№38 როგორ ნანობდა კონსტანტინე გამსახურდია მწერლობა პროფესიად რომ ექცა და რატომ ტიროდა ის პირად და თავის ნაწარმოებთა გმირების უბედურებაზე
„როგორ ვწერ? ჰმ! ძნელია ამის აწერა, თუ როგორ ვწერ. შემოქმედების ამბავი ჯერაც უაღრესის იდუმალებითაა მოცული. მეცნიერება დიდ მუშაობას ეწევა შემოქმედების პროცესის შესაცნობად… ამ ამბის გაცხადება რომ შეიძლებოდეს, მაშინ ყოველი მკითხველი წერას ისწავლიდა… მეტწილად, სათაურიდან გამოვდივარ… სათაურის დაწერიდან უკანასკნელ წერტილის დასმამდის, შემდეგი პროცესებიც უნდა ვიგულისხმოთ. სამჯერ, ოთხჯერ, ხან მეათეჯერაც გადაწერა, მერმე მანქანაზე გადაბეჭდვა, გადანაბეჭდის კორექტურა, შემდეგ ანაწყობის მრავალკეცი შესწორება და შემოწმება. ჩემი ნაწერების კორექტურა უდიდეს სიხარულს მგვრის…“ მართლაც, საინტერესოა თუ როგორ მუშაობდა კონსტანტინე გამსახურდია ვიდრე მისი ქმნილებები ჩვენამდე მოვიდოდა. როგორ იწერებოდა ყველა მისი რომანი, ნოველა. ამიტომ, გადავწყვიტე, მისი დღიურებიდან, რომელიც ულევი საინტერესო მასალითაა მდიდარი, მისი შემოქმედება ამეღო და თქვენთვის გამეცნო. ეს ყველაფერი ხომ ცოცხალი ფრაგმენტებია ჩვენი დიდი კონსტანტინეს ცხოვრებიდან – აი, ისეთი, თითქოს საკუთარი თვალით რომ ხედავ. ჩვენი თაობა ხომ ამ ბუმბერაზ ადამიანს ვერ მოესწრო, ასე კი, საშუალება გვაქვს, მისივე ნაწერების მიხედვით წარმოვიდგინოთ მწერლის ყოველდღიური შემოქმედებითი პროცესები.
* * *
„ვწუხვარ: მწერლობა პროფესიად რომ გადამექცა. ერთადერთ კარიერაზე ვოცნებობდი მთელი ჩემი სიჭაბუკის განმავლობაში, ეს იყო სამხედრო. 1918-1919 წლებში უნივერსიტეტი მინდოდა, დამეგდო და, პრუსიის გენშტაბის აკადემია დამესრულებინა. მაგრამ, ეს მაგრამ ძალიან ძლიერი იყო -
რომანოვების არმიაში ხომ არ შევიდოდი? ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ მე უკვე საკმაოდ მოწიფული ვიყავი და შეგირდობას ვეღარ შევძლებდი. 1923 წელს ისევ მომიარა სიჭაბუკის ოცნებამ პარიზში და ლამის იყო, სანსირის სამხედრო აკადემიაში შევედი. მაგრამ, ჩემი ცხოვრება სხვაგვარად წარიმართა... სამხედრო კარიერისადმი სიყვარული არც ბარათაშვილს ჩაუნერგია ჩემთვის და არც ლორდ ბაირონს, ოდითგანვე ცხენის კულტი იყო ოდიშის მხარეში. ექვსი წლის ბავშვს განსვენებული მამაჩემი უბელო ცხენზე შემაგდებდა და მათრახს გადაუჭერდა ცხენს. ბოლოს შევეთვისე ცხენს. მერმე ის იყო, ისევ მწერლობას დავუბრუნდი. „დიონისოს ღიმილის” ტიპები, სახეები და პასაჟები მრავალი წლის განმავლობაში თან მიტარებია. ცალკეული ფრაგმენტები სხვადასხვა დროს დამიწერია, მაგრამ ჩემი აბობოქრებული ახალგაზრდული ცხოვრების კორიანტელში დავკარგე. 1924 წელს ძლიერ მომაწვა შემოქმედების დარდი. ერთი თავი
