№38 ლაჩარი, მხდალი თუ მკვლელი
ჟორჟ სიმენონი
ახალგაზრდა, ოცდაორიოდე წლის ქალიშვილი მეგრეს უკვე სამი საათი ჰყავდა დაკითხვაზე და როგორც ეტყობოდა, დასრულებასაც არ აპირებდა. ოთახიდან ცოტა ხნით გამოვიდა, რომ ლუკასთვის ეთქვა, ქალიშვილისთვის მინერალური წყალი და სენდვიჩები მოეტანა. თანაშემწემ თავი უსიტყვოდ დაუქნია და ოთახისკენ მიუთითა.
– როგორ არის საქმე? აღიარებს დანაშაულს?
– ჯერ კიდევ საკითხავია, მან ჩაიდინა დანაშაული თუ არა.
– იქნებ, საერთოდ, უბედური შემთხვევა იყო? ქალს კუჭი ასტკივდა და სოდის ნაცვლად, საწამლავი დალია, – მხრები აიჩეჩა ლუკამ, – ვის არ მოსვლია. არ ჰგავს ეგ გოგო მკვლელს.
მეგრემ თავი გადააქნია.
– ლამაზი რომ არის, გგონია, მკვლელი ვერ იქნება? რაც შეეხება შემთხვევას, გამორიცხული არაფერია, მაგრამ ჩნდება შეკითხვა, – ვინ ჩაყარა საწამლავი სოდისთვის განკუთვნილ ქილაში? როგორ აღმოჩნდა ის იქ? როცა ამ კითხვაზე პასუხს მივიღებ, ბომარშეს ბულვარზე გათამაშებულ დრამასაც აეხდება ფარდა.
– მე მაინც მგონია, რომ...
– მინერალური წყალი და ბუტერბროდები მოგვიტანე.
ქალიშვილი ისევ ისე იჯდა, როგორც მეგრემ დატოვა, თავდახრილი და საკუთარ თითებს ჩაშტერებული.
– ესე იგი, დასთან და სიძესთან საცხოვრებლად ათი წლის ასაკში გადახვედით.
– დიახ. როგორც გითხარით, მარტო დავრჩი. მათ კი დახმარების ხელი გამომიწოდეს. ლუიზასაც უნდოდა, რომ მათთან მეცხოვრა.
– ანუ, დებს ერთმანეთი გიყვარდათ? მეზობლები კი ამბობენ, ერთმანეთს საერთოდ არ ელაპარაკებოდნენო. ნიკოლ, ჯობია, სიმართლე მითხრა.
– დიახ. სიმართლეს გეუბნებით. და და სიძე კარგად მექცეოდნენ. ჩემი სიძე ბრილიანტების ექსპერტია. ხშირად იწვევდნენ სხვადასხვა ქალაქში. ყველაზე ხშირად ამსტერდამში მიდიოდა. ლუიზას კი მარტო ყოფნა არ უნდოდა. თან, ავადაც იყო, ყურადღება სჭირდებოდა. გათხოვებიდან ძალიან მალე, რთული ოპერაცია გაიკეთა.
– მოკლედ, ასე... ლუიზა ლამური, თქვენი და, გუშინ დეგიტალისით მოწამვლისგან გარდაიცვალა. მან საწამლავი თავისი ხელით დალია. იმიტომ რომ დეგიტალისი სოდის ჭურჭელში ეყარა, ჩვეულებრივი, საჭმელი სოდის.
– ჩემი სიძე სად არის? უკვე დაკითხეთ? ჩაილაპარაკა ქალიშვილმა. მასზე ხომ არ გაქვთ ეჭვი? ის ისეთი უწყინარია, ჭიანჭველასაც არ დაადგამს ფეხს. უნდა გენახათ, რა დღეში ჩავარდა, როცა ლუიზას უსულო სხეული იპოვა.
მეგრემ თვალები მოჭუტა.
– მომისმინეთ, ნიკოლ ლამურ. რამდენი ხანია, რაც თქვენი სიძის, ფერდინანდ ვუავენის საყვარელი ხართ?
ნიკოლი გაფითრდა. თავი ისევ დახრილი ჰქონდა.
– ექვსი თვის წინ... ჩვიდმეტ მაისს...
– თქვენ ის გიყვართ?
– დიახ. ძალიან... მე ჩემი დაც მიყვარდა და მისთვის გულის ტკენა არ მინდოდა. როგორც კი ეს მოხდა, მაშინვე დავაპირე სხვაგან გადასვლა, რადგან საკუთარ გრძნობას ვერ მოვერიე და ფერდინანდიც არ აპირებდა ჩემს მიტოვებას, მაგრამ ლუიზა კატეგორიული წინააღმდეგი წავიდა. ალბათ, იფიქრა, რომ უკეთესად გააკონტროლებდა ჩვენს ურთიერთობას, თუკი მის სახლში დავრჩებოდი.
– თქვენ ეს ნორმალურად მიგაჩნიათ? ფერდინანდი, ანუ თქვენი სიძე ცოლთან როგორ ურთიერთობას ინარჩუნებდა?
– ცდილობდა, თუმცა ეს საკმაოდ რთული იყო. ჩემს დას მძიმე ხასიათი ჰქონდა. ეჭვიანობდა და სცენებს უმართავდა.
