კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№38 ეშმაკის ბილიკი

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹7-37(872)




გოლიათ მედოლე ქალს აშკარად ეტყობოდა გონებაშეზღუდულობა. გიგაურმა მის მზერაში აშკარად შენიშნა ფანატიზმი და გაიფიქრა, – აშკარაა, მას პავლე კიტაძე თავის ჭკუაზე მართავსო. ქალს კი უთხრა:
– ცრუობთ, ქაცარავა. კორძაძესთან თქვენ სულ სხვა მიზნით მიხვედით.
– მაინც, რა მიზნით? – ზიზღით თქვა ქალმა.
– თქვენ ის კონიაკზე გაგზავნეთ და ამასობაში ვიოლონჩელოს სიმი მოპარეთ. შემდეგ დასაძინებელი წამალი ჩაუყარეთ სასმელში და რომ დაეძინა, წამოხვედით.
– ტყუილია! – ხმას აუწია ქალმა და თვალებანთებული წამოიწია სავარძლიდან.
– დაჯექით და მომისმინეთ.
ქაცარავა დაჯდა. ზურაბმა კი უთხრა:
– შემდეგ თქვენ ამ სიმით ვარდენ ხერხაძე გაგუდეთ სასტუმროს სხვენზე. მეხანძრის კასრში ჩატენეთ, კვალის მოსპობა სცადეთ და თქვენს ნომერში დაბრუნდით.
– ტყუილია, – თქვა ქალმა. შემდეგ სავარძლიდან წამოდგა და გიგაურს ყელში ეცა. იატაკზე დააგდო. მთელი სხეულით დააწვა და თავისი უზარმაზარი ხელებით გაგუდვა დაუპირა.
ზურაბმა ქალის ხელები მოიშორა და ზურგსუკან გადაუგრიხა. ჯიბიდან ხელბორკილები ამოაცურა და ხელებზე დაადო. შემდეგ მბრდღვინავი გალინა ქაცარავა ტახტზე დასვა და უთხრა:
– ესე იგი, ტყუილია, ხომ?
– კი, ტყუილია. არავინ მომიკლავს და მაბრალებთ.
– ვარდენ ხერხაძის მოკვლა კიტაძემ დაგავალათ?
– კიტაძემ არა, ბიტაძემ, – გამოაჯავრა გალინამ.
ზურაბმა ხერხი იხმარა და ქალის შემოწმება სცადა, მას უთხრა:
– ზუსტად ვიცით, რომ ამის გაკეთება კიტაძემ დაგავალათ.
– საიდან იცით?
– სიკვდილის წინ გვითხრა: გაქცევისას ვესროლე და სასიკვდილოდ დავჭერი, – თქვა ზურაბმა
მიუხედავად იმისა, რომ გალინა ქაცარავას ზურგსუკან ხელბორკილები ედო, ქალი მოულოდნელად წამოხტა, ზურაბს კბილები ჩაასო ხელში და ცოფიანი ძაღლივით აპირებდა ხორცის ამოგლეჯას. გიგაურმა ქალს ყბაზე მოუჭირა თითები და თავის ადგილზე დააბრუნა, გალინა კი განწირული ხმით კიოდა:
– ჩემი პავლიკა მოკალი?! არ გაპატიებ, ყელს გამოგჭრი!
ხმაურზე ოპერები შემოცვივდნენ და გააფთრებული გალინა ქაცარავა გააკავეს. მათ მაიორი კარცევი შემოჰყვა და ზურაბს აღელვებულმა უთხრა:
– ამხანაგო მაიორო, პავლე კიტაძე სკლიფასოვსკის კლინიკიდან გაქრა. იქ რომ მივედი, ადგილზე აღარ დამხვდა.
კარცევის სიტყვებზე ქაცარავა შეშლილივით ახარხარდა და ზურაბს გიჟის ანთებული თვალებით შეჰყვირა:
– ესეც შენ, ფლიდო! ხომ ვერ ჩაავლეთ ჩემს საყვარელ პავლიკას?
– ჩავავლებთ, – მშვიდად მიუგო ქალს გიგაურმა და კარცევს მიუბრუნდა:
– რა გაარკვიეთ?