ჟურნალ „კავკასიონში” გამოვაქვეყნე. იმავე თვეში ჟურნალი შეწყდა. არც გამომცემელი მყავდა, არცა მქონდა ფული. საქართველოს პოლიგრაფტრესტი მენდო. მთელი რომანი 9 თვის განმავლობაში ვუკარნახე სტამბას. ხანდახან სადილის ფულიც არ მქონდა. ღამეებს ვათევდი… მომვარდებოდა სტამბის გამგე მანასე გოგვაძე: - მოიტა გაგრძელება, თორემ ანაწყობს დავშლი… ისევ ჩავიკეტებოდი, დავწერდი, გადავწერდი, კიდევ გადავწერდი, კიდევ და კიდევ... ხან რომელიმე თავი არ მომეწონებოდა, ერთ ორ დღეს ისევ დავემალებოდი მანასეს, ერთ ორჯერ ისევ გადავწერდი სტერლინგისებურ ტკიცინა ქაღალდზე. იოსებ ნიკოლაძემ მითხრა ერთხელ: ეჰ, რა გიშავთ პოეტებს, არც ატელიე გჭირდებათ, არც მოლბერტი, ფანქარი და ქაღალდი თუ გექნათ, ხეზეც რომ ჩამოჯდეთ, კარგად დასწერთო. საქმე არც ისე მარტივია. მე შუშის ნატეხით წანათალი ფანქრითაც მიწერია, მაგრამ კომფორტი აადვილებს შრომას. წერის დროს უთუოდ კარგი თუთუნი უნდა მექნეს (განუზომლად ბევრსა ვწევ). კარგ სავარძელში, ჩემს სავარძელში უნდა ვიჯდე. ფანქრით მოკითხვის ბარათსაც ვერ დავწერ. რამდენიმე ავტოკალამი მაქვს საუკეთესო ფირმისა. ესენია ჩემი მეწინავე ალამდარები. ფოლადის კალმების მთელი ლაშქარი მაქვს სამარქაფოდ შემონახული. ისეთი მაგარი ხელი მაქვს, ფოლადის კალმები სულ იოლად „შემომაკვდებიან” ხოლმე... ქაღალდიდან ამდგარი ბეწვი თუ მოადგა კალამს, მომკალით... ცუდი ქაღალდი ხელშესახებადაც მძაგს. ამიტომ წიგნებისა და გაზეთების ხელით ტარება არ შემიძლია... კიდევ ერთი დეტალიც: ნაწერი, გადანაწერი, გადანაბეჭდი სხვადასხვა რიგად მეჩვენება. ამიტომაც, როცა რომელიმე სტამბაში ჩემი იწყობა ან იბეჭდება, იქ ყოფნას არაფერი მირჩევნია. პოლიგრაფიული წამლების სუნი განუზომლად მიყვარს. ასოთამწყობებში ძველი ძმაკაცები მყავს. რაც 16 წლის გავხდი, სულ სტამბებში დავდივარ. კორექტურაში ძლიერ ვჭირვეულობ. ახლები ხანდახან ამეშლებიან, ძველებმა იციან, „ცოდვილი კაცი” ვარ და მუდამ ამხანაგური თავაზით მშველიან. მე მუდამ ვაფასებდი ასოთამწყობისა და სტამბის სხვა მუშაკის ამაგს. ამიტომაც ეს მე შემოვიღე პირველად 1917 წელს (ჟურნალ „პრომეთეში”) – სტამბის მუშების სახელისა და გვარის წიგნის გარეკანზე მოხსენიება. წიგნს რომ დავბეჭდავ, უთუოდ პური უნდა ვჭამო მათთან. დედანს საშინელი სისწრაფით ვწერ. შავში სასვენ ნიშნებს უნდა გადავახტე (მე მგონია: როცა ჩვენი მკითხველები კითხვასა და ნაწერის გაგებაში უკეთ გაიწაფებიან, სასვენი ნიშნები უნდა გავაძევოთ. ეს დიდ დროს გვართმევს. ძველებს ხომ ჩვენებური სასვენი ნიშნები არ ჰქონიათ, მაინც კარგად წერდნენ. პირადად