა სააკაშვილსა და იულია ტიმოშენკოს სხვა ჟურნალისტები წერენ. ამ დროს დამავიწყდა ჩემი ფეხი, შევძვერი მოვლენის ეპიცენტრში და ჩემი მოვალეობა შევასრულე. იქაც ბევრი მუშტი მომხვდა იმათგან, ვინც მათ უსაფრთხოებას იცავდა. მიზანმიმართული ძალადობა არ ყოფილა, უბრალოდ, მე შიგნით შეღწევას ვცდილობდი და წინააღმდეგობა გამიწია დაცვამ.
– კი მაგრამ, ხელში მიკროფონი ხომ გეჭირა?
– მიკროფონი კი მეჭირა, მაგრამ იმდენად მჭიდროდ იდგნენ, სანამ მიკროფონი ავწიე და ცალი ფეხით მივედი სააკაშვილამდე, კი მივიღე ტრავმა (იცინის). ისმის კიდევაც სხვა ტელევიზიის „შუმებში“ ჩემი ხმა – ვაიმე, ცუდად ვარ... კი ვამბობდი, ცუდად ვარ-მეთქი, მაგრამ მაინც სინქრონს ვწერდი. ერთი სიტყვით, უკრაინის ამბებში სამი ეტაპი გამოვიარე – ჯერ ფეხი გადამიბრუნდა, მერე ჭყლეტაში მოვყევი და ბოლოს არაერთი მუშტიც მომხვდა. მერე კი, სასწრაფო დახმარება გამოვიძახეთ და იმათ გამიწიეს პირველადი დახმარება. თუ გინდა ახალი ამბების კეთება, ეს უნდა აიტანო და გადაიტანო. ამიტომ, ტკივილის შეგრძნების უფლება არ მქონდა იმ მომენტში. კიდევ ვამბობ, ჩემს მიმართ მიზანმიმართული ძალადობა არ ყოფილა. უფრო მეტიც, მე ვიცოდი და გააზრებული მქონდა, სად მივდიოდი და შეიძლებოდა, ამას მოჰყოლოდა ფიზიკური ტრავმები და გავრისკე.
– ახლა როგორ ხარ?
– იმ დღეს საქმის გამო, ტკივილს ვერ ვგრძნობდი, მაგრამ მეორე დღეს შემომიტია. ახლა უკეთ ვარ. ფეხს ვამოძრავებ და ტვინის შერყევამაც გამიარა.
– ტვინის შერყევაც გქონდა?
– თავით და ბეჭებით მივიკვლევდი გზას და აბა, რა მომივიდოდა? (იცინის).
– ალბათ, სასაცილო ამბებიც გაქვს გასახსენებელი. ესეც ხომ შენი პროფესის განუყოფელი ნაწილია?
– რასაკვირველია (იცინის). ჩაწერის დროს მანანა კობახიძეს დავუძახე: „მანანა დეიდა“ (იცინის). არ დამავიწყდება, ზაალ უდუმაშვილის პრეზენტაციის სურათები შემეშალა და მისი ფოტოები ეკა ბესელიას გადავუგზავნე. ელიავას ბაზრობაზე რომ ხანძარი გაჩნდა, ეპიცენტრში აღმოვჩნდი. დიდი საფრთხე იყო, მანქანის ზეთების საწყობი აფეთქებულიყო. გახვეული ვიყავი კვამლსა და ფერფლში და რომ გამოვედი და ფეხზე დავიხედე, შარვლის ერთი ტოტი შემომწვარი მქონდა. იქაც ტრავმა მივიღე, ფეხი დამეწვა. თურქმენეთში ყოფნის დროს კი დაჭერას გადავურჩი. მოკლედ, ჩვენი და თურქმენეთის პრეზიდენტები ხვდებოდნენ ერთმანეთს. იქ პრეზიდენტი ხელშეუხებელი ფიგურაა, გაღმერთებული ჰყავთ. გადაწყვიტა, სასტუმროს ახლოს გაევლო, დაცვა აკონტროლებდა პერიმეტრს, მე კი ჩართვა მქონდა. ახლოს მოვიდა დაცვის წევრი, ხელი მოვკიდე რომ გამეწია, კადრში ხვდებოდა და ხელს მიშლიდა. გავიხედე, ორმოცდაათი კაცი დაიძრა ჩემსკენ. გამიელვა თვალწინ – როგორ ვზივარ სასტიკ ციხეში (იცინის). მაგრამ, ბოლომდე იდემოკრატა პრეზიდენტმა და დამზოგეს (იცინის). თუმცა, სანამ საქართველოში არ ჩამოვედი, ბოლომდე მჯეროდა, რომ თურქმენეთის ციხე არ ამცდებოდა (იცინის).