№38 როგორ გამოიტყუა ძებნილი რეციდივისტი მიტინგიდან რომან გვენცაძემ
გენერალი რომან გვენცაძე ასეთ ისტორიას ყვებოდა: „ეროვნული მოძრაობის აღმავლობის პიკია, ცხრა აპრილის შემდგომი პერიოდი და თბილისში უზარმაზარი მიტინგები იმართება. ჩვენ, მილიცია, კი გადაცმული თუ გადაუცმელი, ყველა დიდ შეკრებას ვესწრებით, რომ შეძლებისდაგვარად, სიტუაცია ვაკონტროლოთ. პრევენციული ზომები მივიღოთ, რომ დიდი თუ პატარა დანაშაული არ მოხდეს. სხვათა შორის, მიტინგებსა და შეკრებებზე არაერთი ძებნილი, მათ შორის, განსაკუთრებულად საშიში ბოროტმოქმედი დავაკავეთ, რომლებიც მომიტინგეებში „ათქვეფას“ ცდილობდნენ. ერთ-ერთი გრანდიოზული მიტინგია მთავრობის სახლის წინ და სიტყვით ზვიად გამსახურდია გამოდის. მე კი სამოქალაქო ფორმაში ვარ გამოწყობილი და ხალხს ვაკვირდები. უცებ ზვიადს ჩამოვაყოლე თვალი და რას ვხედავ, მის წინ ანტონ გულიევი არ დგას?! გულიევი ინკასატორის ძარცვისთვის ძებნილი რეციდივისტი იყო. მისი „პაძელნიკი” შალამბერიძე ფაქტით გვყავდა დაჭერილი, მაგრამ გულიევმა ეს არ იცოდა. სიმართლე გითხრათ, ცოტა დავიბენი. დაჭერით მარტოც ავიყვანდი, მაგრამ ზღვა ხალხში რომ სროლა ატეხოს, მაშინ რა ვქნა? არადა, მისი გაშვება არ შეიძლება. უცებ ერთი აზრი მომივიდა თავში – მიტინგის დროს ხშირად აცხადებდნენ გამომსვლელები ამასა და ამას ახლობელი, ცოლი, შვილი და ასე შემდეგ, ელოდება ამა და ამ ადგილზეო. მე ერთ-ერთ ჩემს ახალგაზრდა კოლეგას ფურცელზე დაწერილი ბარათი გავატანე ზვიადთან და ვუთხარი: გამოსვლას რომ მორჩება, ვინმეს გამოაცხადებინოს-მეთქი.
მართლაც, ზვიადმა გამოსვლა რომ დაასრულა, ერთ-ერთმა მომიტინგემ ჩემი ბარათი წაიკითხა – ანტონ გულიევს კინოთეატრ „რუსთაველის“ შესასვლელში გივი შალამბერიძე ელოდება და სასწრაფოდ მოვიდესო. გულიევმა ზვიადს ახედა და ხალხში გზის გაკვლევას შეუდგა. მე და ჩემი ორი კოლეგა კი მას შალამბერიძის მაგივრად დავხვდით, იქვე გავკოჭეთ და ორი პისტოლეტიც ამოვუღეთ.“