მე, არა მგონია, ასეთ რამეს მოვესწრო)... მე უმეტესად, ნაშუაღამევს ვწერ. ნაწერს დილაობით გადავიკითხავ ხოლმე. ხანდახან ფული მჭირია, მაგრამ ნაადრევად დაბეჭდვას, თარგმანს ვარჩევ. თუმცა, თარგმნამ თავი მომაბეზრა... დიდი ქმნილების მთლიანად თარგმნა ერთგვარი თვითმკვლელობაა მწერლისათვის... კრიზისებიო? ხანდახან მაქვს, ხელი შეჩერდება, წერაზე გული ამეყრება. წავალ, ცხენზე შევჯდები, ვინადირებ, ან სპორტით გავერთობი. ხანაც ლამაზმანებს ავიყოლიებ და კონცერტს მოვისმენ სადმე... როცა შემოქმედებითი მუშაობით გართული ვარ, ქალთა სიახლოვეს გავურბივარ (გავოცდი, როცა სვანმა მონადირეებმა მიამბეს ერთხელ: ჯიხვზე სანადიროდ წასვლის წინ, მთელი კვირა ქალს არ მივეკარებითო). ამ დროს ვცდილობ, საზოგადოებაში ყოფნას და ღვინის სმას თავი ავარიდო… კამეჩის ენერგია სჭირდება მწერალს. ამ სათუთ კალმიდან ქაღალდზე მოხდენილი წნევის გაზომვა რომ მოხერხდეს, ალბათ, რამდენიმე ათასი ცხენის ძალა გამოვა...
...1914-1923 წლებში საგანგებოდ მიმოგზაურია საფრანგეთსა, იტალიასა და გერმანიაში, რადგანაც ისეთი რომანი მინდოდა დამეწერა, რომლის არენად, საქართველოს გარდა, ეს სამი დიდი კულტურის ქვეყანა უნდა ყოფილიყო... მუდამ სინამდვილისგან ამიღია ჩემი შემოქმედების პოეტური ანდაზა. არცერთი ლანდშაფტი, არც ერთი ტიპი, არცერთი სახე მხოლოდ ფანტაზიით არ მომიგონია... (რა თქმა უნდა, სახელსა და გვარს ვცვლიდი მუდამ). „დიონისოში” ძველი რომაული სახლის აღწერა დამჭირდა. სპეციალურად შემისწავლია რომაული სახლის გეგმები, მუზეუმებსა და ფილოლოგიურ ნაშრომებში. რომაული ლარესის კულტს რომიდან ინდოეთამდის მივსდიე. ტაია შელიას გველების ამბავი ზოგი ჩემს ბავშვობაში გამიგონია, ზოგიც ქართული მითოლოგიიდან ამოვკრიფე. ასევე, პატიოსანი თვლების მნიშვნელოვანი სახელები ძველი ქართული წყაროებიდან ვისესხე. ბრაჰმანის, აბსენტუგისა და სავარსამისძის დიალოგებისთვის ძველი ჰინდური მითოლოგიისა და სიბრძნის გადათვალიერება დამჭირდა. დიონისოს კოლექციები თავად მაქვს დანახული: ათინაში, რომში, პარიზში, ლონდონში, დრეზდენში, მიუნხენსა და ბერლინში... მას შემდეგ, რაც განსწავლისა და მოგზაურობის წლები მოვათავე, მთელი ჩემი ენერგია ძველი და ხალხური ქართულის შესწავლისკენ მივმართე... ბუნებრივად ძველი კარაბადინებისა და შელოცვების შესწავლა დამჭირდა (ზოგიერთებს ეგონათ, მე თავათ მრწამდა თითქოს ეს შელოცვები). სიტყვებიც ისევე სცვდებიან, როგორც ფოლადის რელსები, მანქანების ფირფიტები, მაქოები და რიკები. სცვდებიან პოეტური სახეებიც, ამიტომაც მუდამ ვერიდები ათასგზის ნახმარ სიტყვათა კომბინაციებისა და სახეების გამოყენებას...