– როგორც მორიგე ექიმმა მითხრა, – კიტაძე პირველ სართულზე, ერთადგილიან პალატაში დააწვინეს. მას უთქვამს, მეძინებაო. რომ არ შეეწუხებინათ, მარტო დატოვეს და კარი მიუხურეს. როცა პალატაში ექთანი შესულა წამლის მისაცემად, კიტაძე იქ უკვე აღარ იყო. როგორც ჩანს, ფანჯრიდან გაიპარა.
– რა ზომები მიიღეთ?
– კიტაძეს ყველგან ეძებენ. მისი აღწერილობა ყველა მილიციელსა და ჩვენიანს აქვს. იმედია, მალე დაიჭერენ.
– იმედია, – დარდიანად გაიმეორა გიგაურმა. გალინა ქაცარავამ კი ნიშნის მოგებით უთხრა ზურაბს:
– ტყუილად გაქვთ ამის იმედი. ჩემი პავლიკა უკვე შორს იქნება წასული და მას თქვენ ვერ მიწვდებით.
გალინა ქაცარავას საქციელიდან გამომდინარე, მაიორი ზურაბ გიგაური მიხვდა, რომ ქალი ფსიქოპათური პიროვნება იყო – აშკარად გამოხატული ახირებული მიდრეკილებებით და მისი ახირება პავლე კიტაძე გახლდათ. გალინასნაირი ადამიანები ნებისმიერ შეშლილობაზე, სიგიჟეზე წამსვლელები არიან თავიანთი ახირების ობიექტის გამო. ანუ, თუკი ზურაბი სწორად „მოარგებდა გასაღებს“ ქალს, გალინას შეეძლო უშიშროება გაქცეული კიტაძის კვალზე გაეყვანა. „ცდა, წამება არაა“, – გაიფიქრა მაიორმა, ერთ-ერთ ოპერს კი უთხრა:
– ხელბორკილები მოხსენით დაკავებულს.
– ამ აფთარს, ამხანაგო მაიორო? – ინსტინქტურად წამოსცდა ოპერს, რომელიც ჯერ კიდევ გალინას ცოფიანობის შთაბეჭდილების ქვეშ იმყოფებოდა.
– დიახ, მას და თუ შეიძლება, კორექტულად მოექეცით დაკავებულს. დანაშაულს ჯერ კიდევ დამტკიცება სჭირდება, – თქვა ზურაბმა, – გთხოვთ, დაგვტოვოთ, პირისპირ უნდა ვესაუბრო დაკავებულს.
კარცევი და ოპერები ნომრიდან გავიდნენ. ზურაბმა კი სიგარეტი შესთავაზა გალინას, რომელიც გაოცებული დუმდა და ვერაფერს ხვდებოდა. ზურაბმა ჯერ მას მოუკიდა, შემდეგ თავადაც გააბოლა და ქალს უთხრა:
– რა დაგიმალოთ და თქვენთან შეთანხმება მსურს.
– რა შეთანხმება? – იკითხა კოპებშეკრულმა ქალმა.
– მე თქვენი პიროვნება ეგრევე გავშიფრე. შევდივარ თქვენს მდგომარეობაში და კარგად მესმის თქვენი. გამოგიტყდებით, მეც თქვენს დღეში ვარ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ქართველები ვართ და გაჭირვებაში ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ, – უთხრა ზურაბმა ქაცარავას, რომელმაც მაიორის ამ ზოგადი ფრაზებიდან ვერანაირი აზრი ვერ გამოიტანა და ბრიყვული დაბნეულობით იკითხა:
– შენ რაღა გჭირს?
– ქალბატონო გალინა, რუსთაველმა სიყვარულს უზარმაზარი პოემა მიუძღვნა და თქვა: „სიყვარული აღგვამაღლებსო“. მიუხედავად იმისა, რომ ეჭვმიტანილი ხართ მძიმე დანაშაულში, მე მაინც კარგად მესმის თქვენი და დარწმუნებული ვარ, ვარდენ ხერხაძე პავლე კიტაძის უზომო სიყვარულის გამო მოკალით. ეჰ, მეც კი მოვკლავდი ვინმეს ჩემი თალიკოს გამო, მაგრამ ის ახლოსაც არ მიკარებს. თქვენ კი პავლიკას, როგორც ვხედავ, ძალიან უყვარხართ და თქვენც ძალიან გიყვართ.
