№38 „ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი“ თქვენი ჯანმრთელობის საწინდარია
„ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის“ საკუთრებაში არსებული „ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი“ მრავალპროფილური და უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებაა. ჰოსპიტლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი მაღალკვალიფიციური კადრებია, რომელთა ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე, სხვადასხვა სირთულის სამედიცინო ჩარევა წარმატებით ხორციელდება. უნივერსიტეტის სამედიცინო პროგრამა უპირატესად „ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის“ ბაზაზე ხორციელდება. სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა დაესწრონ და ზოგ შემთხვევებში, მონაწილეობაც მიიღონ უნიკალურ ქირურგიულ ჩარევებში, რაც მათი, როგორც პროფესიონალების ჩამოყალიბების, მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
ალექსანდრე ცალუღელაშვილი (პროფერსორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, „ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის“ სამედიცინი დირექტორი): „ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ ვარ შექმნის პირველი დღიდან, ჩემ მიერაა დაწყებული აქ ქირურგიული საქმიანობა და სწორედ მე განვახორციელე პირველი ოპერაცია. ჩვენი ჰოსპიტლის ზოგადი ქირურგები, ონკოლოგები, გინეკოლოგები, გულ-მკერდის ქირურგები, თავ-კისრის ქირურგები და სხვა პროფესიონალები არიან იმ დიდი გუნდის ნაწილი, რითიც „ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი“ ამაყობს. ჩვენ ყოველდღიურად ვიბრძვით ჩვენი პაციენტების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის. მინდა, სიამაყით აღვიშნო, რომ გახსნიდან პირველი 4 წლის განმავლობაში „ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ დაახლოებით 12 000 ოპერაცია გაკეთდა. მჭიდრო კავშირი გვაქვს უცხოელ კოლეგებთან. ჩვენი ექიმები ხშირად დადიან კონფერენციებზე, არა მხოლოდ მოსასმენად, არამედ ჩვენი მოკრძალებული ნაშრომების დემონსტრირებისათვის და დიდ მოწონებასაც ვიმსახურებთ.
– როგორი შედეგები გაქვთ ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის მიმართულებით?
– ჩვენი მკურნალობის შედეგებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მონაცემებს რომ ვადარებთ, არაფრით ჩამოვუვარდებით მათ, ზოგიერთ შემთხვევაში, უკეთესი შედეგებიც კი გვაქვს. სიმსივნესთან ბრძოლის დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მის ადრეულ დიაგნოსტიკას, რაც დიდ როლს თამაშობს მკურნალობის შემდგომ პერიოდში სიცოცხლის გახანგრძლივებაზე. სწორედ ამ მიზნით, ხშირად გავდივართ რეგიონებში და ვაწარმოებთ პროფილაქტიკურ შემოწმებას.
ვინაიდან ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობა კომბინირებული და კომპლექსურია, ჩვენ გვაქვს შესანიშნავი ქიმიოთერაპიული განყოფილება, სადაც დღეში დაახლოებით, 14-16 პაციენტი იტარებს ქიმიოთერაპიას. ეს ხდება ძირითადად ოპერაციის შემდგომ პერიოდში. ვატარებთ ოპერაციის წინა ქიმიოთერაპიებსაც, რითაც ვამზადებთ პაციენტებს საოპერაციოდ. გვაქვს დისპანსერული აღრიცხვა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ონკოლოგიური პაციენტებისათვის. ეს გვაძლევს მონიტორინგის განხორციელების საშუალებას მათი ჯანმრთელობის შესახებ.
– რამდენად ეფექტურია ოპერაციის დროს სხივური თერაპიის განხორციელება, რომელ მეთოდსაც ხშირად მიმართავთ?
– ჩვენ უშუალოდ, ოპერაციის მსვლელობისას ვიყენებთ სხივურ თერაპიას, რაც იშვიათია ჩვენს ქვეყანაში. „ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალს“ ამისთვის აქვს საჭირო სამედიცინო აღჭურვილობა. გარდა მუცელშიდა დასხივებისა, ამ მეთოდს ვიყენებთ სარძევე ჯირკვლის ოპერაციის დროსაც. მკურნალობის ამ მეთოდის გამოყენების შემდეგ გართულებების სიხშირემ მნიშვნელოვნად იკლო.
ნიკოლოზ ლომინაძე (ქირურგიულ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი): ეს არის მრავალპროფილური ჰოსპიტალი, სადაც წარმოდგენილია მედიცინის ძირითადი დარგები, აქცენტით ქირურგიულ მიმართულებებზე. არის როგორც ზოგადი ქირურგია, ასევე: ქირურგიული ონკოლოგია, მცირე ინვაზიური ქირურგია, გინეკოლოგია, უროლოგია, რბილი ქსოვილებისა და თავ-კისრის ქირურგია, თორაკალური ქირურგია, ორთოპედია-ტრავმატოლოგია, მამოლოგია და სხვა. გვაქვს დიაგნოსტიკური და ამბულატორიული სერვისები, ასევე სტანდარტული, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სერვისიც. არის მძლავრი რეანიმაციული განყოფილება და კლინიკური მუშაობის პარალელურად, აქტიურად ვართ ჩართული სწავლების პროცესშიც, რათა ჩვენმა სტუდენტებმა მიიღონ სათანადო ცოდნა და გამოცდილება. მუდმივად ვართ ორიენტირებული გაფართოებასა და დამატებითი სერვისების დანერგვაზე, ვმუშაობთ ახალი, მოწინავე ტექნოლოგიების დანერგვაზე. ჩვენი კლინიკის რეანიმაციული განყოფილება და საოპერაციოები აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით. ვმონაწილეობთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში.
– უცხოური კავშირები რამდენად ნაყოფიერია თქვენი ჰოსპიტლის მუშაობისთვის?
– მჭირდო კავშირი გვაქვს ჩვენს კოლეგებთან ევროპის წამყვან კლინიკებში. მათი დახმარებით „ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ მუდმივად ვნერგავთ ახალ სამკურნალო მეთოდებს. ხშირად გვიწევს ადგილზე ჩასვლა ახალი სამედიცინო მიღწევების გასაცნობად და ასათვისებლად. გვყავს ძირითადად ახალგაზრდა, შრომისმოყვარე, პერსპექტიული მედ-პერსონალი. შემოდგომაზე ველოდებით კოლეგებს გერმანიიდან, იმისათვის, რომ დავნერგოთ რამდენიმე, საქართველოსთვის ახალი სახის ოპერაცია. პირადად მე გახლდით, ჩემს კოლეგებთან ერთად, მათ კლინიკაში, სადაც გავიარეთ ყველაფერი. ახლა კი ისინი ჩამოდიან ჩვენთან იმისთვის, რომ მალე, დამოუკიდებლად შევძლოთ ახალი, ურთულესი ოპერაციების წარმატებით განხორციელება. ეს ეხება მცირეინვაზიურ და მეტაბოლურ ქირურგიას, რაც აქტუალურია ევროპის ქვეყნების წამყვან კლინიკებში და საკმაოდ კარგი შედეგები აქვთ.