– ვაღიაროთ, რომ უსაფუძვლოდ არა, – მრავალმნიშვნელოვნად „შეახსენა“ მეგრემ.
– შეიძლება. მუდმივი ჩხუბით და სკანდალებით სახლში მძიმე აურა იყო. ბოლო დროს ყველანი ცუდად ვიყავით. ფერდინანდს სახლში ვერც ვეკონტაქტებოდი. ჩემი და სულ უკან დაგვდევდა და გასაქანს არ გვაძლევდა. რამდენჯერმე კაფეში გადავწყვიტეთ შეხვედრა და იქაც თავზე დაგვადგა. საწყალი ლუიზა...
ქალიშვილს თვალები აუცრემლდა. მეგრე შეიჭმუხნა. ერთხანს ჩუმად იყო და რაღაცაზე ფიქრობდა.
– თქვენ თქვით, რომ ბოლო დროს ყველანი ცუდად იყავით. რაში გამოიხატებოდა კონკრეტულად? გაიხსენეთ, ეს მნიშვნელოვანია... აი, წყალი და ბუტერბროდები მოვატანინე თქვენთვის. მოგშივდებოდათ... აბა, რა გაწუხებდათ?
– მუცელი გვტკიოდა ხოლმე. მე გულიც მერეოდა და სისუსტეს ვგრძნობდი.
– აჰა, საინტერესოა. დანარჩენებიც ასე იყვნენ.
– დიახ... მეტ-ნაკლებად გვაწუხებდა ეს ჩივილები.
– კარგი. საუბარი დროებით დასრულებულია. თქვენ აქ იყავით, მე მალე დავბრუნდები.
მეგრემ კარი გამოიხურა და ლუკას ანიშნა, აქვე იყავიო. თვითონ მეორე კაბინეტში შევიდა, სადაც დასაკითხად უკვე მზად იყო ამ ტრაგედიის მთავარი გმირი, გარდაცვლილი ქალის ქმარი, ფერდინანდ ვუავენი – მელოტი, საშუალო სიმაღლის, უფერული გარეგნობის კაცი. მეგრემ მის დანახვაზე გაიფიქრა, როგორი სულელები არიან ქალები. ამ კაცის შეყვარება საერთოდ როგორ შეიძლებოდა, მით უმეტეს, მის გამო ჩხუბიო...
– მისიე ფერდინანდ, თქვენ როგორ ფიქრობთ, წესიერი კაცი ხართ?
– თუ იმას გულისხმობთ, რომ ცოლს ვღალატობდი, გეტყვით, რომ ჩვენი ცოლქმრული ურთიერთობა ფორმალური იყო, ქორწინებიდან მეორე წელსვე. ჩემს ცოლს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.
– ამიტომაც გადაწყვიტეთ, მოგეკლათ, რომ მერე მისი და შეგერთოთ ცოლად – ახალგაზრდა, ლამაზი, რომელიც საყვარლად დაისვით.
– არა, არა... ეს უბედური შემთხვევა იყო. გეფიცებით, მე არ ჩამიყრია მისთვის საწამლავი.
– თუმცა, აღიარებთ, რომ მისი მოკვლა გინდოდათ, ხომ ასეა? დეგიტალისი ხომ თქვენ ჩაყარეთ სოდისთვის განკუთვნილ ქილაში? გინდათ, მე მოგიყვებით, როგორ მოხდა სინამდვილეში – ცოლი ხელს გიშლიდათ. ახალგაზრდა საყვარელთან ერთად მშვიდი ცხოვრება გინდოდათ, მისი ცოლად შერთვა და დროს გატარება. ამიტომ, ჩაიფიქრეთ გეგმა – იყიდეთ საწამლავი და ცოტ-ცოტას უყრიდით საჭმელში ორივე დას. თავადაც სვამდით და ისე ცუდად ხდებოდით, რომ ექიმთან ვიზიტი გჭირდებოდათ. ეს ყველაფერი თქვენი ალიბის შესაქმნელად იყო საჭირო, თითქოს რაღაც საკვები ან სულაც წყალი გწამლავდათ.
ფერდინანდი გაფითრდა. ტუჩები ჩაულურჯდა. მეგრე შეუბრალებელი იყო.
– ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა, მაგრამ თქვენ ერთი ლაჩარი, მხდალი კაცი ხართ. ბოლო მომენტში შეგეშინდათ, რომ მაინც დაგიჭერდნენ ცოლის განზრახ მკვლელობისთვის. ამიტომაც გადაიფიქრეთ, მაგრამ საწამლავი მაინც არ გადაყარეთ. ის ისევ იქ დარჩა, სოდისთვის განკუთვნილ ჭურჭელში. თქვენმა ცოლმა კი დალია. მივიდა, აიღო, ჩვეულებრვ წყალში ჩაყარა და დალია. ეტყობა, კუჭი ეტკინა და სოდით მკურნალობა გადაწყვიტა, რომელიც სინამდვილეში, დეგიტალისი აღმოჩნდა. ახლა, შენ თვითონ მითხარი – მკვლელი შენ ხარ თუ რაც მოხდა, უბედური შემთხვევა იყო.