– ისე ძალიან მიყვარს, რომ პავლიკასთვის თავს გავწირავ, – მტკიცედ თქვა ქალმა.
ზურაბმა ჯერ კარისკენ გაიხედა, შემდეგ გალინასკენ დაიხარა და ხმადაბლა უთხრა:
– მე მესმის თქვენი და როგორც უკვე გითხარით, მეც თქვენ დღეში ვარ, – გიგაურმა ხელი კარისკენ გაიშვირა და დააყოლა, – გარეთ რომ დგანან, რუსები არიან და მათ ჩვენნაირი სიყვარული არ შეუძლიათ. ბოდიში ამ სიტყვისთვის და ყველაფერი ფეხებზე ჰკიდიათ. ამიტომ, ისინი ძალიან საშიშები არიან და თქვენი პავლიკა სწორედ მათგან უნდა დავიცვათ.
– რას გულისხმობ? – ვერ მიხვდა ქალი.
– იმას, ჩემო ძვირფასო, რომ თუკი პავლივკა სადმე მოიხელთეს, აუცილებლად მოკლავენ, დაგაქვრივებენ და გამწარდებით. ხომ გაიგონეთ, რა მითხრა იმ კაცმა, – ყველგან ვეძებთ და დავიჭერთო. კი არ დაიჭერენ, მოკლავენ. მაგ კაცს ოცდაათი ქართველი ჰყავს მოკლული და არც პავლიკას დაინდობს, თუკი დროზე არ ვუშველეთ.
– ოცდაათი ქართველი? – ბრიყვულად გაიმეორა გალინამ.
– დიახ, ოცდაათი ქართველი, დაუდასტურა ზურაბმა.
– როგორ ვუშველოთ პავლიკას?
– ძალიან მარტივად. მათზე, ანუ რუსებზე ადრე ჩვენ უნდა მივაგნოთ და მე დავაპატიმრებ. პატიმარს კი ვერ მოკლავენ, უფლება არ აქვთ. თანაც, პავლიკას დიდი არაფერი დაუშავებია და შეიძლება, ექვსი თვითაც კი არ ჩასვან ციხეში. ეგრევე გაათავისუფლებენ.
 გალინა აფორიაქდა. ახალი ღერი გააბოლა და გიგაურს უთხრა:
– რომ არ ვიცი, სად იქნება ჩემი პავლიკა?
– თქვენ არ თქვით, შორსაა და ვერ მიწვდებითო? – მიუგო გიგაურმა.
– კი ვთქვი, მაგრამ ბოლომდე არ ვარ დარწმუნებული ამაში.
– რაში?
– პავლიკას თავისი ამბების მოყოლა არ უყვარს და როცა რაღაცას ვეკითხები, არ მეუბნება ხოლმე. მე კი მგონია, რომ მის თავს ვიღაცები მომტაცებენ და ყოველთვის ფხიზლად ვარ. ვცდილობ, არსად გამეპაროს და არაფერი გამომეპაროს. გუშინწინ კონცერტიდან რომ დავბრუნდით, ჩემს ნომერში განვმარტოვდით. დავლიეთ და მე ვითომ ჩამეძინა, თან ყურადღებით ვიყავი, სადმე არ წასულიყო. თუ წავიდოდა, უკან გავყოლოდი და თმა დამეგლიჯა იმ ძუკნასთვის, ვისაც შეხვდებოდა.
– ვინმეს ხვდება პავლიკა?
– არ ვიცი. უბრალოდ მეშინია. აბა, ღამით რომ კაცი სადმე წავა, ქალის მეტს ვის მიაკითხავს? – თქვა შიზოფრენიული ეჭვებით შეპყრობილმა გალინამ. ზურაბმა კი დააყოლა:
– მართლა სადმე წავიდა?
– არ წასულა, მაგრამ დაურეკა?
– ვის დაურეკა? – იკითხა გიგაურმა.
– ქალი იყო თუ კაცი, არ ვიცი, მაგრამ ასე უთხრა, – სახლში იქნები ზეგ, ანუ დღეს. კარგი, დღისით მოვალ და დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთო.
– სულ ეს იყო?