...ერთმა გონებამახვილმა ფრანგმა კარგად იხუმრა: როცა ადამიანი რაიმე დიდსა და შესანიშნავს შექმნის, სხვანი უთუოდ ეცდებიან, მან ეს „მზაკვრული საქციელი” არასოდეს გაიმეოროსო. მე მგონია: ქრისტე არავითარი ღმერთი არა ყოფილა. ალბათ, ის უბრალო მეიგავე ებრაელი იყო. მის დროს სხვებიც ამბობდნენ იგავებს, მაგრამ ზოგს არ გამოუდიოდა. მერმე ის იყო ცუდი, მეიგავეებიო ამბოხდნენ და ისე მოაწყვეს, რომ იესოს იგავების გამოთქმა შეაწყვეტინეს. ამგვარმა ცუდმა მეიგავეებმა მომიშხამეს სიცოცხლე და შემოქმედების ისედაც მძიმე ტვირთი გამიათკეცეს. ამ ამბებმა დიდი მწუხარება შემახვედრა, მაგრამ მტრებიც საჭირო ყოფილან თურმე. მწუხარებამაც ბევრჯერ ამაღებინა ხელში კალამი. დედაჩემის გარდაცვალებამ „დამსხვრეული ჩონგური“ დამაწერინა. 1924 წელს ჩემი საყვარელი ძმა – ალექსანდრე მიკვდებოდა, საავადმყოფოში ვუთევდი ღამეებს. ერთხელ მომეწყინა, დარდი შემომენთო გულზე. სწორედ იმ საშინელ ღამეს დავწერე „ზარები გრიგალში“. ვწერდი და ვტიროდი... აქ თავათ თემა მოითხოვს ინტიმობის გამომჟღავნებას. პირადი უბედურების გამო იშვიათად ვტირი, მაგრამ ჩემივე გმირების უბედურებას ავუტირებივარ (ცოტა არ იყოს, მეჩოთირება კიდევაც ამის გამხელა, რადგან გულჩვილი ვაჟკაცი არ მომწონს)... თითქმის ორი წლის განმავლობაში ვწერდი ნოველას „დიდი იოსები”. ამ ნოველის პროტოტიპად მყავდა ჩვენს ეზოში მცხოვრები მეკურტნე, შემდეგ კი მეეზოვე იოსებ სხირტლაძე. ეს მოხუცი ფრიად გულალალი, უთვისტომო და ლოთობისგან სრულიად დაავადებული კაცი იყო. ლაპარაკში არ ბორძიკობდა, მაგრამ ენაარეულად მეტყველებდა. ხანდახან ჰალუცინაციებიცა ჰქონდა. ელანდებოდა: თითქოს ვიღაცები ხმალში შემოაკვდა. სადღაც დიდი განძი იპოვა, ხანაც „ბოლშევიკობდა”.
როცა დარწმუნდა, რომ ბოლშევიკობა სახელმწიფო ქონების დატაცებას არ ნიშნავს, „ოპოზიციაში” ჩაუდგა ბოლშევიკებს თავის ჭკუაში და „მენშევიკობა” დაიწყო. ასეთივე იდეაფიქსიც ჰქონდა აჩემებული: თითქოს ის სახლი, რომელშიც მე ვცხოვრობდი იმ დროს, მისთვის ეჩუქნოს საბჭოთა მთავრობას.
* * *
ახლა ცოტა რამ სიტყვიერი მასალის მოხვეჭისათვის. უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში მრავალგზის შევადარე ქართული ბიბლია, ოთხივე სახარება და ფსალმუნი, გერმანულ, ინგლისურსა და ფრანგულ გამოცემებს. ეს შრომა გაწეული მაქვს მხოლოდ და მხოლოდ სიტყვიერი მასალის ძებნაში. პარალელურად, ვმგზავრობდი მთელ საქართველოში. ვნადირობდი და ვთევზაობდი, რათა უშუალოდ გავცნობოდი ხალხის მეტყველებას. ამგვარად შედგენილი მაქვს საკუთარი, იშვიათ სიტყვათა ლექსიკონი... ცუდი ქართულით მოუბართ შეძლებისამებრ ყურს ვარიდებ. ცუდი ქართულით დაწერილ ლიტერატურას არ, ან ვერ ვკითხულობ. როგორც უცხო ენებზე, ისე ქართულ დიალექტებზე ხანგრძლივად ლაპარაკს გავურბივარ, რადგანაც ვიცი: ეს ქართულ აქცენტს შემირყვნის უთუოდ... ასე და ამგვარად, დღე და ღამ ვებრძვი ქართულ სიტყვას, როგორც კოჭლი იაკობი ებრაელთა მრისხანე ღმერთს.”