– კი. სულ ეს იყო, მაგრამ გული კინაღამ გამისკდა ბოღმით. შემდეგ გამაღვიძა და მომეფერა. როცა მეფერება, ყველაფერი მავიწყდება. მინდოდა, მეთქვა დარეკვის შესახებ, მაგრამ არ ვკითხე. ვიფიქრე, უკან გავყვები და თუ ქალთან მიდის, იმ ქალს მოვკლავ-მეთქი. დღეს კი თქვენ გამოგვკეტეთ სასტუმროში და ყველაფერი ჩამეშალა.
– ნუ ღელავთ, ქალბატონო გალინა. ყველაფერი კარგად იქნება. მე ერთი წუთით დაგტოვებთ და დავბრუნდები, – თქვა ზურაბმა და ნომრიდან გავიდა. ნომერში კი ორი ოპერი შემოვიდა სადარაჯოდ, რომლებსაც გიგაურმა უთხრა:
– კორექტულად მოექეცით ქალბატონს და არაფერი აწყენინოთო.
გიგაურმა მაიორი კარცევი იხმო და უთხრა:
– ახლავე დაადგინეთ, თუ რა ნომერზე შევიდა ზარი გალინა ქაცარავას ნომრიდან გუშინწინ, ღამის თორმეტის ნახევარზე. ძალიან მოკლე საუბარი იყო და კიტაძემ დარეკა. გაარკვიეთ აბონენტის ვინაობა და მისამართი. შესაძლოა, კიტაძე იქ იმყოფებოდეს. ყველაფერი რომ გეცოდინებათ, შემოდით გალინას ნომერში და გამომიხმეთ, ვითომ გენერალი მეძახის. ოპერჯგუფთან ერთად გადავამოწმოთ ის ბინა. გასაგებია?
– გასაგებია, ამხანაგო მაიორო, – მიუგო კარცევმა.
– სწრაფად იმოქმედეთ, – თქვა ზურაბმა და გალინას ნომერში შებრუნდა.
***
მაიორი კარცევი ოცი წუთის შემდეგ დაბრუნდა და გიგაური „გენერალთან გამოიხმო“ გალინა ქაცარავას ნომრიდან.
– რა გაარკვიეთ? – ჰკითხა ზურაბმა კარცევს.
– აბონენტი, ვისაც კიტაძემ დაურეკა, 41 წლის იოსებ კერესია, პროფესიით ექიმი-კოსმეტოლოგი და ცხოვრობს არბატზე, – მოახსენა კარცევმა გიგაურს.
– ექვსი კაცი წამოიყვანეთ. გული მიგრძნობს, კიტაძე მასთან იმალება და სუფთად უნდა ავიყვანოთ.
– ბიჭები მანქანაში გველოდებიან, – თქვა კარცევმა.
„კაგებეს“ ოპერჯგუფი ორი შავი ფერის „ვოლგით“ გაემართა იოსებ კერესის ბინისკენ. მანქანები ორასი მეტრის მოშორებით გააჩერეს. ოთხ წყვილად დაიყვნენ და ხუთსართულიანი, ძველებური სახლისკენ გაემართნენ, სადაც მეორე სართულზე ცხოვრობდა ექიმი-კოსმეტოლოგი. ერთ-ერთმა ოპერმა კარზე დააკაკუნა და ხმამაღლა დაიძახა:
– გააღეთ. „მოსგაზიდან“ ვარ. თქვენს სახლში გაზის გაჟონვაა და მილები უნდა შევამოწმოთ.
ბინაში ჩამიჩუმი არ ისმოდა. თუმცა, იქ პავლე კიტაძე მარტო იმალებოდა. ექიმი კი სამსახურში იყო.
კიტაძემ არ დაიჯერა, რომ კარზე „მოსგაზის“ თანამშრომელი აკაკუნებდა და გაისუსა. ოპერმა კი, წინასწარ შეთანხმებული გეგმის მიხედვით, კერესის მეზობელი გამოიყვანა სადარბაზოში და ხმამაღლა უთხრა:
– თქვენი მეზობლის კარი უნდა გავტეხოთ და ბინაში შევიდეთ. გაზის გაჟონვის საშიშროებაა და შეიძლება, მთელი სახლი ჰაერში აიწიოს. გამოიძახეთ მილიცია!
მეზობელი, რომლის როლსაც სხვა ოპერი თამაშობდა, ბინაში შებრუნდა. კიტაძე კი აივნის ფანჯარასთან მივიდა და ეზო ყურადღებით შეათვალიერა. საეჭვო რომ ვერაფერი ნახა, აივანზე ჩამოეკიდა და ეზოში ისკუპა. თუმცა, მიწაზე ფეხის დადგმაც ვერ მოასწრო, რომ ის „კაგებეს“ ოპერებმა გაკოჭეს. შემდეგ გულდასმით გაჩხრიკეს და პიჯაკის ჯიბეში „ბრაუნინგის“ სისტემის პისტოლეტი და შავი ფერის ტელეფონების წიგნაკი აღმოუჩინეს. დაკავებული სწრაფად ჩასვეს მანქანაში და ლუბიანკაზე, „კაგებეს“ შტაბ-ბინაში მიიყვანეს.
– აბა, მოქალაქე პავლე კიტაძე, რას გვეტყვით საგულისხმოს, – უთხრა მას რუსულად ზურაბ გიგაურმა.
– მშობლიურ ენაზე ვილაპარაკოთ, რუსული ცუდად ვიცი, – თქვა დაკავებულმა.
– ნუთუ? – ჩაეცინა ზურაბს.
– რა გინდათ ჩემგან, რატომ დამაკავეთ? არაფერი დამიშავებია, – მხრები აიჩეჩა კიტაძემ.
– პისტოლეტის უკანონო ფლობა, თქვენი აზრით, დანაშაული არაა?
– ეს ჩემი არაა, ბინის პატრონისაა.
– თქვენ რატომ გქონდათ?
– იმიტომ რომ, მეგონა, ყაჩაღები დამესხნენ თავს. ვიცოდი, იარაღს სადაც ინახავდა ბინის პატრონი და თავის დაცვა მინდოდა. შემდეგ შემეშინდა და გავიქეცი. პისტოლეტი კი ინსტინქტურად შემრჩა ხელში.
– გასაგებია. სკლიფასოვსკის კლინიკიდან რატომ გამოიქეცით, იქაც რამემ შეგაშინათ?
– დიახ. შემაშინა. მე სუსტი გული და ნერვები მაქვს. რომ გავიგე, საბრალო ვარდენი მოკლეს, გული წამივიდა. საავადმყოფოში გონს რომ მოვედი, ვერ გავერკვიე, სად ვიყავი. შემეშინდა და ძია იოსებთან გავიქეცი. იცით, ამ ბოლო დროს სულ მგონია, რომ ვიღაც მითვალთვალებს. უკან დამდევენ და ჩემი მოკვლა უნდათ. გადავიღალე ალბათ და დასვენება მჭირდება.
– ხდება ხოლმე, – ჩაეცინა გიგაურს, – ესე იგი, არაფერი დაგიშავებიათ?
– რა თქმა უნდა, არა. თუ ამ იარაღს არ ჩავთვლით, რომელიც მართლა თავდაცვისთვის მინდოდა თავიდან და შემდეგ კი, ინსტინქტურად გამომყვა.
– არც გალინა ქაცარავასთვის დაგივალებიათ ვარდენ ხერხაძის მოკვლა?
– რა თქმა უნდა, არა. რას ვერჩოდი საცოდავ ვარდენს?
– რას ერჩოდით ხერხაძეს, ამას გამოძიება გაარკვევს. ქაცარავა კი უკვე გამოტყდა, რომ მას ვარდენი მოაკვლევინეთ.
– გამორიცხულია, ცრუობთ, – თავდაჯერებულად თქვა კიტაძემ.
– არ ვცრუობ და სრულ სიმართლეს გეუბნებით. თქვენ იმიტომ ხართ ასე დარწმუნებული გალინაში, რომ მას მონურად უყვარხართ. მე კი მას გასაღები მოვუძებნე.
– რა გასაღები?
– მისი მონური გრძნობის გასაღები. მე მას ვუთხარი, რომ თუკი პირველი მე არ გიპოვიდით, მაშინ სხვები გიპოვიდნენ და მოგკლავდნენ. მან კი ეჭვიანმა, მონური სიყვარულით შეპყრობილმა ქალმა მითხრა, რომ თქვენი საუბარი მოისმინა იოსებ კერესთან.  დანარჩენი კი ტექნიკის საქმე იყო. გავარკვიეთ, სად დარეკეთ. მოვედით და დაგაკავეთ.
გაგრძელება შემდეგ ნომერშიскачать dle 11.3